X

რონდელის ბლოგი

რა იცის საქართველოზე ჟოზეფ ბორელმა

2019 / 10 / 22

ვალერი ჩეჩელაშვილი, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი 

საქართველოს საკითხი უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში - ამ  მოსაზრების თაობაზე კარგი ხანია შეთანხმდნენ ქართველი ექსპერტები. კარგია, რომ ამ აზრს საქართველოს პრეზიდენტიც შეუერთდა. გერმანიის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„კითხვაზე, რას ვისურვებდი დაძაბულ სიტუაციასთან მიმართებაში და კონფლიქტებთან მიმართებაში, ვისურვებდი, პირველ რიგში, დეესკალაციას და დეოკუპაციას - თუ სურვილებზეა ლაპარაკი. თუ იმაზეა საუბარი, ახლა რა შეიძლება გაკეთდეს და რას ვითხოვთ პარტნიორებისგან, ერთი და მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველო დაბრუნდეს დღის წესრიგში, არ იყოს მივიწყებული…“[1]

ეს განცხადება კარგია, მაგრამ საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს დაბრუნებისათვის არ კმარა არც ზოგადი განცხადებები და არც ტვიტერში გზავნილის გამოქვეყნება. ამისათვის აუცილებელია დიპლომატიის მიზანმიმართული სისტემური მუშაობა ყველა პარტნიორთან, პირველ რიგში კი, ევროკავშირთან.

ესპანელი პოლიტიკოსი, ქვეყნის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჟოზეფ ბორელი წარდგენილია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე.  

2019 წლის 7 ოქტომბერს ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის პროფილურ კომიტეტში გაიმართა ჟოზეფ ბორელის მოსმენა. სამსაათიანი სხდომის შემდეგ  იგი პარლამენტარებმა ტაშით გააცილეს. ევროპარლამენტის პრორუსული ძალები ნამდვილად ვერ დარჩნენ კმაყოფილი შედეგით, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან აშკარად მოექცნენ უკიდურეს უმცირესობაში. სხდომამ ჟოზეფ ბორელისთვის წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ევროპარლამენტი სულ მალე დაამტკიცებს მის კანდიდატურას.

მოსმენის მიმდინარეობისას ბორელმა გააჟღერა მეტად საყურადღებო გზავნილები. საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მისი რუსეთთან დამოკიდებულება. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით იმედები არ გაგვიცრუვდა. ევროკავშირის მომავალი უმაღლესი წარმომადგენელი ღიად ასახელებს რუსეთს, როგორც ევროკავშირისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს, ხაზს უსვამს მის პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობას.   ბორელმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ხაზგასმით დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა. ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების ჩათვლით.

რა თქვა ჟოზეფ ბორელმა?

„ჩემს შესავალ განცხადებაში, დროის დაზოგვის მიზნით, დავეყრდნობი კონცეპტუალურ საფუძველს და არა გეოგრაფიულ მიდგომას. მაგრამ თავიდანვე განვმარტავ, რომ ჩემი მიზანი არის დასავლეთის ბალკანეთის რეფორმებისა და ინტეგრაციის პროცესებში ჩართვა, უკრაინის დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა (ჩანაწერის 17 წუთი 01 წამი; ვ.ჩ..), ჩვენ სამხრეთის სამეზობლოში გამძაფრებულ გამოწვევებთან გამკლავება, აფრიკის მიმართ ახალი ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება, აზიასთან მიმართებით სტრატეგიის შემუშავება, ლათინურ ამერიკასთან ჩვენი თანამშრომლობის განვითარება, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადატვირთვა“.[2]

როგორც ვხედავთ, დასაწყისშივე, დასავლეთ ბალკანეთის შემდეგ, ბორელმა მეორე პრიორიტეტად დაასახელა უკრაინის დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. საქართველო კი ამ შეფასებაში არ ჩანს.

„წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს დაუპირისპირდა ძალის პოლიტიკის ლოგიკა, რაც გაცილებით უსამართლო და არაპროგნოზირებადია და შეიცავს კონფლიქტების საშიშროებას. ძალის პოლიტიკა ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი განადგურებულია, საქმე გვაქვს ნაკლებ შეთანხმებასთან და მეტ ვეტოსთან, ირღვევა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა (მხოლობითში (!), (19:11); ამას ადასტურებს ომი უკრაინაში.“[3]

საქართველო ისევ არ არის ნახსენები. 

ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან, ბატონმა ურმას პაეტმა დაუსვა კითხვა კანდიდატს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე სამეზობლოში და გაამახვილა ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისათვის დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე (2:03).[4]ზოგად კონტექსტში, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, დეპუტატმა საქართველოს პრობლემებიც ახსენა. დამატებით კითხვაში (2:06:36) მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც კი გაიხსენა. სამწუხაროდ, პასუხისას ბორელმა კვლავ მხოლოდ უკრაინაზე გაამახვილა ყურადღება.  მის პასუხებს აშკარად ეტყობოდა საქართველოს პოზიციის შესახებ ინფორმაციის არქონა.

მართალია, აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით პოლონელი დეპუტატი ანჟეი ჰალიცკის კითხვაზე პასუხისას  ბორელმა გაიხსენა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია (2:18) [5]სამწუხაროდ - ისევ სანქციების კონტექსტის გარეშე. თანაც ეს ნაწილი მისი მთლიანი ხედვიდან ერთობ ამოვარდნილი იყო.[6]

სამსაათიანი განხილვის განმავლობაში ეს იყო ის შემთხვევები, როდესაც ევროპარლამენტის შენობაში გაჟღერდა სიტყვა „საქართველო“. თავი იჩინა სამწუხარო ტენდენციამ: ყველა აღიარებს რუსეთის დანაშაულს უკრაინის მიმართ და რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების პოლიტიკის აუცილებლობას. საქართველო კი ამ სურათში არ ჩანს და, რაც ყველაზე მეტად დამაფიქრებელია, არც მოიაზრება ამ კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ორივე ქვეყნის მიმართ აწარმოებს ანალოგიური აგრესიისა და ოკუპაციის პოლიტიკას.

როგორ შეიძლება ამ ვითარების შეცვლა?

სამწუხაროდ, მომიწევს კარგად ცნობილი ჭეშმარიტების გამეორება: მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ აქტიური სისტემური დიპლომატიური მუშაობით ყველა პარტნიორთან. და, რა თქმა უნდა, ხაზი უნდა გავუსვათ უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად მოქმედების აუცილებლობას.

როგორ უნდა გვემოქმედა 7 ოქტომბრის სხდომის  მოლოდინში?

პირველი - 7 ოქტომბრის ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის პროფილური კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით პოზიციების შეთანხმების მიზნით კიევში უნდა გაგვემართა კონსულტაციები;

მეორე - უნდა დაგეგმილიყო საქართველოს ელჩის შეხვედრა ჟოზეფ ბორელთან, უკეთესი იქნებოდა - უკრაინელ კოლეგასთან ერთად (ამის მოთხოვნა წინასწარ კიევში უნდა შეთანხმებულიყო). დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან უკრაინის ელჩის ასეთი შეხვედრა გაიმართა. უნდა მოგვეთხოვა უკრაინასთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის, საქართველოსთვის დახმარების გაძლიერების თემის წამოწევაც. და ამ კონტექსტში რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციების პოლიტიკის შენარჩუნება / გაძლიერება, ვიდრე რუსეთი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას ორივე ქვეყნის (და არა მხოლოდ უკრაინის) მიმართ;

მესამე - საქართველოს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ევროპარლამენტში, თუნდაც პოლონეთისა თუ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენელთა სახით. ერთ-ერთი ასეთი მეგობარი პარლამენტარისათვის უნდა გვეთხოვა ჟოზეფ ბორელისთვის კითხვის დასმა საქართველოს თემაზე. ამ კითხვისათვის იგი მზად უნდა ყოფილიყო საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ. 

კვლავაც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - უკრაინამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის პროფილური კომიტეტის 7 ოქტომბრის სხდომა, ჩვენგან განსხვავებით, სამწუხაროდ. ცხადია აგრეთვე, რომ ბრიუსელში არ მომხდარა პოზიციების კოორდინირება არც თბილისსა და კიევს შორის და არც საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიურ მისიებს შორის. ყოველ შემთხვევაში - ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკის პროფილური კომიტეტის 7 ოქტომბრის სხდომასთან მიმართებაში.

14 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის  ვადიმ პრისტაიკოსა და ჟოზეფ ბორელის შეხვედრა.  ბორელმა დაადასტურა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მიდგომების თანმიმდევრულობა. მისი თქმით, სანქციები ძალაში დარჩება, ვიდრე მინსკის შეთანხმება სრულად არ განხორციელდება და არ აღდგება უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა...[6]

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.