X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა/რუსეთის აგრესია უკრაინაში: ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირება

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 24 თებერვალი - 30 აპრილი, 2022

შენიშვნა: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, და 51-ე მიმოხილვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირებას ეხება.

 

ძირითადი მოსაზრებები

  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად აქტუალური ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის პოლიტიკაშია, ნაკლებად - ტაჯიკეთში და პრაქტიკულად არ აისახება თურქმენეთში. აპრილში იკლო ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდებზე უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების რაოდენობამაც.
  • მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიაში არანაირი ფორმით არ მონაწილეობენ და მათი განცხადებებიც ყოველთვის არ შეესაბამება მოკავშირე სახელმწიფოს განცხადებებს. ამ ქვეყნების სამთავრობო ვებგვერდებზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ იკითხება მოსკოვის ქმედებების ცალსახა მხარდაჭერა. უფრო მეტიც, ომის გახანგრძლივების პირობებში, ამ ქვეყნის მთავრობები ხაზს უსვამენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, გარკვეულ დონეზე დაშვებულია ანტისაომარი საპროტესტო აქციები და ხელს არც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებას უშლიან.
  • ცენტრალური აზიის ქვეყნებმა თავი შეიკავეს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების მხარდაჭერისგან, რომლებიც რუსეთის აგრესიას გმობდნენ. ისინი არ ესწრებოდნენ სხდომებს, რითაც თავი აარიდეს რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას. თუმცა, ამგვარი ქმედება პრაქტიკულად შეიძლება შევაფასოთ, როგორც რუსეთისადმი არამეგობრული ნაბიჯი, რადგან მათ უარი თქვეს რუსეთის პოზიციის გაზიარებაზე.
  • ომის გახანგრძლივება და რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გავლენას მოახდენს ცენტრალური აზიის ქვეყნებზეც, რადგან მათ ახლო ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები აქვთ რუსეთთან. რუბლთან დაკავშირებული პრობლემები, პროდუქტებზე ფასების ზრდა და შრომითი მიგრანტებისთვის სამუშაო ადგილების შემცირება პირდაპირ აისახება ამ ქვეყნების ეკონომიკაზე. რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები უკვე ნეგატიურად შეეხო ცენტრალური აზიის იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ და ყაზახურ ხორბალზე არიან დამოკიდებული.
  • რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების მიზნით რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები ცხოვრებისა თუ საქმიანობის გაგრძელებას ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც ცდილობენ, სადაც ამ ეტაპზე შესაძლებელია საბანკო ანგარიშების გახსნა, უძრავი ქონების შეძენა თუ ბინადრობის მოწმობის აღება. მათი რაოდენობა ამ ეტაპზე არ არის დიდი, მაგრამ რუსეთში მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მოსალოდნელია რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდა.
     

ზოგადი ტენდენციები

სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა

24 თებერვლის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსეთის არმიის სამხედროები, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან იყვნენ, უკრაინაში დაიღუპნენ. 25 და 27 მარტს ყირგიზეთში უკრაინაში დაღუპული ორი ყირგიზი დაკრძალეს. 22 მარტს ორი ტაჯიკი დაკრძალეს მშობლიურ ტაჯიკეთში. ამ დროისთვის ტაჯიკეთიდან სულ 4 ადამიანის დაკრძალვის შესახებ იტყობინებიან. გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში ცენტრალური აზიიდან წასულ შრომით მიგრანტებს  უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებას სთავაზობენ, როგორც სამხედრო, ისე დამხმარე პერსონალის რანგში. თუმცა, არის მოსაზრება, რომ ომში წასულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაც შეიძლება უფრო მეტი იყოს, რადგან ზოგიერთი შრომითი მიგრანტი, ანაზღაურებისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების დაპირების სანაცვლოდ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას თანხმდება.

