X

ლექციები და ტრენინგები

ტრენინგი „საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“

2016 / 01 / 11

2016 წლის 1 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სალექციო-სასწავლო კურსის - „საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“ - პირველი ლექცია. სალექციო-სასწავლო კურსი ტარდება პროექტის „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში - საქართველო“  ფარგლებში. სასწავლო კურსი გახსნა ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და მონაწილეებთან საერთაშორისო ვაჭრობის თეორიასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე ისაუბრა. მან ასევე მიმოიხილა პროტექციონიზმის, სავაჭრო ლიბერალიზაციისა და სამთავრობო პოლიტიკის საკითხები, სავაჭრო თავდაცვის მექანიზმები, თავისუფალი ტრანზიტი, დავის გადაწყვეტასა და სავაჭრო ბარიერებთან დაკავშირებული თემები.

2-კვირიანი ტრენინგის ფარგლებში ჩატარდება სემინარები თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელებში, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ისეთ ასპექტებში, როგორებიცაა: ტარიფები და მათი დადგენის წესები, სანიტარიული/ფიტოსანიტარიული საკითხები და სხვ. პროგრამაში მონაწილეობს 30-ზე მეტი საჯარო მოხელე შემდეგი სამთავრობო უწყებებიდან: საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, სახელმწიფო მინისტრის აპარატები ევროპულ  და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ასევე დიასპორის საკითხებში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 

პროგრამა „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში - საქართველო“ 2009 წლიდან ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრსა და შესაბამის საჯარო ინსტიტუტებს ადამიანური რესურსების განვითარებაში, აამაღლოს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის დონე მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციის უნარებში, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ევროინტეგრაციის  მიმდინარე პროცესებში. პროგრამას აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ევროპის კოლეჯთან და ესტონეთის დიპლომატიურ სკოლასთან ერთად. 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.