X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 117, 17 – 23 იანვარი 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

17-23 იანვრის კვირაში რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა რეგიონში არაერთი გადაადგილება იქნა დაფიქსირებული დასავლეთის მიმართულებით მოძრავი რუსეთის სამხედრო ძალებისა. კვირის კრიტიკული მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის დიდი რაოდენობით ძალების ბელარუსში შესვლა და ამ ქვეყნის სხვადასხვა ბაზებზე განლაგება. სახმელეთო ძალების მასშტაბური რაოდენობის გარდა, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან ბელარუსში გადასროლილ იქნა S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების სულ მცირე ორი  ბატალიონი და Su-35 ტიპის გამანადგურებლები, Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკურ სარაკეტო სისტემებთან ერთად.  გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე, ბელარუსში რუსული ძალების ფართომასშტაბიანმა გაშლამ გააჩინა ეჭვები უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის პოტენციური თავდასხმის შესახებ, რუსული სამხედრო შეტევის შემთხვევაში.

23 იანვრის მდგომარეობის ამსახველი სტატიკური სურათი რუსეთ-უკრაინის ომის ინტერაქტიული რუკიდან

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე, 17-23 იანვრის კვირაში 2 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა.

19 იანვარს, ოდკბ-ს მისიაში მყოფმა რუსმა სამხედროებმა დაასრულეს ყაზახეთიდან გამოსვლა.

ომი სირიაში - 17 და 21 იანვარს რუსეთის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

რუსეთისა და ასადის რეჟიმის საჰაერო ძალებმა სირიის ცაში მათი პირველი ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს. პატრულირებაში რუსეთის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს Su-34 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა, Su-35 ტიპის გამანადგურებლებმა და A-50 ტიპის საჰაერო ადრეული გაფრთხილებისა და კონტროლის თვითმფრინავმა, რომლებიც ხმეიმიმის ბაზიდან ოპერირებენ.

რუსეთი სუბსაჰარულ აფრიკაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის განცხადებით, ქვეყანაში რუსი სამხედრო „ინსტრუქტორების“ რაოდენობა 1 135-ია.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული წყაროების ცნობით, შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ახალი ცალკეული სარაკეტო ბატალიონი, რომელიც Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკური სარაკეტო სისტემებითაა აღჭურვილი.

მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) შემადგენლობაში შეიქმნა ახალი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადა, რომელიც Buk-M3 ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებითაა შეიარაღებული.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) 47-ე სარაკეტო ბრიგადა (კორენოვსკი, კრასნოდარის მხარე), რომელიც 2020 წელს ჩამოყალიბდა და აღიჭურვა Tochka-U ტიპის სისტემებით, გადაიარაღდა Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკური სარაკეტო სისტემებით.

რუსული წყაროების ინფორმაციით, მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 1721-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (სოჭი, კრასნოდარის მხარე) აღიჭურვა S-350 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით.

 

სწავლებები*

ომანის ყურეში რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება გამართა ჩინეთთან და ირანთან ერთად. რუსეთის საზღვაო ძალები წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანით „სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერ „ვარიაგითა“ და „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსან „ადმირალ ტრიბუცით“.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.