X

შეხვედრები და დისკუსიები

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხის თაობაზე

2004 / 06 / 25

2004 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა გამართა საკომიტეტო მოსმენა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) საკითხთან დაკავშირებით. სხდომაზე, როგორც ექსპერტი, მიიწვიეს კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. სხდომის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციამ.

კრების დროს რამდენიმე მონაწილე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ სიტყვით წარსდგა დასმწრეთა წინაშე. საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარემ, კონსტანტინე გაბაშვილმა შესავალი სიტყვა წარმოთქვა. მან ხაზი გაუსვა ENP -ში საქართველოს ჩართვის მნიშვნელობას იმ მხრივ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოცემულ ფაქტს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე; საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის პოლიტიკის, ეკონომიკისა და პრესის განყოფილების ხელმძღვანელმა, ელჩის რწმუნებულმა ჟაკ ვანტომმა განიხილა ევროკავშირში ახალი განვითარებები  და განმარტა სამეზობლო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები; საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, ჰარი მოლენაარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის პოლიტიკურ მიზნებს და ევროკავშირის მომავალი დღის წესრიგის საკითხს; საპარლამენტო ექსპერტმა, ვასილ ჭყოიძემ დამსწრე საზოგაოდებას სამეზობლო პოლიტიკის მოქმედების შესაძლო გეგმა გააცნო. მოცემული გეგმა სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად იქნება შედგენილი.

საკომიტეტო მოსმენის დასასრულს, თავის გამოსვლაში კახა გოგოლაშვლი უფრო ფართოდ შეეხო მოცემულ საკითხს და ისაუბრა ზოგადად ევროკავშირის პოზიციაზე სამხრეთ კავკასიის მიმართ. მან  ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პოლიტიკის დაგეგმარებაში პოსტ-გაფართოების ინერტულობაზე და თავისი მოსაზრებები გამოთქვა სამეზობლო პოლიტიკის განხროციელების ინსტრუმენტებზე. გოგოლაშვილმა განიხილა სამეზობლო პოლიტიკის შეთანხმებები და პარალელები გაავლო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სხვა ისეთ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა: პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება, ევროპის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმებები და ა.შ. სამეზობლო შეთანხმების ფინანსურ ინსტრუმენტებზე არსებული რიგი თანამედროვე მოსაზრების ანალიზის შემდეგ, კახა გოგოლაშვილმა თავისი გამოსვლის დასასრულს დაასკვნა, რომ იმის შესაძლებლობა, ევროკავშირმა საგრძნობლად გაზარდოს მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების დაფინანსება, ნაკლებად დამაჯერებელია.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.