შეხვედრები რეგიონულ ფორმატში

22 აპრილს „ცენტრალური აზია + რუსეთის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების მეხუთე შეხვედრა ონლაინ გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავღანეთის საზღვართან ამერიკული და მისი მოკავშირეების სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება ანტიტერორისტული ოპერაციების წარმოების მიზნით დაუშვებლად მიიჩნია. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე არ განხილულა უკრაინის საკითხი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრი ქვეყნები ოქტომბერში ყაზახეთში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ამის შესახებ 27 აპრილს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. კუხოს ფარგლებში სამხედრო წვრთნები ასევე იგეგმება ტაჯიკეთსა და ყირგიზეთშიც. კუხოს წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ამ ეტაპისთვის კუხოს წევრებს არც ორგანიზაციულად და არც ინდივიდუალურად რუსეთის სამხედრო აგრესიის ღია მხარდაჭერა არ გამოუხატავთ და არც სამხედრო დახმარება გაუწევიათ.

გაეროს რეზოლუცია

28 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მსგავსი შედეგი დაფიქსირდა 24 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხზე რიგით მეორე რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). 38 წევრი არ ესწრებოდა სხდომას. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა კვლავ არ მიუღიათ.

რეზოლუციის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები. წყარო: un.org

ეკონომიკური გავლენა და შრომითი მიგრანტები

რუსეთიდან, უცხოური ბიზნესის მასობრივი გადინების გამო, შრომითი მიგრანტები ცენტრალური აზიიდან ან უმუშევრად დარჩნენ, ან ახალ შესაძლებლობებს ეძებენ. რუსული სამთავრობო წყაროების ცნობით, რუსეთში 8 მილიონამდე რეგისტრირებული შრომითი მიგრანტია უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან. ტაჯიკეთის მშპ-ის 30% შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზე მოდის, ყირგიზეთის მშპ-ისა კი - 28%. უზბეკეთმაც გასული წლის ათ თვეში შრომითი მიგრანტებისგან 8 მლრდ აშშ დოლარამდე ფულადი გზავნილი მიიღო. რუსეთში ვითარების გაუარესების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მიგრანტები სამშობლოში დაბრუნდნენ, რაც ამ ქვეყნებისთვის ახალ ეკონომიკურ გამოწვევად იქცევა.

აქციები და ჰუმანიტარული დახმარება

რუსეთთან მოკავშირეობის მიუხედავად, უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებები, შედარებით მცირე მასშტაბით, ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც ჩატარდა. ყაზახეთში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, ყაზახეთსა და ყირგიზეთში რუსეთის საელჩოებთან უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. უზბეკეთში უკრაინის საელჩოსთან ყვავილებიც მიიტანეს. 9 აპრილს ბუჩაში რუსული არმიის ჩადენილი დანაშაული ოთხმა ოპოზიციონერმა ალმათიში, რუსეთის საკონსულოს შენობასთან, გააპროტესტა, რის გამოც ისინი რამდენიმე საათით დააკავეს.

 

ყაზახეთი

ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი და რუსეთის მოკავშირეა. 2022 წლის იანვარში, ყაზახეთში შიდა პოლიტიკური კრიზისის დროს, ვითარების დარეგულირებისთვის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა კუხოს მიმართა, სადაც წამყვან როლს რუსეთი ასრულებს. კუხოს და, განსაკუთრებით, რუსეთის მხარდაჭერით, ტოკაევმა შეძლო კრიზისის დაძლევა. თუმცა, ამის მიუხედავად, ყაზახეთი უარს ამბობს რუსეთის სამხედრო ოპერაციაში ჩართვაზე და არც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას აპირებს. ყაზახეთში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება კი, საერთოდაც, რუსეთში უკმაყოფილებას იწვევს.

პოლიტიკური განცხადებები

ომის პირველ კვირაში ყაზახეთის განცხადებებიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთებოდა, რომ ყაზახეთი არც რუსეთის სამხედრო აგრესიაში ჩართვას აპირებდა და არც უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას. პირველი ასეთი განცხადება პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 1 მარტს გააკეთა. 3 მარტს მედიაში გავრცელდა ყაზახეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის სულტან კამალეტდინოვის განცხადება, რომელიც მან სენატის პლენარული სხდომის დროს ჟურნალისტებს გააცნო. მან თქვა, რომ „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ყაზახეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს არც ერთ და არც მეორე მხარეს. საფრთხის შემთხვევაში, ყაზახეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან ქვეყნის დასაცავად“, განაცხადა კამალეტდინოვმა.

შემდგომი პერიოდის განცხადებებიც ნათლად მიუთითებს, რომ ყაზახეთი არ იზიარებს რუსეთის მიდგომას უკრაინასთან დაკავშირებით.

