X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა/რუსეთის აგრესია უკრაინაში: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილები

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 24 თებერვალი-30 ივნისი, 2022

 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, ასევე - 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ და 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ.

შესავალი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორი და ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სამინისტროს სახელით ყოველკვირეულად ატარებს ბრიფინგს ჟურნალისტებისთვის. ის ასევე პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე. ზახაროვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახეა, რომელიც რეგულარულად ახმოვანებს რუსეთის საგარეო-პოლიტიკურ გზავნილებს. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ზახაროვას გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებული საკითხებია. მიმოხილვაში გთავაზობთ, თუ რა საკითხებზე ამახვილებდა ზახაროვა ყურადღებას თავის გამოსვლებში. რამდენჯერმე ზახაროვას ნაცვლად ბრიფინგი მისმა მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა, ჩაატარა.

ძირითადი გზავნილები

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგებისთვის დამახასიათებელია კრემლის პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელება, უკიდურესი ცინიზმი, ფაქტების გაყალბება, უკრაინის ხელისუფლებისა და დასავლეთის დადანაშაულება გაყალბებული ფაქტების საშუალებით.
  • ბრიფინგების დროს სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად იყენებენ ისტორიულ ფაქტებს, სადაც მოწინააღმდეგეები (უკრაინა, დასავლეთის ქვეყნები) ისტორიის ბნელ მხარეს წარმოადგენენ, რუსეთი კი - ნათელ მხარესა და განმათავისუფლებელს. მოწინააღმდეგე მხარის აღსანიშნავად რუსეთი ხშირად იყენებს ტერმინებს ნეონაცისტები და ფაშისტები.
  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში მოხსენიებულია, როგორც „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, რომლის ძირითად მიზნებად სახელდება: ადამიანების დაცვა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში განიცდიდნენ შეურაცხყოფასა და გენოციდს, მარიონეტული რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
  • უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლება მოხსენიებულია, როგორც კიევის რეჟიმი, დასავლეთის მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, დასავლეთის მხარდაჭერით მოვიდა 2014 წელს.
  • უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ რუსეთის ძირითადი ბრალდებები 2014 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება, როდესაც პრორუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში კი სეპარატისტულ მოძრაობას ღიად დაუჭირა მხარი და უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთო. კრემლი კიევს ბოლო 8 წლის განმავლობაში დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს.
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ყოველკვირეული ბრიფინგები იმის მტკიცებას ეთმობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აწარმოებენ სარაკეტო, საავიაციო ან საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. პირიქით, მუდმივად ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ რუსი სამხედროები ცდილობენ ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფას, რაშიც ხელს უკრაინელი სამხედრო დაჯგუფებები უშლიან.
  • ბრიფინგებში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება უკრაინის ტერიტორიაზე, ბიოლაბორატორიებში, სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობაზე, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ბიოლაბორატორიების თემა კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია და ხშირად გამოიყენება საქართველოს წინააღმდეგაც.
  • რუსეთი ბრალს სდებს დასავლეთს უკრაინის შეიარაღებასა და კონფლიქტის ესკალაციაში, რაც კრემლის ხედვით, კონფლიქტის გახანგრძლივებას ისახავს მიზნად.
  • რუსეთი ბრალს სდებს დასავლეთს მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების უკრაინაში გაგზავნაში. მოხალისეების რაოდენობასთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოდან წასული მებრძოლებზეც ამახვილებს ყურადღებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეული ბრიფინგები

შენიშვნა: ქვემოთ, ბრიფინგების ტექსტში  გამოყენებულია ის ტერმინები და ლექსიკა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხმარობს.

2022 წლის 25 თებერვლის ბრიფინგი

25 თებერვალს ზახაროვამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი ბრიფინგი ჩაატარა და ილაპარაკა ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების მიზეზებსა და მიზნებზე.

