X

შეხვედრები და დისკუსიები

პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“

2023 / 04 / 27
26 აპრილს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, რონდელის ფონდის ორგანიზებით, პროექტის „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, ჩატარდა ფოტოგამოფენა და ლექცია, რომელსაც ჯოყოლოს, ომალოსა და დუისის საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.
მწერალ არჩილ ქიქოძისა და ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძის ავტორობით გამოიცა ფოტოწიგნი „ჩვენ - 30 ამბავი“ და მომზადდა ფოტოგამოფენა, რომელიც მოიცავს 30 პორტრეტსა და 30 ამბავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შესახებ. გამოფენის მიზანია სტიგმების შემცირება და შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის გამგეობის წევრი ნინო კალანდია პანკისის ხეობის მოსწავლეებს ესაუბრა იმ სირთულეებზე, რასაც შშმ პირები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. დისკუსიის ბოლოს, მოსწავლეებმა დახატეს პოსტერები და წარმოადგინეს თავისი ხედვა თუ როგორ უნდა ამაღლდეს ცნობიერება და მოხდეს შშმ პირების სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
პროექტი „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ხორციელდება შვედეთის ქ. ჰუდიკსვალის მუნიციპალური ორგანიზაცია „გლადა ჰუდიკ თეატრის“ მიერ. ამ თეატრის დასი შედგება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპური განვითარების მსახიობებისგან. თეატრალური საქმიანობის პარალელურად, „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა. პროექტს აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო უწყება „შვედური ინსტიტუტი“. პროექტს ასევე მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტის განხორციელება საქართველოში 2020 წელს დაიწყო. პროექტში მონაწილეობა მიიღო 50 საშუალო სკოლამ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ხარაგაული, გურჯაანი, ხაშური და სხვ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ნახულობენ ფილმს „რამდენი მოცვია ამქვეყნად?“ და „მოდის ჩვენება“. მთავარი როლების შემსრულებლები ტიპური და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსახიობები არიან. მოსწავლეებთან ერთად განიხილება კონკრეტული საკითხები, როგორიც არის გარიყულობა, დისკრიმინაცია, ჩაგვრა, ბულინგი, ბავშვის უფლებათა კონვენცია.
დოკუმენტური ფილმები პროექტის შესახებ:
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.