4 აპრილს ჟურნალ „National Interest“-ში გამოქვეყნდა ტოკაევის წერილი, სადაც იგი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. მისი თქმით, ყაზახეთს როგორც გრძელი საზღვარი აქვს რუსეთთან, ისე მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს უკრაინასთან.

5 აპრილს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მუხტარ ტლეუბერდიმ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტულ რესპუბლიკებს. მანამდე, 29 მარტს, მსგავსი განცხადება „EURACTIV“-თან ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ ტიმურ სულეიმენოვმა ბრიუსელში ვიზიტის დროს გააკეთა. მან ასევე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ დაეხმარება მოსკოვს სანქციების გვერდის ავლაში. მისი თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ყაზახეთი სანქციებს არ უერთდება. ჩვენთვის მთავარია არ დავუშვათ ამ სანქციების ნეგატიური გავლენა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე და ასევე ჩვენი ტერიტორია არ იყოს გამოყენებული სანქციებზე გვერდის ავლისთვის. მისი თქმით, ამავე დროს, ყაზახეთი გააგრძელებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

7 აპრილს ყაზახეთის სენატის თავმჯდომარემ მაულენ აშიმბაევმა ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობის ფაქტი შეაფასა, როგორც „ტრაგედია, რომელსაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება“. აშიმბაევის თქმით, ბუჩაში ტრაგედია როგორ და რატომ მოხდა, საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლური და სხვა ქვეყნების მონაწილეობით უნდა დადგინდეს.

დიალოგი რუსეთთან

ომის შემდგომ პერიოდში ყაზახეთსა და რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ პირებს შორის არაერთი სატელეფონო საუბარი გაიმართა. 2 მარტს ტოკაევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი 2 აპრილს გაიმართა. ყაზახეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ილაპარაკეს უკრაინის ნეიტრალური, მიუმხრობელი და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე. პრეზიდენტებს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 29 აპრილს გაიმართა. უკრაინის საკითხი არ იყო ნახსენები არც ყაზახური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში  და არც კრემლის განცხადებაში.

ორმხრივი ურთიერთობები ელჩებისა და მინისტრების დონეზეც მიმდინარეობდა. 24 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო რუსეთში ყაზახეთის ელჩს ერმე კოშერბაევს შეხვდა. ორმხრივი ურთიერთობების საკითხების განხილვის გარდა, რუსულმა მხარემ უკრაინასთან დაკავშირებით შეფასებებიც გააკეთა. 22 აპრილს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხტარ ტლეუბერდი მოსკოვში ლავროვს შეხვდა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უკრაინის საკითხი არ იყო ნახსენები.

რუსულ მხარესთან ურთიერთობის ფონზე, 29 აპრილს, ასევე გაიმართა ტლეუბერდის სატელეფონო საუბარი  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. საუბრის დროს კი უკრაინაში არსებული ვითარება და კიევი-მოსკოვის მოლაპარაკების პერსპექტივები და ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილეს.

რუბლით ვაჭრობა და მარცვლეულის ექსპორტი

რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების გამო ყაზახეთმა ორმხრივ ვაჭრობაში რუბლის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. 18 მარტს პრემიერ-მინისტრის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთის საერთაშორისო გადახდის სისტემაში დაბლოკვის გამო იძულებულია რუსეთთან ვაჭრობაში რუბლი გამოიყენოს, მაგრამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებთან აშშ დოლარის გამოყენებას გააგრძელებს.

