X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია - ”ევროპის კონვენციური შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება და ევროპის უსაფრთხოება”

2010 / 12 / 15

2010 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ”ევროპის კონვენციური შეიარაღებული ძალების ხელშეკრულება და ევროპის უსაფრთხოება”. ლექცია წაიკითხა აშშ-ის   სამხედრო კოლეჯის მოწვეულმა პროფესორმა, ჯეფრი მაკ-კოსლენდმა. პროფესორმა მაკკოსლენდმა ზოგადად მიმოიხილა ხელშეკრულების  თავდაპირველი რედაქციის ისტორია და  1999 წელს ხელმოწერილი  შესწორებული ვარიანტის დეტალები. მან ისაუბრა ევროპაში კონვენციური შეიარაღების შეზღუდვის რამდენიმე სამომავლო  სცენარის შესახებ. მისი აზრით, შესწორებული ხელშეკრულება თითქმის კარგავს აზრს თუკი რუსეთი, რომელმაც ”შეაჩერა” თავისი მონაწილეობა 2007 წლის ბოლოს, არ დაიცავს შესწორებულ ხელშეკრულებაში წამოყენებულ ძირითად მოთხოვნებს. თუმცა, CFE -ის არსებობის შეწყვეტა არ ნიშნავს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების დასასრულს, რადგანაც ამაზე საუბარი შეიძლება შესწორებული ხელშეკრულების საფუძველზე განახლდეს.

ჯეფრი მაკკოსლენდის გამოსვლამ დამსწრე საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და შეხვედრა კითხვა-პასუხის სახით გაგრძელდა. დაისვა შეკითხვები თვით ხელშეკრულებისა და საქართველოსთვის კონვენციური შეიარაღების შეზღუდვის მნიშვნელობის თაობაზე. პროფესორი მაკ-კოსლენდის პასუხების მიხედვით გამოჩნდა, რომ კონვენციური შეიარაღების შეზღუდვა მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ხოლო თვით შეიარაღების შეზღუდვა კი ის საკითხია, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობა უნდა იცნობდეს. დისკუსიის დროს ასევე ნათელი გახდა, რომ საბრძოლო ატომური იარაღის, განსაკუთრებით,  რუსეთის 3000-დან 8000-მდე საბრძოლო მარაგის რეგულირებისა და შემცირების შედეგად მალე უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება შეიარაღების შეზღუდვას კავკასიის რეგიონში და ასევე ევროპაში.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.