X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა, გამოცემა 31

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2021

 

რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში დასავლეთის პოზიციების გაძლიერებას თავისი ეროვნული ინტერესების საფრთხედ განიხილავს. ჩვენი მიმოხილვის მიზანია მკითხველს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის ორ კვირაში ერთხელ  და გამოადგება ყველას, გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები აინტერესებს.

 

  • უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებს.
  • რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება დაიწყეს.
  • უკრაინაში სახელმწიფო ინსტიტუტებზე ორგანიზებული კიბერშეტევის მცდელობა გამოავლინეს.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტს უმასპინძლა.
  • ტაჯიკეთი და რუსეთი ერთიან ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნიან.
  • აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 2021 წელს პირველი „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა რუსეთს.

 

დონბასის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას იღებენ

მთავარი მოვლენა: რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ ვოდოლაცკის განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღების მსურველთა რაოდენობა შესაძლოა ერთ მილიონამდე გაიზარდოს.

მოვლენა დეტალურად: 2019 წლის 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მინიჭების შესაძლებლობის შესახებ. პირველი პასპორტები 2019 წლის 14 ივლისს გაიცა. რუსეთის პასპორტების მიღება როსტოვის ოლქში შეიძლება, რომელიც უკრაინის სასაზღვრო რეგიონია.

2014 წლიდან აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, რუსეთის ოფიციალური პირები ღიად საუბრობენ სეპარატისტული რეგიონების ინტერესების დაცვის შესახებ. 8 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გავლენიანმა მოადგილე დიმიტრი კოზაკმა, რომელიც უკრაინის მიმართულებას კურირებს, ღიად განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება აიძულონ დაიცვას საკუთარი მოქალაქეები დონბასში და რუსეთი ამას გააკეთებს.

რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება კრემლის ნაცადი მეთოდია, რომელიც თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გამოიყენა. 2008 წლის ომამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებლების პასპორტიზაცია დაიწყო. დღეს ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა. საქართველოს წინააღმდეგ ომის ლეგიტიმაციისთვის რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თანამოქალაქეების დაცვის არგუმენტიც გამოიყენა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები ადამიანებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მოსკოვს, აუცილებლობის შემთხვევაში, აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ჩარევის ლეგიტიმაციის შესაძლებლობას მისცემს.

 

ოკუპირებულ ყირიმში მორიგი ჯაშუში გამოავლინეს

მთავარი მოვლენა: რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქე უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

მოვლენა დეტალურად: 2021 წლის 22 აპრილს ოკუპირებული ქ. სევასტოპოლის სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ღალატის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, დაკავებული პირი უკრაინის სამხედრო დაზვერვას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ყირიმში ათეულობით ადამიანი დააკავა სხვადასხვა ბრალდებებით. რუსული სპეცსამსახურების ძირითადი სამიზნე ისინი არიან, ვინც ნახევარკუნძულზე რუსეთის ყოფნის ლეგიტიმაციას ეჭვის ქვეშ აყენებს. გარდა ამისა, 2014 წლის შემდეგ მკვეთრად იმატა რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშების გამოვლენის შემთხვევებმა.

2020 წელს ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინისა და რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთი პირი დააკავეს:

  • 31 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საზღვაო ფლოტის მაღალი რანგის უკრაინელ ოფიცერსა და ოკუპირებულ ყირიმში განთავსებულ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს შორის არსებული საიდუმლო საკომუნიკაციო არხი გაშიფრეს.
  • 14 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი დააკავა.
  • 15 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოკუპირებულ ყირიმში უკრაინული დაზვერვის „საბოტაჟისა და ტერორისტული“ ჯგუფი გამოააშკარავა, მათ შორის,  რუსი სამხედრო ოფიცერი ქალი, რომელიც, მათი განცხადებით, „სახელმწიფო საიდუმლოებას“ უკრაინის სამხედრო დაზვერვას 2017-2018 წლებში აწვდიდა.
  • 6 მაისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული „თანამედროვე სარაკეტო სისტემების“ შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაშია ეჭვმიტანილი.
  • 22 ივნისს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სახელმწიფო ღალატსა და უკრაინის უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ბრალდებით კურსკის ოლქში შს სამინისტროს რაიონული განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი დმიტრი ბორზენკოვი დააკავა.
  • 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკრაინის მოქალაქესა და ყოფილ პროფესიონალ ფეხბურთელს ვასილ ვასილენკოს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იგი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს.

„დიპლომატიური ომი“

2021 წლის 16 აპრილს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა. უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინელი დიპლომატი მაშინ დააკავეს, როდესაც იგი „დახურული ხასიათის ინფორმაციის“ მიღებას ცდილობდა. უკრაინამ საპასუხოდ ქ. ოდესაში რუსეთის კონსული „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და ქვეყნის დატოვების ბოლო ვადად 30 აპრილი განუსაზღვრა.

No description available.

