X

შეხვედრები და დისკუსიები

რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში

2019 / 11 / 21

2019 წლის 18-19 ნოემბერს  ევროპის სახალხო პარტიასთან (EPP) არსებული ინტერრელიგიური დიალოგის ფარგლებში რონდელის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ვიზიტი ბრიუსელში. შეხვედრები გაიმართა ნატოს სათავო ოფისში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში.  

18 ნოემბერს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სათავო ოფისში დელეგაციის წევრები შეხვდნენ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის. აპატურაისთან შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე და ამ პროცესში სხვადასხვა რელიგიის წამომადგენლების ჩართულობაზე ისაუბრეს. 

ამავე დღეს ვიზიტის მონაწილეებმა ევროპის სახალხო პარტიის ოფისში ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანთან, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსთან და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, პატრიკ ვოლერთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.  ასევე ისაუბრეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევების ფაქტზე.  შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მათი თანამშრომლობა საქართველოსთვის სასარგებლო საკითხების გადაჭრას შეუწყობს ხელს.

დელეგაციის მონაწილეები შეხვდნენ ევროპარლამენტის კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარესა და ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის წევრებს. ისინი ასევე დაესწრნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას.

19 ნოემბერს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში „ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.