X

კონფერენციები და სემინარები

რონდელის ფონდის პროექტი სამ საუკეთესოს შორის დასახელდა

2019 / 12 / 11

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა 6 დეკემბერს ბრიუსელში, რონდელის ფონდის პროექტი "საერთო რეაგირება ჰიბრიდული საფრთხეებზე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერება", 2019 წლის სამ საუკეთესოს შორის დაასახელა. სერტიფიკატი ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს კახა გოგოლაშვილს ფორუმის ყოველწლიური ასამბლეის ბოლო პლენარულ სხდომაზე გადასცეს.   

კახა გოგოლაშვილმა 4-6 დეკემბერს ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-11 ასამბლეაში. ფონდის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში წარადგინა ნაშრომი ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ. ასევე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიაში, რომელიც ევროკავშირთან ასოცირებულ სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპულ მომავალს ეხებოდა. ასამბლეის ფარგლებში მან ასევე უხელმძღვანელა სესიას ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ.     

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი 2009 წლის პრაღის დეკლარაციის შედეგად, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა. ფორუმი რეგიონის ევროპეიზაციის პროცესში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს (300-ზე მეტი დელეგატი და მონაწილე).    

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.