  • რუსეთის პრეზიდენტმა გაეროს წესდების 51-ე მუხლის მე-7 ნაწილის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სანქციითა და ფედერალური საბჭოს მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ 22 თებერვალს რატიფიცირებული შეთანხმების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ.
  • ოპერაციის მიზნებია:
    • ადამიანების დაცვა, რომლებსაც 8 წლის განმავლობაში შეურაცხყოფდა და გენოციდს უწყობდა კიევის რეჟიმი, რომელიც ხელისუფლებაში ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 2014 წელს მოვიდა.
    • რვა წლის განმავლობაში მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის მარიონეტული რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.
    • უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.
  • 8 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ძალისხმევას ვიჩენდით, რომ კიევის ხელისუფლებას შეეჩერებინა სადამსჯელო ოპერაციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, გადაეწყვიტა დონბასში კონფლიქტი მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს იგნორირებას ახდენდნენ. კიევი, დასავლეთის მხარდაჭერით, ყველა მეთოდით არიდებდა თავს მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. უკრაინის ხელისუფლება არღვევდა საკუთარ კონსტიტუციას და კანონმდებლობას, იღებდა დისკრიმინაციულ კანონებს ენის, განათლების, ადგილობრივი მკვიდრი ხალხების შესახებ.
  • აშშ და დასავლეთის ცალკეული ქვეყნები მასშტაბურ ანტირუსულ დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებენ. ისინი აქტიურად ამარაგებდნენ უკრაინას იარაღით, აგზავნიდნენ თავის სამხედრო ინსტრუქტორებს, ატარებდნენ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს.
  • რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აწარმოებს სარაკეტო, საავიაციო ან საარტილერიო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე, მწყობრიდან გამოგვყავს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, სამხედრო აეროდრომები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია. სამოქალაქო მოსახლეობას არანაირ საფრთხეს სპეციალურად არ ვუქმნით.
  • 24 თებერვალს ჩვენ მივიღეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა კიევის ხელისუფლების მიზანმიმართული რუსოფობიური პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რომელიც 2014 წელს სისხლიანი გადატრიალებით დაიწყო.
  • ყველაფერი ეს ამტკიცებს ჩვენს ძველ დასკვნებს იმის შესახებ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, კიევის რეჟიმი, ადამიანი-მარიონეტები, რომლებმაც საკუთარი თავი ამ მიწის მმართველებად გამოაცხადეს, მოკლებული არიან რეალურ სუვერენიტეტს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც კიევის რეჟიმს შეუძლია, არის ოკეანის მეორე მხრიდან მომავალი მითითებების შესრულება. თუმცა, ამავე დროს ამას ყოველთვის  წარმატებით და უკრაინელი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ ვერ აკეთებს. გულწრფელად გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი განთავისუფლდება ნაციონალისტური მთავრობის ჩაგვრისგან, რომლებიც უცხოელი მოთამაშეების ინტერესებისთვის ეწევიან ქვეყნის ექსპლუატაციას.
  • ომის შემდგომ გამართულ პირველ ბრიფინგზე ზახაროვამ ვრცლად ისაუბრა უკრაინული მხარის მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის წინაპირობებზე, რაშიც სრულად უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა. ზახაროვა ასევე ვრცლად შეეხო ზოგიერთი დასავლური ქვეყნის თავდასხმას რუსულ მედიაზე. ზახაროვას თქმით, ზოგიერთი დასავლური ქვეყანა ანტირუსულ ისტერიას იყენებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაუსწორდეს რუსულ მედიას და, საბოლოოდ, მეინსტრიმული ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები გადაკეტოს. ამაში განსაკუთრებით ვაშინგტონი და ლონდონი დაადანაშაულა.

