X

შეხვედრები და დისკუსიები

ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა-დისკუსია

2016 / 10 / 31

2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ორგანიზებით პროექტის „ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის გზების ძიებაში“ ფარგლებში გაიმართა ქართველი და რუსი  ექსპერტების სამუშაო შეხვედრა.

პროექტის მონაწილეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული ფართო სპექტრის საკითხები, როგორიცაა: საქართველო-რუსეთის პოლიტიკური განვითარება,  საპარლამენტო არჩევნები საქართველოსა და რუსეთში, ამ ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკის შედეგები, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მათ შორის პროგრესი სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ასოცირების შესახებ შეთანხმების მიღწევა, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შედეგები, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დათბობა და სირიაში მიმდინარე მოვლენების გავლენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე.

ამავე დღეს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა „საქართველო და რუსეთი: ურთიერთობის სტატუსი, პრობლემები, სამომავლო პერსპექტივა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოცზე მეტმა ექსპერტმა. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი იულია ბლეზიუსი.

დისკუსიის თემატიკა მოიცავდა საქართველო-რუსეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს - პოლიტიკურ  ურთიერთობებს, ეკონომიკასა და კონფლიქტებს.

ექსპერტებმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან ერთად ასევე განიხილეს ქართულ-რუსული ურთიერთობების ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ასპექტები და ისაუბრეს რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე საერთო ინტერესების შესახებ.

პროექტის მიზანია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისთვის ალტერნატიული არხის გახსნა და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში წვლილის შეტანა, ასევე - მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის ფორმატის განვითარება.

პროექტი ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.