X

შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო დისკუსია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ

2016 / 10 / 27

2016 წლის 26 ოქტომბერს “მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში” საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ჰორუმბას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მოხსენებითი სიტყვით გამოვიდნენ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ქეთევან ჩაჩავა და რუმინეთის ელჩი საქართველოში რადუ ჰორუმბა, რომელთაც ხაზი გაუსვეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ყველასათვის თანაბარი და სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას.

საჯარო დისკუსია გაიმართა პროექტის „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“ ფარგლებში, რომლის მიზანია, საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მათთვის გასაგები ენითა და ფორმით მიიღონ სწორი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რათა შეიცვალოს დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაინახონ იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.