2022 წლის 3 მარტის ბრიფინგი

  • ჩვენ უპრეცედენტო საინფორმაციო შეტევასთან, საინფორმაციო ტერორიზმთან შეჯახება გვიწევს. ეს ეხება არა მხოლოდ მედიაგარემოს, არამედ კიბერგარემოსაც. ეს შეტევა დასავლეთიდან მოდის და ხორციელდება, მათ შორის, უკრაინული რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებით. შეტევა მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების დეზინფორმაციისა და რუსეთის ქმედებების დისკრედიტაციისკენ. ამის გამო გვიწევს კვლავ განვმარტოთ მიმდინარე პროცესების ნამდვილი არსი. ზახაროვამ ამჯერადაც 25 თებერვლის ბრიფინგის დროს გაჟღერებული მოსაზრებები მოიყვანა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზეზად კიევის რეჟიმის რვაწლიანი ანტისახალხო და ანტირუსული პოლიტიკა დაასახელა. ზახაროვამ კვლავ განაცხადა, რომ კიევის ეს რეჟიმი ხელისუფლებაში არაკონსტიტუციური ქმედებების სერიის შედეგად მოვიდა, რაც უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ორგანიზებული იყო.
  • ზახაროვამ დასავლეთი უკრაინის დიდი რაოდენობით შეიარაღებით მომარაგებაში დაადანაშაულა.
  • აუცილებელია შევისწავლოთ საარქივო დოკუმენტები. ჩვენ გავავრცელებთ ამ დოკუმენტებს, რათა იცოდნენ თუ რას აკეთებდა უკრაინის ხელისუფლება ამ 8 წლის განმავლობაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ბანდიტები, რომლებიც იყენებენ დასავლურ შეიარაღებას, სინამდვილეში არიან სადამსჯელო ბატალიონების („აზოვი“, „დონბასი“, „მემარჯვენე სექტორი“) წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ ნაცისტურ სიმბოლიკას.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალები და ნეონაცისტები მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებენ, შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში ათავსებენ, რასაც დასავლური მედია არ აჩვენებს. ისინი სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციას არ ახდენენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები „ცხელ წერტილებში“ დარჩნენ. ამგვარ ტაქტიკას ტერორისტები იყენებენ.
  • ნეონაცისტური ბატალიონებისგან განსხვავებით, რომლებიც მიზანმიმართულად ანადგურებენ და მწყობრიდან გამოჰყავთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ ამგვარი ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ზახაროვამ მაგალითად მოიყვანა ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამართული მუშაობა.
  • უკრაინაში მიმდინარეობს რასობრივ ნიადაგზე ადამიანების დისკრიმინაცია, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან არიან. უკრაინაში სცემენ ამ ქვეყნიდან წამოსულ სტუდენტებს, თავს ესხმიან იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის გაკიცხვაზე, უხეშად ეპყრობიან აფრიკელებს, რომლებსაც უკრაინის დატოვება სურთ. ანტისემიტიზმი, ქსენოფობია და რასობრივი დისკრიმინაცია ყვავის უკრაინაში. ეს ის მოვლენებია, რომლის შესახებაც ჩვენ გამუდმებით ვლაპარაკობთ ბოლო 8 წელია და რომელსაც დასავლეთში არ იმჩნევდნენ.
  • ზახაროვამ ცალკე გამოყო უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა. ზახაროვამ დასავლურ მედიარესურსებში გამოქვეყნებულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რეგიონში სხვადასხვა დაავადების გავრცელება შესაძლოა უკრაინაში აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიურ საქმიანობასაც უკავშირდებოდეს.
  • ზახაროვამ ასევე შეაფასა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შესახებ“. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა, აშშ-ის თაოსნობით, ყველაფერი იღონეს, რომ რეზოლუციისთვის დიდი მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ამისთვის მათ სხვა ქვეყნის დელეგაციებზე ზეწოლის მეთოდებიც გამოიყენეს, მათ შორის, შანტაჟი, მოსყიდვის მცდელობა და სანქციებით მუქარა.

2022 წლის 9 მარტის ბრიფინგი

  • უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. ოპერაციას იძულებითი ხასიათი აქვს და იგი დონბასის წინააღმდეგ კიევის რეჟიმის რვაწლიანი აგრესიის შედეგია.
  • კრიზისის წარმოქმნაში ლომის წვლილი მიუძღვის ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც კიევის რუსოფობიურ პოლიტიკას ახალისებენ და მხარს უჭერენ, რომლებმაც არა მხოლოდ აღიარეს, არამედ მონაწილეობა მიიღეს 2014 წლის ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებაში.
  • ამ დღეებში დადასტურდა ჩვენი ეჭვი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ სამხედრო დანიშნულების ბიოლოგიური მასალების დამზადების შესახებ, რომელსაც შესაბამისი ამერიკული სპეცსამსახურები კურირებენ. ეს არა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციით დადასტურდა, არამედ ამის შესახებ ასევე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმაც.
  • სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებში არ შედის არც უკრაინის ოკუპაცია, არც მისი სახელმწიფოებრიობის ნგრევა, არც მოქმედი ხელისუფლების დამხობა. იგი არ არის მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის გამეორება გვიწევს დეზინფორმაციის იმ მასშტაბების გამო, რომლებსაც შესაბამის მედიასაშუალებებში დასავლეთის სპეცსამსახურები ამუშავებენ.
  • ნაცბატალიონები და მათ რიგებში მებრძოლი დაქირავებულები ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან მშვიდობიან მოქალაქეებს „ცოცხალ ფარად“ იყენებენ, საბრძოლო პოზიციებს საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებში ათავსებენ. ასეთ ტაქტიკას „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იყენებენ. ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ ინფორმაცია შეგნებულად არ მიეწოდება მოსახლეობას.
  • რუსი სამხედროების მიერ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე კონტროლის დამყარება ზახაროვამ იმ აუცილებლობით ახსნა, რომ უკრაინელ ნაციონალისტებს ან სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ბირთვული პროვოკაციები არ მოეწყოთ.
  • ვგმობთ დასავლეთში გაღვივებულ ანტირუსულ კამპანიას. მეინსტრიმული მედიის ღიად რუსოფობიური პროპაგანდა და დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან გამოთქმული ტოლერანტობისა და ჰუმანიზმისგან შორს მდგარი პრინციპები მათთვისვე ყველაზე დესტრუქციულ შედეგებს იწვევს.

