X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე

  • Author: Zurab Batiashvili, Research Fellow at Rondeli Foundation
  • Publisher: Georgian Foundation for Strategic and International Studies
  • Type: Publication
Georgian International relations 2021

ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გასვლის შემდეგ ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დადგა.

რიგითი ავღანელები ყოველთვის გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. ამ ქვეყანაში GDP (მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) 493 აშშ დოლარია (შედარებისთვის, საქართველოში ეს მაჩვენებელი 4 285 აშშ დოლარია). ამიტომ ისინი დიდწილად უცხოურ დახმარებაზე იყვნენ დამოკიდებული.

მაგრამ „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეწყდა უცხოური დახმარებები, რაც ქვეყნის GDP-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 40%-ს შეადგენდა.

დახმარების მომლოდინე ავღანელები

გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაციო საბჭოს (OCHA) მიერ 2021 წლის 7 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენების მიხედვით, ავღანეთში იწურება სურსათი და მედიკამენტები, რის გამოც ქვეყანაში „ჰუმანიტარული კატასტროფა ახლოვდება“.

საბჭოს ამ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე 40-მილიონიანი ავღანეთის მოსახლეობის ნახევარი დგას, რომელსაც ძალიან მალე შეიძლება მეორე ნახევარიც შეუერთდეს.

განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს, რომელთა ნახევარი „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლამდეც ამა თუ იმ ფორმით შიმშილობდა.

გაეროს მონაცემებით, კატასტროფის თავიდან ასაცილებლად უახლოეს თვეებში 606 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების მობილიზება და ავღანეთში გაგზავნაა საჭირო. მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემატურია „თალიბანის“ ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხი.

გასაგები მიზეზების გამო არავინ ჩქარობს „თალიბანის“ მთავრობის აღიარებას და მასთან თანამშრომლობას. ამიტომ ბევრი დახმარებისთვის ალტერნატიული გზების მოძებნას ცდილობს. ამ მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები სახელდება. აღსანიშნავია, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. დარჩენილებს კი რამდენად მისცემს „თალიბანი“ მუშაობის საშუალებას, არავინ იცის.

ავღანელი არალეგალი ლტოლვილების მოძრაობის ძირითადი მარშრუტი

თუ ეს პრობლემა დროულად ვერ მოგვარდა, მაშინ ჩნდება სერიოზული საფრთხე იმისა, რომ შესაძლოა კიდევ უფრო მეტმა ავღანელმა დატოვოს ქვეყანა და იმ 4 მილიონი ავღანელის ბედი გაიზიაროს, რომლებიც თავის დროზე დასავლეთის მიმართულებით დაიძრნენ და ირანს (დაახლოებით 3 მილიონი), თურქეთსა (დაახლოებით 0,5 მილიონი) და ევროპას (დაახლოებით 0,5 მილიონი) შეაფარეს თავი.

 თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად აღარავის სურს არალეგალ ლტოლვილთა ახალი ნაკადების ხილვა საკუთარ ქვეყანაში.

ამიტომ ამ ქვეყნების მთავრობებს ამა თუ იმ ფორმით მოუწევთ კომპრომისების ძიება „თალიბანის“ ახალ ხელისუფლებასთან.  

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.