X

ლექციები და ტრენინგები

ერთობლივი სემინარი "კვებეკის სეპარატიზმი კანადაში: განვითარება, მართვა და შესაძლო მნიშვნელობა საქართველოსთვის"

2013 / 12 / 18

2013 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციისა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი სემინარი "კვებეკის სეპარატიზმი კანადაში: განვითარება, მართვა და შესაძლო  მნიშვნელობა საქართველოსთვის". მომხსენებელი იყო მეთიუ ლაითი, კანადელი მეცნიერი, ტორონტოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. სემინარის მსვლელობისას ბატონმა ლაითმა ილაპარაკა კანადის პროვინცია კვებეკში სეპარატიზმის განვითარების საფუძვლებზე, დინამიკაზე, საფრთხეებზე, თავისებურებებზე, მისი კონტროლის მცდელობაზე.

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა, რომ კვებეკის სეპარატიზმი ეთნიკური ხასიათისაა, სათავეს იღებს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, როდესაც ბრიტანეთის სამეფომ დაიპყრო კანადის პროვინციები.  თანამედროვე ეპოქაში ამ სეპარატიზმმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა, რამაც ფრანგულენოვანი თემისთვის არნახული პრივილეგიბის მინიჭებით შესაძლებელი გახადა პროცესის მართვა. ენობრივი პრივილეგიები და ძალიან მაღალი დონის ავტონომიური უფლებები დღეს კვებეკის კანადის შემადგენლობაში დარჩენის სტიმულია. მომხსენებლის აზრით, ამ მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ხელისუფლებამ შიდა კონფლიქტების მოგვარების საქმეში. დამსწრე საზოგადოების ნაწილმა, საქართველოში არსებული სრულიად განსხვავებული კულტურულ-პოლიტიკური რეალიების გამო, საეჭვოდ მიიჩნია კვებეკის მოდელის წარმატების შესაძლებლობა

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.