X

რონდელის ბლოგი

რატომაა მნიშვნელოვანი ბაიდენის ტურნე ახლო აღმოსავლეთში?

2022 / 07 / 26

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

13-16 ივლისს გაიმართა ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ტურნე (აშშ-ის პრეზიდენტის რანგში) ახლო აღმოსავლეთში, სადაც იგი ამ რეგიონში ამერიკის მომხრე და მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.

ტურნე ჩატარდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, როდესაც ერთი მხრივ, მომატებულია უსაფრთხოების რისკები, მეორე მხრივ კი, გაზრდილია ფასები სურსათსა და ენერგომატარებლებზე და, შესაბამისად, მსოფლიო ლიდერები ეძებენ რუსული ენერგომატარებლების ჩანაცვლების ალტერნატიულ გზებს. ენერგომატარებლებით კი სწორედ ახლო აღმოსავლეთია მდიდარი.

რა საკითხები განიხილეს ლიდერებმა გამართულ შეხვედრებზე და რატომ იყო მნიშვნელოვანი ბაიდენის ეს ტურნე?

ვიზიტი ისრაელში  

ბაიდენის ახლო აღმოსავლური ტურნეს პირველი გაჩერება ისრაელში იყო და ეს ბუნებრივიცაა - ვაშინგტონი რეგიონში ამ ქვეყნის უახლოესი მოკავშირეა და ამასთან, ებრაული ლობის პოზიცია მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ში მოახლოებული არჩევნების ფონზე.

აქ ბაიდენი შეხვდა როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს (რომელიც რიგგარეშე არჩევნებამდე, ანუ 2022 წლის 1 ნოემბრამდე შეასრულებს პრემიერის მოვალეობას), ისე ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერს ბინიამინ ნეთანიაჰუს, რომელსაც 1 ნოემბერს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ექნება შანსი გახდეს ისრაელის ლიდერი.

ამ ორივე შეხვედრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ისრაელის უსაფრთხოება (და შესაბამისად, ირანთან და პალესტინასთან და ზოგადად არაბულ სამყაროსთან დაკავშირებული საკითხები) იყო.

ჯო ბაიდენის შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან

მართალია, ბაიდენი არ არის ისრაელის ისეთი რადიკალურად მხარდამჭერი პრეზიდენტი, როგორიც თავის დროზე დონალდ ტრამპი იყო, მაგრამ მან დაარწმუნა ისრაელის ხელმძღვანელობა, რომ მარტო არ დატოვებს ირანული საფრთხის წინაშე (სწორედ თეირანს ადანაშაულებენ ისრაელის წინააღმდეგ მოქმედი პალესტინური ორგანიზაციების დაფინანსებასა და მათთვის შეიარაღების მიწოდებაში), მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩიხშია შესული და თეირანი აცხადებს, რომ მას შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი.  ეს კი პირდაპირი ეგზისტენციალური საფრთხეა ისრაელისთვის.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი კვლავაც განაგრძობს რეგიონში მთავარი მოკავშირის – ისრაელის მხარდაჭერას და ეს განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროს ეხება.

საგულისხმოა, რაც ისრაელში მყოფმა ბაიდენმა თეირანის ბირთვულ ამბიციებთან დაკავშირებით განაცხადა: აშშ „ირანს არ მისცემს იმის უფლებას, რომ მან შეიძინოს/მოიპოვოს ბირთვული იარაღი“.

ისრაელში ვიზიტისას ასევე გაიმართა I2U2-ის ოთხმხრივი სამიტი, ზუმის საშუალებით, აშშ-ის, ისრაელის, ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მონაწილეობით, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სურსათისა და წყლის რესურსების კრიზისზე, კლიმატის ცვლილებისა და ენერგეტიკის საკითხებზე.

ვიზიტი პალესტინაში

ბაიდენი ისრაელის შემდეგ პალესტინასაც ეწვია, სადაც 300 მილიონი დოლარის დახმარების (აქედან 100 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება აღმოსავლეთ იერუსალიმში მოქმედ საავადმყოფოებს, რომლებიც ემსახურებიან პალესტინელებს,  200 მილიონი აშშ დოლარი კი დაიხარჯება პალესტინელთა სხვა საჭიროებებისთვის) გაწევის პირობა დადო და ისრაელ-პალესტინის პრობლემის მოგვარების „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის გამოყენებით მოგვარებაზეც ისაუბრა.

მაგრამ ყველა ხვდება, რომ ისრაელ-პალესტინის პრობლემა ახლო მომავალში ვერ მოგვარდება და ეს უფრო აშშ-ის გრძელვადიანი სურვილია.

ვიზიტი საუდის არაბეთში

ამ ტურნესთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში  ყველაზე დიდი კრიტიკა ბაიდენის საუდის არაბეთში გამართულმა ვიზიტმა გამოიწვია. ბაიდენი თავის დროზე მკაცრად აკრიტიკებდა საუდის არაბეთის ხელისუფლებას ცნობილი საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო.

