X

შეხვედრები და დისკუსიები

პანელური დისკუსია „ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში: რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პირისპირ“

2016 / 12 / 16

2016 წლის 16 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ჩრდილოეთისა და ბალტიიის ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში: რუსეთიდან მომდინარე საფრთხის პირისპირ“.

შეხვედრა გახსნა ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დისკუსიის მომხსენებლები და მოკლედ მიმოიხილა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატი, მისი ისტორია, სტრუქტურა და პრიორიტეტები.

დისკუსიის მომხსენებელთა შორის იყვნენ ესტონეთის  ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი და ესტონეთის დიპლომატიური სკოლის დირექტორი ეკე ნომი. მ. კალიურანდმა გამოსვლისას  ხაზი გაუსვა  ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების თვალსაზრისით. ის ასევე შეეხო ევროპის ახალ გამოწვევებს, როგორიცაა მიგრაციის კრიზისი, ტერორიზმი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.  დისკუსიაში აგრეთვე მონაწილეობდა  საქართველოში ლატვიის ელჩი იანის ზლამეცი, რომელმაც დეტალურად დაახასიათა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატი. ბოლოს შეხვედრა შეაჯამა ეკე ნომმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. დასასრულს გაიმართა საინტერესო დისკუსია აუდიტორიასა და მომხსენებლებს შორის ისეთი საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბალტიის ზღვის ქვეყნების გამოცდილება, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მექანიზმები, ფინეთისა და შვედეთის თანამშრომლობა ნატოსთან  და სხვა მრავალი.

დისკუსია გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ესტონეთის დიპლომატიის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე ლექციათა ციკლის - „ბალტიის ზღვის ქვეყნების გამოცდილება საქართველოსთვის“ - ფარგლებში. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.