2022 წლის 17 მარტის ბრიფინგი

  • ზახაროვამ ბრიფინგი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დღეზე (2014 წლის 18 მარტი) საუბრით დაიწყო.
  • ზახაროვამ დასავლეთი კვლავ დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ სპეცოპერაცია არ არის მიმართული უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ, მიზნად არ ისახავს ქვეყნის ტერიტორიის დაკავებას, მისი სახელმწიფოებრიობის ნგრევას და მოქმედი პრეზიდენტის დამხობას.
  • ზახაროვამ უკრაინული მხარის საომარი მოქმედებების წარმოების მეთოდების გამო შეშფოთება გამოთქვა და დონეცკის ცენტრში განხორციელებულ დარტყმებს ბარბაროსული ტერორისტული აქტი უწოდა, რუსული მხარის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი - ტყუილი.
  • უკრაინელი ნაციონალისტები მშვიდობიან მოქალაქეებს კვლავინდებურად არ აძლევენ ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენების შესაძლებლობას და მათ უკრძალავენ რუსეთის მიმართულებით ევაკუაციას და მხოლოდ დასავლეთ უკრაინის მიმართულებით ევაკუაციას სთხოვენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი, ზურგში ესვრიან.
  • უკრაინა საბოლოო ჯამში გააცნობიერებს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ამოცანების მშვიდობიანი გადაწყვეტის, საკუთარი და ევროპის მოსახლეობის სასარგებლოდ უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოდ გადაქცევის აუცილებლობას.
  • ზახაროვა ამჯერადაც შეეხო უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებში სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობის ფაქტებს. მთავარ დამნაშავედ ამ შემთხვევაშიც აშშ-ია გამოყვანილი.
  • ზახაროვამ დონბასში რუსების მიერ ახლად ოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში მემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრების მიერ დატოვებულ  დოკუმენტებზე ისაუბრა, რომელიც, მისი აზრით, ხაზს უსვამს მათ კავშირებს ნატოსთან და ნეონაციზმთან.
  • ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ სადგურის კონტროლი ისე ხორციელდება, რომ ზიანი არ მიადგეს მის უსაფრთხოებას. ამაში კი ისინი უკრაინელ სამხედროებსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობენ.

2022 წლის 24 მარტის ბრიფინგი

ზახაროვამ ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე განაცხადა, რომ

  • სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები არ შეცვლილა, ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის და ყველა გაცხადებული მიზანი მიღწეული იქნება.
  • რუსი სამხედროები უფრთხილდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დერეფნებს, რასაც ხელს უშლიან უკრაინის შეიარაღებული ძალები და მასში შემავალი ნაციონალისტური ბატალიონები.
  • უკრაინის საელჩოები უცხოეთში მოხალისეებსა და დაქირავებულებს იწვევენ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც უპრეცედენტო ისტორიაა. ნატოს წევრი ქვეყნები აქტიურად აწვდიან უკრაინას შეიარაღებას, რაც არა მარტო საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივებას, არამედ არაპროგნოზირებად შედეგებსაც გამოიწვევს.
  • უკრაინელმა მებრძოლებმა სერიოზული რისკები შექმნეს შავ და სხვა ზღვებში ნაოსნობისთვის. უკრაინის საპორტო ქალაქებთან დამონტაჟებული 400-მდე ნაღმის გამო 60-მდე გემი ვერ ახერხებს უკრაინული პორტებიდან გამოსვლას.
  • ზახაროვამ ბიოლაბორატორიების თემა ამჯერადაც არ დატოვა უყურადღებოდ. მან რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების უფროსის, იგორ კირილოვის ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება. ზახაროვამ კირილოვის მიერ მოყვანილ ფაქტებზე ისაუბრა, რაც მისი აზრით, აშშ-ის უკრაინულ ბიოობიექტებთან კავშირებს ავლენს.

