X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

საქართველოს მიმართ რუსეთის განცხადებების მიმოხილვა (გამოცემა 2)

  • Author: მედეა ივანიაძე
  • Publisher:
  • Type: Publication
Georgian International relations 2023

2023 წლის მარტიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს მიმართ სხვადასხვა საკითხზე ოკუპანტი რუსეთის განცხადებებს აკვირდება. საქართველოს შესახებ რუსეთის განცხადებების მიმოხილვის გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

*მიმოხილვის მეორე პუბლიკაცია მეტწილად 2023 წლის 28 მარტიდან 19 აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

რუსული დეზინფორმაცია დასავლეთზე, „მეორე ფრონტზე“ და სხვ.

რუსეთის ოფიციალური პირები კვლავ აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ თითქოს, დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა და „მეორე ფრონტის“ გახსნა სურდეს.

4 აპრილს რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა გაიმეორა ეს ტყუილი.

„ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონისა და დასავლეთის სხვა დედაქალაქების მხრიდან ვხედავთ დაჟინებულ მცდელობებს, საქართველოს ხელისუფლება ე.წ. ‘მეორე ფრონტის’ გახსნაში დაარწმუნონ. საქართველოს ხელისუფლებას დაჟინებით არწმუნებენ, რომ ახლა სწორედ ის ხელსაყრელი მომენტია, როდესაც შესაძლებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება“, – თქვა ნარიშკინმა.

ნარიშკინი ამბობს, რომ დასავლეთის დედაქალაქების განზრახვაა უკრაინის დახმარება და ირწმუნება, რომ „ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამიტომ ასეთი გზებით საქართველოს აიძულებენ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს“.

ე.წ. მეორე ფრონტის პროპაგანდისტულ ნარატივს ხშირად იყენებენ რუსეთის ოფიციალური პირები. მსგავს ნარატივს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმეორებენ. აშშ-სა და ევროკავშირში კატეგორიულად უარყოფენ,  თითქოს დასავლეთს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურდეს და ამ ნარატივს „რუსულ დეზინფორმაციასა“ და აბსურდს   უწოდებენ.

5 აპრილს რუსეთის მხარემ ე.წ. „მეორე ფრონტზე“ იგივე პროპაგანდა გაიმეორა – ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ. რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი უძღვებოდა.

„ცალკე გაესვა ხაზი კოლექტიური დასავლეთის მცდელობების მიუღებლობას დაპირისპირების ლოგიკის უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადატანის შესახებ, რაც გამოიხატება თბილისისადმი პროვოკაციულ მოწოდებებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის წინააღმდეგ ‘მეორე ფრონტის’ გახსნაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსულ სამთავრობო მედიაში ТАСС ვკითხულობთ: „ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს ოპერატიულ რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, არსებული ვითარების განხილვისას დაფიქსირდა ოკუპირებული რეგიონების მარიონეტი წარმომადგენლებისა და თბილისის განწყობა, რომ კვლავაც შეეკავებინათ თავი – „შედეგად, სიტუაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება“.

აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ ე.წ. მეორე ფრონტზე კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს 100%-ით სიცრუე იყო.

ელჩმა შეშფოთება გამოხატა, რომ მსგავს ნარატივს საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც იმეორებდნენ: „ძალიან შემაშფოთებელია და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს ტყუილი, კონსპირაციული თეორია ძალიან ხშირად ჟღერდება და ზოგჯერ ამას იმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100%-ით სიცრუე“.

14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ შეაქო და ე.წ. მეორე ფრონტზე პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება განაგრძო:

„იყო მცდელობები, რომ საქართველოს ხელისუფლება ‘მეორე ფრონტის’ გახსნაში ჩაეთრიათ. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ავლენს პასუხისმგებლობიან მიდგომას, უპირველეს ყოვლისა, მათი ხალხის ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით. ისინი უარს ამბობენ მსგავს მიდგომებზე“.

ლავროვი ასევე ირწმუნებოდა, რომ კიდევ ერთი ე.წ. ფრონტის გახსნას მოლდოვაშიც აპირებდნენ. მან უკმაყოფილება გამოთქვა დასავლეთმა მოლდოვაში პრორუსული აქციები უარყოფითად რომ შეაფასა. სამაგიეროდ, ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონის გამო საქართველოში მარტში გამართულ აქციებზე ილაპარაკა და კიდევ ერთხელ გაავრცელა ტყუილი ამ კანონის შესახებ და დასავლეთი დაადანაშაულა, თითქოს საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობდა: „პარალელურად, საქართველოში იყო პროტესტი მკაფიო და გასაგებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, თუ უცხოეთიდან იღებთ ფულს და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ გვითხრათ, საიდან მოდის ეს ფული. საქართველოს შემთხვევაში ამ საპროტესტო აქციებს აქტიურად უჭერდნენ მხარს და მომიტინგეებს ყოველმხრივ ასტიმულირებდნენ, რომ მორიგი ‘ფერადი რევოლუცია’ მოეწყოთ“.

