X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 43

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ნოემბერი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

  • რუსეთმა და ბელარუსმა სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტს მოაწერეს ხელი.
  • ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს.
  • ვაშინგტონი კიევს რუსული საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს.
  • ესტონეთი მიგრანტთა კრიზისის ფონზე რუსეთთან საზღვრის გამაგრებას იწყებს.
  • ლატვიამ „გეორგიევსკის ლენტების“ გამოყენება აკრძალა.
  • ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორი ადამიანი გაასამართლეს.
  • რუსი სამხედრო ინსტრუქტორები ტაჯიკ ახალგაზრდებს მოამზადებენ.
  • რუსეთში პოსტსაბჭოთა სივრციდან ახალგაზრდა მეცნიერებისთვის სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების ახალი პროგრამის - „IntelRussia“ გახსნის ცერემონია გაიმართა.

 

რუსეთმა და ბელარუსმა სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტს მოაწერეს ხელი

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 4 ნოემბერს რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა, ხელი მოეწერა დეკრეტს „2021-2023 წლებში სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შეთანხმების დებულებების განხორციელების ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

მოვლენა დეტალურად: სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტი 28 ინტეგრაციულ პროგრამას მოიცავს. ამავე დღეს ხელი მოეწერა სამოკავშირეო სახელმწიფოს სამხედრო დოქტრინას და მიგრაციული პოლიტიკის კონცეფციას. ხელმოწერილი დოკუმენტების მიზანია ეკონომიკის, პოლიტიკისა და სამხედრო სფეროში ინტეგრაციის განვითარება და გაღრმავება. დეკრეტმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების გაერთიანებას უნდა შეუწყოს ხელი. დეკრეტის ხელმოწერისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „მოძმე ბელარუს ხალხს დახმარებისა და ორი სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პირობა მისცა“.

სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ვიდეოკონფერენცია. წყარო: president.gov.by

რუსეთსა და ბელარუსს შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეთანხმებას 1999 წელს მოეწერა ხელი. მხარეებს შორის დიდხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ინტეგრაციის ფორმატის შესახებ. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მრავალი წლის განმავლობაში აკრიტიკებდა მოსკოვს, რომელიც, მისი შეფასებით, ბელარუსის რუსეთის ერთ-ერთ ოლქად გადაქცევას ესწრაფოდა. 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუკაშენკო მოსკოვს ზეწოლაშიც კი ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ იგი არ დაუშვებდა ინტეგრაციას იმ ფორმით, როგორიც რუსეთს სურდა. წინასაარჩევნოდ ლუკაშენკო თავს ბელარუსის სუვერენიტეტის მთავარ დამცველად წარმოაჩენდა.

ლუკაშენკოს დამოკიდებულება ინტეგრაციული პროცესების მასშტაბებისა და ტემპების მიმართ რადიკალურად შეიცვალა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ანტისახელისუფლო გამოსვლებს შიდა პოლიტიკური კრიზისი და დასავლეთის სანქციები მოჰყვა, რის გამოც ლუკაშენკოს ტონი შეიცვალა და იგი იძულებული გახდა ინტეგრაციის ტემპი აეჩქარებინა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დეკრეტის ხელმოწერა ორი ქვეყნის, რუსეთისა და ბელარუსის, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამ ნაბიჯით, რუსეთი ნატოს მოსაზღვრე რეგიონში პოლიტიკურ და სამხედრო გავლენას გაზრდის, ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო კი, დასავლური სანქციების პირობებში შეძლებს ეკონომიკური მხარდაჭერის მიღებას და მოკლევადიან პერსპექტივაში ძალაუფლების შენარჩუნებას.

 

ბელარუსი ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 10 ნოემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ „ყირიმი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაა“.

