X

რონდელის ბლოგი

პუტინის დეზინფორმაციული პოლიტტექნოლოგია ძალაუფლების შესანარჩუნებლად

2022 / 06 / 29

ნინო იმედაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

დემოკრატიის ღიად უარყოფას ავტორიტარული რეჟიმებიც ვერ ბედავენ, რაც მოწმობს დემოკრატიის, როგორც სახელმწიფოს მმართველობის მოდელის, მაღალ ლეგიტიმურობას. რამდენადაც ავტორიტარი რეჟიმები ცდილობენ საკუთარი მმართველობის მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნებას, მათ მოიგონეს დემოკრატიის სხვადასხვა განმარტება, ასევე ალტერნატიული ნარატივები, რომლებიც ემსახურება მათი მმართველობის სტილის ,,კანონით დადგენას“, ასევე მის დაცვას საშინაო და საგარეო კრიტიკისგან.

მაგალითად, პუტინის ავტორიტარული მმართველობის სტილის დასაცავად ერთ-ერთი ასეთი მოგონილი ტერმინია „სუვერენული დემოკრატია“  ან ,,მართული დემოკრატია“. 2005 წელს რუსული პოლიტიკური სისტემის დასახასიათებლად მოგონილი ზედსართავი სახელი - ,,სუვერენული“ - პუტინის მთავარმა პროპაგანდისტმა სურკოვმა განმარტა, როგორც რუსეთის სუვერენიტეტის დაცვა ,,არაკომპეტენტური“ და ,,საქმეში ჩაუხედავი“ დასავლეთისგან, რომლის  მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა.

პუტინმა ავტორიტარული სტატუს-კვოს განსამტკიცებლად არაერთი დეზინფორმაციული პოლიტტექნოლოგია გამოიყენა, რაც ამ დრომდე ეფექტურად მუშაობს, მათ შორისაა:

„თამაში წესები“ რუსულად

დასავლეთის დემონიზაციის კამპანია

„უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი მაკონტროლებლებს

პუტინის მხარდამჭერი ,,ექსპერტთა“ ჯგუფების შექმნა

პუტინის მხარდამჭერი „ქუჩის“ ჯგუფების შექმნა

 

„თამაშის წესები“ რუსულად

კოლექტიური დასავლეთის (ევროკავშირი, ნატო, აშშ) კრიტიკას კრემლი ქვეყნის სუვერენული უფლებების დარღვევად აფასებს და აგრესიულად უპირისპირდება გამკრიტიკებელ პირებს თუ ორგანიზაციებს (Freedom House, Amnesty Internationa, Human Right Watch და ა.შ.). კრემლი დემოკრატიის ჩავარდნის კრიტიკაზე პასუხად ღიად მოუწოდებს რუს ხალხს დასავლეთის ზიზღისკენ, რადგან მათი პროპაგანდის მიხედვით, დასავლეთს რუსეთში გადატრიალების და არასტაბილურობის შემოტანა სურს.

კრემლის პროპაგანდამ დასავლეთის მიერ რუსული ავტორიტარიზმის კრიტიკას დაუპირისპირა ავტორიტარიზმის ჩამნაცვლებელი ტერმინები, როგორიცაა, მაგალითად,  „სუვერენული დემოკრატია“. ეს ტერმინი შერჩეული იყო ამომრჩეველზე გათვლით, რომელსაც დემოკრატიის მოთხოვნა ჰქონდა - დემოკრატიაზე „სუვერენულის“ დამატებით შექმნილიყო რუსეთში დემოკრატიის მშენებლობის იმიტაცია. პროპაგანდის მთავარი გზავნილი იყო, რომ პუტინიც დემოკრატიას აშენებდა, ოღონდ თავისი „თამაშის წესებით“, დასავლეთის  ჩაურევლად.

სურკოვმა,  რომლის სახელსაც უკავშირდება ამ კონცეფციის შემოტანა 2005 წელს, ბიზნესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი დამოუკიდებელი „თამაშის წესებით“ მოქმედებს და არა - დასავლეთის კარნახით, რადგან დამოუკიდებელი მოქმედება ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს, ხოლო გარე ჩარევები და ჭკუის სწავლებები დესტაბილიზაციას მოიტანს. პუტინის გარშემო გაერთიანება კი სტაბილურობის შენარჩუნების ერთადერთი გამოსავალი იყო.

