X

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა: გამოცემა 121, 14 – 20 თებერვალი, 2022

ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში - 17 თებერვალს, წინანდელ პერიოდთან შედარებით რადიკალურად შეიცვალა სამხედრო ვითარება დონბასში. რუსული ჰიბრიდული ძალები საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდნენ უკრაინულ ძალებზე მთელი ფრონტის გასწვრივ. გახშირებული საარტილერიო თავდასხმები შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. 18 თებერვალს, მოსკოვის მარიონეტულმა რეჟიმმა დონეცკში სამოქალაქო პირების რუსეთის მიმართულებით მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. 19 თებერვალს, რუსეთის ორივე მარიონეტულმა რეჟიმმა დონეცკსა და ლუგანსკში, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.

14-20 თებერვლის კვირაში, უკრაინის სიახლოვეს განლაგებულმა რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა, არაერთი წყაროს ცნობით, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში გადაინაცვლეს. 20 თებერვლის აშშ-ს დაზვერვის შეფასებით, რუსეთს იმ მომენტისთვის უკრაინის საწინააღმდეგო პოზიციებზე ჰყავდა საკუთარი საბრძოლო დანაყოფების 75%, ჯამში 120 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. გავრცელებული ცნობით, დონბასის რეგიონში არსებულ ჰიბრიდულ ძალებთან ერთად, უკრაინის გარშემო მყოფმა რუსი სამხედროების რიცხვმა 190 000-ს მიაღწია.

20 თებერვალს, რუსეთმა და ბელარუსმა გეგმიურად დასრულების მაგივრად, ბელარუსში მიმდინარე ერთობლივი სწავლება გაახანგრძლივეს, რაც გულისხმობს ათიათასობით რუსი სამხედრო მოსამსახურისა და მათი სამხედრო ტექნიკის ბელარუსში დარჩენას.

ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის გარშემო, რუსეთსა და ბელარუსში განლაგებული რუსული ძალების ლოკაციები

14-20 თებერვლის კვირაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მოქმედებდა რუსეთის საზღვაო ძალების სამი ფლოტის მცურავი საშუალებებისგან დაკომპლექტებული რუსული გემების დაჯგუფება. დაჯგუფება მოიცავდა ჩრდილოეთის ფლოტის სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერს „მარშალ უსტინოვს“, უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანს „ვიცე-ადმირალ კულაკოვს“, ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატს „ადმირალ კასატონოვსდა ლადას“ კლასის (პროექტი 677) დიზელის წყალქვეშა ნავს „სანკტ პეტერბურგს; წყნარი ოკეანის ფლოტის სლავას“ კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერს „ვარიაგს“ და უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანს „ადმირალ ტრიბუცს“; შავი ზღვის ფლოტის ადმირალ გრიგოროვიჩის“ კლასის (პროექტი 11356P/M) სარაკეტო ფრეგატს „ადმირალ გრიგოროვიჩს“.

რუსული წყაროების ცნობით, 15 თებერვალს, რუსეთის საჰაერო ძალებმა, სირიაში, ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე გადაისროლა Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენები და MiG-31K ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები (შეიარაღებული Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით).

აშშ-ს გამანადგურებლებმა და კოალიციის სხვა საფრენმა აპარატებმა, აღმოსავლეთ სირიაში ამერიკელების მიერ კონტროლირებადი ზონის თავზე, გააცილეს 2 რუსული Tu-22M3 ტიპის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი და ერთი სატვირთო თვითმფრინავი.

16 თებერვალს, აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცნობით, 12 და 13 თებერვალს, ხმელთაშუა ზღვის თავზე, რუსული სამხედრო თვითმფრინავი ახლო დისტანციაზე მიუახლოვდა აშშ-ს საზღვაო ძალების სამ საფრენ აპარატს.

19 თებერვალს, რუსეთმა ჩაატარა სტრატეგიული ბირთვული ძალების სწავლება. სწავლება წარიმართა ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, რომელმაც სწავლებაზე დაპატიჟა ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო.

პუტინი და ლუკაშენკო 19 თებერვალს, ბირთვული ძალების სწავლებისას

ბალტიის ფლოტის სტერეგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „სოობრაზიტელნი“ და სტოიკი“, რომლებიც 24 იანვრიდან ჩრდილოეთის ზღვასა და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით ექსპედიციაში იმყოფებოდნენ,  16 თებერვალს დაუბრუნდნენ საკუთარ ბაზას ბალტიისკში.

რუსეთი სუბსაჰარულ აფრიკაში - აშშ-ს ოფიციალური პირების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, რუსეთს აფრიკის კონტინენტზე ჰყავდა 3000-დან 5000-მდე დაჯგუფება „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი, მათ შორის 800-დან 1000-მდე მალიში.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული წყაროების ცნობით, 2021 წლის 1-ლ დეკემბერს, 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-6 სატანკო ბრიგადის ბაზაზე მულინოში (ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი), ჩამოყალიბდა 47-სატანკო დივიზია. ახალი დივიზიის ერთ-ერთი დანაყოფი, 26-სატანკო პოლკი, ასევე განლაგებულია მულინოში.

რუსული მედიის ცნობით, საავიაციო პოლკი ჩამოყალიბდა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში, სავასლეიკას საჰაერო ბაზაზე. გავრცელებული ინფორმაციით, პოლკში შედიან MiG-31K ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც შეიარაღებული არიან Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებით. ხსენებული პოლკის ჩამოყალიბებამდე, სავასლეიკაში განლაგებული იყო MiG-31BSM და MiG-31BM ტიპის გზაგადამჭრელთა ესკადრილია. ახალი პოლკი დაექვემდებარა შორი მოქმედების ავიაციის სარდლობას.

 

სწავლებები*

ჩრდილოეთის ფლოტმა სწავლება დაიწყო ბარენცის ზღვაში. მონაწილე მცურავ საშუალებებს შორისაა: კიროვის“ კლასის (პროექტი 1144 „ორლანი“) მძიმე სარაკეტო კრეისერი „პიოტრ ველიკი“, უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანისევერომორსკი“ და ადმირალ გორშკოვის“ კლასის (პროექტი 22350) ფრეგატი „ადმირალ გორშკოვი“.

გავრცელებული ცნობით, მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველო) 1 500-მა სამხედრომ ოკუპირებულ რეგიონში წვრთნა ჩაატარა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.