X

PUBLICATIONS

Title Languages Field Year

საქართველოს მიმართ რუსეთის განცხადებების მიმოხილვა (გამოცემა 3)

  • Author: მედეა ივანიაძე
  • Publisher:
  • Type: Publication
English Politics 2023

2023 წლის მარტიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი საქართველოს მიმართ სხვადასხვა საკითხზე ოკუპანტი რუსეთის განცხადებებს აკვირდება. საქართველოს შესახებ რუსეთის განცხადებების მიმოხილვის გამოცემები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

*მიმოხილვის მესამე პუბლიკაცია მეტწილად 2023 წლის 20 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

რუსეთმა საქართველოსთან ფრენები აღადგინა და სავიზო რეჟიმი გააუქმა

10 მაისს რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ახალი განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირ ფრენებზე არსებული შეზღუდვა გააუქმა. ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

ამავე დღეს რუსულმა მხარემ საქართველოში ფრენაზე 2019 წელს რუსულ ავიაკომპანიებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიახაზები მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან ყოველკვირეულად შვიდ პირდაპირ რეისს შეასრულებენ.

კონტექსტი:

2012 წლიდან ამ დრომდე რუსეთთან ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებდა. 2019 წლის ივნისიდან, გავრილოვის ღამის შემდეგ, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. მისი გაუქმების პირობებზე საუბრისას კი რუსული მხარე „რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა“ და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებდა. საქართველოს პოლიტიკის მიმართ რუსეთის დადებითი რიტორიკის ბოლოდროინდელი გააქტიურება სწორედ ფრენების შესაძლო აღდგენაზე საუბრის დაწყებით გამოიხატა ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში.

აპრილში მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისის შესახებ ცნობა გამოჩნდა, თუმცა მაშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ინფორმაციას ცრუ უწოდა. 

რუსეთის გამოხმაურება:

  • 10 მაისს რუსეთის გადაწყვეტილებას კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი გამოეხმაურა: „გუშინ განვიხილავდით, რომ საქართველო ახლა ისე სწორად იქცევა, რომ დროა, აღვადგინოთ უვიზო საჰაერო მიმოსვლა და აი, აღდგა კიდეც. ძალიან სწორია“.
    ამის შემდეგ სიმონიანმა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ქება განაგრძო: „პრეზიდენტი, რომელიც თავს დაესხა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ ქართველებმა დააპატიმრეს, სანქციებს არ შეუერთდნენ და ძლიერი წნეხის მიუხედავად, მეორე ფრონტი არ გახსნეს. ისე ჩანს, რომ მომავალ წელს 9 მაისს ჩამოვლენ“.

აქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას საქართველოში მალევე არაერთი დემონსტრაცია მოჰყვა.

  • 26 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა:

„ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვიფიქრე, ყველა იტყოდა, რომ, აი, მადლობა, კარგია. არა, იქ დაიწყო რაღაც აბსოლუტურად გაუგებარი ქარიშხალი ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან უცნაურია. და, გულწრფელად რომ ვთქვა, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ: სულ გაგიჟდნენ თუ? რა ხდება მათთან, გაუგებარია“.

მისი განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი რეისების განახლების გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მიზეზი ტურისტული სეზონის მოახლოება იყო. პუტინმა ასევე თქვა, რომ მას სურდა მხარი დაეჭირა „იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოში რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას ესწრაფოდნენ“ და, ასევე, „რუსული ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა“.

პუტინის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი რეისების განახლების შესახებ გადაწყვეტილება მან პირადად მიიღო.

რუსეთის ლიდერის განცხადებით, მას მოეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ წამოწია საკითხი ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. მან ასევე თქვა შემდეგი: „ჩვენ მზად ვართ გავიაროთ გზის ჩვენი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, დიახ, ვდგამთ ნაბიჯებს წინ და ასე გავაგრძელებთ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი რეაგირება ექნებათ ჩვენს პარტნიორებს“.

  • 20 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ის ქართველი პოლიტიკოსები გააკრიტიკა, რომლებიც ფრენების აღდგენას შეეწინააღმდეგნენ და თქვა:

თუ საკუთარ ხალხს წარმოადგენთ და არა ვინმეს მიერ გადახდილ შეკვეთას, თქვენ პირდაპირი ფრენის წინააღმდეგი ვერ იქნებით, ორ ქვეყანაში ერთდროულად მცხოვრები მოქალაქეებისა და ოჯახების რაოდენობის გათვალისწინებით“.

