X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 60, 26 ოქტომბერი - 1 ნოემბერი, 2020

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში - 26 ოქტომბერს, რუსეთის საჰაერო ძალებმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა განახორციელა იდლიბის რეგიონში. საწვრთნელ ბანაკზე მიყენებულ საჰაერო იერიშს, გავრცელებული ცნობით, 50-დან 78-მდე თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მეამბოხე ემსხვერპლა და ათეულობით დაიჭრა.

ომი უკრაინაში - 26 ოქტომბერი - 1-ლი ნოემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მტკიცებით, რუსეთი სომხეთს ამარაგებს შეიარაღებით, მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის პარალელურად.

სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში, რუსეთმა დაიწყო სერბეთისთვის T-72MS ტიპის ტანკების მიწოდება. ჯამში დაგეგმილია 30 ტანკის გაგზავნა. დახმარების პროგრამა ასევე ითვალისწინებს 6 MiG-29 ტიპის გამანადგურებლისა და 30 BRDM-2MS ტიპის სადაზვერვო ჯავშანმანქანის მიწოდებას.

სერბეთისთვის მიწოდებული ერთ-ერთი რუსული ტანკი

ბელარუსმა და რუსეთმა დააანონსეს ფართომასშტაბიანი სწავლება „დასავლეთი-2021“, რომელიც მომავალ წელს, ბელარუსში გაიმართება.

26 ოქტომბერს, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე,  გზა გადაუჭრა ორ ფრანგულ სამხედრო თვითმფრინავს. ამავე დღეს, კიდევ ერთმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრა აშშ-სა და გერმანიის საფრენ აპარატებს.

წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანმა „სლავა“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერმა „ვარიაგ“  და „უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ადმირალ პანტელეიევ“  დატოვეს ვლადივოსტოკის ბაზა და გაემართნენ ხანგრძლივ ექსპედიციაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის სამხედრო ძალებმა სადავო კურილიის კუნძულებზე განთავსებული დანაყოფებისთვის T-72B3 ტიპის ტანკების მიწოდება დაიწყო.

2020 წელს, ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა კალინინგრადში) მექანიზებულ დანაყოფებს 30 T-72B3M ტიპის ტანკი გადაეცათ

 

სწავლებები*

მონღოლეთის სამხედრო დანაყოფები ჩავიდნენ რუსეთში ყოველწლიური ერთობლივი სწავლებისთვის „სელენგა-2020“. რუსეთის მხრიდან, სწავლებაში მონაწილეობა მიიღო 36-ე არმიის (შტაბ-ბინა ულან-უდეში, ბურიატეთი) 37-ე მექანიზებული ბრიგადის (კიახტა, ბურიატეთი) 650 სამხედრომ.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.