X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა გამოცემა: N60

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N60

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 ოქტომბერი, 2022

 

2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. მე-60 გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.

  • ვლადიმერ პუტინი ტაჯიკებსა და ყირგიზებს სასაზღვრო პრობლემის მოსაგვარებლად რუკებს სთავაზობს
  • უკრაინამ ყაზახეთში თავისი ელჩი გაათავისუფლა
  • რუსული საკრედიტო ბარათების გამოყენება ყირგიზეთშიც შეზღუდეს
  • საერთაშორისო კომპანიების ნაწილი რუსეთიდან ყაზახეთში გადადის
  • ხორვატიაში „ყირიმის პლატფორმის“ პირველი საპარლამენტო სამიტი ჩატარდა
  • სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლებმა მუშაობა დაიწყეს
  • კუხოს ლიდერებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს
  • რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს სოჭში უმასპინძლა
  • ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პატრიარქს ავტოკეფალიის მოთხოვნით მიმართავს
  • აშშ-მა მოლდოვაში პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა
  • 2023 წელი „რუსული ენის წლად“ გამოცხადდა
  • „ვალდაის“ კლუბის შეხვედრა და პუტინის გამოსვლა

 

ვლადიმერ პუტინი ტაჯიკებსა და ყირგიზებს სასაზღვრო პრობლემის მოსაგვარებლად რუკებს სთავაზობს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 17 ოქტომბერს ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მარატ იმანკულოვმა განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის დემარკაციასა და დელიმიტაციაში დახმარება სთხოვა.

მოვლენა დეტალურად: ჟაპაროვი პუტინს ასტანაში დსთ-ის ქვეყნების ლიდერების სამიტის ფარგლებში 13 ოქტომბერს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაში ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემამოლი რაჰმონიც მონაწილეობდა. პუტინმა მხარეებს სასაზღვრო დავის მოგვარებაში დახმარების მიზნით საბჭოთა პერიოდის საარქივო რუკები შესთავაზა, რომელიც მოსკოვში ინახება. პუტინის თქმით, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრების შესახებ უფრო „სანდო“ ინფორმაცია რუსეთში ინახება, ვიდრე თავად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 984 კილომეტრი სიგრძის საზღვარი სრულად არ არის დემარკირებული, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორ მეზობელ ქვეყანას შორის პერიოდულად სასაზღვრო დაპირისპირებას იწვევს. ორ ქვეყანას შორის სექტემბერში სასაზღვრო დაპირისპირება განახლდა, რასაც სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლეც შეეწირა. ახალი დაპირისპირება ასტანაში შეხვედრის შემდეგაც დაფიქსირდა. 19 ოქტომბერს ტაჯიკურმა მხარემ ყირგიზეთის ხელისუფლება ვითარების ესკალაციაში დაადანაშაულა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთი ვერ ახერხებს მოკავშირე ქვეყნებს შორის დაპირისპირება, მათ შორის სამხედრო, აიცილოს თავიდან და ცდილობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავალის როლი შეასრულოს, რომელიც კრემლის აზრით, მოსკოვს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე პოლიტიკურ გავლენას შეუნარჩუნებს.

 

უკრაინამ ყაზახეთში თავისი ელჩი გაათავისუფლა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 18 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყაზახეთში უკრაინის ელჩი პეტრო ვრუბლევსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოვლენა დეტალურად: ყაზახეთში უკრაინის ელჩი აგვისტოში სკანდალში გაეხვია, როდესაც ყაზახი ბლოგერისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „რაც უფრო მეტი რუსი მოკვდება ახლა, უფრო ნაკლები ჩვენი ბავშვი მოკვდება მომავალში“.

2022 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ვრუბლევსკის, როგორც „ოდიოზური ნაციონალისტის“, გაძევება მოითხოვა. გაძევება მოითხოვეს ყაზახეთში რუსულმა ორგანიზაციებმაც. თავის მხრივ, 5 ოქტომბერს ზახაროვას ტონი დაუწუნა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – აიბეკ სმადიაროვმა. მისი განცხადებით, ყაზახეთსა და უკრაინას ვითარება სრულად ესმით და დიპლომატის მიერ ყაზახეთის დატოვების გადაწყვეტილებას მხოლოდ კიევი მიიღებს. ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ყაზახეთიდან უკრაინის ელჩის გაძევების თაობაზე პრაქტიკულად არ დააკმაყოფილა და უკრაინას თავად მისცა საშუალება გადაწყვეტილება მიეღო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ყაზახეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები, ყოველთვის არ „იმსახურებს“ რუსეთის მოწონებას, რომელსაც ყაზახეთისგან სრული მხარდაჭერის მოლოდინი აქვს. ამ შემთხვევაშიც ასტანამ დემონსტრაციულად მიუთითა მოსკოვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობაში იგი არ გაითვალისწინებს კრემლის მოთხოვნებს.

