X

პრეზენტაციები

კვლევის ”ქართული გაკვეთილები: რუსული და დასავლური ინტერესების კონფლიქტი ფართო ევროპაში” ანგარიშის პრეზენტაცია

2010 / 11 / 16

2010 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა იანუშ ბუგაისკის კვლევის - ”ქართული გაკვეთილები: რუსული და დასავლური ინტერესების  კონფლიქტი ფართო ევროპაში” ანგარიშის  პრეზენტაცია. ეს ნაშრომი, რომლიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებსა და რუსეთის ნეოიმპერიალისტურ მისწრაფებებს შეეხება, თავად ავტორმა წარმოადგინა. ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს სატრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ალექსანდრე რონდელი.

იანუშ ბუგაისკი არის აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ცენტრის (CSIS) წამყვანი მკვლევარი და ახალი ევროპული დემოკრატიების პროექტის დირექტორი.  მას მიღებული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ის დახმარების საერთაშორისო ფონდის, იარაღის კონტროლისა და განიარაღების სააგენტოს და აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს საჯარო სამსახურის ერთობლივი საპატიო ჯილდო. მისი პუბლიკაციები და სტატიები ხშირად იბეჭდება ამერიკისა და ევროპის მნიშვნელოვან ჟურნალ-გაზეთებში.  

ბუგაისკიმ პრეზენტაცია დაიწყო თავისი ნაშრომის მოკლე მიმოხილვით. მან ყურადღება გაამახვილა მის მთავარ არგუმენტებზე. ავტორმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დღემდე რჩება დასავლეთის მეტოქედ და მისი ეს პოლიტიკა მთელ რიგ შორეულ მიზნებს უკავშირდება. კერძოდ, რუსეთი თავისი ძალაუფლების აღდგენას, ამერიკის უპირატესობის შერყევას, ნატოს კავშირის გათიშვას, ევროკავშირის ნეიტრალიზებას, ნატოს შემდგომი გაფართოების შეჩერებას და კრემლზე დამოკიდებული სუსტი მმართველობებით სათავეში თავისი გავლენის სფეროების აღდგენას ცდილობს. იანუშ ბუგაისკის დასკვნით, 2008 წლის აგვისტოს ომი მნიშვნელოვანი გაკვეთილია დასავლეთისთვის და დროა აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატომ უფრო ვრცელი, დინამიკური და კოორდინირებული დახმარებისა და თანამშრომლობის პოლიტიკას მიმართოს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფოს მიმართ.

შეხვედრის ბოლოს იანუშ ბუგაისკიმ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ექსპერტები, დიპლომატები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.