X

შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“

2019 / 02 / 21

21 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი), ფონდისა და საქართველოში უკრაინის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება - დისკუსია „უკრაინისა და საქართველოს დეოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების როლი“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიოტირების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  შესახებ დისკუსიის გამართვა საქართველოს ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის.

დისკუსიის მონაწილეებმა მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული პოლიტიკური და სოციალური  ვითარება და იმსჯელეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და  სამოქალაქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტების ჩართულობით და დახმარებით, მშვიდობიანი გზით ამ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის გზების შესახებ.

ღონისძიების მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოში უკრაინის ელჩი იჰორ დოლჰოვი,  ყირიმის თათართა მეჯლისის თავმჯდომარე ახტემ ჩიგოზი და მისი მრჩეველი ნარიმან უსტაევი, უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვოლოდიმერ ოგრიზკო, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რონდელის ფოდნის უფროსი მკვლევარებისშოთა უტიაშვილი და ვალერი ჩეჩელაშვილი. 

დისკუსიის დასასრულს წიგნის „Russia – The Main Threat to Global Order:  The Urgent Need for Counteraction and the Creation of a Deterrence System“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და მედიისა წარმომადგენლები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.