X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 56, 28 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, 30 სექტემბერს, დონბასის ფრონტზე, ერთი უკრაინელი სამხედრო დაშავდა.

არქტიკა - ჩრდილოეთის ფლოტის  პროექტი 20183 კლასის სპეციალური დანიშნულების გემი „აკადემიკ ალეკსანდროვიდაბრუნდა სევეროდვინსკის საზღვაო ბაზაზე, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ხანგრძლივი ექსპედიციის შემდეგ. აღნიშნული გემი ექვემდებარება რუსეთის შეიარაღებული ძალების საიდუმლო დანაყოფს - ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარ სამმართველოს.

წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსნები „ტრიბუცი“ და „ადმირალ ვინოგრადოვი“, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში ორთვიანი ექსპედიციის შემდეგ, ვლადივოსტოკის საზღვაო ბაზაზე დაბრუნდნენ. აღნიშნული ექსპედიცია ინდოეთის საზღვაო ძალებთან ერთობლივ სწავლებას მოიცავდა.

ორი იაპონური გამანადგურებელი აფრინდა განგაშზე რუსული Mi-8 ტიპის შვეულმფრენისთვის გზის გადასაჭრელად, რომელმაც დაარღვია იაპონიის საჰაერო სივრცე კუნძულ ჰოკაიდოს შირეტოკოს ნახევარკუნძულის სიახლოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 სექტემბერს, ბალტიის ზღვის თავზე, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა გზა გადაუჭრა აშშ-სა და გერმანიის სამხედრო თვითმფრინავებს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსების ინფორმაციით, მათ დაიწყეს მოდერნიზებული Mi-28NM ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო მოიერიშე შვეულმფრენების სერიული წარმოება.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები გეგმავს გარკვეული საბრძოლო შვეულმფრენების „კამიკაძე“ უპილოტო საფრენი აპარატებით (უსა) აღჭურვას. აღნიშნული „კამიკაძე“ უსა-ების გამშვები სისტემა, თავდაპირველად დაპროექტდა Mi-28NM ტიპის ჯავშანსაწინააღმდეგო მოიერიშე შვეულმფრენისთვის.

მე-11 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ხაბაროვსკში) 25-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა კომსომოლსკში) 1529-ე ჰაერსააწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ხაბაროვსკი) გადაიარაღდა S-400 ტიპის მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემებით. პოლკი მანამდე შეიარაღებული იყო S-300PS ტიპის სისტემებით.

მე-14 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა ეკატერინბურგში) 76-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა სამარაში) 185-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ბერიოზოვსკი, სვერდლოვსკის ოლქი)  S-300PS-დან S-400 ტიპის მიწა-ჰაერი ტიპის სარაკეტო სისტემებზე გადაიარაღების პროცესშია.

S-400 ტიპის სისტემები

 

სწავლებები*

68-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა იუჟნო-სახალინსკში, სახალინის ოლქი) მე-18 მეტყვიამფრქვევე-საარტილერიო დივიზიის (შტაბ-ბინა გორაჩიე კლუჩიში, იტურუფის კუნძული, სახალინის ოლქი) 1500 სამხედრომ სწავლება ჩაატარა სადავო კურილიის კუნძულებზე. წვრთნის სცენარი საზღვაო დესანტის მოგერიებას ითვალისწინებდა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.