მიმოხილვის პერიოდი: 24 თებერვალი-31 ივლისი, 2022
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, ასევე - 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ. ძირითადი მოსაზრებები
რუსეთ-უკრაინის ომი და ბელარუს-უკრაინის დიპლომატიური „ომი“ ამ ეტაპზე ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელიც, ფაქტობრივად, რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაომარ პერიოდში ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის მხრიდან შეტევას გამორიცხავდა, 24 თებერვალს უკრაინაზე რუსული სამხედრო თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდანაც განხორციელდა. წარსულში ლუკაშენკო რუსეთის სამხედრო ოპერაციებში (იქნებოდა ეს ჩეჩნეთში თუ რუსეთის ფარგლებს გარეთ) მონაწილეობას ყოველთვის თავს არიდებდა. ამჯერად ლუკაშენკოს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია მისმა საერთაშორისო იზოლაციამ და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად მასზე რუსეთის გავლენის ზრდამ. ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე დაუწესეს სანქციები. ბელარუსი ამ ეტაპზე ახერხებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფები არ შეიყვანოს. 1 მარტს უკრაინულმა მხარემ უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის სამხედრო ძალების შემოსვლის შესახებაც განაცხადა, თუმცა ასეთი რამ არ დადასტურებულა. შემდგომშიც არაერთხელ გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, ბელარუსი ამ ეტაპზე რუსულ აგრესიაში თავისი ტერიტორიითა და ინფრასტრუქტურით ჩართულია, რამაც პოლიტიკური შედეგი უკვე გამოიღო. 23 მარტს ბელარუსმა უკრაინელი დიპლომატების უმრავლესობა „არამეგობრული“ (შიდა საქმეებში ჩარევა) ქმედებების გამო ქვეყნიდან გააძევა, მათ შორის ბრესტიდან, უკრაინის საკონსულოდან. მეორე დღეს უკრაინამ ბელარუსს კიევში დიპლომატების რაოდენობის შემცირება მოსთხოვა. დიპლომატების გაძევებამდე სკანდალური გამოდგა 18 მარტს ბელარუსის ელჩის მიერ უკრაინის საზღვრის დატოვებაც, როდესაც სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ელჩს „თეატრალური“ გაცილება მოუწყო. სამხედრო წვრთნები 18 თებერვალს პუტინმა ლუკაშენკოს კრემლში უმასპინძლა. 2022 წელს ეს მათი პირველი შეხვედრა იყო. 19 თებერვალს ბელარუსის ტერიტორიაზე სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნებს პუტინი და ლუკაშენკო მოსკოვიდან ადევნებდნენ თვალს. წვრთნების დროს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. წვრთნებში მონაწილეობდნენ საჰაერო-კოსმოსური, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო და ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ფლოტების ძალები და საშუალებები. ერთობლივი წვრთნების - „სამოკავშირეო სიმტკიცე - 2022“ აქტიური ფაზა 20 თებერვალს დასრულდა. პრეზიდენტების შეფასებით, სწავლებას თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა და არავის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. რეალურად კი, ბელარუსში გამართული სამხედრო წვრთნები უკრაინის წინააღმდეგ ომის მოსამზადებელი ეტაპი იყო, რაც რუსეთმა უკრაინაზე სამხედრო თავდასხმისთვის გამოიყენა. პუტინი და ლუკაშენკო სამხედრო წვრთნებს აკვირდებიან. წყარო: kremlin.ru მოლაპარაკებების მასპინძელი კონფლიქტში ბელარუსის მონაწილეობის მიუხედავად, რუსული და უკრაინული მხარეების მოლაპარაკების პირველი და მეორე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე დაიგეგმა. მხარეები პირველად 28 თებერვალს გომელის რაიონში, უკრაინის საზღვართან ახლოს, მდინარე პრიპიატის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. მეორე შეხვედრა 3 მარტს ბრესტის