X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 9

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

გამოცემა: N9

მიმოხილვის პერიოდი: 16-31 მაისი, 2020

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

მთავარი მოვლენები:                                                                     

  • ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთთან ნაკლებ ინტეგრაციას და მეტ ეკონომიკურ სარგებელს ითხოვენ.

  • კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პერსპექტივებზე მსჯელობენ.

  • ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა სასაზღვრო დავის მოგვარებაში რუსეთს შუამავლობაზე უარი უთხრეს.

  • უზბეკეთი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავედ პასუხობს.

  • უკრაინა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალში რუსეთისგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

  • ბელარუსი სარაკეტო კომპლექსების განვითარებას რუსეთისგან დამოუკიდებლად ცდილობს.

  • ბელარუსი ნავთობის ალტერნატიული მარშრუტებიდან იმპორტს აგრძელებს.

  • რუსეთი და ბელარუსი გაზის ფასზე ვერ თანხმდებიან.

  • ლიეტუვაში მშენებარე გაზსადენი რეგიონის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.

 

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 19 მაისს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს შეხვედრა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მოვლენა დეტალურად: ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ეკონომიკური ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მის  მოკავშირეებს - ბელარუსს, ყაზახეთს, სომხეთს, ყირგიზეთს - აერთიანებს. წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე რამდენიმე დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის - გადაწყვეტილება „2025 წლისთვის ევრაზიის ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების შესახებ“. დოკუმენტის საბოლოო ვერსიას წევრი ქვეყნების მთავრობები შეათანხმებენ. დოკუმენტი ინტეგრაციის განვითარებისთვის ერთგვარი საგზაო რუკა იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის გამოსვლაში სტრატეგიულ დოკუმენტზე ისე ისაუბრა, როგორც შეთანხმებულ გადაწყვეტილებაზე, თუმცა წევრი ქვეყნების პრეზიდენტები საბოლოო დოკუმენტში მათი ქვეყნების ინტერესების უკეთ ასახვას მოითხოვენ.

ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ვიდეოკონფერენცია. წყარო: ბელარუსის ტელევიზია

სომხეთი და ბელარუსი იაფ გაზს ითხოვენ

სტრატეგიის დოკუმენტის მიმართ გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ წევრ ქვეყნებს. მაგალითად, ბელარუსმა და სომხეთმა უკმაყოფილება გამოთქვეს გაზის ფასის ფორმირების საკითხზე. პუტინის აზრით, „გაზზე ერთიანი ტარიფის დაწესება (რასაც სომხეთი და ბელარუსი ითხოვენ) შესაძლებელია მხოლოდ ერთიანი ბაზრის არსებობის პირობებში, როდესაც გადასახადების ერთიანი სისტემა იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს მსგავსი ღრმა ინტეგრაცია, მანამდე გაზზე ფასი საბაზრო კონიუნქტურის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს“.

ყაზახეთი ნაკლებ ინტეგრაციას ითხოვს

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით, ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ და ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს. გარდა ამისა, ტოკაევს არ მოსწონს კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას დაფინანსების პრინციპის გათვალისწინება (რაც რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას აძლევს). მან ასევე გააკრიტიკა ორგანიზაციის ფარგლებში კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის ზედმეტად მასშტაბური გაფართოების მცდელობები მაშინ, როდესაც პუტინი ამგვარ გაფართოებას მხარს უჭერს.

რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი: ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ კავშირის წევრი ქვეყნები, რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგი არიან და რუსეთისგან მეტი ეკონომიკური სარგებელის  მიღებას ცდილობენ. რუსეთი, თავის მხრივ, მზად არის მოკავშირეებს მეტი ეკონომიკური სარგებელი მისცეს, თუმცა მხოლოდ უფრო ღრმა ინტეგრაციის შემთხვევაში.

 

კუხოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 26 მაისს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების პერსპექტივები ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილა.