ლავროვი ცრუობს, როდესაც საქართველოში რუსული კანონის მიღების მიზანს უკავშირებს იმას, თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის ორგანიზაცია – საქართველოში დასავლეთიდან დაფინანსებული ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსების შესახებ ინფორმაცია ისედაც გამჭვირვალეა.

რუსეთის განცხადებები საქართველოს მთავრობის შესახებ და საქართველოსთან ურთიერთობების ე.წ. ნორმალიზებაზე

ლავროვისგან საქართველოს ხელისუფლების ქების პარალელურად, მისი მოადგილე მიხეილ გალუზინი ქართული მხარის პოლიტიკას პრაგმატულად აფასებს: „მარტის პროტესტში ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის მისწრაფებას, რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია შეარყიოს, ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ უკრაინას უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი და რუსეთთან კავშირი გაწყვიტოს“.

ის კვლავ ირწმუნება, თითქოს საქართველოზე „გარედან“ იყო მზარდი ზეწოლა და რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის „კავშირი ვითარდებოდა, პირველ რიგში, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში“.

მიხეილ გალუზინმა რუსეთ-საქართველოს „წარმატებულ თანამშრომლობაზეც“ ისაუბრა და ამის მაგალითად მოიყვანა „ორ სახელმწიფოს შორის ერთადერთი მოქმედი ავტომაგისტრალის უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად ერთობლივი მუშაობა“. მან თქვა, რომ ქართული მხრიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია მიმდინარეობდა, მათ შორის, ჯვრის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობა, რუსული მხრიდან კი ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ფართოვდებოდა. მან აღნიშნა: „საზღვრის ორივე მხარეს მოქმედებები კოორდინირებულია, რათა არ დავუშვათ ამ სატრანსპორტო არტერიის გამშვები შესაძლებლობის შემცირება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე ირწმუნება, თითქოს საქართველოსა და რუსეთს „საერთო ისტორია და კულტურა“ ჰქონდეთ და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ელის: „საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის შემდგომი ნორმალიზაცია, გაერთიანებული საერთო ისტორიითა და კულტურით, მილიონობით ადამიანის ბედის გადაკვეთით, სრულად პასუხობს ჩვენი ორი ქვეყნის ხალხთა ინტერესებს“.

მან ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებასა და მეწარმეებს შორის ინტერაქცია ვითარდებოდა და მაგალითად მოიხმო თებერვალში რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში „რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს“ რუსული ნაწილის დამფუძნებელი შეხვედრა და მარტში სახელმწიფო დუმაში დსთ-ის საკითხების, ევრაზიული ინტეგრაციისა და „თანამემამულეებთან“ ურთიერთობის კომიტეტის ბაზაზე გამართული „ეკონომიკური ფორუმი“, რომელსაც, მისი თქმით, რუსული და ქართული ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ რუსეთის ქება დაიმსახურა. რაც შეეხება „გარე ზეწოლას“, აქ რუსეთი დასავლეთს გულისხმობს, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხის მისწრაფება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, ხოლო განუწყვეტლივ ზეწოლასა და აგრესიას ოკუპანტი რუსეთისგან განიცდის. რუსეთის მიერ „საერთო ისტორიისა და კულტურის“ ხსენებისას კი აღსანიშნავია, რომ რუსეთის ურთიერთობის ისტორია საქართველოსთან დაპყრობილთან დამპყრობლის ურთიერთობის ისტორიაა, რა დროსაც რუსეთი მუდმივად ცდილობდა ქვეყნის იძულებით ასიმილაციას. ქართული მხარისთვის ასევე სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ოკუპანტ რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. ნორმალიზება, რისი არანაირი პირობა არ არსებობს.

