X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 87, 21 – 27 ივნისი, 2021

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 21-27 ივნისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 1 ხოლო დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში - რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მტკიცებით, იდლიბის რეგიონში მყოფი სირიელი მეამბოხეები გეგმავენ ქიმიური თავდასხმის მოწყობას, ასადის რეჟიმზე დასაბრალებლად. ბოლო პერიოდში რუსები აღნიშნულ ინფორმაციას თითქმის ყოველკვირეულად ავრცელებდნენ. ბოლო ამგვარი განცხადება 23 ივნისს გაკეთდა, სირიაში რუსეთის არმიის მაღალი რანგის ოფიცრის, ადმირალ ვადიმ კულიტის მიერ. წინათ, ასადის რეჟიმის ძალებმა არაერთხელ გამოიყენეს ქიმიური იარაღი მეამბოხეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

რუსეთის გენერალური შტაბის მაღალი რანგის ოფიცერმა, გენერალ-მაიორმა იაროსლავ მოსკალიკმა, განაცხადა, რომ აშშ ცდილობს „ქურთული კვაზი-სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებას ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში.

23 ივნისს, ბრიტანეთის დეირინგის“  კლასის (ტიპი 45) სარაკეტო საესკადრო ნაღმოსანმა „დეფენდერმა“ უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გაიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს. რუსების განცხადებით, მათ ამის საპასუხოდ განახორციელეს გამაფრთხილებელი გასროლები და, მათი მტკიცებით, რუსულმა Su-24M ტიპის მოიერიშემ ჩამოყარა ბომბები რათა ბრიტანული ნაღმოსანი ეიძულებინა, შეეცვალა კურსი. „დეფენდერმა“ ყირიმთან საკუთარი მარშრუტი ბოლომდე გაიარა, ამავდროულად ბრიტანულმა მხარემ უარყო ნაღმოსნის მარშრუტზე ბომბების ჩამოყრის ფაქტი და აღნიშნა, რომ გამაფრთხილებელი გასროლა გემის მიმართულებით არ ყოფილა.

დეფენდერის“ მარშრუტი ყირიმთან, 23 ივნისი, 2021

25 ივნისს, იაპონიის გამანადგურებელმა, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოსა და რუსეთის სახალინის კუნძულს შორის გადაიჭირა რუსული Su-25SM ტიპის მოიერიშე/ახლო მხარდაჭერის თვითმფრინავი.

23 ივნისს, რუსულმა Su-30SM ტიპის გამანადგურებელმა ოხოტის ზღვის თავზე გზა გადაუჭრა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავს.

წყნარი ოკეანის ფლოტის უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ტრიბუცი“, რომელიც ხანგრძლივი ექსპედიციის ფარგლებში მაისსა და ივნისის დასაწყისში მალაკის სრუტეში მოქმედებდა, 21 ივნისს ექსპედიციიდან ვლადივოსტოკში დაბრუნდა.
 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

მე-4 სამხედრო ბაზას (მექანიზებული ბრიგადა ცხინვალსა და ჯავაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, საქართველო) გადაეცა Tachyon ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები (უსა).

Tachyon ტიპის უსა

 

კოსმოსი

პლესეცკის კოსმოდრომიდან 25 ივნისს გაშვებულმა Soyuz-2.1b ტიპის რაკეტამ ორბიტაზე გაიტანა სამხედრო თანამგზავრი Cosmos-2550.

 

სწავლებები*

რუსეთის საზღვაო და საავიაციო ძალებმა სწავლება გამართეს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში. სწავლებაში ჩართულ იქნა შავი ზღვის ფლოტის 5 წყალზედა მცურავი საშუალება, მათ შორის სლავას“  კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ადმირალ გრიგოროვიჩის“  კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატები „ადმირალ ესენი“ და „ადმირალ მაკაროვი“, და 2 წყალქვეშა ნავი - გაუმჯობესებული კილოს“ კლასის (პროექტი 636.3) „როსტოვ-ნა-დონუ“ და „სტარი ოსკოლი“. ავიაციის მხრიდან წვრთნაში მონაწილეობდა მინიმუმ  3 ერთეული Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი, 2 MiG-31K ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, Tu-142MK და Il-38 ტიპის საზღვაო-სადაზვერვო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავები, Su-35 ტიპის გამანადგურებლებთან ერთად.

Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები ხმეიმიმის ბაზაზე სირიაში, ივნისი, 2021

68-საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა იუჟნო-სახალინსკში, სახალინის ოლქი) 10 000-ზე მეტმა სამხედრომ, წყნარი ოკეანის ფლოტთან ერთად, გამართა სწავლება, რომელმაც მოიცვა სახალინის კუნძული, იტურუპის და კუნაშირის კუნძულები (სადავო კურილიის კუნძულებიდან) და იაპონიის ზღვა. წვრთნაში მონაწილეობა მიიღო 32-მა თვითმფრინავმა და 12-მა მცურავმა საშუალებამ.

კალინინგრადის ოლქში, ახლად შექმნილმა მე-18 მექანიზებულმა დივიზიამ (შტაბ-ბინა კალინინგრადში) პირველი ფართომასშტაბიანი სწავლება ჩაატარა, რომელშიც 2000-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის საჰაერო ძალებმა, სევასტოპოლის სამხედრო ბაზის 102-ე სპეციალური დანიშნულების დანაყოფთან ერთად, სწავლება გამართა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო) უსა-საწინააღმდეგო წვრთნა ჩაატარეს.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.