მოვლენა დეტალურად: მაკეის განცხადებით, „ბელარუსის პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით ისეთივე რჩება, როგორიც იყო. ჩვენ გვესმის, რომ ყირიმი ამჟამად რუსეთის ტერიტორიაა. მოდი, გამოვიდეთ აქედან“. ამ საკითხზე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების ტოლფასი განცხადება არასდროს გაუკეთებია, თუმცა ამბობდა, რომ ნახევარკუნძულზე, ფაქტობრივად, რუსები არიან.

უკრაინის შეფასება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბელარუსის მიდგომის შეცვლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიის დროებითი ოკუპაციის დე იურე აღიარებასთან დაკავშირებით უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბელარუსის პოზიცია ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დე იურე აღიარების შესახებ არ იყო ცალსახა და ყოველთვის ორაზროვან გზავნილებს შეიცავდა. რუსეთის მხრიდან ლუკაშენკოზე გაზრდილი წნეხის პირობებში, როგორც ჩანს, მინსკს ყირიმის ანექსიის დე იურე აღიარებაც მოუწევს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის: ყირიმის ანექსიის აღიარების შემთხვევაში, მაღალია ალბათობა, რომ მინსკი რუსულ ზეწოლას ვეღარ გაუძლებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობასაც აღიარებს.

 

ვაშინგტონი კიევს რუსული საფრთხის შესახებ აფრთხილებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 10 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში რუსული საფრთხის შესახებ განცხადება გააკეთა.

მოვლენა დეტალურად: ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი „სერიოზულ შეცდომას“ დაუშვებს, თუ მას იმის გამეორება უნდა, რაც 2014 წელს გააკეთა უკრაინაში. ბლინკენის თქმით, უკრაინის საზღვარზე საეჭვო რუსული სამხედრო აქტივობა შეიმჩნევა. არსებული ინფორმაციით, რუსული სამხედროების კონცენტრაცია შენიშნულია უკრაინის საზღვრიდან 260 კილომეტრში, ბელარუსის საზღვართან ახლოს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ადგილებში 100 ათასამდე რუსი სამხედრო შეიმჩნეოდა მას შემდეგაც კი, რაც სამხედრო წვრთნები დასრულდა.

ამერიკულმა მხარემ კიევს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამის საჩვენებლად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოეწერა ხელი.

ვაშინგტონის გარდა, რუსეთის სამხედრო  ქმედებები არ მოიწონეს ევროკავშირმა და საფრანგეთმა. მსგავსი გაფრთხილებები გაისმა 12 ნოემბერს პარიზში, საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების რუს კოლეგებთან შეხვედრაზე.

რას ამბობენ რუსეთში

7 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდების ყოფნა პროვოკაციულ ქმედებად შეაფასა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ამერიკელებისა და ნატოს შავ ზღვაში აქტიურობა უკავშირდება „სამხედრო მოქმედებების შესწავლას კიევის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტის შემთხვევაში.“ მოგვიანებით, 13 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელებისა და ნატოს შავ ზღვაში აქტიურობა რუსეთისთვის „სერიოზულ გამოწვევად“ შეაფასა.

რას აკეთებს დასავლეთი

14 ნოემბერს უკრაინამ აშშ-ისგან 80 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო. ეს უკვე ასეთი მეოთხე ქმედებაა ამერიკული დახმარების ფარგლებში, რომელიც ჯამში 60 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დახმარების პირველი სამი პარტია უკრაინამ ოქტომბერში მიიღო. ამერიკული სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმებას აგვისტოში, ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, მიაღწიეს.

კიევში ამერიკული სამხედრო ტვირთი ჩაიტანეს. წყარო: უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ტვიტერის გვერდი

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინა ბოლო წლებში რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ რჩება. დასავლეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მორიგი აგრესიის პრევენციას ცდილობს, რუსეთი კი უკრაინასა და შავ ზღვაში დასავლეთის გავლენის გაზრდის შეზღუდვას ესწრაფვის. მსგავს ვითარებაში ნებისმიერ ნაბიჯს, განსაკუთრებით, სამხედრო მიმართულებით, მხარეები პროვოკაციულად აღიქვამენ, რაც დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს.

