X

შეხვედრები და დისკუსიები

სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრა ბრიუსელში

2020 / 03 / 05

26 თებერვალს ბრიუსელში, ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის შტაბ-ბინაში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის  (CSP) მე-6 შეხვედრა. შეხვედრაზე პლატფორმის წევრებმა იმსჯელეს ასოცირების  შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრა გახსნეს CSP-ის თანათავმჯდომარეებმა - იშტვან კომოროჟსკიმ, უნგრეთის მომხმარებელთა კოოპერატივებისა და სავაჭრო ასოციაციების ეროვნული ფედერაციის (ÁFEOSZ-COOP) პრეზიდენტის მრჩეველმა, და კახა გოგოლაშვილმა, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა.

საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წარმომადგენლებმა შეაფასეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია CSP-ის წევრების მონაწილეობით. ორი სესია დაეთმო თემატურ გამოსვლებსა და ანგარიშებს, სადაც  ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა ანდჟეი ადამჩიკმა და სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა შეაფასეს. მშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის პოლიტიკის შესახებ ანგარიშები წარადგინეს იურისტმა ეკატერინე ქარდავამ და გაერთიანებული პროფკავშირების კონფედერაციის წარმომადგენელმა თამარ გაბისონიამ. სხდომის დასასრულს მონაწილეებმა ასოცირების განხორციელების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. 

რონდელის ფონდი დაარსების დღიდან მონაწილეობს CSP-ის მუშაობაში და მის შეხვედრებს უწევს ორგანიზებას. ფონდის წარმომადგენელი კახა გოგოლაშვილი  პლატფორმის თანათავმჯდომარეა.  

CSP-ის ანგარიშები და დეკლარაციის ტექსტი განთავსდება ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის ვებგვერდზე.    

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.