ახლა კი იგი ჩავიდა და შეხვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანს

ბაიდენისა და მოჰამედ ბინ სალმანის შეხვედრამ ხელის ჩამორთმევის გარეშე ჩაიარა

მხარეებმა წინასწარ დაგეგმილი საათ-ნახევრის ნაცვლად სამი საათი ისაუბრეს, რის შემდეგაც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის 18 ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სხვა თემებთან ერთად ადამიანის უფლებებზე, ხაშოგის მკვლელობასა და ნავთობის მოპოვების საკითხებზე ისაუბრეს.

ამ უკანასკნელ საკითხზე დეტალური განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, აშშ იმედოვნებს, რომ საუდის არაბეთი გაზრდის ნავთობის მოპოვებას, რაც მსოფლიო ბაზარზე შეამცირებდა როგორც ნავთობის ფასს, ისე რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებას.

ამ მხრივ საინტერესოა, როგორი იქნება საუდის არაბეთის, როგორც ნავთობის მომპოვებელი გიგანტის პოზიცია 3 აგვისტოსთვის დანიშნული OPEC+ ჯგუფის შეხვედრაზე. ამ შეხვედრაზე საუდის პოზიციის დაფიქსირებისას გაირკვევა, მიაღწიეს თუ ვერ აშშ-სა და საუდის არაბეთის ლიდერებმა რაიმე სახის შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებზეც ილაპარაკეს. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა საჰაერო სივრცე გახსნა ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. თუმცა, სხვა პრობლემები ისევ რჩება ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობებში და მათ ერთმანეთთან დღემდე არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

აშშ-საუდის არაბეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაიმართა ბაიდენის შეხვედრა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს 6 (ამ საბჭოში შედიან კატარი, ქუვეითი, ომანი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ომანი) და ახლო აღმოსავლეთის 3 ქვეყნის (ეგვიპტე, იორდანია და ერაყი) ლიდერებთან, როგორც ცალ-ცალკე, ისე გაერთიანებული ფორმატით.

ბაიდენის შეხვედრა არაბული ქვეყნების ლიდერებთან

ამ შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებსა და  რეგიონულ საკითხებზე (აშშ-ის ფინანსური დახმარებები, ისრაელ-არაბების კონფლიქტი, ირანის, რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ახლო აღმოსავლეთში, რადიკალიზაცია, ტერორიზმი, ISIS, სირიისა და იემენის სამოქალაქო ომები, ერაყის ქურთისტანის საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული სურსათის კრიზისი და მისი გავლენა რეგიონზე და ა.შ.)

გაერთიანებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა ხაზგასმით ისაუბრა ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ქმედებებზე მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის გამოსვლის მთავარი მესიჯი იყო, რომ „შეერთებული შტატები არ აპირებს არსად წასვლას (რეგიონიდან)“.

დასკვნები

  • ბაიდენის ტურნე ახლო აღმოსავლეთში ნიშნავს, რომ ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვანია ეს რეგიონი და მისი ინტერესები გრძელვადიანია;
  • აშშ-ის ინტერესი კიდევ უფრო იზრდება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რომელიც ქმნის ახალი სახის გამოწვევებსა და საფრთხეებს მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთშიც;
  • აშშ არ აპირებს ახლო აღმოსავლეთიდან წასვლას და არ შეეგუება სხვა აქტორების (უპირველეს ყოვლისა, რუსეთის, ჩინეთისა და ირანის) გავლენების გაზრდას რეგიონში. იგი მჭიდროდ იმუშავებს რეგიონის ქვეყნებთან ამ სამი ქვეყნის გავლენების ზრდის პრევენციისთვის;
  • ვაშინგტონში კარგად ესმით, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემები (მაგალითად, ისრაელ-არაბული კონფლიქტი) გრძელვადიანია და მოკლე პერიოდში ვერ გადაწყდება. მაგრამ აშშ აპირებს გააგრძელოს მუშაობა მათ მოსაგვარებლად, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნას პირობები ისრაელ-არაბული ქვეყნების (შესაძლოა არაპირდაპირი) ალიანსის ჩამოსაყალიბებლად ირანის წინააღმდეგ;
  • აშშ-ში კარგად ესმით, რომ უახლოეს პერიოდში  ვერც აშშ-საუდის არაბეთს შორის არსებული სირთულეები აღმოიფხვრება. თუმცა, ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობას ეროვნული ინტერესები (საუდს - ირანული საფრთხე, აშშ-ს კი ნავთობზე მოთხოვნა) კარნახობს, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დააახლოონ საკუთარი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
  • აშშ-ის ინტერესი და აქტიური ჩართულობა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მნიშვნელოვანია მასთან მოსაზღვრე რეგიონებისთვის და მათ შორის, სამხრეთ კავკასიისთვისაც. აშშ-სთვის სულ ერთი ვერ იქნება რა სიტუაცია იქნება ახლო აღმოსავლეთის სამეზობლოში. ეს მდგომარეობა კი, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ზრდის ვაშინგტონის საქართველოთი დაინტერესების ხარისხსაც.

 

 

 

 
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.