 

მარია ზახაროვა „3+3“ ფორმატის შესახებ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 10 ნოემბერს ტრადიციულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „3+3“ ფორმატზეც ისაუბრა.

მოვლენა დეტალურად: ზახაროვას კითხვა დაუსვეს „3+3“ ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

კითხვა: როგორც ადრე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ამ ეტაპზე საქართველოს მხრიდან არ შეინიშნება პოზიტიური ნაბიჯები. რა სტადიაზეა ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებები?

ზახაროვას პასუხი: ამ საკითხზე არაერთხელ გავაკეთე კომენტარი. რუსეთმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. მიგვაჩნია, რომ მოვიდა დრო, აღნიშნული ფორმატის ამოქმედების გეგმების პრაქტიკული განხორციელება დავიწყოთ. რაც შეეხება საქართველოს, თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის ამ საკონსულტაციო მექანიზმში მონაწილეობის შესახებ. ეს სუვერენული ქვეყნის პოზიციაა. გამოვდივართ იქიდან, რომ აღნიშნული ფორმატი რეგიონის ყველა სახელმწიფოს ინტერესებს პასუხობს.

რა არის „3+3“ ფორმატი?

2020 წელს, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა წამოაყენა. ფორმატი გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და თურქეთის, ირანისა და რუსეთის თანამშრომლობას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. ამ ინიციატივის შესახებ ერდოღანმა 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი რუსეთისთვის: ახალი ინიციატივის მიზანი სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის ისეთი ფორმატის შექმნაა, რომელიც, ერთი მხრივ, სამხრეთ კავკასიაში არარეგიონული ქვეყნების (აშშ, ევროკავშირი) ჩართულობის შემცირებას გამოიწვევს და, მეორე მხრივ, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე რეგიონული ქვეყნების (თურქეთი, ირანი), განსაკუთრებით კი - რუსეთის, გავლენის ხარისხს გაზრდის.

 

ესტონეთი რუსეთთან საზღვრის გამაგრებას იწყებს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 11 ნოემბერს ესტონეთის შს მინისტრმა კრისტიან იაანმა განაცხადა, რომ ესტონეთი პოლონეთსა და ლიეტუვასთან ბელარუსის საზღვარზე შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო რუსეთთან საზღვარს გაამაგრებს.

მოვლენა დეტალურად: პოლონეთსა და ლიეტუვაში, ბელარუსთან საზღვრებთან მიგრანტების დიდი რაოდენობის კონცენტრაციის გამო, საგანგებო ვითარებაა. ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა თებერვლამდე გაახანგრძლივა და საზღვრის დაცვაში არმია ჩართო. ესტონელი მინისტრის განცხადებით, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭირო ტენდერები უფრო ადრე ჩატარდება, ვიდრე  დაგეგმილი იყო. ასევე სწრაფად შეიძენენ საზღვარზე დაკვირვებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობებს. მანამდე რუსეთის საზღვართან „კრიტიკულად მნიშვნელოვან ადგილებში“ დროებითი გამაგრებები მოეწყობა.

დაგეგმილია 115 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გამაგრება, სადაც მიგრანტების არალეგალური შემოსვლის მაღალი საფრთხეა. 23.5 კილომეტრზე სასაზღვრო ინფრასტრუქტურა უკვე მზად არის, 39-კილომეტრიან მონაკვეთზე კი ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

საზღვარზე არსებულ მიგრანტთა კრიზისში დასავლეთი ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს ადანაშაულებს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის (განსაკუთრებით ბევრი მიგრანტია ერაყიდან) და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსულ მიგრანტებს საზღვრის არალეგალურ გადალახვაში ეხმარება. მიგრანტების მიზანი პოლონეთისა ან ლიეტუვის გავლით გერმანიაში ან დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში მოხვედრაა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: არალეგალური მიგრაციის სახელმწიფო დონეზე ხელშეწყობა ბელარუსის ლიდერის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მისი მხრიდან პასუხია დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე. ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან საზღვრების გამაგრება კი მიგრანტების მიერ საზღვრის არალეგალური გადაკვეთის პრევენციას ისახავს მიზნად.

