X

რონდელის ბლოგი

ქალები საქართველოდან სირიის კონფლიქტში და მათი მომავალი

2018 / 04 / 23

ავტორი: ალექსანდრე კვახაძე, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

მიუხედავად აქტუალურობისა, საქართველოს მოქალაქე ქალთა სირიის კონფლიქტში მონაწილეობის საკითხი შეზღუდულად არის გაშუქებული ადგილობრივ მედიაში და ამ საკითხის ირგვლივ არ ყოფილა საჯარო დებატი. ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა ჯიჰადისტურ დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ნაცხოვრები ქალების არსებობა არის საქართველოსთვის რისკის შემცვლელი.

სანდო ინფორმაციის ნაკლებობის მიუხედავად, დაფიქსირდა ქართველ ქალთა სირიაში გამგზავრების რამდენიმე შემთხვევა. ყველაზე ცნობილი იყო 17 წლის პანკისელი გოგოს სირიაში გაგზავნა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ბექა ტოხოსაშვილზე დაქორწინების მიზნით. მიუხედავად გოგოს ნათესავების პროტესტისა, ტოხოსაშვილის ნათესავების ხელშეწყობით გოგო საბოლოოდ მაინც გაემგზავრა სირიაში. მეორე ცნობილი შემთხვევა იყო 2015 წელს სოფელ ყარაჯალარის მკვიდრ ეთნიკური აზერბაიჯანელების, ანა სულეიმანოვასა და დიანა ღარიბოვას მიერ ოჯახების დატოვება და სირიაში ისლამურ სახელმწიფოს რიგებში გაერთიანება. გარდა ამისა, ისლამური სახლემწიფოს ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის, აჰმედ ჩატაევის მეუღლე, აინა მარგოშვილი იყო პანკისის ხეობის მკვიდრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც სახლობდა სირიაში მისი ქმრის იქ ყოფნის დროს. მხოლოდ ეს რამდენიმე შემთხვევა წარმოაჩენს საკმაოდ მწვავე პრობლემას და სავარაუდოდ, ქართველი ჯიჰადისტი ქალების ზუსტი რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

ცოტა რამ არის ცნობილი სირიაში წასულ ქალთა მოტივაციისა და ფუნქციის შესახებ. ჩრდილო კავკასიიდან მიგრირებულ ქალთა მაგალითი ცხადჰყოფს, რომ მათი უდიდესი ნაწილი დაყოლიებული იქნა მათი ქმრების მიერ. შეიძლება ითქვას, რომ მეუღლისადმი ერთგულება იყო სირიაში ქალთა მიგრაციის მთავარი მამოძრავებელი. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ინდოქტრინაციასა და ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დამყარებული შარიათის კანონების ერთგვარ მიმზიდველობას. ამასთანავე, სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე არსებულმა შედარებით მშვიდობიანმა დასახლებებმა, სადაც არსებობდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცხოვრებისთვის აუცილებელი საბაზისო ინფრასტრუქტურა, ბიძგი მისცა ქართველ მებრძოლებს რომ წასულიყვნენ კონფლიქტის ზონაში საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად. არ არსებობს ცნობა საქართველოდან წასულ ქალთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, სირიაში წასულ კავკასიელ ქალთა უმთავრესი ფუნქცია იყო დიასახლისობა და ბავშვების მოვლა. თუმცა, რამდენიმე ჩეჩენი ქალი დაფიქსირდა ისლამური სახელმწიფოს ქალებისგან შემდგარი ბრიგადის, ალ-ხანსა’ას რიგებში.

ისლამური სახელმწიფოს მისი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გამოძევების შემდეგ, უცხოეთიდან მიგრირებულმა არა-კომბატანტებმა დაკარგეს თავშესაფარი. ავტორის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სავალე სამუშაოები გვიჩვენებს, რომ ისლამური სახელმწიფოს პანკისელმა მებრძოლებმა გაგზავნეს თავიანთი ოჯახის წევრები შედარებით უსაფრთხო იდლიბის პროვინციაში, სხვა დაჯგუფებებში მყოფი კავკასიური ჯგუფების დაცვის ქვეშ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციური ძალების მიერ წარმოებული ინტენსიური დაბომბვების შემდეგ ზოგიერთი მებრძოლის ოჯახის წევრი გაუჩინარდა და ნათესავებთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ათეულობით ჩრდილო კავკასიელი ქალის მსგავსად, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა დაპატიმრებულიქნა ერაყული ან ქურთული ძალების მიერ.