  • 17 მაისს მარია ზახაროვას თქმით, მათი მიდგომაა „რუსეთსა და საქართველოს მოსახლეობას შორის კომუნიკაციისა და კონტაქტების პირობების თანმიმდევრული ხელშეწყობა“ და ირწმუნებოდა, რომ „უამრავი ხალხი“ ითხოვდა ამას.

ზახაროვას განცხადებით, მათი აზრით, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკის „მძევალი“.

  • 18 მაისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა შემდეგი: „მიგვაჩნია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების შემდეგი ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ელჩების გაცვლა იქნება“. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯის შესაძლებლობაზე მიუთითებს უკრაინის საკითხზე საქართველოს „თავშეკავებული პოზიცია, დემოკრატიული პრინციპების დაცვა".
  • 21 მაისს რუსეთის კომუნისტური პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გავრილოვმა საჰაერო მიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით 19 მაისს მოსკოვიდან თბილისში პირველი პირდაპირი რეისის შესახებ თქვა, რომ ამ რეისზე ასევე აგზავნიდნენ საჩუქარს საქართველოს პატრიარქისათვის – „წმინდა გიორგის უნიკალურ ხატს, რომელსაც ფონად აქვს რუსული მონასტერი…”

 

რას ამბობს საქართველოს მთავრობა?

საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასეს.

რუსული მხარის მსგავსად, ხშირ შემთხვევაში არგუმენტად აქაც რუსეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ასახელებენ.

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, ეს იყო „ძალიან დიდი საჩუქარი“ საქართველოს „თანამემამულეებისთვის“.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პუტინის გადაწყვეტილებას რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის „სამართლიანი და სასიკეთო“ უწოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის განცხადებით, „ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული“ ეს გადაწყვეტილება „ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლებისთვის“ მისასალმებელი იყო

  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნაზე თქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების დაგვიანებამ, რუსეთის გააქტიურება გამოიწვია.
  • „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი ვოლსკმ ვლადიმირ პუტინის სიტყვებზე, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი, თქვა, რომ ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, „თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგებოდა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობრივი, პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერმა, კოკა მორგოშიამ, ამ გადაწყვეტილებას „ქართველი ხალხის გამარჯვება“ უწოდა და დაამატა შემდეგი: „ამაში ჩვენ ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის“.

დასავლეთის უარყოფითი გამოხმაურება:

  • 22 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა, რომ ისინი შეშფოთებულები იყვნენ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით და ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
  • 29 მაისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშით მიმართა.

ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ მართალია, ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, „მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობას“.

  • 16 მაისს ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის სპიკერმა პიტერ სტანომ  საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან და დეკლარაციებთან შესაბამისობა წელს ისედაც დაბალი 44%-დან მხოლოდ 31%-მდე შემცირდა.

ავიაკომპანიები, რომლებმაც საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღადგინეს

15 მაისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა, რომ 17 მაისიდან რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლას დაიწყებდა.

  1. „აზიმუტი“ არის უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანია.
  2. „აზიმუტი“ აღიარებს ოკუპირებულ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას.
  • 15 მაისს საქართველოს მოქალაქეებმა შენიშნეს, რომ „აზიმუტის“ ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელს შეეძლოთ სხვა ქვეყნებთან ერთად მიმართულებად „აფხაზეთი“ და „სამხრეთ ოსეთიც“ აერჩია.
  • იმავე დღეს „აზიმუტმა“ ეს ორი მიმართულება ქვეყნების სიიდან ამოიღო, თუმცა „გუგლიდან“ ძიებისას ეს ორი მიმართულება კვლავ ჩანდა
  • 16 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს ავიაკომპანიის ვებგვერდზე „სამხრეთ ოსეთისა“ და „აფხაზეთის“ ქვეყნების სიიდან ამოღების გამო "აზიმუტის" შემოწმების მოთხოვნით განცხადება გაუგზავნა. მიაკიევი წარმოადგენს პარტიას „ეძინაია რასია“[1]  და ასევე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას.
  • „ეხო კავკაზას“ 16 მაისის ინფორმაციით, მომხდარის ფონზე „აზიმუტმა“ სარეგისტრაციო ფორმიდან გრაფა „ქვეყანა“ ამოიღო.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 16 მაისის განცხადებით, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისიც“ იწყებს.

კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია „რედ ვინგსი“ საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისების დაწყებას აპირებს, თუმცა „იზვესტიას“ 21 ივნისის ინფორმაციით,  კომპანია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არარსებობის გამო ფრენებს ვერ იწყებს.

  1. 2022 წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა „რედ ვინგსის“ ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების დარღვევის გამო.
  2. „რედ ვინგსი“ უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიაა.
  3. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, „რედ ვინგსის“ ვებგვერდზე მიმართულებების ჩამონათვალში „აფხაზეთი“ ერთ-ერთ მიმართულებად იყო დამატებული და სიაში გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და „სოხუმი, ბაბუშარა“ იყო მითითებული. გამოცემის თანახმად, ამჟამად ჩამონათვალიდან „აფხაზეთი“ ამოღებულია.

გირკინი ფრენების აღდგენის სავარაუდო მიზეზს ასახელებს

26 მაისს რუსი ფაშისტის, იგორ გირკინის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იმიტომ აღადგინეს ავიამიმოსვლა, რომ „ლავროვის შვილიშვილს შესძლებოდა გაფრენა თავის ებრაელ მეგობრებთან, რომლებსაც თბილისში ქორწილი ჰქონდათ. სწორედ ის იყო პირველ თვითმფრინავში… სამწუხაროდ, ჩვენს მმართველ 'ვიაიპი' ფენაში ყველაფერი ასე კეთდება – კერძო, პირადი ინტერესებია აღებული და მათზე მორგებულია სახელმწიფო პოლიტიკა“.

აღსანიშნავია, რომ გირკინმა ლავროვის შვილიშვილი ახსენა და არა შვილი, რომლის საქართველოში ჩამოსვლაზე ინფორმაცია გავრცელდა.

  • მითების დეტექტორის თანახმად, 19 მაისს „მთავარმა არხმა“ და პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა ოჯახთან ერთად ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ დაადასტურა.

კიდევ რა სახის მიმოსვლის აღდგენაზე წერს რუსული მხარე?

  1. რუსული საკრუიზო გემი საქართველოს ნავსადგურებში?
  • რუსული გამოცემა „ვესტნიკ კავკაზას“ 17 აპრილის ინფორმაციით, რუსული საკრუიზო გემ „პეტრე დიდის“ მარშრუტი საქართველოსაც მოიცავს.

გამოცემის ცნობით, ახალი საკრუიზო გემი მოგზაურობას აგვისტოში დაიწყებს, ხოლო მომავალში 20-დღიანი მარშრუტი საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთსა და თურქმენეთში იგეგმება. როგორც „ვესტნიკ კავკაზა“ წერს, შავ ზღვაში საკრუიზო გემი ნოვოროსიისკში, სოჭში, ბათუმსა და სტამბოლში გაჩერდება.

  • 22 აპრილს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვაო-სამგზავრო მიმოსვლის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან არ აქვს საზღვაო-სამგზავრო თუ საკრუიზო მიმოსვლა.

„გამოცემა 'ვესტნიკ კავკაზას' მიერ გავრცელებული ინფორმაცია, 2023 წელს რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერის 'პეტრე დიდი-ს’ საქართველოს ნავსადგურებში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით, აბსოლუტური სიცრუეა“, – განაცხადეს უწყებაში.

       2. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში ავტობუსების ტურების განახლებას არ გამორიცხავს

16 მაისს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტ არტურ მურადიანის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ავტობუსების ტურებიც განახლდეს. როგორც მან აღნიშნა, „ზემო ლარსის საზღვარი ამჟამად ღიაა“.

        3. რუსეთი საქართველოში პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს

რუსული სამთავრობო მედია „რიას“ 16 მაისის ინფორმაციით, რუსეთის ფოსტა საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს. რუსეთის ფოსტაში თქვეს, რომ ამჟამად რუსეთიდან საქართველოში საჰაერო გზავნილები მესამე ქვეყნების გავლით სრულდება.

სხვა რა სახის (შესაძლო) თანამშრომლობაზე საუბრობს რუსული მხარე?

  1. უსული მხარე საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნას განიხილავს

11 მაისს რუსეთი სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და მმართველი ერთიანი რუსეთის პარტიის წევრმა ევგენი პოპოვმა თქვა, რომ ის მზადაა რუსეთის სახელმწიფო დუმაში რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დააყენოს.

მისი თქმით, „მეგობრობის ჯგუფებზე“ საუბარი ამჟამად არ არის, თუმცა „ორი ქვეყნის პარლამენტარებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენაში“.

