X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 116, 10 – 16 იანვარი 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

2022 წლის იანვრის დასაწყისიდან, სისტემატიურად ვრცელდებოდა კადრები და სხვადასხვა სახის ინფორმაცია არაერთი წყაროდან, რომლებიც მიუთითებენ შეიარაღების დასავლეთის მიმართულებით მასიურ ტრანსპორტირებაზე აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, მათ შორის ვლადივოსტოკში, არსებული დანაყოფებიდან. 14 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სცადა აღნიშნული გადაადგილებების შენიღბვა სამხედრო ოლქის შენაერთებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების გამოცხადებით. ამასობაში, აშშ-ს დაზვერვის ცნობით, რუსეთმა მოამზადა ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა შექმნას საბაბი ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისთვის. აღნიშნული ოპერაციისთვის რუსებმა წინასწარ განალაგეს სპეციალური ოპერატიული ჯგუფი.  

ომი უკრაინაში - 10-16 იანვრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 3 და დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთისა და ბელარუსის Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა ბელარუსის საზღვარზე 11 იანვარს ერთობლივი პატრულირება განახორციელეს.

მოსკოვმა ყაზახეთიდან სამხედროების გამოყვანა დაიწყო.

აშშ-ს საზღვაო ძალებმა შენიშნა რუსული სადაზვერვო გემი, რომელიც ოპერირებდა წყნარ ოკეანეში, ჰავაის სიახლოვეს.

ომი სირიაში - 16 იანვარს რუსეთის საჰაერო ძალებმა იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთი სუბსაჰარულ აფრიკაში - მალიში რუსი სამხედროები განლაგდნენ ტიმბუკტუში არსებულ ბაზაზე. აღნიშნული ბაზა ფრანგმა სამხედროებმა 2021 წლის დეკემბერში დატოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსების მიზანს მალის სამხედრო ძალების გაწვრთნა წარმოადგენს.

წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ტრიბუცი“, რომლებიც შორეულ ექსპედიციაში იმყოფებიან 2021 წლის 29 დეკემბრიდან, 13 იანვარს ინდოეთის სამხრეთით არსებულ პორტ კოჩიში შევიდნენ. მათ კოჩი 14 იანვარს დატოვეს. გემები 11 იანვარს, მალაკის სრუტის გავლით შევიდნენ ინდოეთის ოკეანეში.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის განცხადებით, 2022 წელს იგეგმება ახალი სარაკეტო ბატალიონის ჩამოყალიბება შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, ოკუპირებული ყირიმის (უკრაინა) ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  30-ზე მეტი T-80BV ტიპის ტანკით აღჭურვილი სატანკო ბატალიონი ჩამოყალიბდა წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (ვლადივოსტოკი) შემადგენლობაში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ახლად ჩამოყალიბებული მე-20 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა ვოლგოგრადში) საჰაერო თავდაცვის სარაკეტო პოლკს Tor-M2 ტიპის ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები გადაეცა.

Tor-M2 

68-ე  საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა იუჟნო-სახალინსკში, სახალინის ოლქი) მე-18 მეტყვიამფრქვევე-საარტილერიო დივიზიას,  (შტაბ-ბინა გორაჩიე კლუჩიში, იტურუპის კუნძული, სახალინის ოლქი) რომელიც კურილის კუნძულებზეა განლაგებული, მოდერნიზებული T-80BV ტიპის ტანკების პარტია გადაეცა.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის, შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის სამხედროებმა ერთობლივი სწავლებები წამოიწყეს რუსეთის სამხრეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

შავი ზღვის ფლოტის მე-11 სანაპირო დაცვის სარაკეტო ბრიგადის (უტაში, კრასნოდარის მხარე) Bastion-P და Bal ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონებმა სწავლება გამართეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.