სირიასა და ერაყში ნამყოფი საქართველოს მოქალაქე ქალების საკითხი შეიცავს რამდენიმე უსაფრთხოების გამოწვევას საქართველოსთვის. პირველ რიგში, ჩეჩნეთის ომმა დაამტკიცა, რომ ქალებს შეუძლიათ ეფექტური რეკრუტირება. კერძოდ, მათ შეუძლიათ უფრო ახალგაზრდა ქალების ინდოქტრინაცია ან ეწ „ჯიჰადის პატარძლების“ მოძიება მათი მებრძოლებმზე დაქორწინების მიზნით. მაგალითისათვის, ყოფილმა ბრიტანელმა პანკ მომღერალმა სალი ჯოუნსმა შესძლო ასობით ქალის ისლამური სახელმწიფოს რიგებში გადაბირება. მეორე, ქალი ჯიჰადისტები მოწყვლადები არიან თვითმკვლელ ტერორისტად რეკრუტირებისას, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მათ კონფლიქტისას დაკარგეს მეუღლე. ჩეჩენ თავის ამფეთქებელ ქალთა მაგალითი გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი მთავარი მამოძრავებელი იყო შურისძიება. გარდა ამისა, ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გატარებული რამდენიმე წლის განმავლობაში, ქალებმა განიცადეს ინდოქტრინაცია, რაც კიდევ უფრო გაართულებს მათი საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის საკითხს.

სირიიდან დაბრუნებულ ქართველ ქალთა შესახებ მონაცემები არ მოიპოვება ღია წყაროებში. ქართული კანონმდებლობის მიხედვით ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ შეიარაღებულ ჯგუფებში მონაწილეობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მსგავსი კანონმდებლობა ბუნებრივია, ხელს არ შეუწყობს ქალთა საქართველოში დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე გარემოება, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული:

  1. იმ ქალების გამოვლენა და იდენტიფიცირება, ვინც რაღაც პერიოდი გაატარა სირიაში არის საკმაოდ რთული და თითქმის შეუძლებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
  2. შესაძლებელია იმედგაცრუებული ქალების საკმაოდ ეფექტურად გამოყენება მათ ეთნო-რელიგიურ საზოგადოებაში რადიკალიზაციის წინააღმდეგ. ჩრდილო კავკასიელ ქალთა მაგალითი ადასტურებს, რომ მათი უდიდესი ნაწილი აღარ იზიარებს ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას და ზოგიერთმა მათგანმა სირიის ტერიტორიიდან გაქცევაც კი სცადა, მას შემდეგ როცა მიხვდა, რომ რეალობა მკვეთრად განსხვავდებოდა იმისაგან რასაც მათ ქმრები ან პროპაგანდისტები ჰპირდებოდნენ. ილუზიების ტყვეობიდან გამოსულ ქალთა ინტერვიუებსა და საჯარო გამოსვლებს შეუძლია დადებითად იმოქმედოს ახალგაზრდა ქალებზე და გაუქროს მათ ყოველგვარი სურვილი კონფლიქტურ ზონებში გამგზავრებისა და ჯიჰადისტური ორგანიზაციების წევრობისა. ზოგიერთი ქალი ასევე იქნა ფრუსტრირებული მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რასაც მოჰყვა ძალდატანებითი ქორწილი სხვა ისლამური სახელმწიფოს მებრძოლზე.
  3. ზრდასრული ქალების გარდა აგრეთვე არიან არასრულწლოვანი ქალები, რომლებიც ჯიჰადის ტერიტორიაზე მშობლებმა წაიყვანეს. მათი მშობლებისგან განსხვავებით, ისინი არ წასულან სირიაში საკუთარი ნებით, შესაბამისად, ისინი უნდა მივიჩნიოთ მსხვერპლებად და არა დამნაშავეებად. მართალია, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ცხადია, რომ არასრულწლოვან ქალთა მიმართ განსხვავებული მიდგომა უნდა იყოს.
  4. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. გარდა ინდოქტრინაციისა, ჯიჰადის ქალი მონაწილეები ცხოვრობდნენ საკმაოდ სტრესულ გარემოში, რაც ბუნებრივია დიდი ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენდა მათზე. დღესდღეობით, საქართველოს ასეთ ქალებთან მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია.

საქართველოს მოქალაქე ქალთა ჯიჰადში მონაწილეობა არის კომპლექსური საკითხი და საქართველოსთვის შედარებით ახალი ფენომენი. წყაროებისა და მასალის სიმცირე არ გვაძლევს ამ პრობლემის სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას. საველე სამუშაოებს სამიზნე ეთნო-რელიგიურ ჯგუფებში და სხვა ქვეყნებიდან ქალი მებრძოლების მაგალითებს შეუძლია მეტი სინათლე მოჰფინოს აღნიშნულ საკითხს და დაგვეხმაროს პრობლემის სიღრმისეულ გააზრებაში.  

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.