ოლქში, ბელოვეჟში გაიმართა. მოლაპარაკების მესამე რაუნდი 7 მარტს ასევე ბრესტის ოლქში გაიმართა, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს. ამ შეხვედრების შემდეგ რუსულ-უკრაინული შეხვედრები თურქეთის ტერიტორიაზე ან ონლაინ ფორმატში ჩატარდა, ბოლო თვეებში, კონფლიქტის ესკალაციის პირობებში კი, მოლაპარაკებები საერთოდ შეწყდა. გაეროს რეზოლუცია - ბელარუსი ერთადერთი მოკავშირე ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც, რუსეთის მსგავსად, გაეროში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა. 28 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. რეზოლუცია „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოქცეული ტერიტორიიდან“. მსგავსი შედეგი გამოვლინდა 24 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხზე რიგით მეორე რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). 38 წევრი არ ესწრებოდა სხდომას. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. როდის აღიარებს ბელარუსი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს? ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში ხანგრძლივი ვიზიტით იმყოფებოდა. 10 თებერვალს არძინბა რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანს დიმიტრი მეზენცევს შეხვდა. 17 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის ბაზაზე ჩამოყალიბდება ერთობლივი კომისია, რომელშიც რუსეთის, ბელარუსისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები გაწევრიანდებიან. კომისიის მთავარი მიზნები იქნება აფხაზეთში ინვესტიციების მიზიდვა და ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც ბელარუსის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას შეუწყობს ხელს. ყველაზე საყურადღებო მოვლენა მოხდა 24 ივნისს, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ვიქტორ შეიმანი სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ევრაზიული ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრაში არძინბაც მონაწილეობდა. ეს ბელარუსის მსგავსი მაღალი დონის ჩინოვნიკის პირველი ვიზიტი იყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. ბელარუს-რუსეთის ურთიერთობების დინამიკა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პოსტსაბჭოთა ლიდერებიდან ყველაზე ხშირად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ყველაზე ხშირად ხვდება მას, როგორც მრავალმხრივ, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენს გამოცემაში 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოვიხილავთ. თებერვალი ლუკაშენკოსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველივე დღეს, 24 თებერვალს, იყო. პუტინი ბელარუს კოლეგას უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. ომის პირველივე დღეს ლუკაშენკომ ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიწვია და მათთან ოპერატიული თათბირი ჩაატარა. სამხედროებთან ლუკაშენკოს მთავარი გზავნილები იყო: · პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბელარუსის საზღვრის გასწვრივ, სწრაფად იზრდება ნატოს სამხედრო პოტენციალი. ბელარუსის სიახლოვეს იქმნება დაჯგუფებები, რომლებიც ბელარუსის გავლით რუსეთს უნდა დაესხან თავს. ჩვენ არ ვიქნებით გამყიდველები და არ დავუშვებთ ზურგში ესროლონ რუს ხალხს. · რუსული სამხედრო დაჯგუფება, რომელიც ბელარუსში სწავლების შემდეგ დარჩა, საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმარება დავიცვათ დასავლეთის მიმართულება. · ჩვენ არ დავიწყებთ თავის მართლებას ვმონაწილეობთ თუ არ ვმონაწილეობთ ამ კონფლიქტში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი ჯარები იქ (უკრაინაში) არ არიან. თუმცა თუ ეს საჭირო გახდა ბელარუსისა და რუსეთისთვის, ისინი იქ იქნებიან. · პუტინმა დეტალურად გამაცნო ვითარება და როგორც (პუტინმა) თქვა, ოპერაციის ჩატარების მიზანი ცალსახაა: დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მოსახლეობის გენოციდის შეწყვეტა. · პუტინს პირადად შევთავაზე ბელარუსის სამხრეთში რუსეთის სამხედრო შენაერთები დაეტოვებინა, რადგან ჩვენ არ ვიყავით მზად არსებულ ვითარებაში სამხრეთი მიმართულება დაგვეცვა. პუტინი დათანხმდა სამხედროების დატოვებას, რადგან მისი თქმით, ეს კიდევ ერთი შანსი იყო გონებადაკარგულ პოლიტიკოსებს უკრაინაში შესაბამისი დასკვნები გამოეტანათ. · გარკვეული ფაქტები, რომლებიც დაფარულია მედიისთვის, მიუთითებს, რომ უკრაინას სურდა ეს კონფლიქტი. მათ არაფერი გააკეთეს ამის შესაჩერებლად. · შექმნილ ვითარებაში აუცილებელია დაუყოვნებლივ განვსაზღვროთ ღონისძიებები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ არანაირი საგანგებო ვითარება არ არის. აბსოლუტურად არაფერი მომხდარა. ახლა მთელი ძალისხმევა სახელმწიფო საზღვრის დასავლეთი მიმართულების დაცვის გაძლიერებისკენ უნდა მივმართოთ, რაც შეეხება სამხრეთის მიმართულებას, აქ ვითარება არ კონტროლდება. · პოლონეთის ხელმძღვანელობამ შექმნილი ვითარება შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. · ბელარუსი უახლოეს პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. ამ საკითხში ისე მოვიქცევით, როგორც უკეთესი იქნება რუსეთისა და ბელარუსისთვის. · რუსეთის ხელმძღვანელობა ჩვენ არასდროს გვისვამდა საკითხს რაიმე ოპერაციებში მონაწილეობის თაობაზე, არც „უკრაინულ ოპერაციაში“. ჩვენ ჩვენი ამოცანები გვაქვს, რომელიც შეესაბამება იმ კონფლიქტსა და ოპერაციას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. · უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა წავიდეს, რადგან ეს უფრო მეტ დივიდენდებს მოიტანს, ვიდრე კონფლიქტის ესკალაცია და საბოლოო ჯამში ომში წაგება. მარტი პრეზიდენტების შეხვედრა 11 მარტს პუტინმა ლუკაშენკოს კრემლში უმასპინძლა. შეხვედრა სხვადასხვა ფორმატში 5 საათს გაგრძელდა. შეხვედრაში მცირე ხნით რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში პუტინის წარმომადგენელი ვლადიმირ მედინსკიც მონაწილეობდა. შეხვედრის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ ერთიანი აზრი გამოითქვა, რომ უკრაინული მხარის სურვილის შემთხვევაში, კონფლიქტის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეიძლება. შეხვედრის მეორე ნაწილი დასავლეთისა და აშშ-ის მხრიდან მკაცრი ზეწოლისა და რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომის პირობებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხს შეეხებოდა. ამ კონტექსტში მხარეებმა ერთობლივი ნაბიჯები შეათანხმეს. ურთიერთდახმარება ბელარუსისთვის თანამედროვე რუსული სამხედრო ტექნიკის მიწოდებასაც ითვალისწინებს. შიდა პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, პუტინმა ლუკაშენკოს რეფერენდუმის წარმატებით ჩატარებაც (ჩატარდა 27 თებერვალს) მიულოცა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებას გულისხმობს. რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც 2020 წელს ბელარუსში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის პირობებში ლუკაშენკოს ძალაუფლებას საფრთხე შეექმნა. შეხვედრაზე ლუკაშენკოს მხრიდან შემდეგმა გზავნილებმა გაიჟღერა:
ლუკაშენკოს ხედვა ეკონომიკის განვითარების კუთხით პუტინმაც გაიზიარა. მისი თქმით, საბჭოთა კავშირიც სანქციების პირობებში ცხოვრობდა, ვითარდებოდა და აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს. ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საკითხზეც გამოთქვა მოსაზრება: „ჩვენ კი არ დავესხით თავს. ჩვენ არა! პრევენციულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სროლა მაშინ, როდესაც ჩვენ ორი დღით ადრე თქვენთან ვიყავით სახლში. ჩვენ ერთად ვისხედით ვერტმფრენში (18 თებერვალს, კრემლში საუბრის შემდეგ, ორივე პრეზიდენტი ქალაქგარეთ რეზიდენციაში გადაფრინდა). მუდმივად იტყობინებოდნენ. მათ დაიწყეს. ახლა კი მე გაჩვენებთ, თუ ბელარუსზე საიდან მზადდებოდა თავდასხმა. და თუკი ოპერაციის დაწყებამდე 6 საათით ადრე არ იქნებოდა განხორციელებული პრევენციული დარტყმა პოზიციებზე (4 პოზიცია, მე ახლა გაჩვენებთ - რუკა მოვიტანე), ისინი თავს დაესხმოდნენ ჩვენს ჯარებს - ბელარუსისა და რუსეთის, რომლებიც იყვნენ წვრთნებზე. ამიტომ ჩვენ არ გაგვიჩაღებია ეს ომი. ჩვენი სინდისი სუფთაა. კარგია, რომ დავიწყეთ. ბიოლოგიური იარაღი, ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურები... ყველაფერი ეს მზად იყო ასაფეთქებლად. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა
გუბერნატორებთან შეხვედრა 31 მარტს ლუკაშენკო რუსეთის პენზის ოლქის გუბერნატორს ოლეგ მელნიჩენკოს შეხვდა. აპრილი პრეზიდენტების შეხვედრა და საუბრები 1 აპრილს ლუკაშენკო პუტინს ტელეფონით ესაუბრა. სასაუბრო თემა უკრაინის საკითხსაც შეეხებოდა. 2 აპრილს პრეზიდენტებმა ბელარუსი და რუსი ხალხის გაერთიანების დღე მიულოცეს ერთმანეთს. 12 აპრილს, კოსმონავატიკის დღეს, პრეზიდენტებმა კოსმოდრომ „ვასტოჩნიზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს, მოგვიანებით კი კოსმოდრომის თანამშრომლებთან ისაუბრეს. პუტინმა შემთხვევა ისტორიულ რაკურსში განიხილა და კოსმოსის ათვისების საკითხში საბჭოთა კავშირის როლს გაუსვა ხაზი, რაშიც მან მთელი საბჭოთა კავშირის დამსახურება აღნიშნა. პუტინმა კოსმოდრომის თანამშრომლებთან შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის საკითხზე კრემლის ნარატივები გაიმეორა. კოსმოდრომზე პრეზიდენტების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდმაც გაავრცელა. კოსმოდრომის მონახულება. წყარო: kremlin.ru კოსმოდრომზე ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტებს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრაც, სადაც მთავარი აქცენტი საერთო საბჭოთა წარსულსა და მიღწეულ წარმატებებსა და სანქციების პირობებში მომავალი თანამშრომლობის განვითარებაზე გაკეთდა. შეხვედრის დასასრულს ერთობლივი პრეს-კონფერენციაც გაიმართა, სადაც ორმხრივი ურთიერთობების გარდა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში თანამშრომლობასა და უკრაინული ნაციონალიზმის აღმოცენებასა და მასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. პუტინმა უკრაინის ისტორიის ინტერპრეტაციაც მოახდინა და უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გადაქცევაზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა 26 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო რუსეთში ბელარუსის ელჩს - ვიქტორ სემაშკოს შეხვდა. რუდენკო სამინისტროში პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართულებას კურირებს. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილეს. გუბერნატორებთან შეხვედრა 28 აპრილს ლუკაშენკო რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორს, ალექსანდრ გუსევს, შეხვდა. მაისი პრეზიდენტების შეხვედრა და საუბრები 3 მაისს ლუკაშენკო ტელეფონით ესაუბრა პუტინს, 23 მაისს კი, პუტინმა ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა. შეხვედრაზე სანქციების პირობებში ეკონომიკური გამოწვევების გადაწყვეტის „წარმატებულ“ მაგალითებსა და თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. ლუკაშენკომ უკრაინის