X

ლექციები და ტრენინგები

საჯარო ლექცია საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესახებ

2011 / 07 / 26

2011 წლის 26 ივლისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში დოქტორმა იუჯინ კოგანმა (ლიბერალური პოლიტიკის საერთაშორისო ინსტიტუტი, ვენა, ავსტრია) ჩაატარა საჯარო ლექცია სახელწოდებით: საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების დღის წესრიგი. დოქტორმა კოგანმა მიმოიხილა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს  მდგომარეობა, მიმართულებები და სირთულეები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე და მის შემდეგ.მომხსენებელმა წარმოადგინა ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დასკვნებიც გააცნო. ი. კოგანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებამდე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ინტენსიურად აფინანსებდა სახმელეთო ჯარის მშენებლობას და განვითარებას. 2008 წლის აგვისტოს ომმა და მისმა შედეგებმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების  საკითხების სხვადასხვა ნაკლი გამოავლინა. საქართველოს შეიარაღებულმა ჯარებმა და მისმა რეზერვის ნაწილმა ცუდად წარმოაჩინეს თავი ომის დროს. ამის შედეგად საქართველოს მოსახლეობასა და მის სამხედროებს შორის ნდობა დაიკარგა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლია და რასაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არც ეთმობა. ამასთან აღსანიშნავია ასევე დიალოგის ნაკლებობა ზოგადად სამხედროებსა და კერძოდ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. რუსეთთან ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების და/ან კონფლიქტის შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობას საქართველოს მოსახლეობის და არა მხოლოდ სამხედროთა სრული მხარდაჭერა დასჭირდება. ამიტომ ნდობის დაკარგვას და დიალოგის ნაკლებობას სასწრაფოდ უნდა მიექცეს ყურადღება, ამის გადადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საქართველოს  მოსახლეობასა და სამხედროებს შორის კავშირის შესაძლებლობები უნდა იყოს არა მხოლოდ განხილული, არამედ გააზრებულიც.

გამომსვლელის აზრით, წარსულში თავდაცვის მინისტრებისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელების ხშირმა ცვლილებამ და მათმა ბიუროკრატიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოების ერთობას და მუშაობას. ხაზგასმით და განმეორებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს არ შეუძლია ჰქონდეს ის ფუფუნება, რომ ჰყავდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგის ექსპერტების არაკომპეტენტური, გამოუცდელი და არასაიმედო ჯგუფი. ამ სამხედრო ექსპერტებმა და ექსპერტებმა პარლამენტიდან და ეროვნული უშიშროების საბჭოდან ერთად უნდა იმუშაონ, რომ დააჩქარონ ისეთი სტრატეგიული დოკუმენტების განხილვა, როგორებიცაა სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა და ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვა და მათი შემდგომი განხორციელება.

ბოლოს ი. კოგანმა დასკვნის სახით აღნიშნა, რომ შიდასაუწყებო კოორდინაცია არა მხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაუმჯობესდეს. ძალიან Mმნიშვნელოვანია განათლებული, კარგად გაწვრთნილი, მობილური, კარგად შეიარაღებული და მომზადებული მაღალპროფესიონალური ძალების ყოლა. ეს ამოცანა არა მხოლოდ კარგ დაგეგმვას, არამედ მეტად შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს. კერძოდ, ბიუჯეტის შეზღუდვის დროს როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი რთული ამოცანა. ქართველი ხალხი ქვების სროლით რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს. საქართველოში უნდა მოხდეს იარაღის წარმოება, რადგან საქართველო რჩება დასავლური იარაღის გამოუცხადებელი ემბარგოს ქვეშ.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.