2022 წლის 29 მარტის ბრიფინგი

ეს ბრიფინგი, ომის შემდგომი ბრიფინგებისგან განსხვავებით, უკრაინის საკითხზე არ მოიცავდა ვრცელ განმარტებებს.

  • ზახაროვამ ამჯერად ლაკონიურად განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება გეგმის შესაბამისად და როგორც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ყველა გაცხადებული მიზანი მიღწეული იქნება.
  • კვლავ ხაზი გაესვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად. მისი თქმით, არ ხორციელდება დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე და ყოველდღიურად იხსნება ჰუმანიტარული დერეფნები.
  • მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მოქალაქეები სასწრაფოდ საჭიროებენ ჰუმანიტარულ დახმარებას, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას არა სამშვიდობო დანიშნულების ტვირთებით, არამედ ყველა სახის შეიარაღებით ამარაგებენ.

 2022 წლის 6 აპრილის ბრიფინგი

  • ბრიფინგის მთავარი გზავნილია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და მისი მიზნები უცვლელია. რუსი სამშვიდობოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მსხვერპლი აიცილონ მშვიდობიან მოსახლეობაში. არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე და ყოველდღიურად ხსნიან ჰუმანიტარულ დერეფნებს. ამ ფონზე კი კიევის რეჟიმი, ამერიკელი და ევროპელი კურატორების მხარდაჭერით, რომლებიც ზრდიან ლეტალური იარაღის მიწოდებას, ესვრიან დასახლებულ პუნქტებს, ანადგურებენ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფისკენ მიჰყავთ.
  • ზახაროვამ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები უკრაინული მხარის მიერ მოწყობილ ინსცენირებას დააბრალა. ზახაროვამ დეტალურად მოიყვანა ფაქტები, რომელიც, მისი შეფასებით, ადასტურებს, რომ ბუჩაში ადამიანების მკვლელობასთან რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს. ზახაროვმა ფეიკების გავრცელებასა და დეზინფორმაციაში, დანაშაულის თანამონაწილეობაში, დასავლური, განსაკუთრებით ამერიკული მედია, დაადანაშაულა. ზახაროვამ ანალოგიური მაგალითები ისტორიიდანაც მოიყვანა, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცების სახელის შებღალვას ცდილობდნენ. ბრიფინგზე ბუჩას მოვლენებში რუსი სამხედროების უდანაშაულობის მტკიცებას ზახაროვამ განსაკუთრებით ბევრი დრო დაუთმო.

2022 წლის 13 აპრილის ბრიფინგი

  • ზახაროვამ ბრიფინგი 2014 წლის 13 აპრილს უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების - „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და ტერიტორიული საფრთხის თავიდან აცილების გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ“ - შეფასებით დაიწყო, რომელსაც დანაშაულებრივი გადაწყვეტილება უწოდა. მისი თქმით, „ანტიტერორისტული ოპერაციის“ სახელით დაიწყო კიევის რეჟიმის სამოქალაქო ომი დონბასის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი თქვეს მიეღოთ ნეონაცისტური ძალების ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება.
  • რუსეთი იძულებული იყო დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ, რაც დონბასის დაცვის დიპლომატიური საშუალებები ამოიწურა.
  • ზახაროვამ ხაზი გაუსვა უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების ბრძოლის წარმოების ბარბაროსულ მეთოდებს, რაზეც, მისი შეფასებით, დასავლური მედია დუმს, სამოქალაქო მოსახლეობისადმი რუსი სამხედროების მკაცრი მოპყრობის შესახებ კი ფეიკებს ავრცელებენ.
  • ზახაროვმა „სიკვდილის მთავარი დონორი“ უწოდა აშშ-ს, რომელმაც ომის დაწყების დღიდან უკრაინას 1.7 მლრდ აშშ დოლარის იარაღით დაეხმარა.
  • ზახაროვამ ბრიფინგის დროს 1783 წლის 19 აპრილიც გაიხსენა, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ ყირიმის, ტამანისა და ყუბანის რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო რუსეთის სამხრეთი მისადგომების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოტივით. ზახაროვამ 1943 წლის 23 დეკემბრისა და 1944 წლის 17 აპრილის პერიოდში წითელი არმიის მიერ უკრაინის დნეპრის მარჯვენა სანაპიროს განმათავისუფლებელი ე.წ. დნეპრის-კარპატების ოპერაციაც გაიხსენა.