,,სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის წარდგენიდან 1 წელიწადში, 2006 წელს, ფრიდომ ჰაუსმა რუსეთი შეაფასა, როგორც სრულად ავტორიტარული ქვეყანა.

შემდგომ წლებში კრემლმა ეს კონცეფცია ჩაანაცვლა სხვა მოდელებით ,,ევრაზიონიზმით“ და „მართლმადიდებლური კონსერვატიზმით“.  ამ კონცეფციებსაც აერთიანებს ერთი გზავნილი  - რუსეთში სტაბილურობის შენარჩუნება და დასავლეთის მიმართ ზიზღის ღია მოწოდებები.

კონცეფცია „ევრაზიონიზმის“ (2010-2013) მთავარი ფოკუსი, გეოსტრატეგიული მდებარეობიდან და სიდიდიდან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად  გადაქცევის პროპაგანდა იყო, რომლის ხორცშესხმა საბაჟო კავშირით მოხდა. საბაჟო კავშირით რუსეთს სურდა საკუთარი თავისა და თავისი სატელიტი მეზობელი ქვეყნების საბოლოო იზოლირება დასავლეთისგან.

ბოლო წლებია პუტინის ავტორიტარული რეჟიმის სტაბილიზაცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დახმარებითაც ხდება. „მართლმადიდებლური კონსერვატიზმის“ კონცეფციით, რომელსაც სასულიერო პირებიც ავრცელებენ, პუტინმა ტრადიციული ღირებულებების და ქრისტიანობის დამცველის მანტია მოირგო დემოკრატიულ ფასეულობებთან და ადამიანის უფლებებთან საბრძოლველად.

გარდა ამ კონცეფციებისა, კრემლის პროპაგანდის მანქანა ამომრჩეველს არჩევანს პუტინის სტაბილიზაციასა და ელცინის პერიოდის ეკონომიკურ და კრიმინალურ ქაოსს შორის სთავაზობს. ეს რიტორიკა საერთაშორისო კრიტიკის საპასუხოდაც გამოიყენებოდა. 2006 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის კრიტიკას, რომ პუტინის დევნის თავისუფლებას და წინა პერიოდის (ელცინის) მიღწევებს ძირი გამოუთხარა, უპასუხა, რომ რუსეთში არჩევანი დგას დღევანდელ სტაბილურ მთავრობასა და ელცინის პერიოდის კოლაფსის ზღვარზე მყოფ ქვეყანას შორის. ამ გზავნილს აქტიურად იმეორებდა რუსი დეპუტატების უმრავლესობა. თუ არ იქნება პუტინი, იქნება ელცინის პერიოდის ქაოსი.

 

დასავლეთის დემონიზაციის კამპანია

დასავლეთის კრიტიკის გავლენის და გავრცელების ეფექტის დასასუსტებლად კრემლმა დასავლეთის დისკრედიტაციას მიმართა. კრემლის ანტიდასავლურ კამპანიას სამი ძირითადი გზავნილი აქვს:

  1. დასავლეთი ეწევა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, რაც შეუთავსებელია რუსულ ტრადიციულ ღირებულებებთან და მართლმადიდებელ ქრისტიანობასთან. რუსული ეკლესია არის წამყვანი ამ პროპაგანდული გზავნილების გავრცელებაში.
  2. დასავლეთს აქვს ორმაგი სტანდარტი. ის აკრიტიკებს ადამიანის უფლებების დარღვევებს რუსეთში და არ  აკრიტიკებს რუსი მოქალაქეების უფლებების დარღვევას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.  ამ მხრივ რუსეთი ესტონეთს ესხმოდა თავს, სადაც თითქოს ირღვეოდა ესტონეთში მცხოვრები რუსების უფლებები.  
  3. დასავლეთს სურს ძლიერი ეროვნული მმართველის ჩამოგდება და უცხო ქვეყნის მენეჯერის მოყვანა რუსეთში. ამიტომ დასავლეთის კრიტიკის ენა ემთხვევა პუტინის შიდა ოპონენტების ენას (ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები), რომელსაც კრემლი ერთი საერთო ტერმინით - „მეხუთე კოლონით“ მოიხსენიებს.   

 

„უცხო ქვეყნის აგენტის“ სტატუსი მაკონტროლებლებს

რეჟიმის სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული ანგარიშები და კვლევები, რომლებიც სამთავრობო კორუფციის, ასევე ბიუჯეტიდან ფულის მოპარვას, მედიის და ოპოზიციის რეპრესიების მხილებას შეიცავს.

