X

ლექციები და ტრენინგები

დაიწყო ახალი სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის

2015 / 09 / 22

2015 წლის 22 სექტემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის ახალი სასწავლო კურსის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება.

საზეიმო ღონისძიება გახსნა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა მეტრეველმა. სიტყვით გამოვიდნენ პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე და „ქალთა პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა მაჭავარიანი. პროგრამის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, თბილისის საკრებულოს წევრები, პროგრამის მონაწილეები და ფონდის სხვადასხვა პროექტის კურსდამთავრებულები.  

პროგრამა მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკური იდეოლოგიები, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეროვნული უსაფრთხოება და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული პოლიტიკა. პროგრამის ფარგლებში, ექვსთვიან სასწავლო კურსს გაივლის საქართველოს 16 პოლიტიკური პარტიის 35 წარმომადგენელი. პროექტი ხორციელდება ფონდ "ეროვნული მემკვიდრეობა დემოკრატიისათვის" მხარდაჭერით.

2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი მხარს უჭერს ქართული პოლიტიკური ინსტიტუტების გაძლიერების საქმეს. პროექტს თავდაპირველად ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა  დიდი ბრიტანეთის საელჩო, შემდეგ პროგრამა განხორციელდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დახმარებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. 2013 წელს, პროგრამა დააფინანსა  კომპანიამ  JTI (Japan Tobacco International). ამ წლების მანძილზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ განხორციელებული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ ტრენინგ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 


 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.