საქართველო რუსეთის 2022 წლის საგარეო პოლიტიკის და დიპლომატიური საქმიანობის შეჯამების პუბლიკაციაში

29 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკა და დიპლომატიური საქმიანობა 2022 წელს“. პუბლიკაციის მრავალმხრივი დიპლომატიის თავში, კონფლიქტებისა და კრიზისების მოგვარებაში მონაწილეობის ნაწილში, საქართველოც ახსენეს. დოკუმენტში წერია, რომ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ უფრო აქტიური ჩართვისთვის ნაბიჯები გადაიდგა. რუსულ განცხადებაში ე.წ. „3+3 ფორმატის“ შესახებ საქართველო ასეა მოხსენიებული: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო – რუსეთი, ირანი, თურქეთი. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოზე გავლენის გასაზრდელად და მისი სუვერენიტეტის უფრო მეტად ხელყოფისათვის რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად მოუწოდებს საქართველოს, რომ ე.წ. „3+3 ფორმატს“ შეუერთდეს, ქართული მხარე კი ამბობს, რომ ამ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

რუსულ დოკუმენტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც წერენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი „საქართველოს საზღვრებზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი სიტუაციის შენარჩუნებაში“ დაეხმარნენ. პუბლიკაციაში ასევე წერია, რომ მათ დაიწყეს მუშაობა „კონფლიქტის მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე, საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი“.

საყურადღებოა, რომ ამ საკითხს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 აპრილის ზემოხსენებულ განცხადებაშიც გამოეხმაურნენ. განცხადებაში წერია, რომ რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. წარმომადგენლების შეფასებით, „ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევაში წვლილი“ შეიძლება შეიტანონ საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებით და ე.წ. საზღვრებზე დელიმიტაციის და შემდგომი დემარკირების პროცესის დაწყებით.

რუსეთი პერიოდულად მოითხოვს საქართველოსგან მსგავსი საზიანო შეთანხმების დადებას.

2022 წლის რუსეთის საგარეო პოლიტიკის და დიპლომატიური საქმიანობის შეჯამების პუბლიკაციის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებების თავში, ახლო საზღვარგარეთის ნაწილში, კიდევ ერთხელ არის ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც წერენ, რომ ოკუპირებული რეგიონების „მრავალმხრივი დახმარება“ გაგრძელდებოდა „მათი უსაფრთხოების განმტკიცების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებით“.

ამ ნაწილში ასევე აღნიშნული იყო სექტემბერში გაფორმებული „ორმხრივი შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ“, რაც საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია.

განცხადებაში ასევე „მნიშვნელოვან მოვლენებად“ შეაფასეს ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის „აღიარება“ და მათი „რუსეთში შესვლის მხარდაჭერა“.

ახლო საზღვარგარეთის ნაწილში საქართველოსთან მიმართებით ქვეყნის ხელისუფლებაც ახსენეს, რაც ეხმიანება რუსეთის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებულ სხვა დადებით განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ:

„რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონის მიუხედავად, ოფიციალური თბილისის პრაგმატულმა ხაზმა ბიძგი მისცა ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებს“.

ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის საგარეო პოლიტიკის 2023 წლის კონცეფციაში

31 მარტს რუსეთმა საგარეო პოლიტიკის ახალი, 2023 წლის კონცეფცია წარადგინა. კონცეფციაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის რეგიონული მიმართულებების თავის ახლო საზღვარგარეთის ნაწილში ოკუპირებული ტერიტორიებიც გვხვდება. კონცეფციაში წერია, რომ „ახლო საზღვარგარეთის მშვიდობის, კეთილმეზობლობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად შემდგომი გარდაქმნის მიზნით“ რუსეთი სხვადასხვა საკითხისთვის პრიორიტეტის მინიჭებას აპირებს. მათ შორისაა შემდეგი:

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ამ სახელმწიფოების ხალხების ნებაყოფლობითი არჩევანის ხელშეწყობა რუსეთთან უფრო ღრმა ინტეგრაციის სასარგებლოდ“.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „კრიზისების წინააღმდეგ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის სიმყარის გაძლიერების… სამხედრო კონფლიქტების შედეგების შემსუბუქების... მსოფლიოში რუსეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობის მიზნით“ რუსეთს განზრახული აქვს ხელი შეუწყოს საერთაშორისო განვითარებას და პრიორიტეტი მიანიჭოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების, დსთ-ის წევრი ქვეყნებისა და, ასევე, „აფხაზეთის რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას – „ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ასევე განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ახორციელებენ კონსტრუქციულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ“.