სამთავრობო პროპაგანდამ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ერთდროულად დაუპირისპირა დისკრედიტაციის კამპანია, საკანონმდებლო შეზღუდვა და ალტერნატიული ორგანიზაციების განსხვავებული პოზიციები.  

დისკრედიტაციის კამპანია მოიცავდა „უცხო ქვეყნის აგენტობის“, რუსი ხალხის ღალატის, სუვერენიტეტში ჩარევის და დესტაბილიზაციის მცდელობის ბრალდებებს.

2004 წლის მაისში რუსეთის დუმის წინაშე ყოველწლიურ მიმართვაში პუტინმა  არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა რუსი ხალხის ღალატში.  მან განაცხადა, რომ ისინი ემსახურებიან თავიანთ სპონსორებს და არა - რუსი ხალხის ინტერესებს.  

2005 წლის ივლისში პუტინმა განაცხადა, რომ შეზღუდავენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ ფულს იღებენ, რადგან არიან „უცხო ქვეყნის აგენტები“.  საბჭოთა პროპაგანდის დროინდელი ამ ნაცნობი ტერმინის ხელახალი გაცოცხლება ამ ორგანიზაციების საბოლოო დისკრედიტაციის და მათი ნდობის დაკარგვის მიზნით მოხდა.

კრემლმა ასევე დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, თითქოს ისინი ქვეყნის ნეგატიურ აღქმაზე მუშაობდნენ დასავლეთში.

2006 წლის იანვარში პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება.

კანონის მიხედვით, ვერ დარეგისტრირდებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ მისი მიზნები და ამოცანები საფრთხეს უქმნიდა: 1) რუსეთის სუვერენიტეტს, 2) პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, 3) ტერიტორიულ მთლიანობას, 4) ეროვნულ ერთობას, 5) უნიკალურ ხასიათს, 6) კულტურულ მემკვიდრეობას და 7) ეროვნული ინტერესებს.

პირველი სამი დებულება მეტ-ნაკლებად სტანდარტულია, ბოლო ოთხი კი - ძალიან სუბიექტური და რუსეთის ხელისუფლება მათ იყენებს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ჯგუფის ასაკრძალად, რომელიც კრემლს ოპონირებას უწევდა.

2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსთხოვეს „უცხო ქვეყნის აგენტად“ დარეგისტრირება, რაც გულისხმობდა სამთავრობო შეუზღუდავ აუდიტორულ მონიტორინგს, ორგანიზაციას ასევე ევალებოდა ყველა აქტივობის შესახებ მთავრობისგან მიეღო წინასწარი ნებართვა.  

ამ კანონის ძალით, ერთ-ერთი  პირველი  არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი,“ რომელიც 2006 წელს  დაიხურა,  აფინანსებდა სხვადასხვა დემოკრატიულ ორგანიზაციას, მაგალითად, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფსაც. ამის შემდეგ  მრავალი ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაცია ან გააჩერეს, ან პირდაპირ აკრძალეს, ან არ აძლევენ რეგისტრაციას სხვადასხვა მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, მათ რიგებში აღმოჩნდნენ მთავარი სამიზნე გავლენიანი საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანიზაციებიც.  ჰუმან რაით ვოჩი (Human Rights Watch), ამნესტი ინტერნეიშენალი (Amnesty International), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).

 

პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერი ექსპერტთა“ ჯგუფების შექმნა   

კრემლმა ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციებთან დასაპირისპირებლად ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი ალტერნატიული „ექსპერტთა“ ორგანიზაციები გამოიყენა.

მათი მთავარი ფუნქცია იყო რეალობის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება. კერძოდ, თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციები რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმს ამხელდნენ, ისინი კრემლის პოლიტიკას ამართლებდნენ ან ყურადღება სხვა არაპოლიტიკურ საკითხზე გადაჰქონდათ. მათ ასევე ევალებოდათ საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის რეჟიმის პოლიტიკურად პოზიტიური იმიჯის შექმნა.

