X

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი

რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი, გამოშვება 5: 2021 წლის 15 დეკემბერი – 2022 წლის 15 ივნისი

ავტორი: დავით ბატაშვილი

2018 წლის აგვისტოდან „რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი“ რუსეთის სამხედრო ძალებში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს აშუქებს. „მონიტორინგის“ ყველა გამოცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განლაგება შეგიძლიათ ნახოთ რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიულ რუკაზე. ხოლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ამბების უფრო ფართო სპექტრი 2022 წლის 20 თებერვლამდე, და რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები იხილეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვაში.

 

2022 წლის 24 თებერვლის დილას მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულმა ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ რუსეთის სამხედრო სტრუქტურის საკითხს გაურკვევლობა შემატა.

ამ თავდასხმაში რუსეთის სახმელეთო ძალები თითქმის მთლიანად მონაწილეობენ, ოთხივე სამხედრო ოლქისა და ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობის ჩათვლით. შესაბამისად, აღმოსავლეთის და ცენტრალური სამხედრო ოლქების შენაერთები და დანაყოფები რუსეთის ევროპულ ნაწილში გაგზავნეს, რის შემდეგაც ისინი უკრაინაში მოქმედებენ ან რუსეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე არიან განლაგებული. აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ძალები, საჰაერო-სადესანტო და სხვა ძალებთან ერთად, ბელარუსში განლაგდნენ და ჩრდილოეთ უკრაინაში იქიდან შეიჭრნენ. ბელარუსი მათ მხოლოდ კიევის ბრძოლაში რუსეთის მარცხის შემდეგ დატოვეს.

იმის გათვალისწინებით რომ 2022 წლის ზაფხულის მდგომარეობით ომის სამომავლო ხანგრძლივობა და ხასიათი უცნობია, გაურკვეველია რამდენად შეიძლება გახდეს მუდმივი ეს მასშტაბური ცვლილებები რუსული სამხედრო ძალების განლაგებაში. ამასთან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან ომში ძალიან დიდი დანაკარგები მიიღეს და მათ ომის პირობებში იმპროვიზაცია უწევთ. ამის გარდა, ომისა და დასავლური სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკა უდიდეს ზარალს განიცდის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაურკვეველია საბოლოო ჯამში როგორი იქნება მიმდინარე ომის ეფექტი რუსეთის სამხედრო სტრუქტურაზე.

ამ და სხვა შეზღუდვებით, წინამდებარე მიმოხილვა შეიცავს მონაცემებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში იმ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ, რომელთა აღმოჩენა შესაძლებელი იყო სათაურში აღნიშნულ პერიოდში.

 

ცენტრალური რუსეთი

2022 წლის ივნისისთვის, რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში მიმდინარეობდა უკრაინასთან საომრად მე-3 საარმიო კორპუსის ჩამოყალიბების პროცესი. გაურკვეველი იყო, აღნიშნული კორპუსის დანიშნულებას მხოლოდ მიმდინარე ომის განმავლობაში მოქმედება წარმოადგენდა, თუ ის რუსული სამხედრო სტრუქტურის მუდმივი ნაწილი უნდა გამხდარიყო. მე-3 კორპუსის მთავარი ბაზა განლაგებული იყო მულინოში (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი).

აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივ სტრუქტურაში შემავალი ძალების გარდა, მოსკოვი რუსეთ-უკრაინის ომში ასევე იყენებს: როსგვარდიას (ეროვნულ გვარდიას), ვაგნერის ჯგუფისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების დაქირავებულ მებრძოლებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული რეგიონების მობილიზებულ მოსახლეობას (ამგვარი მობილიზაცია განსაკუთრებით მასობრივია დონბასში), და მოხალისეებს რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან.

*

2022 წლის თებერვალში დადასტურდა, რომ 2021 წლის 1 დეკემბერს 1-ლი სატანკო არმიის (შტაბი ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-6 სატანკო ბრიგადა (მულინო, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი) 47-ე სატანკო დივიზიად გარდაიქმნა. ახალი დივიზიის შემადგენლობაში შედის 26-ე სატანკო პოლკი, რომელიც ასევე მულინოში მდებარეობს.

*

2021 წლის ბოლოს, სავასლეიკას საჰაერო ბაზაზე (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი) ახალი საავიაციო პოლკი ჩამოყალიბდა. მასში შედის „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით შეიარაღებული მიგ-31კ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ესკადრილია. პოლკის შექმნამდე, სავასლეიკაში მიგ-31ბსმ და მიგ-31ბმ ტიპის გამანადგურებლების ესკადრილია მდებარეობდა. ახალი პოლკი შორი მოქმედების ავიაციის სარდლობაში შედის.

 

დასავლეთის მიმართულება

2021 წლის 29 დეკემბერს ვდვ-ს მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბი ნოვოროსიისკში, კრასნოდარის მხარე) შემადგენლობაში 56-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის (ფეოდოსია, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) ჩამოყალიბება გამოცხადდა. ახალი პოლკი 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის საფუძველზე შეიქმნა და ყირიმში ვოლგოგრადის ოლქის კამიშინიდან გადავიდა.

*

მე-8 არმიის შემადგენლობაში მცირე ხნის წინ ჩამოყალიბებული მე-20 მექანიზებული დივიზიის (შტაბი ვოლგოგრადში) სტრუქტურის შესახებ ახალი ინფორმაციის თანახმად, 255-ე მექანიზებული პოლკის (ვოლგოგრადი) გარდა დივიზიაში ასევე შედის 33-ე მექანიზებული პოლკი (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი). ასევე, თვითმავალი არტილერიის პოლკი და ცალკეული სატანკო ბატალიონი.