უკრაინელი კონსულის დაკავება. წყარო: რუსეთის ტელევიზია Россия 24“

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: 2014 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერა ღიად დაიწყო, რუსეთსა და უკრაინას შორის „ჯაშუშური ომიც“ გააქტიურდა. ორივე მხრიდან გახშირდა „ჯაშუშების“ გამოვლენის ფაქტები, რაც მოსკოვსა და კიევს შორის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

 

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედრო ბაზებზე დაბრუნება დაიწყეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 აპრილს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნების ბრძანება გასცა. შოიგუს განცხადებით, სამხრეთ სამხედრო ოლქში დაუგეგმავი ინსპექციის მიზნები „სრულად იქნა მიღწეული“  და სამხედრო ძალები საკუთარ ბაზებს 1 მაისს დაუბრუნდებიან.

მოვლენა დეტალურად: ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მარტის ბოლოს ყირიმის ნახევარკუნძულსა და უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადაადგილება დაფიქსირდა. ყირიმსა და უკრაინის საზღვართან მობილიზებული იყო 80-ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება, რისი საკმარისი მტკიცებულებებიც გავრცელდა ფოტოების, ვიდეოებისა და სხვა მონაცემების სახით. რუსული სამხედრო ძალების უპრეცედენტო მობილიზების ხარისხმა გააჩინა ეჭვი, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის ემზადებოდა.  

რუსეთის სამხედრო ძალების მანევრებმა დაძაბულობის ესკალაციას შეუწყო ხელი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა რუსლან ხომჩაკმა მოსკოვი სამხედრო ძალებით ზეწოლასა და ვითარების დაძაბვის მიზნით შანტაჟში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8-9 აპრილს ფრონტის ხაზზე უკრაინელ ჯარისკაცებსაც შეხვდა. დაძაბულობის ფონზე, ზელენსკიმ 20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტუაციის დამშვიდების მიზნით აღმოსავლეთ უკრაინაში ნებისმიერ ადგილას სალაპარაკოდაც მიიწვია.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის მასშტაბები უპრეცედენტო იყო, რაც შეიძლება მიზნად ისახავდა აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მიერ უკრაინის დახმარების შესაძლებლობების შემოწმებას მოსკოვის მხრიდან და უკრაინაზე ზეწოლის გაძლიერებას. ამ შემთხვევაში მოსკოვის მთავარი გზავნილი იყო, რომ ის უკან არ დაიხევს და უკრაინის ნატოსთან დაახლოების და ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში, დონბასში საკუთარ მოქალაქეებს იარაღით დაიცავს, რაც, დიდი ალბათობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო შეჭრას და ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო კავშირის უზრუნველყოფას ნიშნავს.

 

უკრაინაში მოსკოვიდან ორგანიზებული კიბერშეტევა შეაჩერეს

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 27 აპრილს უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინის მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევას გეგმავდა.

მოვლენა დეტალურად: უშიშროების სამსახურის ცნობით, უკრაინის მოქალაქე ქ. ზაპოროჟიედან არის და იგი რუსული სპეცსამსახურების დავალებით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე გეგმავდა კიბერშეტევას, რაც ჰაკერის მიერ უკრაინელი საჯარო მოხელეებისთვის ვირუსული ფაილის გაგზავნას ითვალისწინებდა.

რუსეთიდან ორგანიზებული ბოლო კიბერშეტევის მცდელობის შესახებ 16 მარტს განაცხადეს, როდესაც უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტებში დაცული საიდუმლო ინფორმაცია გახდა.

უკრაინა რუსეთს ხშირად ადანაშაულებს ჰაკერულ თავდასხმებში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ფარგლებში ახორციელებს. უკრაინა რუსეთის კიბერთავდასხმების სამიზნე ადრეც გამხდარა. 2015 წელს ქვეყნის ენერგოსისტემაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 230 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 2016 წელს კომპიუტერულმა ვირუსმა კიევში ელექტროენერგიის მომარაგება შეაფერხა. 2017 წელს სამიზნე სახელმწიფო, საფინანსო და ენერგეტიკული ორგანიზაციები გახდნენ. 2020 წლის თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ხუთ ქალაქში რუსეთის ონლაინსერვისების მხარდაჭერილი „ბოტების ფერმის“ ქსელის მოქმედება გამოავლინა. 2021 წლის თებერვალში კი უკრაინამ რუსული ინტერნეტქსელები უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის კუთვნილ ვებგვერდებზე თავდასხმასა და დოკუმენტების ქსელში გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო წლებში კიბერთავდასხმები რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და კრემლის ჰიბრიდული ომის ტაქტიკის ნაწილი გახდა. 2014 წლის ყირიმის  მოვლენების შემდეგ კრემლი კიბერთავდასხმებით უკრაინის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ბოლო წლებში განხორციელებული რუსული კიბერთავდასხმები ადასტურებს, რომ უკრაინა მოწყვლადია მსგავსი კიბერთავდასხმების მიმართ, რამაც შესაძლოა ქვეყნის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაც გამოიყვანოს მწყობრიდან.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ბელარუსის პრეზიდენტს უმასპინძლა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 22 აპრილს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა.

მოვლენა დეტალურად: ოთხსაათიანი შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტებს რაიმე მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის გაერთიანებაში არსებული პროგრესი შეაქეს. ბოლოს ლუკაშენკო პუტინს 2021 წლის 22 თებერვალს სოჭში შეხვდა. მათი შემდეგი შეხვედრა ზაფხულში დაიგეგმა.