დანაწევრების საკითხზეც ილაპარაკა, რომელსაც, მისი აზრით, პოლიტიკოსები ცდილობენ: „ჩვენ გვაღელვებს, რომ ისინი მზად არიან, პოლონელები და ნატოელები, ისევე, როგორ 1939 წლამდე იყო ეს, წაიღონ დასავლეთი უკრაინა. ჩვენ ეს გვაღელვებს, რადგან ეს სტრატეგია დასავლეთ ბელარუსსაც ეხება“. პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა ხუთი საათი მიმდინარეობდა და შემდეგ არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა. კუხოს სამიტი 16 მაისს ლუკაშენკომ მონაწილეობა მიიღო კუხოს სამიტში, რომელიც მოსკოვში ჩატარდა. ლუკაშენკომ თავის გამოსვლაში კრემლის ნარატივი გაიმეორე: „მსოფლიოს ერთპოლუსიანი სისტემა წარსულს ბარდება. თუმცა, კოლექტიური დასავლეთი დაუნდობლად იბრძვის თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად. იყენებენ ყველა საშუალებას, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის (კუხო) პასუხისმგებლობის ზონაში, დაწყებული - დასავლეთის საზღვრებთან ნატოს იარაღის ჟღარუნით, დამთავრებული - ჩვენ წინააღმდეგ, პირველ რიგში, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, სრულმასშტაბიანი ჰიბრიდული ომის წარმოებით“. ლუკაშენკომ კუხოს ქმედებები გააკრიტიკა. მისი თქმით, „ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოავლინა ყაზახეთში იანვრის მოვლენების დროს. თუმცა, დღეს ვერ შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ ორგანიზაციაში სოლიდარულები ვართ და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს“. ამის მტკიცებულებად ლუკაშენკომ ორგანიზაციის ზოგიერთი წევრის მიერ საერთაშორისო სანქციების შიშით საკუთარ ტერიტორიაზე (რუსული და ბელარუსული კომპანიების) ფრენების აკრძალვა დაასახელა. კუხოს სამიტის ფარგლებში, 16 მაისს, ლუკაშენკომ პუტინთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო: იმპორტის ჩანაცვლების მიზნით ერთობლივი ნაბიჯების შემუშავება, ბელარუსის ტვირთების რუსეთის პორტებში გადამისამართება, სანქტ-პეტერბურგთან ბელარუსული პორტის მშენებლობა და ბელარუსში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების საკითხები. 9 მაისის აღნიშვნა ლუკაშენკომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მსოფლიო ლიდერებს მიულოცა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს. საინტერესოა, რომ თუ ბევრ შემთხვევაში მილოცვა ქვეყნის პრეზიდენტებს გაუგზავნეს, უკრაინის შემთხვევაში უკრაინელ ხალხს მიულოცეს . ელჩთან შეხვედრა 12 მაისს ლუკაშენკო ბელარუსში რუსეთის ელჩს ბორის გრიზლოვს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა 5 მაისს ლავროვი ტელეფონით ესაუბრა მაკეის. 18 მაისს მინსკში სამინისტროებს შორის ყოველწლიური საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში უფლებადაცვით საკითხებზე. ამავე დღეს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის საგარეო უწყების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა. გუბერნატორებთან შეხვედრა
ივნისი პრეზიდენტების შეხვედრა და საუბრები 25 ივნისს პუტინმა ლუკაშენკოს სანქტ-პეტერბურგში უმასპინძლა. შეხვედრა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს დაემთხვა. ამ შეხვედრაზეც, წინა შეხვედრების მსგავსად, ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას (2021 წელს ტვირთბრუნვა სამჯერ გაიზარდა და 38 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა). პრეზიდენტებმა ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის საკითხები განიხილეს, თუმცა, ლუკაშენკო ასევე შეეხო მეზობელი ქვეყნების ქმედებებს. მისი თქმით, „პოლონეთისა და ლიეტუვის ხელმძღვანელობა კონფრონტაციულ პოლიტიკას აწარმოებს. ბოლო პერიოდში ყველაზე მეტი დაქირავებული