 
კუხოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია. წყარო: კუხოს ვებგვერდი

მოვლენა დეტალურად: კუხოს წევრები არიან რუსეთი და პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსკოვის ყველაზე ახლო მოკავშირეები: ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. ერთი სამხედრო ორგანიზაციის წევრობის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ქვეყნებს შორის სხვადასხვა საკითხის გამო დაპირისპირებები გახშირდა. მაგ., 24 მაისს ტაჯიკეთ-ყირგიზეთს შორის ერთ-ერთი ანკლავის ირგვლივ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ მესაზღვრეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს; ბელარუსს 2020 წლიდან ნავთობისა და გაზის ფასის გამო რუსეთთან ურთიერთობა გაურთულდა; სომხეთი კი ბოლო პერიოდში სამხედრო სფეროში რუსეთის აზერბაიჯანთან თანამშრომლობას ეჭვის თვალით უყურებს.

ორგანიზაციის გენერალური მდივნის სტანისლავ ზასის შეფასებით, წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისათვის მუქარა ყველა განზომილებასა და ყველა მიმართულებით იზრდება. მისი თქმით, წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გაძლიერდეს ურთიერთქმედება სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასა და შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. ზასის განცხადებით, მიმდინარეობს რეგიონის მილიტარიზაცია დასავლეთის მიმართულებით, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთსა და ბელარუსს ესაზღვრება, ბოლო წლებში ზრდის თავდაცვის ხარჯებს და სრულყოფს სამხედრო ინფრასტრუქტურას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გამოსვლასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამის გამო რუსეთი არ მოაწყობს ისტერიკას და გაწონასწორებულად გააანალიზებს სიტუაციას. ლავროვმა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და იგი მოკავშირეების ურთიერთობად შეაფასა, მათ შორის, კუხოს ფარგლებში. 2019 წელს სომხეთმა რუსეთისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიარაღება და საბრძოლო მასალა შეიძინა.

მინისტრებმა ბიოუსაფრთხოებაზე და ამ კონტექსტში ახალი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაზეც ისაუბრეს.

რატომ არის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი: კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია რუსეთის საგარეო-პოლიტიკური ინსტრუმენტია პოსტსაბჭოთა სივრცეში სამხედრო-პოლიტიკური გავლენის გასაზრდელად. ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი, რუსეთის მიზანია კუხოს შეხვედრები პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდასავლური განწყობების კონსოლიდაციისთვის გამოიყენოს.

 

ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა რუსეთს შუამავლობაზე უარი უთხრეს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 27 მაისს ტაჯიკეთმა ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე მორიგ პროვოკაციაში ყირგიზ მამაკაცს დასდო ბრალი, რომელმაც 25 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურმა ყირგიზეთი საზღვრის სადავო მონაკვეთზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

მოვლენა დეტალურად: 27 მაისის შემთხვევის გარდა მაისში ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე კიდევ ორი სერიოზული დაპირისპირება მოხდა. 24 მაისს ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის სროლის შედეგად ტაჯიკი მამაკაცი დაიჭრა. 8 მაისს კი, ყირგიზეთის ხელისუფლების განცხადებით, სასაზღვრო სროლებს სამი ყირგიზი მესაზღვრის დაჭრა მოჰყვა.

ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახშირდა. შეუთანხმებელი სასაზღვრო მონაკვეთების გამო ხშირია დაპირისპირებები, რაც მსხვერპლითაც სრულდება.

 
ანკლავები ცენტრალურ აზიაში. წყარო: Wikipedia

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის სასაზღვრო დავა 26 მაისს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინშეხვედრაზეც განიხილეს, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორივე მხარეს საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდა და მოკავშირეებს შუამავლობა შესთავაზა.

29 მაისს ლავროვის შემოთავაზებაზე ოფიციალური უარი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა: „სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია ქვეყნების შიდა საქმეა და ორმხრივ დონეზე მიმდინარეობს“. სამინისტრომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი,  რომ არამიზანშეწონილად მიაჩნიათ მესამე მხარის ჩართვა მოლაპარაკების პროცესში. მანამდე ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უფრო რბილ ფორმებში თქვა უარი რუსეთის შუამავლობაზე და განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყნის შიდა საქმე იყო.