2005 წელს პუტინის დავალებით დაარსდა ერთ-ერთი მსხვილი ასეთი სამოქალაქო ორგანიზაცია ,,საზოგადოებრივი პალატა“, რომლის 126 წევრიდან ერთ მესამედს პუტინი თავად ნიშნავდა. კრემლის შერჩეული წევრები კულტურის სფეროდან იყვნენ. მსახიობებს, ტელეწამყვანებს და საზოგადოებისთვის ცნობილი სპორტსმენებს კრემლმა დაავალა სახელმწიფო გადაწყვეტილებების კონტროლი, კანონპროექტების გაანალიზება და დასკვნების წარმოდგენა. აშკარა იყო, რომ კრემლი ქმნიდა სამოქალაქო საზოგადოების ილუზიას,  დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნების და კვლევების საპირისპიროდ. კონტროლირებადი მედია კი კონტროლირებადი სამოქალაქო საზოგადოების ლოიალური მოსაზრებების ფართო გაშუქებით ახშობდა კრემლის ოპონენტების ხმებს.

კრემლის მოქმედებების ერთიანობამ დამოუკიდებელი მაკონტროლებლების მიმართ  - დისკრედიტაციის კამპანიამ, რეგისტრაციის და საქმიანობის შემზღუდავი კანონის მიღებამ და ალტერნატიული „ექსპერტთა“  ჯგუფის შექმნამ -  რეალურად  დაასუსტა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებაზე მათი გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

პუტინის მხარდამჭერიქუჩისაქტივისტთა ჯგუფების შექმნა

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი აკონტროლებდა ძალაუფლების მთავარ ვერტიკალს, ძალოსნებს, პარლამენტს, სასამართლოს, საარჩევნო სისტემას, მედიას, გასაკონტროლებელი იყო ქუჩაც.

ფერადმა რევოლუციებმა (სერბეთი, საქართველო, უკრაინა) პუტინს დაანახა, რომ ახალგაზრდები დიდი გამოწვევაა რეჟიმის საწინააღმდეგო აქციების დროს. სწორედ მათ შეცვალეს  ქუჩის დემონსტრაციებით ავტოკრატი რეჟიმები რუსეთის მეზობლად.

ამ გამოწვევის დასაძლევად და „ქუჩის“ გასაკონტროლებლად კრემლმა 2005 წელს შექმნა პუტინის მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებსაც 2007 და 2008 წლების საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს საპროტესტო აქციების პრევენცია უნდა მოეხდინათ. პრევენცია გულისხმობდა კონტრაქციებს და ქუჩის დაპირისპირებასაც პუტინის ოპონენტ ახალგაზრდებთან.

ათობით ასეთი პროპუტინისტური ორგანიზაცია (ნაში, ვმარშუემ ვმესტე, ვმესტნიე, გიორგიევსკი, მალადაია გვარდია)  დაარსდა, რომლებიც სრულად იზიარებდნენ „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციას, რუსეთის სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას დასავლეთის კრიტიკისგან.

პროპუტინისტური ორგანიზაციები თავს ანტიფაშისტებს უწოდებენ, რადგან პუტინის ოპონენტებს კრემლის პროპაგანდა ფაშისტებად მოიხსენიებდა. ოპონენტების მიმართ საბჭოთა  პროპაგანდის ეს ნაცნობი გზაც - ამ ტერმინების გამოყენება - ამომრჩეველზე გათვლილი სვლა იყო. ეს არა მხოლოდ მათ მარგინალიზაციას ისახავდა მიზნად, არამედ მიანიშნებდა მათ კავშირზე კოლექტიურ დასავლეთთან და მისგან მომდინარე საფრთხეზე.

ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ქმნიდნენ ოპონენტი პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების შეურაცხმყოფელ კარიკატურებსაც პროსტიტუტების ფორმებით, რომლებსაც ხელში დოლარები ეჭირათ, თითქოს ისინი ამერიკულ ფულზე იყიდებოდნენ.  

2011 წელს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გამო დიდი ანტისამთავრობო გამოსვლების განეიტრალება პროპუტინისტური ორგანიზაციის კონტრაქციებმა წარმატებით შეძლო.  საპროტესტო აქციის მესამე დღეს პროპუტინისტური კონტრაქცია ქუჩაში გამოსულ მშვიდობიან  ახალგაზრდებს ფიზიკური დაპირისპირებისთვის იწვევდა.   

ეს ორგანიზაციები ასევე მართავდნენ აქციებს გეიპროპაგანდის კრიმინალიზების მოთხოვნით, სადაც დასავლური ქვეყნების დროშებს წვავდნენ.

სამწუხაროდ, ძალაუფლების შენარჩუნების კრემლის ეს დეზინფორმაციული პოლიტტექნოლოგია რუსეთის არაერთმა მეზობელმა ქვეყანამ წარმატებით გადაიღო და დღემდე იყენებს.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.