        2. „საქართველოს წარმომადგენელი“ რუსეთის ე.წ. ანტიფაშისტურ ფორუმზე?

14 მაისს რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კაზბეკ ტაისაევმა რუსულ სამთავრობო მედიაში თქვა, რომ 22 ივნისს მოსკოვში „ანტიფაშისტური ფორუმი“ გაიმართება, რომელშიც მისივე თქმით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მას არ დაუზუსტებია, თუ ვინ აპირებს საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღებას.

        3. ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს ოთხი ზოლი ემატება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას ზემო ლარსის გასასვლელის შესახებ თქვა, რომ 15 ივნისამდე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია დასრულდებოდა, რის შედეგადაც გამშვებ პუნქტს კიდევ ოთხი ზოლი დაემატებოდა.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მოქმედმა ხელმძღვანელმა რუსლან დავიდოვმა აღნიშნა, რომ 39 ზოლი იქნებოდა და აქედან 15 ზოლი – სატვირთო მანქანებისთვის.

„რეკონსტრუქციამდე ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო დონეს – დღეში 1200 სატვირთო მანქანა ორი მიმართულებით და 3500 ავტომობილი. თუ იყო 1200, ახლა ჩვენ ველით, რომ დღეში 1500 სატვირთო მანქანა [გაივლის]“, – თქვა მან.

2022 წელს რუსეთმა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტს 12 ზოლი დაამატა.

         4. რუსი კომუნისტი დეპუტატი სანქციების პირობებში საქართველოს „ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს“ უწოდებს

გავრილოვის ზემოხსენებულ 21 მაისის ვიდეომიმართვაში, მან ასევე თქვა, რომ ქართველმა ხალხმა უარი თქვა სახიფათო პოლიტიკის ფორმატით წასვლაზე და „ჩვენს ქვეყანაში მტრობის დემონსტრირებაზე და თქვენ ხედავთ, რომ საქართველო რჩება ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორებში, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი სანქციების პირობებში, რადგან ობიექტები გადის საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო ტერიტორიით რუსეთიდან ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, ირანში, ინდოეთის ოკეანეში“.

„საქართველოს წარმომადგენლები“ პეტერბურგის მთავრობის მხარდაჭერილ ღონისძიებაზე

რუსული სამთავრობო მედიის „ტასის“ ინფორმაციით, პეტერბურგის მთავრობის, პრეზიდენტის კულტურული ინიციატივების ფონდის და სხვათა მხარდაჭერით, რუსეთის ერმიტაჟის სახელმწიფო მუზეუმში 19-დან 21 მაისამდე ჩატარდა „კულტურათა დიალოგის“ XVII საერთაშორისო მედიაფორუმი.

მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ცნობის თანახმად, „საქართველოს წარმომადგენელი“ წელს პირველად შეუერთდა ღონისძიებას. რუსული მედიის ინფორმაციით, წელს ღონისძიებას ასევე შეუერთდა „სამხრეთ ოსეთიც“  – ოკუპირებული რეგიონი ქვეყნების ჩამონათვალში ეწერა.

  • ვინ დაესწრო ღონისძიებას?

ღონისძიების პროგრამის თანახმად, საქართველოდან ნინო ჯაფარიძე კონფერენციაზე ერთ-ერთ მომხსენებლად წერია, ხოლო „დოკუმენტური ფილმების, სატელევიზიო გადაცემების და ვიდეო პროექტების ფესტივალის“ ჩამონათვალშია ანა ანასტასიადის ნამუშევარი.

  • რა თქვეს?
  1. რუსული სამთავრობო მედიის ეთერში საქართველოში არსებულ კულტურულ ცენტრ „აზბუკას“ წარმომადგენელმა ნინო ჯაფარიძემ თქვა შემდეგი: „ჩვენს ორ ხალხს რწმენა, მართლმადიდებლობა .

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ხალხმა იმეგობროს, ადამიანთა სულებმა უბრალოდ იმეგობრონ და ამას ჩვენს ქალაქში ვაკეთებთ. ჩვენ მუდმივად ვიღებთ ფილმებს, რომლებიც აჩვენებს ორი კულტურის კავშირს“, – აღნიშ ჯაფარიძემ კიდევ ერთ რუსულ სამთავრობო მედიაში.

