X

კონფერენციები და სემინარები

ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში

2019 / 03 / 06

2019 წლის 6 მარტს რონდელის ფონდში პროექტის – „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“ – ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებსა და დაბა ხულოს, დაბა ნასაკირალისა და სოფ. ზოტის  ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შორის. შეხვედრა მიზნად ისახავდა რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობას და აქტუალური საკითხების მოგვარების გზების ძიებას.

რეგიონებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ,  საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნარგიზ დეკანაძემ, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ და ზოტისა და ნასაკირალის სკოლების დირექტორებმა. მოხსენებით გამოვიდნენ და აქტიურ მსჯელობაში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლიკა გიგაურმა, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა და ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, ასევე ომბუდსმენის ოფისის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს წარმომადგენლებმა. რეგიონებში მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და მთის დეპარტამენტის უფროსმა  გიორგი დიდიძემ. შეხვედრას უძღვებოდა რონდელის ფონდის მკვლევარი, პროექტის ხელმძღვანელი ზურაბ ბატიაშვილი.

პროექტს „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა მაღალმთიან გურიასა და აჭარაში“ 2018 წლის ნოემბრიდან ახორციელებს რონდელის ფონდი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.