საყურადღებოა, რომ ახალ კონცეფციაში ნახსენები ინტეგრაციისგან განსხვავებით, 2016 წლის კონცეფციაში ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით რუსეთის პრიორიტეტი იყო მათი „თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში დახმარება, საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა“. 2016 წლის დოკუმენტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან ინტეგრაცია ნახსენები არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ კონცეფციაში საქართველო დასახელებული აღარ არის ნახსენები, მაშინ, როდესაც 2016 წლის კონცეფციაში რეგიონული პრიორიტეტების ნაწილში საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე წერდნენ: „რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით იმ სფეროებში, რომლებშიც ქართული მხარე ამისთვის მზად არის ამიერკავკასიაში განვითარებული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით“.

თუმცა, რუსეთის ახალ საგარეო დოკუმენტში საქართველო რამდენიმე ადგილას იგულისხმება. მაგალითად, რუსეთის სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად დასახელებულია ძირითადი ამოცანების შესრულება, რომელთა შორისაც არის შემდეგი: „კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და მათ ტერიტორიებზე დაძაბულობისა და კონფლიქტების თავიდან აცილებასა და აღმოფხვრაში წვლილის შეტანა“. აქ საქართველოც იგულისხმება. რუსეთს, წარსულშიც და ახლაც, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე კონფლიქტი და ომი თავად გაუღვივებია და მათი სუვერენიტეტი დაურღვევია.

ამის გაგრძელებაა დოკუმენტში საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების ნაწილში შემდეგი ჩანაწერი: „რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების, ადგილობრივი და რეგიონული ომების თავიდან ასაცილებლად და შიდა შეიარაღებული კონფლიქტების მოსაგვარებლად (პირველ რიგში, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე), რუსეთის ფედერაციას განზრახული აქვს პრიორიტეტული ყურადღება მიაქციოს: 1) პოლიტიკური და დიპლომატიური ზომების მიღებას, რათა თავიდან იქნას აცილებული განვითარებადი საფრთხეები ან შემცირდეს საფრთხის დონე რუსეთის უსაფრთხოებისთვის მეზობელი ტერიტორიებიდან და სახელმწიფოებიდან…“

მსგავსი განცხადებები ოკუპანტი რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთხელ ხაზგასმაა.

დოკუმენტში ასევე საყურადღებოა, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივი საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში ე.წ. ბიოლოგიურ იარაღზე – კონცეფციაში „ბიოლოგიური საფრთხეების ზრდის თავიდან ასაცილებლად და ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე „ბიოლოგიური და ტოქსინის [შემცველი] იარაღის სავარაუდო განვითარების, განლაგებისა და გამოყენების შემთხვევების გამოძიებაზე“ წერენ. ამ მხრივ, რუსეთის პრიორიტეტები ასევე მოიცავს შემდეგს: „საშიში პათოგენების გამოყენებით ჩადენილი ტერორისტული აქტებისა და (ან) საბოტაჟის პრევენცია და ასეთი ქმედებების და (ან) საბოტაჟის შედეგების შერბილება“.

რუსული ტყუილი ე.წ. ბიოლოგიური იარაღის შესახებ

29 მარტს, რუსეთის საგარეო პოლიტიკის 2023 წლის კონცეფციის გამოქვეყნებამდე, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნარატივი, რომ თითქოს საქართველოში ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ. „ბიოლოგიური იარაღის გამოცდის პოლიგონი მხოლოდ უკრაინა არ გამხდარა. აშშ-ის თვალსაწიერშია სსრკ-ის ისეთი სხვა ყოფილი რესპუბლიკებიც, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის არაერთი ქვეყანა“ – თქვა პატრუშევმა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პატრუშევი საქართველოს მიმართ მსგავს განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის მიერ გავრცელებული სიცრუე, რომ თითქოს აშშ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში ბიოლოგიურ ლაბორატორიებს აარსებდა, სადაც თითქოს ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობდნენ, სიახლე არ არის. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა ე.წ. ბიოლოგიური იარაღის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება გააქტიურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთი მსგავსი დეზინფორმაციით წარუმატებლად ცდილობს „უკრაინაში შეჭრისგან ყურადღების გადატანას, უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას და მისი გაუმართლებელი ომის გამართლებას“.

რუსეთის ФСБ ქართულ „ჰაკერულ ჯგუფს“ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს

13 აპრილს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) „GNG — საქართველო“ კიბერთავდასხმაში დაადანაშაულა.

ФСБ-ის განცხადებაში ირწმუნებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო და ნაციონალურ ჰაკერების ჯგუფები „პენტაგონის გაერთიანებული სარდლობის უშუალო მონაწილეობით კიბერშეტევებს ახორციელებენ“. ნაციონალურ ჰაკერულ ჯგუფებში ერთ-ერთი იყო ამ დასახელების «Джи-Эн-Джи» - Грузия, რაც, სავარაუდოდ, “GNG – საქართველოს” აღნიშნავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის ივნისშიც დაადანაშაულა GNG კიბერთავდასხმაში.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოში

რუსულ მედიაში სხვადასხვა სიახლე ვრცელდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩასულ რუსეთის მოქალაქეებზე.