       2. ვლადიმირ პუტინის განკარგულებით დაფუძნებული „რუსკი მირის“ ფონდის ინფორმაციული პორტალზე „კულტურათა დიალოგის“ შესახებ 26 მაისს გამოქვეყნებულ მასალაში საქართველოდან ანა ანასტასიადის „თანამედროვე თბილისის რუსული წარსული“ შეაფასეს, როგორც  „შესანიშნავი ნამუშევარი“. „ფილმი გვიამბობს, თუ როგორ იკვეთება რუსეთისა და საქართველოს გზები ერთ ქალაქში მრავალი წლის შემდეგ“, – წერია მასალაში.

  • „აზბუკა“ - რუსეთის სახელმწიფოს პარტნიორი ორგანიზაცია თბილისში

„აზბუკას“ ვებგვერდის თანახმად, ეს არის რუსული ენის ცენტრი თბილისში. ორგანიზაციის ერთ-ერთი პარტნიორი საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაა, რაც რუსეთის სახელმწიფოსთან პირდაპირ კავშირზე მიუთითებს.

2022 წელს ცენტრ „აზბუკას“ გეგმების შესახებ კრემლის დაფუძნებულ „სპუტნიკ გრუზიას“ მულტიმედია პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. ცნობის თანახმად, ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს.

საყურადღებოა, რომ „აზბუკა“ „რუსკი მირის“ ფონდის ინფორმაციულ პორტალზე გვხვდება (ვებგვერდზე სახელწოდებით ЦЕНТР РУССКОГО ЯЗЫКА В ТБИЛИСИ «АЗБУКА»).

აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრი „აზბუკა“ და რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი ერთ მისამართზე მდებარეობს.
კონტექსტი:
საყურადღებოა, რომ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის კულტური ცენტრი გაიხსნა. „უსკი მირის“ გვერდის თანახმად, თბილისში რუსული კულტურის ცენტრი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში მდებარეობს. ცენტრის გახსნა რუსეთის საგარეო სამინისტროს ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა დააანონსა. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ თბილისში შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსული ინტერესების განყოფილებაში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის ინფორმაცია მათ შვეიცარიის საელჩოსთან გადაამოწმეს, სადაც ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2020 წელს
ამ ცენტრის „ანალოგი“ აზბუკა გახსნეს. ღსანიშავია, რომ ქართულ მედიაში „აზბუკას“ გახსნის შესახებ ინფორმაცია არ ჩანს.

  • რაც შეეხება ანა ანასტასიადისს, მითების დეტექტორის 2020 წლის მასალის თანახმად, ის კრემლის დაფუძნებული მედიის „სპუტნიკ გრუზიას“ კორესპონდენტია. ამავე ინფორმაციით, მისი სტატიები „სპუტნიკზე“ 2017 წლიდან ქვეყნდება.

რუსული მხარის მუქარის შემცველი სხვა განცხადებები საქართველოს მიმართ

  1. მედვედევი ამბობს, რომ 2008 წელს მნიშვნელოვანი იყო რომ „რუსეთმა სამხედრო ოპერაციით საქართველოს მშვიდობა აიძულა“

25 აპრილს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის შესახებ თქვა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ სამხედრო ოპერაციით საქართველოსთვის „მშვიდობის იძულება“.

        2. ФСБ ირწმუნება, რომ უკრაინამ რუსეთში შენიღბული ასაფეთქებლები საქართველოს გავლით შეიტანა

3 მაისს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ირწმუნებოდა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა „ელექტროღუმელებად შენიღბული ბომბის ნაწილები“ ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს გავლით რუსეთში შეიტანეს. ФСБ-ის მტკიცებით, ეს „ტერორისტულ საქმიანობაში უნდა გამოეყენებინათ“.

         3. ვაგნერელები ქართველებს ემუქრებიან

11 მაისს, „სოვას“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც, მასალის თანახმად, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები ქართველებს ემუქრებიან და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფენ.

ვიდეოში თქვეს, რომ მათ ნახეს „როგორ დაწვეს ქართველმა ნაცისტებმა რუსეთის დროშა თბილისის ცენტრში“. „სოვა“ წერს, რომ ვიდეო, სავარაუდოდ, ბახმუტში გადაიღეს.

რას ამბობენ რუსი პროპაგანდისტები?

  1. სიმონიანი საქართველოს მთავრობის ქებას განაგრძობს

4 მაისს კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა „ტელეგრამზე“ თბილისის მერის, კახა კალაძის ინტერვიუდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ნაწყვეტი გააზიარა და საქართველოს მთავრობა შეაქო: „საქართველოს ხელისუფლება ამ სიტუაციაში გამორჩეულად გონივრულად იქცევა“.

