X

სხვა

რონდელის ფონდსა და Sida-ს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

2017 / 10 / 04

2017 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გაიმართა პროგრამის ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში” 2016-2017 წწ. კურსის დახურვისა და რონდელის ფონდსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) შორის საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია.

ღონისძიება გახსნეს ფონდის პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი მოლი ლიენი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი და აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულები.

სასწავლო პროექტი, რომელსაც Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით რონდელის ფონდი 2009 წლიდან ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას პოლიტიკის ანალიზისა და მოლაპარაკებათა წარმართვის სფეროში. პროგრამა გაიარა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების 230-მა საჯარო მოხელემ.

ამავე ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას რონდელის ფონდსა და Sida-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს Sida-ს მხრიდან ფონდის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას 2017-2020 წლებში.

აღსანიშნავია, რომ ფონდის ინსტიტუციური მხარდაჭერის პროგრამას შვედეთის მთავრობა 2015-2017 წლებშიც ახორციელებდა. ეს მხარდაჭერა ზოგადად ხელს უწყობს საქართველოში სამოქალაქო სექტორის განვითარებასა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფას, ხოლო ფონდს  ეხმარება ინსტიტუციურ გაძლიერებაში, რათა უკეთ შეძლოს თავისი მიზნების განხორციელება, რაც მოიცავს საშინაო თუ ს აგარეო პოლიტიკის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში ეფექტურ მონაწილეობას კვლევისა და ანალიზის, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისა და საზოგადოების ინფორმირების გზით.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.