მებრძოლი უკრაინაში პოლონეთიდანაა. ლიეტუვა ასევე გეგმავს კალინინგრადის იზოლირებას და რუსეთიდან ანკლავისკენ ტრანზიტის შეჩერებას“. ლუკაშენკომ აშშ-სა და მისი ნატოელი მოკავშირეების საწვრთნელი ფრენების გამო შეშფოთება გამოთქვა, რადგან, მისი შეფასებით, წვრთნების დროს ბირთვული ქობინებისა და აღჭურვილობის ტარებაში ვარჯიშობენ. აქედან გამომდინარე, ლუკაშენკომ პუტინს სარკისებრი პასუხის გაცემის საკითხის განხილვა სთხოვა. საფრთხის პრევენციისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში, პუტინმა ბელარუსს „ისკანდერ-მ“-ის სარაკეტო-ტაქტიკური კომპლექსების გადაცემა შესთავაზა. პუტინთან შეხვედრამდე ლუკაშენკომ სანქტ-პეტერბურგთან, ბრონკში, ბელარუსული პორტის მშენებლობის პროცესიც მოინახულა. ლუკაშენკო-ლავროვის შეხვედრა 30 ივნისს ლუკაშენკომ ლავროვს მინსკში უმასპინძლა. შეხვედრაზე არსებულ ვითარებასა და დასავლეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრეს. ლავროვმა ისევ ახსენა, რომ ნატოს სამიტზე დოკუმენტებში კვლავ დაადასტურეს „ღია კარის პოლიტიკა“ და 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ნატოში უკრაინისა და საქართველოს წევრობის შესახებ. ლავროვმა მედიასთან ცალკე კომენტარებიც გააკეთა, მოგვიანებით კი ბელარუს კოლეგას შეხვდა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა. მინისტრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს. ლუკაშენკო ლავროვს მასპინძლობს. წყარო. mid.ru ლავროვის ბელარუსში ვიზიტი 29 ივნისი-1 ივლისის პერიოდში გაიმართა. ამ ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი საკითხები იყო: 2022-2023 წლების საგარეო-პოლიტიკური ნაბიჯების შეთანხმება, ეკონომიკური ინტეგრაციის 28 სამოკავშირეო პროგრამის შესრულების დიპლომატიური მხარდაჭერა. შეხვედრებზე უკრაინის საკითხიც განიხილეს, ასევე იმსჯელეს ისტორიის ფალსიფიკაციისა და ნეონაციზმის გამოვლინებასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრა პატრიარქთან 6 ივნისს ლუკაშენკო მინსკში რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა 2 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრე რუდენკო ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის სამმართველოს დელეგაციას შეხვდა. შეხვედრა მოსკოვში სამინისტროებს შორის კონსულტაციების ფარგლებში გაიმართა. 15 ივნისს ლავროვი მაკეის ტელეფონით ესაუბრა. 15 ივნისს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუს-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღნიშნეს. სამინისტროში ამ თარიღთან დაკავშირებით ფოტოგამოფენაც გაიხსნა. 29 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი შესტაკოვს შეხვდა. შეხვედრა სამინისტროებს შორის კონსულტაციების ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრა გუბერნატორებთან
ივლისი რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების IX ფორუმი 1 ივლისს პუტინმა რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების IX ფორუმის მონაწილეებს ვიდეო ჩართვით მიმართა. მიმართვის დროს, ამჯერადაც, პუტინმა ისტორიული პარალელები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ფორუმი იმართება ბელარუსის დამოუკიდებლობის დღის წინ, რომელსაც 3 ივლისს აღნიშნავენ. ამ დღეს, 1944 წელს, საბჭოთა ჯარებმა მინსკი გერმანელებისგან გაათავისუფლეს. პრეზიდენტების საუბრები ივლისში პრეზიდენტებს შორის მხოლოდ სატელეფონო საუბრები გაიმართა:
22 ივლისს პუტინი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა. შეხვედრის დროს რუსეთში ბელარუსის ახალი ელჩის დანიშვნის საკითხიც შეათანხმეს. ახალი ელჩი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კრუტოი იქნება. |