დაპირისპირება უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე: 31 მაისს ყირგიზეთის ბატკენის რაიონში, უზბეკურ ექსკლავ სოჰში, რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა იჩხუბა. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა წყარო ვერ გაიყვეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონში ხშირია დაპირისპირება საძოვრების, წყლისა და მიწების გამო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ცენტრალური აზიის ქვეყნებს, განსაკუთრებით ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს, რუსეთთან ახლო სამხედრო-პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთთან ახლო კავშირების მიუხედავად, ეს ქვეყნები შიდა თუ ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთის ზედმეტ ჩარევას სუვერენიტეტის შელახვის მცდელობად მიიჩნევენ. რუსეთის შუამავლობაზე ტაჯიკეთის და ყირგიზეთის უარიც რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის საფრთხით არის ნაკარნახევი.

 

უზბეკეთის მწვავე პასუხი რუსეთს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 18 მაისს უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „საკითხები, რომლებიც სახელმწიფო ენის რეგულირების სფეროს უკავშირდება, უზბეკეთის შიდა პოლიტიკის განსაკუთრებული პრეროგატივაა და ამ მხრივ ნებისმიერი საგარეო ჩარევა მიუღებელია“.

მოვლენა დეტალურად: სამინისტროს განმარტებით, მათი კომენტარი პასუხი იყო „უცხო ქვეყნის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებაზე“. ოფიციალურ პირში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა იგულისხმეს.

25 აპრილს განსახილველად გამოვიდა უზბეკეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, საჯარო მოხელეები საქმის წარმოებაში სახელმწიფო ენის (უზბეკური) გამოუყენებლობის გამო დაჯარიმდებიან. ამ თემას 14 მაისს გამოეხმაურა მარია ზახაროვა. მისი თქმით, საქმის წარმოებაში სახელმწიფო ენის გამოყენების მომხრეები აშკარა უმცირესობაში არიან. ზახაროვას შეფასებით, მედიაში მიმდინარე დისკუსიაზე დაკვირვებით შეიძლება ვთქვათ, რომ უმრავლესობა ოფიციალურ სფეროში რუსული ენის შენარჩუნების მომხრეა, რაც სრულიად შეესაბამება უზბეკეთის მოქალაქეების ინტერესებს, რომლებიც ხშირად არჩევანს რუსეთში სწავლასა და მუშაობაზე აკეთებენ.

რუსული ენის სტატუსი

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რუსეთის გარდა, რუსული სახელმწიფო ენა მხოლოდ ბელარუსშია, სადაც რუსულს წამყვანი ადგილი უკავია როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე საქმის წარმოებაში. რუსულს ოფიციალური ენის სტატუსი აქვს ყაზახეთსა და ყირგიზეთში, სადაც სახელმწიფო ორგანიზაციებსა და საქმის წარმოებაში რუსული ენა აქტიურად გამოიყენება. ტაჯიკეთში რუსული ეთნოსებს შორის ურთიერთობის ენაა, დანარჩენ ქვეყნებში კი რუსულ ენას არანაირი სტატუსი არ აქვს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთთან ახლო ურთიერთობის მიუხედავად, უზბეკეთისთვის მიუღებელია კრემლის განცხადებები ისეთ საკითხზე, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკის კომპეტენციას განეკუთვნება, განსაკუთრებით ისეთ მწვავე საკითხზე, როგორიც სახელმწიფო ენის გამოყენებაა. რუსეთის უარყოფითი პოზიციის მიუხედვად, ხელისუფლება უზბეკური ენის გამოყენების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებით უზბეკური ენის პოზიციების გაძლიერებას იმედოვნებს, რაც უზბეკური იდენტობისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევა.

 

უკრაინა რუსეთს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალში უჩივის

მთავარი მოვლენა: უკრაინამ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაკავების გამო საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს მიმართა.

მოვლენა დეტალურად: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალს რუსეთისადმი პრეტენზიებით მემორანდუმი გადასცა. საქმე 2018 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში 24 უკრაინელი მეზღვაურისა და სამი გემის დაკავებას ეხება. მინისტრ დმიტრი კულებას განცხადებით, მათ სურთ არა  შურისძიება, არამედ - სამართლიანობა.