 

რუსული საკრედიტო ბარათების გამოყენება ყირგიზეთშიც შეზღუდეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 18 ოქტომბერს, ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ყირგიზეთის რამდენიმე ბანკმა რუსული საკრედიტო ბარათების გამოყენება შეზღუდა.

მოვლენა დეტალურად: ყირგიზულმა ბანკებმა: „БАКАЙ БАНК“, „Банк Компаньон“ და „Дос-Кредобанк“ რუსეთის საგადახდო ბარათების „მირის“ გამოყენება შეზღუდა. შეზღუდვის ვადა ამ ეტაპზე ცნობილი არაა.

ყირგიზეთამდე მსგავსი გადაწყვეტილება ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნის ბანკებმაც მიიღეს. ყაზახეთში რუსული საბანკო ბარათების გამოყენებაზე პირველად უარი უმსხვილესმა „Halyk Bank“-მა თქვა. იგივე ვითარებაა უზბეკეთშიც, სადაც 23 სექტემბრიდან „Мир“-ის ბარათებით სარგებლობა შეუძლებელია. 27 სექტემბერს „ტექნიკური პრობლემების“ გამო სისტემის მომსახურებაზე უარი თქვა ტაჯიკურმა „Душанбе Сити Банк“-მა. მსგავსი ვითარება შეიქმნა რამდენიმე ბანკში თურქეთსა და ვიეტნამშიც.

დასავლური სანქციების პირობებში რუსეთმა თავისი დამოუკიდებელი საგადახდო სისტემა „Мир“-ის განვითარება რამდენიმე წელია, რაც  დაიწყო. აღნიშნული ბარათები გამოიყენება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ბარათებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც იყენებენ.

ბანკების უარს წინ უძღოდა აშშ-ის ხაზინის გაფრთხილება შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების რისკი დაემუქრებათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის გარეთ რუსულ საგადახდო სისტემა „Мир“-ის ფუნქციონირებას შეუწყობენ ხელს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ცენტრალური აზიის ქვეყნების საბანკო სექტორის მიერ რუსულ საგადახდო სისტემის გამოყენებაზე უარი შეზღუდავს „Мир“-ის ბარათების რუსეთის გარეთ გამოყენების შესაძლებლობას, რაც საზიანო იქნება რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნებში საქმიანობენ. ამავე დროს, მსგავსი ნაბიჯით ამ ქვეყნების საბანკო სისტემები შესაძლო დასავლურ სანქციებს თავს აარიდებენ.

 

საერთაშორისო კომპანიების ნაწილი რუსეთიდან ყაზახეთში გადადის

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 19 ოქტომბერს, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ (უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ) რუსეთიდან ყაზახეთში 50 საერთაშორისო კომპანია გადავიდა.

მოვლენა დეტალურად: ტოკაევის განცხადებით, „კონტრპროდუქტიულია ყველა ამ კომპანიის დიდ ქალაქებში განთავსება. ადმინისტრაციულმა ერთეულებმა მსგავსი კომპანიების ალმათის სიახლოვეს, ალმატის დიდი წრიული გზის გასწვრივ, განთავსება უნდა უზრუნველყონ, რაც რეგიონის ეკონომიკას დაეხმარება. ამ საკითხზე მთავრობასა და კომპანიებს შორის დისკუსია უნდა გაიმართოს.“ ტოკაევის თქმით, „ჩვენ უნდა შევუქმნათ ყველა აუცილებელი პირობა ინვესტორებს ახალი საწარმოების გასახსნელად, მათ შორის მათ ვინც სხვა ქვეყნებიდან გადმოდის.“

პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის განცხადებით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, 56 საერთაშორისო კომპანიამ, რომლებმაც ბოლო თვეებში რუსეთი დატოვეს, ყაზახეთში დაფუძნების სურვილი გამოთქვა. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც ოფისები უკვე გადაიტანეს ყაზახეთში, სმაილოვმა დაასახელა: „Honeywell“, „inDriver“, „Fortescue“, „Marubeni“.

