X

პრეზენტაციები

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღია წერილი

2016 / 06 / 23

2016 წლის 23 ივნისს, საქართველოს სამოქალაქო სახზოგადოების ორგანიზაციებმა ღია წერილის მეშვეობით მიმართეს ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ნატოს გენერალურ მდივანს. ღია წერილში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი ხედვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სტრატეგიის შესახებ და ასევე ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო გზის გამოკვეთის აუცილებლობა. წერილს ხელს აწერს 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია.

"საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჩვენი თაობის ისტორიული მისიაა. საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში და, კერძოდ, ნატოში სწორედ ამ პროცესის არსებითი ნაწილია. 

ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის არჩევამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში თანამედროვე დემოკრატიული და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში და მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გარდაქმნას.

საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი თანამედროვე, დემოკრატიულ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის. იგი ჯერაც დგას უამრავი შიდა თუ გარე გამოწვევის წინაშე. ბოლო ათწლეულის მანძილზე საქართველოს მოქალაქეებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისა და მოდერნიზაციის მომხრენი არიან, რომ მზად არიან საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, რაც ნათლად გამოჩნდა კიდეც საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. აღსანიშნავია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების იდეას საქართველოს უამრავი მოქალაქე უჭერს მხარს.

ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება დადებითად აისახება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და დაეხმარება ამ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ეს გააძლიერებს მშვიდობას და ხელს შეუწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს, უფრო გააძლიერებს დემოკრატიულ ძალებს და ამით მოემსახურება მთელი ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინტერესებს.

ევროპის მომავლის ყოვლისმომცველი სტრატეგიული ხედვა და მისკენ სვლის თანმიმდევრულობა, ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება, მდგრადი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა საბოლოოდ მოგვცემს თავისუფალ და მშვიდობიან ერთიან ევროპას. ნატოში საქართველოს გაწევრიანება კი ხელს შეუწყობს ამ უზარმაზარი მიზნის მიღწევას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსული რევიზიონიზმი სირთულეებს უქმნის ევროპული სახელმწიფოების სოლიდარობას და სამიზნედ აქვს ის მთავარი ღირებულებები, რაც ნიშნავს იყო ევროპელი. ამ ღირებულებების დაცვა, ასევე ყველა ევროპული ქვეყნის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება საკუთარი უსაფრთხოების ზომების შერჩევისას წარმოადგენს ერთადერთ გზას, რომ არ მოხდეს დაბრუნება ისეთ ევროპაში, სადაც სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და რომელიც დაყოფილია გავლენის სფეროების მიხედვით.

2008 წელს ნატომ მიიღო სტრატეგიული, ქმედითი გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ევროპული უსაფრთხოების წინაშე არსებული ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში ვარშავის სამიტი არის ის საკვანძო ეტაპი, სადაც უნდა ვუჩვენოთ ნატოს მხარდამჭერებსა და ასევე მოწინააღმდეგეებს მოკავშირეების მტკიცე ნება, რომ ისინი ესწრაფვიან ადრე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას.

ბოლო პერიოდის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ალიანსის სტრატეგიული მიზნების განხორციელების გზაზე წარმოქმნილ ნებისმიერ შეფერხებას რუსეთი ალიანსის სისუსტედ აფასებს. ეს კი თავის მხრივ ახალისებს რუსეთის შემდგომ აგრესიულ და რევიზიონისტულ ქმედებებს, რაც კარგად დავინახეთ კიდეც 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთის ქმედებებში საქართველოსა თუ უკრაინის ტერიტორიებზე.

ჩვენი ღრმა რწმენით საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ვარშავის სამიტზე გამოიკვეთოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა. ეს დაიცავს ევროატლანტიკურ ინტერესებს და დაეხმარება იმ პრინციპების გაძლიერებას, რომლებსაც ეფუძნება ალიანსი. 

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შემაკავებელი კონკრეტული ზომების გასატარებლად და გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას. 

ჩვენ მოველით, რომ ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები შექმნის ნატო-საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის უფრო ძლიერ და ერთიან სტრუქტურას, რომელიც არსებული მექანიზმებისა და რეალური შესაძლებლობების სრულად გამოყენების საშუალებას მოგვცემს და უზრუნველყოფს ყველა მოკავშირის ვალდებულებას ჩაერთოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ინსტიტუციური რეფორმების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერების საქმეში." - ნათქვამია წერილში.

 

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.