  • „ქართული ოცნების“ გამოხმაურება:

სიმონიანის განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე გამოეხაურა და აღნიშნა, რომ კრიტიკა კალაძეს არ უნდა ეკუთვნოდეს – „მაგალითად, ჰიტლერს თუ მოსწონდა ბეთჰოვენი, ბეთჰოვენის ნაკლია თუ ჰიტლერზე შეგიძლიათ... არ შეიძლება ასე ლაპარაკი“, – თქვა მან.

         2. ანექსირებული ყირიმის ე.წ. წარმომადგენელი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას „ბრძნულს“ უწოდებს

5 ივნისს ანექსირებული ყირიმის ე.წ. ფედერალური საბჭოს წევრმა ოლღა კოვიდიტმა თქვა, რომ „მას შემდეგ, რაც საქართველომ არ დაუშვა საკუთარი თავის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევა და თბილისი უფრო ბრძენი აღმოჩნდა, ვიდრე ევროკავშირის მრავალი დედაქალაქი, ვაშინგტონმა მოლდოვის სამხედრო საქმის განვითარება დაიწყო“.

  3. რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს წევრი ამბობს, რომ საქართველოს „სუვერენულობისკენ“ სვლა „სრულიად შეეფერება მის მეზობლებს“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადაფუძნებული რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს წევრმა, „ვალდაის“ დისკუსიის კლუბის პროგრამის დირექტორმა ტიმოფეი ბორდაჩევმა პროპაგანდისტული სტატია, სახელწოდებით „გახსნის თუ არა საქართველო 'მეორე ფრონტს' რუსეთის წინააღმდეგ“ გამოაქვეყნა.

ბორდაჩევის შეფასებით, საქართველო არის „სუვერენულობისკენ ეტაპობრივი სვლის უნიკალური მაგალითი, რომელიც სრულიად შეეფერება მის მეზობლებს“.

ჩანს, რომ ის რუსეთისთვის დადებით კონტექსტში წერს, რომ საქართველომ გადაწყვიტა არ გაეგზავნა თავისი სამხედროები ნატოს რეგულარულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად და რომ „ევროკავშირმა განაცხადა, ამ ქვეყანას ჯერ არ მიანიჭებს ბლოკში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს იმის გამო, რომ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე ბორდაჩევმა დაწერა, რომ საქართველოს მაშინ „გაუმართლა“, რადგან 15 წლის წინ მსოფლიო პოლიტიკის დრო შედარებით „ვეგეტარიანული“ იყო და რომ მოსკოვის საქციელი „კეთილშობილების ხარისხის შესაბამისი იყო“.

  • 2023 წელს საქართველო ევროპაში აშშ-ის ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში „მცველი 23“ მონაწილეობას არ მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოსა და დასავლეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა კვლავ უარყოფითად შეაფასა მოსკოვმა. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორ, დენის გონჩარი მუქარით გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას – „ღირსეული პარტნიორი 2022“. მისი თქმით, რუსეთი თბილისსა და ნატოს შორის „თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გაითვალისწინებდა“. 

       4. რუსი პოლიტოლოგი საქართველოში პროტესტის განწყობის გასანეიტრალებლად მთავრობის პოლიტიკას აფასებს, როგორც „კომპეტენტურს“

რუსმა პოლიტოლოგმა და „ვალდაის“ დისკუსიის კლუბის ვებგვერდის ერთ-ერთმა ავტორმა, ანდრეი არეშევმა, კრემლის მედიასთან – რადიო „სპუტნიკთან“ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ილაპარაკა.

მან თბილისში მარტის პროტესტის შესახებ თქვა, რომ მსგავსი შემთხვევები გამორიცხული არ იქნება, მაგრამ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი უწყებები ატარებენ საკმაოდ კომპეტენტურ პოლიტიკას ამგვარი განწყობის გასანეიტრალებლად, რომელსაც ქართული საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილის მხარდაჭერა აქვს“.

რუსეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე საუბრისას მან ასევე თქვა, რომ სამომავლოდ ამას შესაძლოა მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგის ნაწილობრივი აღდგენაც მოჰყვეს, რადგან „ეკონომიკა და პოლიტიკა ერთმანეთზე გავლენას მაინც ახდენენ“.

 

 

Back to full list
© 2024 Georgian Foundation For Strategic and International Studies. All Rights Reserved.