მარცვლეულის ექსპორტზე რუსეთის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა მოახდინა ყაზახეთზეც. 14 მარტს რუსეთმა 30 ივნისამდე აკრძალა ხორბლის, ჭვავის, ქერის და სიმინდის ექსპორტი, მათ შორის, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ბელარუსის გარდა. თუმცა, მოგვიანებით, სომხეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს რუსული მარცვლეულის იმპორტის შესაძლებლობა მიეცათ, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში. რუსეთის ნაბიჯების გამო ყაზახეთიც იძულებული გახდა ხორბლისა და პურის ფქვილის ექსპორტზე დროებითი კვოტები დაეწესებინა.15 აპრილს დაწესებული შეზღუდვა 15 ივნისამდე იმოქმედებს. ყაზახეთი მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია. ასეთი ნაბიჯი სერიოზულად დააზიანებს ყაზახეთის მეზობლებს რეგიონში. 2020 წელს უზბეკეთში ყაზახური ექსპორტის მეოთხედი ხორბალზე მოდიოდა, ტაჯიკეთში კი ეს მაჩვენებელი 33%-ია. ამავე წელს ტაჯიკეთში იმპორტირებული ხორბლის 96% ყაზახეთზე მოდიოდა. ყაზახური ხორბლის ექსპორტი ხორციელდებოდა თურქმენეთსა და ყირგიზეთშიც. დაზარალდება ყაზახეთიც, რომელიც შედარებით იაფ რუსულ ხორბალს ყიდულობდა და ამუშავებდა.

26 აპრილს ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირკბეკ უსკენბაევმა განაცხადა, რომ პოპულარული „ურალის“ მოტოციკლეტების მწარმოებელი რუსული კომპანია („Ural Motorcycles“, მდებარეობს ქ. ირბიტში, სვერდლოვსკის ოლქში) წარმოებას ყაზახეთის ჩრდილოეთში მდებარე ქ. პეტროპავლოსკში გადმოიტანს. წარმოება „კაზტექმაშის“ მანქანათმწარმოებელ საწარმოში განთავსდება. მინისტრის განცხადებით, შეთანხმება ლიზინგის შესახებ უკვე ხელმოწერილია. იგი მიესალმება რუს მწარმოებლებს, რომლებიც, მისი შეფასებით, კიდევ უფრო ბევრნი იქნებიან. მინისტრის განცხადებით, ყველა კომპანიას, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო შეზღუდვა, შეუძლია ყაზახეთში ბიზნესის წარმოება. კომპანიის წარმომადგენელმა წარმოების გადატანა წარმოებისთვის აუცილებელ ნაწილებზე დაწესებული სანქციებით ახსნა. თავად კომპანიას არ აქვს დაწესებული სანქციები, მაგრამ ვერ ხერხდება საჭირო ნაწილების იმპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ღიად აცხადებს, რომ ქვეყანა არ გახდება სანქციების გვერდის ავლისთვის ხელსაყრელი ადგილი, ამ შემთხვევამ გააჩინა ეჭვი, რომ რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს არსებული სამართლებრივი ხვრელებით და საკუთარი წარმოების ნაწილი რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე ყაზახეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს.

რუსეთის პრეზიდენტი „ურალის“ მოტოციკლზე. წყარო: kremlin.ru

საინტერესოა, რომ უსკენბაევი 28 აპრილს თბილისში იმყოფებოდა. იგი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს შეხვდა. განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას შეეხებოდა, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში ყაზახეთისთვის მეტ აქტუალობას იძენს.

რუსები ყაზახეთში

ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც ყაზახეთში მუდმივი ბინადრობის მოწმობის აღება სურს. 2022 წლის პირველ კვარტალში ამ ტიპის განცხადებების რაოდენობამ 1 055-ს მიაღწია, რაც ჩვეულებრივზე სამჯერ მაღალი მაჩვენებელია. ამავე დროს, ათი ათასამდე რუსეთის მოქალაქემ ყაზახური ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომერი მოითხოვა, რაც მათ ყაზახეთის ბანკებში ანგარიშების გახსნის უფლებას მისცემს.

ყაზახი მოხალისეები

არ არის ცნობები რუსეთის რიგებში ყაზახი მოხალისეების ბრძოლის შესახებ, თუმცა საყურადღებო ფაქტი მოხდა 26 აპრილს ალმათის სასამართლოში, სადაც ალმათის მკვიდრ იგორ დუჟოვს სექტემბერში ხუთი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას, მკვლელობის გარდა, ბრალი ედებოდა უცხოეთში სამხედრო კონფლიქტში უკანონო მონაწილეობასა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებზე თავდასხმაში. თავად დუჟოვის განცხადებით, იგი 2014-2015 წლებში სეპარატისტულ დონბასში რუსების მხარეზე „მშვიდობის დასამყარებლად“ იბრძოდა.