*

2022 წლის იანვრისთვის ოკუპირებულ ყირიმში, შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის შემადგენლობაში, ისკანდერ-მ სარაკეტო სისტემების ახალი ცალკეული სარაკეტო ბატალიონი ჩამოყალიბდა.

*

2022 წლის იანვრის მდგომარეობით დასრულდა სამხრეთის სამხედრო ოლქის მე-40 სარაკეტო ბრიგადის (ზნამენსკი, ასტრახანის ოლქი) ფორმირების პროცესი. ბრიგადაში ჩამოყალიბდა ისკანდერ-მ ტიპის სარაკეტო სისტემების მეორე ბატალიონი.

*

2022 წლის იანვრისთვის მე-8 არმიის (შტაბი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) 47-ე სარაკეტო ბრიგადა (კორენოვსკი, კრასნოდარის მხარე), რომელიც 2020 წელს ჩამოყალიბდა და თავდაპირველად ტოჩკა-უ სარაკეტო სისტემებით იყო შეიარაღებული, ისკანდერ-მ სისტემებით გადაიარაღდა.

*

2022 წლის ივნისის შუა რიცხვებისთვის რუსებმა დაიწყეს მათ შეიარაღებულ ძალებში ცნობილი მესამე ჯავშნიანი მატარებლის „ენისეის“ გამოყენება.

აქამდე ცნობილი ორი რუსული ჯავშნიანი მატარებელი სამხრეთის სამხედრო ოლქში შედის: „ამური“ ვოლგოგრადში და „ბაიკალი“ ნევინომისკში (სტავროპოლის მხარე).

*

2021 წლის ბოლოს მე-8 არმიის შემადგენლობაში ბუკ-მ3 სისტემებით შეიარაღებული ახალი საზენიტო სარაკეტო ბრიგადა ჩამოყალიბდა.

*

2022 წლის იანვრისთვის მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის არმიის 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი როსტოვში) 1721-ე საზენიტო სარაკეტო პოლკი (სოჭი, კრასნოდარის მხარე) ს-350 საჰაერო თავდაცვის სისტემებით გადაიარაღდა.

*

2022 წლის მაისის დასაწყისში რუსულ საზღვაო ძალებსა და კერძოდ შავი ზღვის ფლოტს პროექტი 22160 კლასის დიდი საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი შეუერთდა.

*

2022 ივნისისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთელი რიგი ხომალდი ჩაძირეს. მათ შორის აღსანიშნავია შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი სლავა / პროექტი 1164 ატლანტი კლასის სარაკეტო კრეისერი მოსკვა, ტაპირი / პროექტი 1171 კლასის დიდი სადესანტო ხომალდი სარატოვი, და სერნა / პროექტი 11770 კლასის სადესანტო კატარღა დ-144. ასევე დაზიანდა რამდენიმე სხვა რუსული ხომალდიც.

 

არქტიკა

დადგინდა 2020 წლის ბოლოს ჩუკოტკაში ჩამოყალიბებული პოლკის (რაც ჩვენი მიმოხილვის მესამე გამოცემაში ავღნიშნეთ) სახელწოდება. ეს არის 50-ე სანაპირო თავდაცვის პოლკი, რომელიც განლაგებულია კამჩატკასა და ჩუკოტკის ავტონომიური ოლქის ქალაქ ანადირში. აღნიშნული პოლკი შედის სანაპირო თავდაცვის დივიზიაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია.

 

შორი აღმოსავლეთი

გაირკვა მე-5 არმიის (შტაბი უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) 127-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბი სერგეევკაში, პრიმორიეს მხარე) მცირე ხნის წინ ჩამოყალიბებული მექანიზებული პოლკის სახელი – ეს არის 143-ე მექანიზებული პოლკი, რომელიც სავარაუდოდ პრიმორიეს მხარის კამენ-რიბოლოვსა და მონასტირიშეში მდებარეობს.

*

2021 წლის 21 დეკემბერს რუსეთის საზღვაო ძალებსა და წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდა პროექტი 955ა ბორეი-ა კლასის ბალისტიკური სარაკეტო წყალვეშა ნავი კნიაზ ოლეგი და პროექტი 885მ იასენ-მ კლასის წყალქვეშა ნავი ნოვოსიბირსკი.

*

2022 წლის იანვრისთვის წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის (ვლადივოსტოკი) შემადგენლობაში 30-ზე მეტი ტ-80ბვ ტიპის ტანკით შეიარაღებული სატანკო ბატალიონი შეიქმნა.

 

ურალი, ციმბირი და ცენტრალური აზია

2021 წლის 21 დეკემბერს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურმა განაცხადა, რომ 2022 წელს ხაკასიის რესპუბლიკაში პანცირ-ს სისტემებით შეიარაღებული ახალი საჰაერო თავდაცვის პოლკი შეიქმნებოდა.

 

ზოგადი ინფორმაცია

რუსეთ-უკრაინის ომის დროს მრავალმა წყარომ (ერთ-ერთი მაგლითი აქ იხილეთ) აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც იყენებს, კერძოდ უკრაინასთან ომში, ტოჩკა-უ ტიპის სარაკეტო სისტემებს, იმის მიუხედავად რომ ფორმალურად ყველა რუსული სარაკეტო ბრიგადა ისკანდერ-მ ტიპის სისტემებზე გადავიდა.

Download PDF ENG
დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.