2022 წლის 20 აპრილის ბრიფინგი

  • ზახაროვას თქმით, გავრცელებული განცხადებების საწინააღმდეგოდ, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ნატოს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რომ ოპერაციის აქტიური ფაზა გაგრძელდეს.
  • უკრაინა დაქირავებული მებრძოლების თავშეყრის ადგილად იქცა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც. რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შედეგად, უცხოელი მებრძოლების რაოდენობა იკლებს. რუსმა სამხედროებმა უკვე გაანადგურეს ათასზე მეტი დაქირავებული მებრძოლი.
  • განსაკუთრებული ხაზი გაესვა დასავლური ქვეყნების როლს უკრაინელი სამხედროების, უფრო კონკრეტულად კი, ბატალიონ „აზოვის“ მომზადებაში.

2022 წლის 28 აპრილის ბრიფინგი

  • ზახაროვამ უკრაინის შესახებ საუბარი  2014 წლის 2 მაისს ოდესაში მომხდარი ტრაგედიით დაიწყო. ზახაროვას თქმით, უკრაინელი ნაციონალისტები დემონსტრაციულად სასტიკად გაუსწორდნენ თავის თანამოქალაქეებს, რომლებიც ნაციონალ-რადიკალური ძალების წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ზახაროვას შეფასებით, „ცივილიზებული“ დასავლეთი არაცივილიზებულად გაჩუმდა, მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის განმავლობაში ამ ტრაგედიის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ვახდენდით, ყველა საერთაშორისო სტრუქტურა სდუმდა. ამ შემთხვევაშიც ზახაროვამ ისტორიული ანალოგები მოიყვანა და XX საუკუნის 20-იან წლებში სიმონ პეტლიურას (უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მეთაური 1919-1920 წლებში) მომხრეების მიერ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და გასული წლის შუა პერიოდში სტეპან ბანდერას (უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერი) მომხრეების მიერ ჩადენილი დანაშაულები გაიხსენა.
  • ზახაროვამ უკრაინაში უცხოელი დაქირავებულების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, დაქირავებულები 63 ქვეყანას წარმოადგენენ, მათ შორის უმრავლესობა პოლონეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, რუმინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან არიან.
  • ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ ყოველდღიურად აცხადებენ, მაშინ როდესაც უკრაინული მხარე ხელს უშლის სამოქალაქო პირების რუსეთის მიმართულებით ევაკუაციას. მისი თქმით, რუსეთში გადაადგილების თხოვნით, მათ 2.75 მილიონზე მეტმა უკრაინელმა მიმართა. 28 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ევაკუაცია მილიონზე მეტმა უკრაინელმა შეძლო.

2022 წლის 18 მაისის ბრიფინგი

28 აპრილის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველკვირეული ტრადიციული ბრიფინგი 18 მაისს ჩატარდა.       

  • ზახაროვას თქმით, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის და ყოველდღიურად თავისუფლდება ნეონაცისტებისგან ახალი ტერიტორიები. ამ კვირაში მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და ნაციონალისტური დაჯგუფება „აზოვის“ მებრძოლების ტყვედ ჩაბარება დაიწყება. ყველა დაჭრილს აქვს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. თუმცა უკრაინულ და მსოფლიო მედიაში ამას სხვანაირად აჩვენებენ.
  • ნაციონალისტები, რომლებმაც დიდი ხანია „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ტაქტიკას იყენებენ, არ ერიდებიან გამოიყენონ საბავშვო ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები საბრძოლო მასალების შესანახად და საბრძოლო პუნქტებად. ისინი ამის დამალვას არც ცდილობენ.
  • სამხედრო დახმარება მილიარდობით დოლარს შეადგენს, რომლის მასშტაბიც დიდი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის ოდენობას შეესაბამება.
  • დასავლეთის საინფორმაციო ომი ღიად ტყუილებზეა დაფუძნებული. რუსეთს ადანაშაულებენ კვების პროდუქტების გლობალური დეფიციტის შექმნაში. ამავე დროს დასავლელი კურატორები ცდილობენ უკრაინიდან გაიტანონ ყველაფერი, რაც შეიძლება გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენდეს. ესეც 80 წლის წინანდელი ისტორიის გამეორებაა.
  • რუსეთმა მიიღო მასალები, რაც ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ბიოლოგიური ლაბორატორიები ამერიკული სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების მხარდაჭერით. სახიფათო და განსაკუთრებით სახიფათო პათოგენების კვლევა მიმდინარეობს უკრაინაში არსებული კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით.