9 მაისი აღლუმის გარეშე

13 აპრილს ყაზახეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება 9 მაისს, „ფაშიზმზე გამარჯვების დღეს“, სამხედრო აღლუმის გაუქმების შესახებ. მოგვიანებით ამის მიზეზად დაფინანსების ნაკლებობა დასახელდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ასეთი აღლუმი 9 მლნ აშშ დოლარი ჯდება. მან აღლუმზე უფრო პრიორიტეტულად სამხედრო წვრთნების ჩატარება დაასახელა. გასული ორი წლის განმავლობაში, პანდემიის გამო, აღლუმი არ ჩატარებულა, მაგრამ წელს პანდემიის მხრივ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია. რუსეთში ეჭვი გაჩნდა, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება უკრაინისადმი ყაზახეთის სიმპათიის გამოხატულება იყოს. ამის გამო ყაზახეთი გააკრიტიკა რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის მეუღლემ, ტიგრან კეოსაიანმაც, რომლის შეურაცხმყოფელ კომენტარებს ყაზახეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა.

 

ყირგიზეთი

ყირგიზეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ქვეყანა და რუსეთის მოკავშირეა. იგი გაწევრიანებულია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაშიც. ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკის სტაბილურობას დიდწილად რუსეთთან ურთიერთობა განსაზღვრავს.

დიალოგი რუსეთთან

ომის საწყის ეტაპზე ისე გამოჩნდა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი მხარს ღიად უჭერდა რუსეთის გადაწყვეტილებას. 26 თებერვალს, ჟაპაროვსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის დროს, კრემლის ცნობით, ჟაპაროვმა მინსკის შეთანხმებების ჩაშლაში კიევის პასუხისმგებლობა აღნიშნა და დონბასის მოსახლეობის დაცვაში რუსული მხარის გადამწყვეტ მოქმედებებს დაუჭირა მხარი. პუტინმა ჟაპაროვს „პრინციპული სოლიდარული პოზიციისთვის“ მადლობაც კი გადაუხადა. თავის მხრივ, ყირგიზეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე პუტინთან საუბრის შესახებ ნეიტრალური ხასიათის ინფორმაცია გავრცელდა, სადაც მხოლოდ ის იყო ნახსენები, რომ მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს.

5 მარტს მოსკოვში ლავროვმა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რუსლან კაზაკბაევს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო უკრაინაში ომის საკითხზე მოსაზრებების გაცვლაც. კაზაკბაევმა რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების მხარდაჭერა გამოთქვა და მხარეებს შორის ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების სწრაფი მიღწევის მიმართ დაინტერესება გამოხატა. სამინისტროებს შორის 2022-2024 წლების თანამშრომლობის გეგმასაც მოეწერა ხელი.

ამავე დღეს კაზაკბაევი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორია, მათ შორის, კურირებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს. (გავრცელებული ინფორმაციით, აპრილში დონბასის კურატორობა კოზაკის მოვალეობაში აღარ შედის და იგი სერგეი კირიენკომ ჩაანაცვლა). შეხვედრაზე უკრაინის საკითხზე ისაუბრეს. საყურადღებოა, რომ 22 აპრილს კაზაკბაევი მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 29 აპრილს იგი ჟეენბეკ კულუბაევმა შეცვალა. კაზაკბაევის გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ სახელდება.

16 მარტს კაზაკბაევმა ყირგიზეთში უკრაინის ელჩ ვალერი ჟოვტენკოს უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრა ელჩის თხოვნით გაიმართა. შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში ყირგიზეთის პოზიცია კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიურ გადაწყვეტას უჭერს მხარს.

განცხადებები

ომის დაწყების შემდეგ ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების უმეტესობა უკრაინიდან ყირგიზეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მარტის მეორე ნახევარსა და აპრილში მსგავსმა განცხადებებმა მნიშვნელოვნად იკლო (24 თებერვალი, 25 თებერვალი, 25 თებერვალი, 25 თებერვალი, 26 თებერვალი, 27 თებერვალი, 28 თებერვალი, 2 მარტი, 3 მარტი, 8 მარტი, 11 მარტი). სამინისტრომ 25 თებერვალს გაავრცელა ნეიტრალური შინაარსის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მშვიდობისკენ კიდევ ერთი მოწოდება სამინისტროს ვებგვერდზე 3 მარტს გავრცელდა.