ყაზახეთი მიმზიდველია რუსი მიგრანტებისთვისაც, რომლებმაც 21 სექტემბერს „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ სწრაფად დატოვეს ქვეყანა. ყაზახეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანამ რუსეთის 300 000-ზე მეტი მოქალაქე მიიღო, რომელთა ნახევარი ყაზახეთში დარჩა. გარდა ამისა, 200 000-მა უცხოეთის მოქალაქემ (დიდი ალბათობით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა) უკვე მოითხოვა ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები, რაც მათ ყაზახეთში მუშაობისა და საბანკო ანგარიშის გახსნას გაუადვილებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ყაზახეთი, რომელიც ღიად არ უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, ცდილობს რუსეთში საერთაშორისო კომპანიების წინაშე შექმნილი გამოწვევებით ისარგებლოს და ამ კომპანიების ყაზახეთში დაფუძნებას შეუწყოს ხელი.

 

ხორვატიაში „ყირიმის პლატფორმის“ პირველი საპარლამენტო სამიტი ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 24-25 ოქტომბერს ზაგრებში, ხორვატია, „ყირიმის პლატფორმის“ პირველი საპარლამენტო სამიტი ჩატარდა. სამიტის დასასრულს დეკლარაციაც მიიღეს, რომლის მთავარი თემა რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია იყო. ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის სპიკერიც მონაწილეობდა.

მოვლენა დეტალურად: სამიტზე ონლაინ ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, მსგავსი ფორმატი შეიძლება სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს, მათ შორის, აფხაზეთზე, დნესტრისპირეთსა და სამხრეთ კურილიის კუნძულებზე. ზელენსკის განცხადება შეაფასა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რომლის თქმითაც, ზელენსკიმ ისტორიის ცუდი ცოდნა გამოავლინა და ღია პროვოკაციით არის დაკავებული.

„ყირიმის პლატფორმა“

„ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის ინიციატივით შეიქმნა და იგი ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია. ყირიმის პლატფორმის დამფუძნებელი 44 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაა. პლატფორმის მიზანია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია უფრო ეფექტიანი გახადოს, უპასუხოს უკრაინის წინაშე წარმოქმნილ უსაფრთხოების მზარდ გამოწვევებს და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. პლატფორმის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაცია და მასზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა. ყირიმის პლატფორმის პირველი სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს კიევში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. მეორე სამიტი 2022 წლის 23 აგვისტოს ჩატარდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მსგავსი პლატფორმები კიევისთვის საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც უკრაინა რუსეთზე ზეწოლისა და ყირიმის დეოკუპაციის პროცესის დაწყების მიზნით იყენებს.

 

სომხეთში ევროკავშირის დამკვირვებლებმა მუშაობა დაიწყეს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 20 ოქტომბერს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EU Monitoring Capacity/eumcap) საქმიანობა დაიწყო.

მოვლენა დეტალურად: სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსების გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო. სადამკვირვებლო ექსპერტები თავის მისიას შეასრულებენ სომხეთის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ. 40 სადამკვირვებლო ექსპერტი ანგარიშს მოამზადებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო რეგიონებში სამხედრო და ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ისინი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პროცესებსაც დააკვირდებიან. მათ არ ექნებათ გამოძიების ჩატარების მანდატი.

სადამკვირვებლო მისიის შექმნის გადაწყვეტილება 17 ოქტომბერს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წინადადების საფუძველზე მიიღეს. მისიის მანდატი ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მხარდაჭერისა და სასაზღვრო კომისიების მუშაობისთვის ხელის შეწყობის მიზნით სასაზღვრო რეგიონებში ვითარების მონიტორინგს მოიცავს. მისიაში მხოლოდ სამოქალაქო დამკვირვებლები იქნებიან. მისიის მანდატი ორი თვით განისაზღვრა.

რა მოხდა მანამდე?

