X

ლექციები და ტრენინგები

რონდელის ფონდმა დაიწყო ახალი პროექტი - თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში

2020 / 10 / 30

რონდელის ფონდმა დაიწყო 10-თვიანი პროექტი - "თემთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება ადიგენის მუნიციპალიტეტში". დაბა ადიგენსა და სოფელ მოხეში უფროსკლასელებისთვის რეგულარულად ჩატარდება ლექციები სამოქალაქო განათლებისა და ეროვნული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეებს ასევე დაურიგდებათ ჟურნალი „ჩემი სამყაროს“ მიმდინარე გამოცემები.

22-23 ოქტომბერს, რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევრებმა კახა გოგოლაშვილმა და გიორგი ბადრიძემ დაბა ადიგენსა და სოფელ მოხეს უფროსკლასელებთან განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და საგარეო პოლიტიკის ფორმირება.

29-30 ოქტომბერს, ალექსი პეტრიაშვილმა და ემზარ ჯგერენაიამ ჩაატარეს ლექციები თემაზე "საქართველოს გზა ნატოს წევრობისკენ" და "სამშობლო და სახელმწიფო"

პროექტის დახმარებით, სკოლის მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება, დემოკრატია, სამოქალაქო აქტივიზმი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ნატო და ევროკავშირი, საქართველო-რუსეთი, ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა, მეწარმეობა, მედიაწიგნიერება და ა.შ. ასევე იგეგმება ჟურნალ „ჩემი სამყაროს“ საფუძველზე ვიქტორინების ჩატარება, გამარჯვებულთა გამოვლენა, მათი დაჯილდოება და თბილისში ექსკურსიის მოწყობა. შედეგად, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ისწავლიან, რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი და შეიძენენ სამართლებრივი სახელმწიფოს მოქალაქისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.