2022 წლის 25 მაისის ბრიფინგი

  • 24 მაისს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან სამი თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში  განთავისუფლდა ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორია თითქმის სრულად, მთელი ხერსონის ოლქი და ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების არსებითი ნაწილი. ნეონაცისტებისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე აღდგა მშვიდობიანი ცხოვრება, ეკონომიკა და მრეწველობა, კეთდება ინფრასტრუქტურა, მუშაობას იწყებენ საწარმოები, იხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები.
  • რუსეთი კვლავაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას უკრაინის განთავისუფლებულ ტერიტორიებზე, სადაც უკვე ჩატანილია 22 ათასი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი.
  • უკრაინის მხრიდან რუსეთის მიმართულებით მოსახლეობის ევაკუაციისთვის ხელის შეშლის მიუხედავად, რუსეთში 1.4 მლნ ადამიანი გავიდა.
  • აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ცდილობენ დაპირისპირება რაც შეიძლება უფრო სისხლიანი იყოს. 30-ზე მეტი სახელმწიფო, ძირითადად, ნატოს წევრი ქვეყნები, შიშობენ რა უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ განადგურებას, უკრაინას ათეულობით მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უწევენ. დასავლელი „სპონსორების“ მიერ უკრაინული ნაციონალიზმის წახალისება ხელს უწყობს უკრაინაში მებრძოლების რადიკალიზაციას, რომელთა შორისაც ბევრი უცხოელი დაქირავებულია.

2022 წლის 3 ივნისის ბრიფინგი

  • 1 ივნისს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ბავშვთა დღე აღნიშნეს. თავისებურად „აღნიშნა“ ეს დღე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც - კვლავ მასირებული საარტილერიო დარტყმები განახორციელა დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში დასახლებულ პუნქტებზე. ადგილზე ნაპოვნია მსხვილკალიბრიანი იარაღის ნამსხვრევები ამერიკული მარკირებით.
  • უკრაინელი ნაციონალისტების პოზიციებზე შეიძლება დავაკვირდეთ სხვადასხვა ქვეყნის მიერ მიწოდებული არტილერიის მუშაობას. დასავლეთის სწორედ ასეთმა ქმედებებმა გადააქცია უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პოლიგონად, გახდა ერთ-ერთი მიზეზი სპეციალური სამხედრო ოპერაციისა. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ყველა მიზანი, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, არ იქნება მიღწეული. ამ მიმართულებით ცოტა არ გაკეთებულა: მარიუპოლში ჩაბარდნენ ნაციონალისტური დაჯგუფება „აზოვის“ მებრძოლები, გეგმურად მიმდინარეობს დონბასის განთავისუფლება.
  • იმ მიზნით, რომ საკუთარი სამხედრო დანაშაულებიდან ყურადღება სხვაზე გადაიტანონ, კიევის რეჟიმი აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას და ავრცელებს ფეიკებს.

2022 წლის 8 ივნისის ბრიფინგი

  • უკრაინაში გრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია ქვეყნის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, დონბასის განთავისუფლებისა და უკრაინის ტერიტორიიდან მომავალი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. სულ უფრო მეტი ქალაქი და სოფელი, რომლებიც განთავისუფლდა უკრაინელი ნეონაცისტებისა და უცხოელი დაქირავებულებისგან, უბრუნდება მშვიდობიან ცხოვრებას.
  • ოპერაციის ყოველ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულების ახალი მტკიცებულებები ვლინდება. უკრაინელი ნაციონალისტები აგრძელებენ საცხოვრებელ სახლებში საცეცხლე პოზიციების მოწყობას. ეს მათი „სავიზიტო ბარათია“.
  • უკრაინის სამხედრო მომარაგება შეიარაღების „შავი ბაზრის“ განვითარებას იწვევს, მათ შორის, დასავლეთ ევროპაში.
  • კიევის ხელისუფლება  და მათი დასავლელი მფარველები განაგრძობენ მცდარი ცნობების მოფიქრებას და გავრცელებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ, თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები ემზადებან უკრაინაში ქიმიურ ობიექტებზე შეტევისთვის.

2022 წლის 15 ივნისის ბრიფინგი

  • ყოველ ახალ დღეს მოაქვს მორიგი ტრაგიკული მტკიცებულებები ნეონაცისტური რეჟიმისა და უცხოელი დაქირავებულების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ფაქტების შესახებ. იყენებენ ტერორისტულ, ექსტრემისტულ ტაქტიკას სამოქალაქო მოსახლეობის დაშინებისა და „ცოცხალ ფარად“ ადგილობრივი მოსახლეობის გამოყენების გზით. როგორც ჩანს, უკრაინის ე.წ. შეიარაღებული ძალების მებრძოლები ნატოს ინსტრუქტორებმა დაგეშეს. უკრაინის სამხედრო ფორმირებები ყოველდღიურად ისვრიან დონეცკის მშვიდობიანი კვარტლების წინააღმდეგ.
  • უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ აკრძალულ კასეტურ საბრძოლო მასალებს და საარტილერიო დანადგარებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღეს.