2022 წლის 7 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ გაავრცელა განცხადება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, პრაღაში, ორრაუნდიანი შეხვედრის (6 ოქტომბერი) შედეგად მიღებული დოკუმენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს. შეხვედრის შედეგად მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სომხეთმა თანხმობა განაცხადა დახმარებოდა ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან, აზერბაიჯანული მხარე კი, თავის მხრივ, დათანხმდა ამ მისიასთან ითანამშრომლოს იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს აზერბაიჯანს შეეხებოდა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სომხეთში განთავსება მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ ევროკავშირი მზად არის რეგიონში სამშვიდობო პროცესში ჩაერთოს და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარების დარეგულირებასა და რეგიონულ სტაბილურობას შეუწყოს ხელი. სომხეთის მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნა იმის დასტურია, რომ სომხეთი რუსეთს ბოლომდე აღარ ენდობა და უსაფრთხოების გარანტიების მიღებას დასავლეთისგანაც ცდილობს.

 

კუხოს ლიდერების საგანგებო შეხვედრა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 28 ოქტომბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს საგანგებო შეხვედრა ჩატარდა.

მოვლენა დეტალურად: შეხვედრაში, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა, კუხოს წევრი ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კუხოს გენმდივანი სტანისლავ ზასი. შეხვედრაზე განიხილეს სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივი ღონისძიებების გატარების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა სადავო საკითხების პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პუტინიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსკოვს კავშირები აქვს, როგორც ერევანთან, ასევე ბაქოსთან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი კუხოს წევრია, ორგანიზაციის პოზიცია სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში უფრო ნეიტრალურია. რაც მიუთითებს, რომ სომხეთისთვის აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში კუხო ვერ იქნება სანდო პარტნიორი.

 

პუტინმა ფაშინიანსა და ალიევს სოჭში უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სოჭში უმასპინძლა.

მოვლენა დეტალურად: სამმხრივ შეხვედრამდე პუტინი ჯერ ფაშინიანს შეხვდა და შემდეგ ალიევს. ორმხრივ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომლის შედეგად, პუტინის თქმით, ყველა საკითხზე ვერ მოხერხდა შეთანხმება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ შეიცავდა და მხოლოდ ზოგადი ფორმულირებებით შემოიფარგლებოდა.

 პუტინის შეხვედრა ფაშინიანთან. წყარო: kremlin.ru

 

ფაშინიანმა სამშვიდობო პროცესში რუსეთის როლს გაუსვა ხაზი და რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონიდან აზერბაიჯანელი სამხედროების გაყვანა მოითხოვა. გარდა ამისა, აქტუალური საკითხი იყო სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის საკითხი. ფაშინიანის თქმით, ყველა კომუნიკაცია, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, სომხეთის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი სომხეთს სთავაზობს ხუთ ძირითად პრინციპს, რომლის აღიარების საფუძველზეც ბაქო სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას იმედოვნებს. ალიევის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი ორი წლის წინათ გადაწყდა და იგი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მსგავსი შეხვედრები რუსეთის მხრიდან იმის დემონსტრირების მცდელობაა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ დაპირისპირებაში მთავარ შუამავლად მოსკოვი რჩება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც სომხეთის სასაზღვრო რეგიონების მონიტორინგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაიწყო.

 

ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის პატრიარქს ავტოკეფალიის მოთხოვნით მიმართავს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 20 ოქტომბერს ლატვიის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის პატრიარქ კირილს ავტოკეფალიური სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართა.

მოვლენა დეტალურად: ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების შეხვედრა რიგაში ჩატარდა, რომელმაც კირილისადმი მიმართვის გარდა, ეკლესიის წესდებაში შესაბამისი ცვლილებების მიღების საკითხზე იმსჯელა. შეხვედრაში მონაწილეობდა რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრ კუდრიაშოვი. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 160 მონაწილემ, წინააღმდეგ ხმა მისცა 1-მა.

2022 წლის 5 სექტემბერს ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ლატვიის პარლამენტს კანონში „ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის“ შესახებ ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც, ლატვიის კავშირები რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან უნდა შეწყდეს. 8 სექტემბერს კანონპროექტს  მხარი დაუჭირა პარლამენტმაც. ეს ინფორმაცია ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებგვერდზეც გავრცელდა. 22 სექტემბერს ლატვიის მთავრობამ იუსტიციის მინისტრს დაავალა მიემართა პატრიარქ კირილისადმი და შეეტყობინებინა ლატვიის ეკლესიის შესახებ კანონში პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შესახებ.

ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესია ავტონომიურია, თუმცა ფორმალურად რუსეთის პატრიარქ კირილს ექვემდებარება, რომელიც ცნობილია თავისი ახლო კავშირებით რუსეთის პრეზიდენტთან და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერით. ლატვიაში ცხოვრობს დაახლოებით 350 ათასამდე მართლმადიდებელი, ძირითადად რუსულენოვანი. ეკლესიის მეთაური რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტი ალექსანდრეა, რომელიც ამ პოზიციას 1990 წლიდან იკავებს.

რას ამბობენ რუსეთში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გენადი ასკალდოვიჩის განცხადებით, ლატვიის ხელისუფლების მცდელობებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაცია მოახდინოს, თავის შედეგები მოჰყვება. არქიეპისკოპოსმა ნიკოლაი ბალაშოვმა, რომელიც რუსეთის პატრიარქის მრჩეველია, განაცხადა, რომ რუსეთს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ლატვიის პარლამენტის მიერ ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ლატვიისთვის: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კრემლის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად აღიქმება და მისი საქმიანობა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში მხოლოდ რელიგიურ ჭრილში არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ სამყაროში ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვება რთული და ხანგრძლივი პროცესია, ლატვიის პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთის ეკლესიისა და კრემლის პოლიტიკური გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად. ლატვიის ხელისუფლების შეფასებით, მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირების გაწყვეტა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, ლატვიის მთელი საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

 

აშშ-მა მოლდოვაში პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 26 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 9 ფიზიკურ და 12 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ორ მოლდოველ ოლიგარქს, რომლებიც ქვეყნის პროდასავლური მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.

მოვლენა დეტალურად: სანქციების მთავარი სამიზნე ის პირები და კომპანიები არიან, რომლებიც მსოფლიოში რუსეთის ინტერესების გატარებას ემსახურებიან და ცდილობენ ვითარების შეცვლას აშშ-სა და მის მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის, მოლდოვასა და უკრაინაში. მოლდოველი ოლიგარქები შემჩნეული არიან „სისტემურ კორუფციასა“ და ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.

ერთ-ერთი ოლიგარქი ვლადიმირ პლახოტნიუკია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი იყო, თუმცა 2019 წელს ქვეყნის დატოვება მოუწია. მას ჯერ კიდევ საკმაოდ აქვს გავლენა შენარჩუნებული, რომელიც პროდასავლური პრეზიდენტის მაია სანდუს წინააღმდეგ არის მიმართული. მეორე სანქცირებული ილან შორია, რომელიც ცნობილია თავისი სიმპათიებით რუსეთისადმი. მისი პარტია „შორ“, რომელიც მოლდოვის პარლამენტშიც არის წარმოდგენილი, რამდენიმე კვირაა კიშინიოვში ანტისამთავრობო აქციებს აწყობს. ორივე ოლიგარქი  და მასთან დაკავშირებული პირები/კომპანიები წლებია მოლდოვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან ჩართული და თავისი ფინანსებისა და გავლენის წყალობით ნეგატიურად მოქმედებენ ქვეყნის დასავლეთთან დაახლოების პროცესზე. ორივე მათგანის სახელი უკავშირდება მოლდოვაში გახმაურებულ სკანდალს - ქვეყნის საბანკო სისტემიდან 1 მლრდ აშშ დოლარის დაკარგვას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მოლდოვაში, სადაც ძლიერია პრორუსული განწყობები, რუსეთი ცდილობს ოლიგარქებისა და პრორუსი პოლიტიკოსების საშუალებით პოლიტიკური გარემოს თავის სასარგებლოდ შეცვლას. მოლდოვის ამჟამინდელი მთავრობა დასავლეთთან დაახლოებას ესწრაფვის, შესაბამისად მოქმედი პრეზიდენტისა და მთავრობის დისკრედიტაცია კრემლის საგარეო-პოლიტიკურ გეგმებში შედის. ამიტომაც ვაშინგტონის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მოლდოვაში პრორუსული ჯგუფების დასუსტებას  და პროდასავლური მთავრობის გაძლიერებას.

 

2023 წელი „რუსული ენის წლად“ გამოცხადდა

მთავარი მოვლენა: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენის პოპულარიზაციას ცდილობს.