უკრაინული გემების დაკავება. წყარო: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოკადრიდან სურათი

უკრაინის 24 მოქალაქე ჯერ ყირიმში, იზოლატორში, იმყოფებოდა და შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს. მათ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი. უკრაინა მათ სამხედრო ტყვეებად მიიჩნევდა. დაკავებულები 2019 წლის სექტემბერში ტყვეების მასშტაბური გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს, გემები კი უკრაინას ნოემბერში დაუბრუნეს.

მემორანდუმისა და საარბიტრაჟო ტრიბუნალის მოთხოვნებით, დოკუმენტი კონფიდენციალურია, ამიტომაც უცნობია, თუ რა ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს უკრაინა რუსეთისგან.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების გარდა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი საერთაშორისო საზღვაო სამართლის დამრღვევად დაფიქსირდეს, რაც მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მიერ უკრაინის სამხედრო გემების დაკავების პრევენციას მოახდენს და შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას გაზრდის.

 

ბელარუსმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე რუსეთისგან უარი მიიღო

მთავარი მოვლენა: ბელარუსი ადგილობრივი წარმოების სარაკეტო კომპლექსების დამზადებას რუსეთის გარეშე აპირებს.

მოვლენა დეტალურად: 2020 წლის 22 მაისს შეიარაღების მწარმოებელი სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ერთ-ერთი საწარმოს მონახულებისას ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განუცხადეს, რომ რუსეთს არ სურს ბელარუსული რაკეტები საკუთარ პოლიგონზე გამოსცადოს. ლუკაშენკომ რუსეთის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ რუსების წინაშე მუხლებზე დაჩოქება საჭირო არ იყო.

ბელარუსში სარაკეტო წარმოების სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც 2017-2020 წლებში უნდა განხორციელდეს.

ალექსანდრე ლუკაშენკო რაკეტას ათვალიერებს. წყარო: სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის ვებგვერდი

ლუკაშენკომ უცხოელ პარტნიორებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით ადრე 300 კმ სიშორის საკუთარი წარმოების რაკეტების დამზადება მოითხოვა. რაკეტების დამზადების საბოლოო თარიღად სექტემბერი სახელდება. რუსეთის უარის შემდეგ რაკეტების გამოსაცდელ სავარაუდო პოლიგონებად განიხილება ჩინეთის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და საუდის არაბეთის ვარიანტები.

ბელარუსს სარაკეტო კომპლექსების შექმნაში ჩინეთი ეხმარება, რისთვისაც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ ჩინეთს მადლობა გადაუხადა. მაკეის შეფასებით, ჩინეთის დახმარებით მნიშვნელოვნად გაძლიერდება ბელარუსის სამხედრო უსაფრთხოება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ბოლო წლებში ბელარუსი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროში რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. რუსეთის დახმარების გარეშე საკუთარი სამხედრო პროდუქციის შექმნის მცდელობა კი ლუკაშენკოს ახალ მიდგომაზე მიუთითებს, რაც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას სამხედრო სფეროშიც ითვალისწინებს.

 

ბელარუსმა საუდის არაბეთის ნავთობი მიიღო

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 16 მაისს ბელარუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ „ნაფტანმა“ საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია „Saudi Aramco“-ს ნავთობი მიიღო.

მოვლენა დეტალურად: სულ კლაიპედის პორტში, ლიეტუვაში, 87 ათასი ტონა არაბული ნავთობი ჩავიდა. პირველ ეტაპზე კლაიპედიდან ბელარუსში სარკინიგზო ხაზით  60 ცისტერნა არაბული ნავთობი გაიგზავნა.

2020 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსულ ნავთობკომპანიებთან ფასზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, ბელარუსმა იმპორტის დივერსიფიკაცია დაიწყო. წელს ბელარუსმა უკვე მიიღო ალტერნატიული ნავთობი ნორვეგიიდან, აზერბაიჯანიდან და საუდის არაბეთიდან. ივნისში ბელარუსი ამერიკულ ნავთობსაც მიიღებს.

მარტში მსოფლიოში ნავთობზე ფასის ვარდნის პირობებში ბელარუსი, საბოლოოდ, რუსულ ენერგოგიგანტ „როსნეფტსაც“ შეუთანხმდა წლის ბოლომდე 9 მლნ ტონა ნავთობის მიწოდებაზე.