No description available.

პრეზიდენტების შეხვედრა. წყარო: РИА Новости

მოსკოვში შეხვედრას წინ უძღოდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფის გამოვლენა, რომელიც ოფიციალური მინსკის შეფასებით, ლუკაშენკოს მკვლელობასაც ისახავდა მიზნად. შეთქმულთა ნაწილი მოსკოვშიც დააკავეს.

რუსეთ-ბელარუსის ხელახალი დაახლოების პროცესი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუ არჩევნებამდე მხარეებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობა შეინიშნებოდა, აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ლუკაშენკოს წინააღმდეგ უპრეცედენტო გამოსვლებისა და დასავლური ზეწოლის გაძლიერების ფონზე, ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა მოსკოვთან შერიგება გახდა. ამიტომაც, ლუკაშენკო ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტს საუბრობს ინტეგრაციაზე. ლუკაშენკოს ბოლო განცხადების მიხედვით, ინტეგრაციის საგზაო რუკის მოთხოვნიდან 26-27 შესრულებულია, მხოლოდ 2-3 ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნა დარჩა გადასაწყვეტი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შიდა საპროტესტო მუხტი შესუსტებულია, მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე ლუკაშენკოსთვის ძალაუფლების შენარჩუნება გამოწვევად რჩება. პუტინთან მორიგი შეხვედრის მიზანიც პოლიტიკური და ეკონომიკური გარანტიების მოპოვებაა, რამაც ლუკაშენკოს ხელისუფლებაში ყოფნა უნდა გაახანგრძლივოს.  

 

ტაჯიკეთი რუსეთთან ერთად ერთიან ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის

მთავარი მოვლენა: ტაჯიკეთში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ვიზიტის დროს ერთობლივი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნაზე შეთანხმდნენ.

მოვლენა დეტალურად: მსგავსი გადაწყვეტილება ტაჯიკეთის საჰაერო სივრცეში სახელმწიფო საზღვრის დაცვის საიმედოობის გაზრდით არის განპირობებული.

დსთ-ის ქვეყნების ანტისაჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემა 1995 წლის 10 თებერვალს შეიქმნა. ამ ეტაპზე სისტემაში რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი მონაწილეობენ. სისტემის მთავარი მიზანია საჰაერო სივრცეში დსთ-ის ქვეყნების საზღვრების დაცვა, მის გამოყენებაზე ერთობლივი კონტროლი და ინფორმაციის გაცვლა საჰაერო-კოსმოსურ ვითარებაზე.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ტაჯიკეთი ავღანეთის მეზობელია, რომელსაც უახლოეს პერიოდში აშშ-ის ჯარები დატოვებენ. ამ ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში რეგიონში ვითარების გაუარესებას ელოდებიან, რაც რუსეთის მოკავშირე ცენტრალური აზიის ქვეყნებზეც მოახდენს გავლენას. შესაძლო დესტაბილიზაციის პრევენციის მიზნით კი, რუსეთი მოკავშირეებთან სამხედრო თანამშრომლობის გამყარებას ცდილობს.

 

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ ვიზიტი რუსეთში

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 20 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთს ეწვია.

მოვლენა დეტალურად: 2021 წელს ეს ბჟანიას პირველი „ოფიციალური“ ვიზიტი იყო რუსეთში. 2020 წელს ბჟანია რუსეთში შვიდი „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსს, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს, რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს უფროს ალექსანდრ კოლპაკოვს და მის პირველ მოადგილეს პაველ ფრადკოვს.

ბჟანიასთვის მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა, რომელიც მისი „მთავრობისთვის“ პრიორიტეტულია. სოხუმთან მდებარე ბაბუშერის აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის საქმეში მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებას ბჟანია ბოლო ერთი წელია აქტიურად ცდილობს.

ბჟანია ასევე შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კურატორია. კოზაკთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან კოზაკი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ყველაზე გავლენიანი საჯარო მოხელეა. ოფიციალური მონაცემებით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო  პროგრამის განხორციელების საკითხი იყო, რომელიც პანდემიის პირობებში აფხაზეთის ეკონომიკური გამოცოცხლებისთვის მნიშვნელოვანია. კოზაკთან შეხვედრის მიზანი ასევე იყო ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებული პროგრესის განხილვა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ბოლო პერიოდში მოსკოვის მხრიდან სულ უფრო ძლიერდება ბჟანიაზე ზეწოლა, რომ „პრობლემური“ საკითხები (რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მინიჭება, რუსების მიერ უძრავი ქონების შეძენა, ენერგეტიკული ობიექტების რუსულ კომპანიებზე გასხვისება და სხვ.) დროულად მოგვარდეს. ბჟანიას ვიზიტიც ამ „პრობლემური“ საკითხების გადაწყვეტაში პროგრესის შეფასებას ისახავდა მიზნად, რაზეც არის დამოკიდებული მოსკოვის მიერ ბჟანიას „მთავრობის“ ფინანსური თუ პოლიტიკური დახმარება.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.