მოვლენა დეტალურად: რუსული ენის პოპულარიზაციის შესახებ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტზე ისაუბრა, რომელიც 14 ოქტომბერს ასტანაში ჩატარდა. პუტინის განცხადებით, 2020 წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ 2023 წელი თანამეგობრობის ქვეყნებში გამოცხადდებოდა რუსული ენის, როგორც ხალხთა შორის კომუნიკაციის ენის, წლად. პუტინმა ამ კონტექსტში მოიწონა ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომარტ-ტოკაევის ინიციატივაც დსთ-ის ფარგლებში რუსული ენის პოპულარიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის შესახებ. პუტინმა ინიციატივის განხორციელების მხარდაჭერის პირობა დადო.

პუტინის თქმით, ის ასევე სთავაზობს დსთ-ის წევრებს 2025 წელი „დიდ სამამულო ომში (მეორე მსოფლიო ომში) გამარჯვების 80 წლისთავის“ წლად გამოაცხადონ, ასევე მშვიდობისა და ნაციზმთან ბრძოლის ერთობის წლად.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსული ენა რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე კულტურული და პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად/გასაზრდელად გამოიყენება. ბოლო ათწლეულში ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში რუსული ენის გამოყენების შემცირება მოსკოვისთვის გზავნილია, რომ რუსული ენა და კულტურა აღარ არის მიმზიდველი იმ ქვეყნებში, რომლებსაც კრემლი თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს. ამიტომაც, რუსული ენის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება მოსკოვისთვის საგარეო-პოლიტიკის პრიზმაში განიხილება და მისი მთავარი სამიზნე პოსტსაბჭოთა ქვეყნებია.

 

„ვალდაის“ კლუბის შეხვედრა და პუტინის გამოსვლა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 27 ოქტომბერს „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა.

მოვლენა დეტალურად: „ვალდაის“ კლუბის რიგით მე-19 შეხვედრის შემაჯამებელ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა ვლადიმერ პუტინიც. წელს ფორუმის თემა იყო „მსოფლიო ჰეგემონიის შემდეგ: სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასთვის“. ოთხდღიან შეხვედრას 111 ექსპერტი, პოლიტიკოსი, დიპლომატი და ეკონომისტი დაესწრო. შეხვედრას, რუსეთის წარმომადგენლების გარდა, 40 უცხო ქვეყნის წარმომადგენელიც დაესწრო. კლუბი 2004 წლიდან ფუნქციონირებს და მისი შეხვედრების მთავარი კომპონენტი პუტინთან შეხვედრაა.

 პუტინის გამოსვლა „ვალდაის“ კლუბის შეხვედრაზე. წყარო: kremlin.ru

 

პუტინის მთავარი გზავნილები:

  • მსოფლიო „მეორე მსოფლიო ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე სახიფათო ათწლეულში შედის.
  • მსოფლიოში დასავლეთის ერთპიროვნული მმართველობის ისტორიული პერიოდი დასასრულს უახლოვდება.
  • პუტინი არ ნანობს უკრაინაში ჯარების გაგზავნას და მიაჩნია, რომ კონფლიქტი ნაწილია დასავლეთის ქვეყნების მცდელობისა - უზრუნველყოს მსოფლიო ბატონობა.
  • უკრაინაში კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის ბრძოლაა. იგი ნაწილობრივ „სამოქალაქო ომია“, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
  • „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია დონბასის რეგიონის გაკონტროლება, რომელიც „ვერ გადარჩებოდა“ რუსეთის სამხედრო ჩარევის გარეშე.
  • დასავლეთს არაფერი შეუძლია შესთავაზოს მსოფლიოს „მისი დომინაციის გარდა“.
  • სულ უფრო მეტი ქვეყანა ამბობს უარს დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე და რუსეთი არასოდეს შეურიგდება დასავლეთის მცდელობებს, იბატონოს მსოფლიოზე.
  • პუტინმა „დასავლური ნეოლიბერალური ელიტების დიქტატზე“ ილაპარაკა და განაცხადა, რომ გააგრძელებს მათთვის წინააღმდეგობის გაწევას და დაიცავს „ტრადიციულ ღირებულებებს“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „ვალდაის“ კლუბში გამოსვლისას პუტინმა კრემლის ძველი ნარატივები გაიმეორა დასავლეთთან დაპირისპირებისა და უკრაინაში ომის დაწყების შესახებ. აღნიშნული შეხვედრა მისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო მთავარ ბოროტებად დასავლეთი გამოეყვანა, რუსეთის აგრესიული ქმედებები კი დასავლეთის ანტირუსული პოლიტიკით გაემართლებინა.

 

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.