როგორც ჩანს, ომის პირველ დღეებში ჟაპაროვის განცხადებები უკრაინაში არამეგობრულად მიიჩნიეს და ყირგიზეთის მიერ რუსეთის აგრესიის გამართლების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 მარტს, სატელევიზიო გამოსვლის დროს, განაცხადა, რომ კონსულტაციების მიზნით ელჩს გაიწვევდა ყირგიზეთიდან. აღსანიშნავია, რომ ჟაპაროვის შემდგომ განცხადებებს უფრო ნეიტრალური ელფერი აქვს.

25 მარტს ჟაპაროვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „КАБАР“-თან ინტერვიუში უკრაინის თემაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. უკრაინის საკითხზე პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვას მან უპასუხა: „ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ. არ გვაქვს გავლენა. სწრაფად მოიგებდა კი რომელიმე მხარე, თუკი ჩვენ ერთ მხარეს დავუჭერდით მხარს?“ ჟაპაროვის თქმით, „როგორც პატარა ქვეყანას, ჩვენ ყველა ქვეყანას ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები უნდა გვქონდეს. რაში გვჭირდება დიდ მსოფლიო პოლიტიკაში თავის შეყოფა. სასაცილოა, როდესაც ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ოჯახის გამოკვება, მსოფლიო პოლიტიკას განიხილავენ და სხვებს ჭკუას არიგებენ“.

დაკავებები

ყირგიზეთში ანტისაომარ გამოსვლებში აქტივისტთა მცირე ჯგუფები მონაწილეობენ, რომელთა მიმართაც სახელმწიფო სხვადასხვა სახის სადამსჯელო ღონისძიებებს მიმართავს.

3 მარტს ყირგიზეთის სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა, ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით, კერძო მედიაკომპანიის - „Next TV“-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 4 მარტს დააკავეს „Next TV“-ის დირექტორი. მანამდე ტელევიზიის სოციალურ მედიაგვერდებზე გავიდა ინფორმაცია, სადაც ყაზახეთის ყოფილი უშიშროების კომიტეტის უფროსი აცხადებს, რომ ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა გადაწყვიტეს უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ. 29 მარტს სასამართლომ გავრცელებული ინფორმაცია „ექსტრემისტულად“ შეაფასა.

22 მარტს დააჯარიმეს ორი აქტივისტი ბიშკეკში, რუსეთის საელჩოს შენობის წინ, რუსული აგრესიის გაპროტესტების გამო. 2 აპრილს პოლიციამ დააკავა 20 აქტივისტი, რომლებიც უკრაინაში ომის გამო რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

აქტივისტები ბიშკეკში. წყარო: straitstimes.com

ყირგიზი სამხედროები ომში?

ყირგიზეთში განსაკუთრებით მგრძნობიარე თემა გამოდგა რუსეთის ტერიტორიაზე ყირგიზეთის მოქალაქეების სამხედრო გაწვევის საკითხი, რომლის შესახებაც ომის პირველ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია მედიასა და სოციალურ ქსელებში. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც კი გაავრცელა, რომ ყირგიზეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ ყირგიზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება.

9 მაისი „Z” სიმბოლოს გარეშე

21 აპრილს ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომ „Z” სიმბოლოს გამოყენება „ეთნიკური შუღლის გაღვივებად“ ჩაითვლება. ამ სიმბოლოს აქტიურად იყენებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში. ასეთი სიმბოლოების გამოყენება აკრძალეს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მოლდოვაშიც, თუმცა რუსეთის მოკავშირე ყირგიზეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი სხვა რამეზე მიუთითებს. ყირგიზეთში არც სამხედრო აღლუმის ჩატარება იგეგმება.

 

უზბეკეთი

უზბეკეთი არ არის გაწევრიანებული ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში. თუმცა, შავქათ მირზიევის გაპრეზიდენტების შემდეგ (2016 წლიდან) რუსეთთან ურთიერთობა ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ეს წინა პრეზიდენტის - ისლამ კარიმოვის დროს იყო. ომის გახანგრძლივების პირობებში, უზბეკეთის ხელისუფლების პოზიცია მოზომილია და არ იგრძნობა რუსეთის პოზიციის ღია მხარდაჭერა.