2022 წლის 22 ივნისის ბრიფინგი

  • 81 წლის შემდეგ რუსი სამხედროები კვლავ იბრძვიან ნაციზმის, ნეონაციზმის, აშკარა ფაშიზმის წინააღმდეგ, ათავისუფლებენ უკრაინას იმ ნეონაცისტური ძალმომრეობისგან, რომელსაც ეს ათწლეულებია დასავლელი „პარტნიორები“ კვებავენ. ჩვენებს კვლავ ხოცავენ იარაღით, რომელიც ახლა ნატოს ქვეყნებში იწარმოება. შეგახსენებთ, თუ როგორი იყო მესამე რაიხის დევიზი (Drang nach Osten - შეტევა აღმოსავლეთისკენ). ეს ახლა, ფაქტობრივად, ალიანსის დევიზად იქცა.
  • ამავე დროს უკრაინელი შეიარაღებული ფორმირებები, რომლებიც უკან იხევენ ბრძოლის ველიდან, ნამდვილ ტერორს უწყობენ მშვიდობიან მოსახლეობას. არც ახლა ამჩნევენ  დასავლელი კურატორები მათ ნაციონალისტურ და კაცთმოძულე არსს.
  • აშკარაა, რომ ზელენსკის რეჟიმი არ გეგმავს საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობის შეწყვეტას. თუმცა, ეს სრულად აწყობთ დასავლეთის ქვეყნებს.
  • გრძელდება იძულებითი უკრაინიზაცია და ყველაფერი რუსულის დევნა. 19 ივნისს უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტებს, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს რუსული მუსიკის შესრულებას უკრაინული ქალაქების ქუჩებში, საკონცერტო დარბაზებში, სტადიონებზე, რადიოსა და ტელევიზიაში.
  • ზახაროვამ გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და მარცვლეულსა და სასუქებზე შექმნილ დეფიციტში რუსეთის დადანაშაულებას მცდარი ბრალდებები უწოდა.

2022 წლის 29 ივნისის ბრიფინგი

  • სპეციალური სამხედრო ოპერაციის განმავლობაში ნეონაცისტებისგან სრულად განთავისუფლდა ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მთლიანი ტერიტორია, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხერსონის მთლიანი ოლქი და ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების მნიშვნელოვანი ნაწილი, აზოვის ზღვაზე მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტები. ნეონაცისტური დაჯგუფებისგან განთავისუფლებულ ტერიტორიაზე წესრიგდება მშვიდობიანი ცხოვრება, მიმდინარეობს ეკონომიკისა და მრეწველობის აღდგენა, ინფრასტრუქტურის აღდგენა, მუშაობას იწყებს საწარმოები, იხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები. ამ ფონზე, ზელენსკის რეჟიმი აძლიერებს აგრესიულ დეზინფორმაციულ კამპანიას რუსეთის წინააღმდეგ.
  • არ ცხრება ვნებები გლობალურ სასურსათო აპოკალიფსზე ხელოვნურად შექმნილი მითის შესახებ, რომელიც თითქოს რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლის ბლოკადით არის პროვოცირებული. ყველაზე საოცარია, რომ არც ციფრები, არც ფაქტები, არც საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები არ ადასტურებს ამას. ვიმეორებთ კიდევ ერთხელ, რომ რუსეთი ხელს არ უშლის უკრაინის ტერიტორიიდან მარცვლეულის გატანას. რა უშლის რეალურად ხელს უკრაინული მარცვლეულის გატანას? ამას ხელს უშლის თავად უკრაინა, რომელიც პასუხისმგებელია საკუთარ ტერიტორიულ წყლებში სავაჭრო გემებისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე.
  • აშშ და მისი მოკავშირეები არ წყვეტენ უკრაინის იარაღით მომარაგებას. დასავლური ექსპერტების შეფასებით, ბოლო ოთხ თვეში მთლიანი დაპირებული სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება შეადგენს 80 მლრდ აშშ დოლარს, მათ შორის 45% - სამხედრო მხარდაჭერაა.
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.