X

შეხვედრები და დისკუსიები

რგვალი მაგიდა - "ენერგოგაერთიანებაში საქართველოს სრული წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შუალედური შედეგები"

2014 / 04 / 10

2014 წლის 10 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მხარდაჭერით ორგანიზაციამ “პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის” (PSI) ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე: ენერგოგაერთიანებაში საქართველოს სრული წევრობის შესახებ მოლაპარაკებების შუალედური შედეგები. შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტული საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მთავარი მომხსენებლები იყვნენ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ენერგეტიკის პოლიტიკის ანალიტიკოსი ლიანა ჯერვალიძე. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი.

შეხვედრაზე ლიანა ჯერვალიძემ (ორბელიანის სახელობის სტრატეგიული და ენერგეტიკული კვლევების ცენტრი (PSI)) მიმოიხილა  ენერგოგაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების მოსალოდნელი შედეგები, როგორც შიდა ენერგეტიკული ბაზრის მოწყობის, ისე   ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით.

მთავარმა მომხსენებელმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ევროკომისიასთან საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: 

• რამდენად ეძლევა საქართველოს შესაძლებლობა და გონივრული ვადები ენერგეტიკული სექტორის რეორგანიზაციისთვის; რამდენად შესაძლებელია სექტორის რეორგანიზება იმგვარად, რომ ქვეყანას არ წარმოექმნას საარბიტრაჟო დავები ბაზარზე მოქმედ კერძო კომპანიებთან;

• რამდენად ინარჩუნებს საქართველო ტრანზიტის საფასურად გაზის მიღების შესაძლებლობას  იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის სივრცეში ტრანზიტის საფასურად გაზის მიღება დაშვებული არ არის.

მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და სამინისტრო მოლაპარაკების ახალი რაუნდამდე, მაისის დასაწყისამდე,  ელოდება ხელშეკრულების ახალ  ვარიანტს, შეთანხმებული შესწორებებით. 

მარიამ ვალიშვილის გამოსვლას მოჰყვა დისკუსია, რომლის დროსაც მან უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობისა და საქართველოსთვის მისი სავარაუდო შედეგების შესახებ.

 

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.