დიალოგი რუსეთთან

ომის დაწყების დღიდან პირველი კონტაქტი ქვეყნის ლიდერებს - პუტინსა და მირზიევს შორის, 25 თებერვალს შედგა. კრემლის ცნობით, მირზიევმა გამოხატა, რომ ესმის რუსული მხარის ქმედებები და მხარი დაუჭირა რუსეთის სამხედრო ქმედებებს. აღსანიშნავია, რომ ამის არანაირი დასტური არ არსებობს უზბეკეთის მხრიდან. ტაშკენტი რუსულ მხარესთან ასეთ საუბრებს აფასებს, როგორც აზრების გაცვლას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. პუტინისა და მირზიევის საუბრის შესახებ დამატებითი განცხადება გააკეთა უზბეკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმაც, სადაც არ იკვეთება, რომ უზბეკეთი მხარს უჭერს რუსეთის ქმედებებს.

პრეზიდენტებს შორის კიდევ ერთ სატელეფონო საუბარი 21 მარტს გაიმართა. კრემლის ცნობით, უზბეკეთის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ხედვა უკრაინაში რუსული მხარის პოზიციისა და საქმიანობის შესახებ. ამავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ რუსეთში უზბეკეთის ელჩს ბოტირჟონ ასადოვს უმასპინძლა. რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუდენკომ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ შესახებ.

25 აპრილს მირზიევმა რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს დენის მანტუროვს უმასპინძლა, რომელიც რუსულ დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო გამოფენაში - „INNOPROM. Central Asia“ მონაწილეობდა. ამავე დღეს მირზიევმა მიიღო ბელარუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო, რომელიც ასევე მონაწილეობდა გამოფენაში. გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი რუსული მხარეც იყო.

განცხადებები

ომის დაწყების შემდეგ უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებების უმრავლესობა უკრაინიდან უზბეკეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, რომელიც აპრილში შეწყდა  (24 თებერვალი, 24 თებერვალი, 25 თებერვალი, 26 თებერვალი, 26 თებერვალი, 26 თებერვალი, 27 თებერვალი, 27 თებერვალი, 28 თებერვალი, 1 მარტი, 1 მარტი, 1 მარტი, 2 მარტი, 4 მარტი, 5 მარტი, 6 მარტი, 7 მარტი, 8 მარტი, 9 მარტი, 10 მარტი, 11 მარტი, 12 მარტი, 14 მარტი, 15 მარტი, 24 მარტი). 24 მარტს საყურადღებო განცხადება გაავრცელა სამინისტრომ, ინტერნეტ-სივრცეში უზბეკეთის მოქალაქე მძღოლების იძულებითი გამოყენების შესახებ. სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედების ზონიდან მათი ევაკუაცია და სამშობლოში დაბრუნება.

უზბეკეთმა მნიშვნელოვანი პოზიცია გააჟღერა 17 მარტს, როდესაც უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულაზიზ კამილოვმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უზბეკეთი არ აღიარებს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებს და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, უზბეკეთს ისტორიული კავშირები აქვს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. ამ განცხადების შემდეგ, 29 მარტს, სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრი ქრონიკულ დაავადებას უცხოეთის კლინიკაში მკურნალობდა. 27 აპრილს კი უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა კამილოვის გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

უზბეკეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კამილოვი. წყარო: isrs.uz

28 აპრილს ლავროვი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს სარდორ უმურზაკოვს ესაუბრა, თუმცა ლავროვის უწყების განცხადებაში  უკრაინა არ ყოფილა ნახსენები.

მედიაგაშუქება

უზბეკური მედია ომის გაშუქების დროს მეტ სიფრთხილეს იჩენს და კონფლიქტზე ლაპარაკისას რუსეთში მიღებულ ტერმინს - „სამხედრო ოპერაციას“ იყენებს და არა - „აგრესიას“ ან „შეჭრას“. არასამთავროვო მედიასაშუალებები და ბლოგერებიც სპეცსამსახურების მხრიდან სხვადასხვა ფორმით გაფრთხილებული იქნენ, რომ ომზე წერის დროს „ნეიტრალიტეტი“ შეინარჩუნონ, რაც რუსეთის ქმედებების კრიტიკისგან თავის შეკავებას გულისხმობს.