 

ლატვიამ „გეორგიევსკის ლენტების“ გამოყენება აკრძალა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 11 ნოემბერს ლატვიის სეიმმა საჯარო ღონისძიებებზე „გეორგიევსკის ლენტის“ გამოყენების აკრძალვას დაუჭირა მხარი.

მოვლენა დეტალურად: ლატვიის პარლამენტის წევრებმა მესამე მოსმენით მიიღეს კანონში შესწორება, რაც საზეიმო ღონისძიებებზე, შეკრებებზე, მსვლელობებსა და პიკეტებზე „გეორგიევსკის ლენტის“ გამოყენებას კრძალავს. 11 ნოემბერი სიმბოლური თარიღია. ამ დღეს ლატვიაში ლატვიის განთავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებენ. აკრძალვის ინიციატორია საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური ერთიანობის“ დეპუტატი არტუს კაიმინში. მისი შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ექსპანსიისა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ტოტალიტარული იდეოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით, ლატვიას აქვს საფუძველი დემოკრატიული წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხე საკმარისად ჩათვალოს. ლატვიაში ასევე აკრძალულია საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლიკა.

„გეორგიევსკის ლენტი“

„გეორგიევსკის ლენტი“ რუსეთში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების სიმბოლოდ აღიქმება. მას რუსული ჯარის სიმბოლოდაც მიიჩნევენ. ლენტს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს - 9 მაისს არიგებენ. ეს ტრადიცია 2005 წლიდან იღებს სათავეს და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პრორუსულ ორგანიზაციებს ლენტის დარიგების მცდელობები საქართველოშიც ჰქონდათ. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ლენტის დამზადებისა და გამოყენებისთვის ჯარიმა ან ადმინისტრაციული სასჯელია დაწესებული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში რუსეთი „გეორგიევსკის ლენტს“, როგორც სიმბოლოს, პოსტსაბჭოთა სივრცეში „რბილი ძალის“ პოლიტიკის ფარგლებში ინტენსიურად იყენებს, რაც მოსკოვის გავლენის გაზრდას ისახავს მიზნად. ლატვიის გადაწყვეტილება „გეორგიევსკის ლენტის“ აკრძალვასთან დაკავშირებით რუსული კულტურული გავლენის გავრცელების პრევენციაა.
 

ლიეტუვაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ორი ადამიანი გაასამართლეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 12 ნოემბერს კლაიპედის სასამართლომ დახურულ სხდომაზე ლიეტუვის ორი მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

მოვლენა დეტალურად: ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდეს ალექსეი გრეიჩუს, რომელიც ბალტიური ახალგაზრდული ასოციაციის „იუვენიუსის“ თავმჯდომარეა. სასამართლო განაჩენის მიხედვით, იგი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასარგებლოდ მუშაობდა, ოთხი წლის განმავლობაში რუსული დაზვერვის ფინანსებით აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებას, სადაც მოწვეული სტუმრების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

გრეიჩუსი კლაიპედაში „უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორი და საბჭოთა სამხედრო ძეგლების შენარჩუნების აქტიური მხარდამჭერია. იგი ხშირად მონაწილეობდა რუსეთში გამართულ ღონისძიებებში და კავშირები ჰქონდა რუს დიპლომატებთან. გრეიჩუსი თავის ამ დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ ხედვებს უკავშირებს და ბრალს არ აღიარებს.

