X

სიახლეები

საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921

2021 / 05 / 26

"საქართველოს რესპუბლიკის კალენდარი - 1918-1921“, რონდელის ფონდის (GFSIS) პროექტია, რომელიც 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პრესის მიხედვით.

კალენდრის მომზადების დროს, წყაროებად გამოყნებულია: „საქართველო“; „სახალხო საქმე“; „ერთობა“; „თეატრი და ცხოვრება“; „საქართველოს რესპუბლიკა“; „ხმა ქართველი ქალისა“; „ეშმაკის მათრახი“; „ბათომის ცხოვრება“ და კიდევ სხვა არაერთი გამოცემა.

დღეიდან, ყოველდღიურად, გამოქვეყნდება თითო მნიშვნელოვანი ამბავი (ქართულად facebook-ზე და ინგლისურად - twitter-ზე) რაც დაინეტერესებულ საზოგაოდებას საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნოს 1918-1921 წლების  დამოუკიდებელი საქართველოს ქრონიკას - მათ შორის ყველა იმ საკითხს, რაც 1918-1921 წლებში, საქართველოს რესპუბლიკის წარმატების, წუხილის, თუ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.

თვალი ადევნეთ ფეისბუქის გვერდს ყოველდღიური სიახლეებისთვის.

No description available.

1918 წლის 26 მაისს, გაზეთ „საქართველოს“ პირველ გვერდზე, მარცხენა ზედა კუთხეში, იქ, სადაც „საგულისხმო ცნობები“ იბეჭდებოდა, მხოლოდ სამი სიტყვა ეწერა – „საქართველოს დამოუკიდებლობა გადასწყდა“. ეს სამი სიტყვა ყველაფერს იტევდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების ცნობის პარალელურად, 26 მაისის „საქართველოს“ ფურცლებზე არაერთი სხვა სტატია დაიბეჭდა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. მათ შორის – სარედაქციო სტატია, რომლის ზემოთაც დიდი ასოებით ეწერა  – „დამოუკიდებელი საქართველო აღდგა, გაუმარჯოს საქართველოს!“. იმავე ნომერში იყო სტატიები: „საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე“ და რაფიელ ივანიცკის (რ. ინგილო) სტატია „ახალი გზით“, რომელიც ასე სრულდებოდა: „საქართველოს უზენაესმა პოლიტიკურმა დაწესებულებამ პარასკევ საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის უდიდეს მნიშვნელობას, შესაძლოა, ბევრი ვერც კი ჰგრძნობდეს: ეროვნულმა საბჭომ საჭიროდ დაინახა საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადება!“

გაზეთის ფურცლების მიღმა კი მოვლენები ასე განვითარდა: 26 მაისის დილით ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა გაიმართა, სადაც სიტყვით გამომსვლელების შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა რეზოლუცია წარმოადგინეს, რომლის მხარდაჭერის შემდეგაც ამიერკავკასიის დაშლა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე დღეს, სეიმის დაშლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული საბჭოს ისტორიული სხდომა ჩატარდა. სხდომას ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. პრეზიდიუმში ისხდნენ: გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და გრიგოლ ვეშაპელი. სხდომის მდივნობა ილია ზურაბიშვილს ებარა. 

ნოე ჟორდანიამ თავდაპირველად სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხზე გადავიდა. იყო ხანგრძლივი ტაში და ოვაციები.

სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. თავი არავინ შეიკავა. საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა!  ნოე ჟორდანიამ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გააცნო.

1918 წლის 26 მაისის სხდომაზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოს მთავრობის დროებითი შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობის თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ნოე რამიშვილი დაინიშნა; საგარეო საქმეთა მინისტრად – აკაკი ჩხენკელი; სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე გახდა; ფინანსები და ვაჭრობა-მრეწველობა გიორგი ჟურულს ერგო; განათლების მინისტრობა გიორგი ლასხიშვილს მიანდეს; მიწათმოქმედების და შრომის სამინისტრო – ნოე ხომერიკს; იუსტიციის მინისტრის პოსტზე შალვა ალექსი-მესხიშვილი დაამტკიცეს; ხოლო გზათა მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე გახდა.

ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ნოე რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოებს ტელეგრამით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება ამცნო.

1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებელმა საქართველომ ახალი ცხოვრება დაიწყო.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.