რატომ არის ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი ბელარუსისთვის: ნავთობის ფასის ვარდნისა და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, ბელარუსი აქტიურად აგრძელებს ნავთობის იმპორტის დივერსიფიკაციის პოლიტიკას, რაც ბელარუსზე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შესუსტებას ისახავს მიზნად.

 

რუსეთი ბელარუსს გაზზე დაგროვილი დავალიანების დაფარვას სთხოვს

მთავარი მოვლენა: 2020 წლის 29 მაისს რუსული ენერგოგიგანტ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ მინსკს რუსულ გაზზე გადასახდელი 165.57 მლნ აშშ დოლარის ვალი დაუგროვდა და სანამ ბელარუსი ვალს არ დაფარავს, 2021 წლისთვის გაზის ფასის შემცირებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიმართება.

მოვლენა დეტალურად: 2020 წელს გაზის ფასი ბელარუსისთვის 2019 წლის დონეზე შენარჩუნდა და ათას კუბურ მეტრზე 127 აშშ დოლარს შეადგენს. აპრილში ენერგორესურსებზე ფასის ვარდნის პირობებში, მათ შორის გაზზე, ბელარუსმა რუსეთისგან ფასის გადახედვა მოითხოვა. ამ პერიოდში ევროპაში გაზის ფასი 40 აშშ დოლარამდეც კი დაეცა. პანდემიის პირობებში, ბელარუსის გარდა, რუსეთს გაზის საფასურის შემცირება სხვა მოკავშირეებმაც (სომხეთი და ყირგიზეთი) სთხოვეს.

„გაზპრომის“ მოთხოვნას მინსკში უპასუხეს, რომ არანაირი დავალიანება არ არის, არის მხოლოდ ცალკეული ნიუანსები, რომელიც უნდა გადაიჭრას.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მსოფლიოში ენერგორესურსებზე  ფასის შემცირების პირობებში, ბელარუსი არა მხოლოდ 2021 წლის, არამედ მიმდინარე წლის უკვე შეთანხმებული ფასის კლებასაც ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თვალსაზრისით ბელარუსისთვის რთულია რუსული გაზის ალტერნატივის მოძიება, ბელარუსის პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში გაზზე უფრო ხელსაყრელი ფასი მიიღოს და აგვისტოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რუსეთთან „გაზის ომში“ მცირე წარმატებას მიაღწიოს.

 

ევროკავშირი ლიეტუვაში გაზსადენის რეკონსტრუქციას დააფინანსებს

მთავარი მოვლენა: ევროკავშირი ლიეტუვაში, ვილნიუსსა და კაუნასს შორის, 18-კილომეტრიანი გაზსადენის რეკონსტრუქციას 8.6 მლნ ევროთი დააფინანებს.

მოვლენა დეტალურად: პროექტს კომპანია „Amber Grid“ განახორციელებს, რომელიც ქვეყანაში გაზის ტრანსპორტირების მთავარი ოპერატორია და ყველა ძირითად მილსადენსა და საკომპრესორო სადგურს ფლობს. პროექტის სრული ღირებულება 17.1 მლნ ევროა, მათ შორის 8.6 მლნ ევროს ევროკავშირი დააფინანსებს. მილსადენის მონაკვეთის მოდერნიზაცია, გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების მიზნით, 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

„Amber Grid“-ის განცხადებით, ვილნიუს-კაუნასის გაზსადენი მნიშვნელოვანია ლიეტუვა-პოლონეთის დამაკავშირებელი მშენებარე გაზსადენის (GIPL) გამოც, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის მზად იქნება. მილსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი ევროკავშირის გაზის გადამცემ სისტემაში იქნებიან ინტეგრირებული.

მილსადენის რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებიან ლიეტუვის მომხმარებლები და ასევე ლატვიაში კლაიპედის თხევადი გაზის ტერმინალიც. პოლონეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, კლაიპედის ტერმინალიდან პოლონეთის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირების შესაძლებლობაც შეიქმნება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილსადენის მიმდინარე პროექტების ძირითადი მიზანი რეგიონის ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერება, ევროკავშირის ენერგოსისტემაში ინტეგრაცია და, შესაბამისად, რუსეთის ენერგოსისტემაზე დამოკიდებულების შემცირებაა.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.