ამავე საქმეზე დააკავეს ლიეტუვის კიდევ ერთი მოქალაქე მინდაუგას ტუნიკაიტისი, რომელმაც ბრალი აღიარა. მას წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

სხვა საქმეები

2021 წლის 27 ივლისს ლიეტუვის სასამართლომ პოლიტიკოსი ალგირდას პალეცკისი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პალეცკისი წარსულში პრორუსული პარტიის „სოციალისტური სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, დიპლომატი და ადგილობრივი პარლამენტის წევრი იყო. იგი 2018 წელს დააპატიმრეს რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობის გამო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს, რუსული სპეცსამსახურების განსაკუთრებული სამიზნეა. ბოლო პერიოდში ჯაშუშების გამოვლენის მაღალი მაჩვენებელი კი რუსეთის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან პოლიტიკური დაპირისპირების სიმწვავეზე მიუთითებს.

 

რუსი სამხედროები ტაჯიკ ახალგაზრდებს მოამზადებენ

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 5 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2022 წელს რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის ინსტრუქტორები ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალებისთვის ათას ახალგაზრდა სპეციალისტს მოამზადებენ.

მოვლენა დეტალურად: რუსი სამხედრო ინსტრუქტორები სამი თვის განმავლობაში ორ სხვადასხვა საწვრთნელ ცენტრში (ლიაური და სამბული) ტაჯიკ სამხედრო მოსამსახურეებს 14 სამხედრო სპეციალობაში მოამზადებენ. ტაჯიკეთში დისლოცირებული რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზის მეთაურის ევგენი ოხრიმენკოს განცხადებით, ბაზაზე ტაჯიკეთის არმიისთვის ყოველწლიურად ათასამდე სპეციალისტს ამზადებენ. სულ, ჯამში, 6 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს აქვს გავლილი მსგავსი მომზადება.

ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში რუსეთის მოკავშირეა, რომლის უსაფრთხოებას და საზღვრების დაცვას რუსი სამხედროები უზრუნველყოფენ. ორივე ქვეყანა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია, რომლის ფარგლებშიც ბოლო პერიოდში არაერთი სამხედრო წვრთნა ჩატარდა ტაჯიკეთის ტერიტორიაზე. სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გააქტიურება ავღანეთის ხელისუფლებაში მოძრაობა „თალიბანის“ მოსვლას უკავშირდება, რომელსაც ტაჯიკეთი თავისი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ განიხილავს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ტაჯიკეთი რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებით ავღანეთიდან მომავალი საფრთხის პრევენციას ისახავს მიზნად.


რუსეთის ახალი პროგრამა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 9 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში უცხოელი სპეციალისტებისთვის სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების ახალი პროგრამის - „IntelRussia“ გახსნის ცერემონია გაიმართა.

მოვლენა დეტალურად: პროგრამა „გორჩაკოვის ფონდის“, „МГИМО“-სა და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოსთან თანამშრომლობით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნებისთვის შეიქმნა. პროგრამის მიზანია „რუსეთსა და უცხოეთის ქვეყნებში პოლიტიკურ-აკადემიურ წრეებში ახალგაზრდა სპეციალისტების სამეცნიერო, საზოგადოებრივი და კულტურული კავშირების გამყარება და მათი კონსტრუქციული დიალოგისთვის პირობების შექმნა“.

თვის განმავლობაში დსთ-ის ქვეყნებიდან ხუთი ახალგაზრდა მეცნიერი დამოუკიდებელ კვლევებს „МГИМО“-ს წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლების ხელმძღვანელობით ჩაატარებენ. პროგრამის ფარგლებში სტაჟიორები შეხვდებიან აკადემიური და პოლიტიკური სფეროს წარმომადგენლებს, მოინახულებენ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დიპლომატიის ღონისძიებებში.

„МГИМО“-ს პრორექტორის  ანდრეი ბაიკოვის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საერთაშორისო-პოლიტიკური კვლევების გაგებას მსოფლიოში, არამედ შესაძლებელს გახდის შეფასდეს „მცირე ევრაზიის“ როლი სამეცნიერო-საექსპერტო და პოლიტიკურ დღის წესრიგში.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ამგვარი პროგრამები რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში იყენებს და რომლის მიზანიც რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერა და პოლიტიკურ პროცესებზე რუსული ხედვის პოპულარიზაციაა.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.