X

შეხვედრები და დისკუსიები

ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა

2016 / 08 / 01

2016 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით პროექტის - „ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის გზების ძიებაში" - ფარგლებში რუსი და ქართველი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

პროექტის მონაწილეებმა იმსჯელეს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე: ძირითადი პოლიტიკური მოვლენები და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოსა და რუსეთში, ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები, რეგიონალური კონფლიქტები, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, მინსკის შეთანხმება, ჟენევის დისკუსიები და უსაფრთხოების საკითხები, ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია, ნატოს გაფართოება, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და მისი გავლენა რუსეთის დამოკიდებულებაზე.

ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ერთად ასევე განიხილეს ქართულ-რუსული ურთიერთობების ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ასპექტები და ისაუბრეს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე საერთო ინტერესების შესახებ.

პროექტის მიზანია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებისთვის ალტერნატიული არხის გახსნა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. პროექტის შედეგად ორივე ქვეყანაში შეიქმნება ნდობაზე ორიენტირებული ექსპერტთა ჯგუფები.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.