X

სხვა

ფონდსა და "ჯეი-თი-აი კავკასუსს" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

2013 / 02 / 13

2013 წლის 13 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა ფონდსა და "ჯეი-თი-აი კავკასუსს" (JTI Caucasus) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა და შეთანხმების გაფორმების ცერემონია. 

ფონდში "ჯეი-თი-აი კავკასუსის" (JTI Caucasus) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სამსახურისა და მედიის ეფექტიანობის გაზრდა და ფინანსების, ეკონომიკისა და სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში ჯანსაღი დებატების წარმოების პროცესის ხელშეწყობა. 

პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს სახელმწიფო უწყებების საშუალო რგოლისა და მედიის იმ წარმომადგენლების გადამზადება (სულ 10 ადამიანი), ვინც პირდაპირ არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ და სავაჭრო საკითხებზე პოლიტიკის შემუშავებასა და ინფორმაციის გავრცელებაში.

ძირითადი ლექციების პარალელურად პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეკონომიკის, ფინანსებისა და ვაჭრობის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების გამართვა. დისკუსიებს გაუძღვებიან დარგის პროფესიონალები - ამ სფეროში მომუშავე მაღალი რანგის საჯარო მოხელეები და ცნობილი ექსპერტები. მსმენელთათვის ლექციებს ჩაატარებენ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომლები. 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ინიციატივა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, ბატონი ნიკო მჭედილიშვილის იდეის საფუძველზე განხორციელდა. მემორანდუმის ხელის მოწერა ისტორიულ წამოწყებად შეაფასა ფონდის ხელმძღვანელმა, ბატონმა ალექსანდრე რონდელმა, რადგან ფონდის ისტორიაში პირველად კერძო სექტორის დაფინანსებით მოხდება საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.