მაგალითად, რუსული გამოცემის The Bell ოფიციალურ მონაცემებსა და გამოცემის გათვლებზე დაყრდნობით წერს, რომ 2022 წელს რუსეთი 512 421 ადამიანმა დატოვა და ემიგრირებულთა ყველაზე დიდი წილი, 112 000 ადამიანი, საქართველოში იყო. გამოცემაში ასევე განმარტავენ, რომ ომის გამო თითქმის შეუძლებელი იყო ზუსტი ციფრის გაგება, რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.

აღსანიშნავია, რომ 10 აპრილს რუსულმა მედიამ РБК რეკრუტირების კომპანიაზე HeadHunter დაყრდნობით დაწერა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სამუშაო გასაუბრებაზე მიწვეულ რუს აპლიკანტთა რეზიუმეების რაოდენობამ 9 300 შეადგინა, რაც 160%-ით აღემატებოდა წინა წლის ამავე პერიოდს. ამ ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში რუსი მუშახელის მიზიდვის მხრივ საქართველო ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

რუსული მედია წერს, რომ რუსი აპლიკანტების მიმართ ინტერესს ძირითადად ის კომპანიები გამოხატავენ, რომლებიც რუსეთში ფუნქციონირებდნენ და სანქციების შედეგად იურისდიქციის შეცვლა მოუწიათ.

პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი

14 აპრილს, მთავარი არხის ინფორმაციით, რუსეთის, ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა. მთავარი არხის მიერ გავრცელებული ამბის თანახმად, რუსეთის ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა დაადასტურეს. მედიის განცხადებით, ისინი აეროპორტის ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ, სადაც თქვეს, რომ პირველი რეისი 18 აპრილს დაინიშნა და მათთან შესაბამისი განაცხადი „ჯორჯიან ეარვეისმა“ წარადგინა.

იმავე დღეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ   საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდებოდა და რომ სტატუს-კვო არ შეცვლილა.

„ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს“, – თქვეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ინფორმაციას ცრუ და დაუდასტურებელი უწოდა  და განაცხადა, რომ „ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“.

ამავე დღეს რუსეთის სამთავრობო მედიამ РИА გაავრცელა ვნუკოვოს აეროპორტის განცხადება, სადაც თქვეს, რომ ტაბლოზე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა და აღნიშნეს, რომ „განრიგში ცვლილებები არ არის“.

იმის გათვალისწინებით, რომ გასულ თვეებში რუსეთის და საქართველოს ოფიციალური პირები ფრენების შესაძლო აღდგენის შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ, ეს საკითხი საყურადღებო რჩება.

გამოხმაურება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული პირების სანქცირებაზე

რუსეთის პრეზიდენტის დაფუძნებული რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (РИСИ) ექსპერტი კონსტანტინე ტასიცი აშშ-ის მიერ საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული პირების სანქცირებას რუსეთის პროპაგანდისტულ მედია Sputnik-თან საუბრისას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აშშ, ფაქტობრივად, ერევა საქართველოს სახელმწიფოს საშინაო საქმეებში, რადგან მათ არ გააჩნიათ მოსამართლეების ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, „მით უფრო, რომ ერთი მათგანი საერთოდ არ არის მოქმედი მოსამართლე, ის დიდი ხანია პენსიაზე გავიდა“.

ტასიცმა ისიც თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტია სასამართლო რეფორმებს „სუვერენული ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელებდა და არა ისე, როგორც მათ აშშ და ევროკავშირი აიძულებენ“.

აღსანიშნავია, რომ ტასიცის შეფასება საქართველოს მხარის გამოხაურებას ჰგავს.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო“, საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებულ 4 პირსა და მათ ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციის გაზიარების შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა არაერთხელ განმარტა, რომ სანქცირებაზე გადაწყვეტილება დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებები წლების განმავლობაში იყო ცნობილი. მან როგორც თქვა, სანქციებს მოითხოვს აშშ-ის კანონმდებლობა, როცა ამერიკის მხარეს აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ ადამიანები ჩართული არიან კორუფციულ გარიგებაში – „საქართველოს, რა თქმა უნდა, შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციაზე ან ბრალდებაზე, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც გვთხოვს კანონი“. 

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.