საკრედიტო ბარათების „ტურიზმი“

ომის დაწყებიდან ერთ თვეში უზბეკეთში საკრედიტო ბარათების „ტურიზმი“ განვითარდა, კერძოდ, რუსეთის მოქალაქეები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, ტაშკენტში უზბეკურ ბანკებში „Mastercard“ და „VISA“ ბარათების მისაღებად ჩადიან. რუსეთში გაცემული ასეთი ბარათების გამოყენება 6 მარტიდან შეუძლებელი გახდა. 23 მარტიდან რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა კლიენტებს სპეციალური პაკეტი შესთავაზეს, რაც უზბეკეთში ჩასვლას და ბარათების მიღებას გულისხმობს. „ტურიზმი“ მხოლოდ წინასწარ დაჯავშნილ დროს ბანკში მისვლას და ბარათის აღებას ითვალისწინებს. მსგავსი სერვისები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც არის, მაგრამ უზბეკეთში ყველაზე ნაკლები ბიუროკრატია და უფრო მისაღებია ფასებია..

 

ტაჯიკეთი

ტაჯიკეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის  წევრია. ტაჯიკეთის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს რუსეთის შეიარაღებული ძალები და მისი ეკონომიკა მეტწილად რუსეთთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკეთს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდამჭერი ღია განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

25 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო ტაჯიკეთში იმყოფებოდა. მატვიენკოს შეხვდა ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონიც, თუმცა ამ შეხვედრის შესახებ ტაჯიკური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის ნახსენები უკრაინის თემა. უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე მინიშნებაა გაკეთებული: „შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს აზრები მსოფლიოში სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე ზოგიერთ რეგიონში კონფლიქტის ესკალაციაზე“.

ომის დაწყების შემდეგ ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების სიმცირე უკრაინიდან ტაჯიკეთის მოქალაქეების უსაფრთხო გამოყვანის საკითხებს ეხება (24 თებერვალი, 28 თებერვალი).

8 აპრილს ტაჯიკეთის პრეზიდენტი პუტინს ტელეფონით ესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში განსახილველ თემებს შორის არ იყო ნახსენები უკრაინა. ასევე არ იყო ნახსენები უკრაინა ტაჯიკეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

თურქმენეთი

უკრაინის საკითხი თურქმენეთის პოლიტიკის დღის წესრიგში არ ჩანს. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებში ძირითადი აქცენტი თურქმენეთის ნეიტრალურ სტატუსზე კეთდება. 2 მარტს უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, უკრაინის ხსენების გარეშე, რამდენჯერმე გაუსვა ხაზი თურქმენეთის ნეიტრალურ სტატუსს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე, 12 მარტს, თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რის შედეგადაც გურბანგული ბერდიმუხამედოვმა პრეზიდენტის პოსტი „არჩევნების“ გზით თავის უფროს შვილს, სერდარ ბერდიმუხამედოვს გადასცა.

ახალმა პრეზიდენტმა პირველი სატელეფონო საუბარი პუტინთან 15 მარტს გამართა. ამავე დღეს პუტინი გურბანგულისაც ელაპარაკა. სერდარის პირველი საუბარი პუტინთან მილოცვებით შემოიფარგლებოდა. შემდეგი სატელეფონო ლაპარაკი სერდარმა პუტინთან 8 აპრილს გამართა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ იყო ნახსენები უკრაინის თემა. კრემლის ინფორმაციით, საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას შეეხო. ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრით შემოიფარგლებოდა თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებაც.

ორმხრივი საკითხები განიხილეს 8-9 აპრილს აშხაბადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების კურატორია, და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვეპა ხაჯიევმა. ისინი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარეებიც არიან.

უკრაინის საკითხზე პირველი ღია განცხადება 26 აპრილს გაკეთდა, როდესაც თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე მედიისთვის მოკლე განცხადება გაავრცელა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ: „თურქმენი ხალხი ჰუმანიზმის ტრადიციებიდან გამომდინარე, თურქმენეთი უკრაინელ ხალხს მიმდინარე წლის აპრილში გაუგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს. ჰუმანიტარული ტვირთი მოიცავს მედიკამენტებს და თურქმენეთის სამედიცინო მრეწველობის სხვა საქონელს, ასევე ტექსტილის ნაწარმს“.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.