X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

რა პრობლემები ექმნებათ ბოლო პერიოდში თურქეთში საცხოვრებლად გადასულ რუსეთის მოქალაქეებს?

  • Author: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2023

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 58

 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და, განსაკუთრებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის ასეულ ათასობით მოქალაქე უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად. 

მათი ერთი ნაწილი თურქეთში დასახლდა. თუმცა, ბოლო პერიოდში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. რა პრობლემებია ეს და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

რუსეთის მოქალაქეებს თურქეთში უვიზოდ შეუძლიათ ჩასვლა და ისინი ბოლო პერიოდამდე იქ ადვილად იღებდნენ ცხოვრების ნებართვასაც. არსებობდა პირდაპირი ფრენები, რაც აიოლებდა მიმოსვლას და თურქული ლირის დევალვაციაც მიმზიდველს ხდიდა ამ ქვეყანას რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ამ გარემოებების გამო 2022 წელს ბევრი რუსი გადასახლდა თურქეთში. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ 2022 წლის განმავლობაში რუსეთის 154 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო თურქეთში ცხოვრების უფლება.

ამასთან, თვალშისაცემი იყო მათი რაოდენობის მომატება მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. ბევრმა მათგანმა საცხოვრებლად ანტალია აირჩია, რომელიც პოპულარულია რუსეთის მოქალაქეებში. საბოლოო ჯამში, რუსებმა 2022 წელს 16 000 უძრავი ქონება შეიძინეს თურქეთში. ამასთან, გაიზარდა არა მხოლოდ უძრავი ქონების ფასი, არამედ მოიმატა ქირის ღირებულებამაც.

ამ ყველაფერს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა თურქეთის მოქალაქეებში, რომლებიც ჩივიან, რომ რუსები უფრო შეძლებულები არიან, შესაბამისად, უკეთეს უბნებში სახლდებიან და ადგილობრივებსაც ზევიდან უყურებენ. ასეთი განწყობები კი შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა ხელისუფლებისთვის, მით უმეტეს, თურქეთში მოახლოებული მეტად მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ფონზე.

ამრიგად, როდესაც რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა, დაიწყო პრობლემებიც. Al-Monitor-ის მონაცემებით, ამ მომენტისთვის რუსების მხოლოდ 30%-ზე გასცემენ ცხოვრების ნებართვას. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ცხოვრების უფლების გასაცემად, ძველად საჭირო დოკუმენტების (ერთწლიანი სამედიცინო დაზღვევა, ბინის ქირავნობის ხელშეკრულება, მეპატრონის თანხმობა და ა.შ.) გარდა, ასევე ითხოვენ სოლიდური შემოსავლის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებსაც.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ეძლევათ 10-დღიანი ვადა ქვეყნის დასატოვებლად. აღნიშნულ ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. მაგრამ თურქეთში მცხოვრებ რუსებში გავრცელდა სხვადასხვა ჭორი და ვარაუდები. მათი ნაწილი ეჭვობს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის არსებობს გარკვეული გარიგება, რათა რუსეთიდან გასული მოქალაქეები იძულებულები გახდნენ დაბრუნდნენ სამშობლოში.

ასეთი სირთულეების ფონზე, თურქეთში მცხოვრები რუსების ნაწილი სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად გადასვლას ფიქრობს და შესაბამის გეგმებსაც აწყობს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც უვიზოდ შეუძლიათ შესვლა და ფიქრობენ, რომ იქ ადვილად იცხოვრებენ. ასეთი ქვეყნები კი, მათი შეფასებით, არის საქართველო, სომხეთი, სერბეთი და მონტენეგრო.

  

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.