X

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკა

პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა: N59

ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი

მიმოხილვის პერიოდი: 1-15 ოქტომბერი, 2022

 

2022 წელს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის პრიზმაში უნდა განვიხილოთ. ამ ქვეყნების გადაწყვეტილებებიც რუსეთის სამხედრო აგრესიით არის ნაკარნახევი. 59-ე გამოცემაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მომხდარ ისეთ მნიშვნელოვან და/ან საინტერესო მოვლენებს მიმოვიხილავთ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს.

 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე ასევე იხილეთ 50-ე მიმოხილვა, რომელიც 21 თებერვალი-3 მარტის პერიოდს მოიცავს, 51-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე მოლდოვის რეაგირების შესახებ, 52-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ცენტრალური აზიის ქვეყნების რეაგირების შესახებ, 53-ე მიმოხილვა - უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის რეაგირების შესახებ, 54-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი გზავნილების შესახებ, 55-ე მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ბელარუსის რეაგირების შესახებ.

  • სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობის გარეშე ევროკავშირის მისიასთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს გავრცელებული კადრების შინაარსის გამოძიებისკენ მოუწოდებს.
  • რუსეთმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ფორმალური პროცედურა დაასრულა.
  • ბელარუსი და რუსეთი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.
  • გაერომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსია დაგმო, პოსტსაბჭოთა სივრციდან კი რუსეთს მხარი მხოლოდ ბელარუსმა დაუჭირა.
  • ყაზახეთმა რუსეთს უკრაინის ელჩის გაძევებაზე უარი უთხრა.
  • ყირგიზეთმა კუხოს დაგეგმილი წვრთნები გააუქმა.
  • ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს რუსეთის გვერდის ავლით, ახალი მილსადენით მიიღებს.
  • მოლდოვა გერმანიისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს.
  • სანქტ-პეტერბურგსა და ასტანაში დსთ-ის წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალური და ოფიციალური სამიტები ჩატარდა.
  • ჟენევის საერთაშორისო  მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჩატარდა.

 

სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობის გარეშე შეთანხმდნენ

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 7 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ გაავრცელა განცხადება ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, პრაღაში, ორრაუნდიანი შეხვედრის შედეგად მიღებული დოკუმენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს.

მოვლენა დეტალურად: აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა.

ფაშინიან-ალიევ-მაკრონ-მიშელის შეხვედრა. წყარო: armenpress.am

შეხვედრის შედეგად მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ორივე მხარე ადასტურებს  გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის ერთგულებას, რომლითაც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს;  მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ ეს გახდება საზღვრის დელიმიტაციის კომისიების მუშაობის საფუძველი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომისიების სხდომა ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში ჩატარდება; სომხეთი თანახმაა დაეხმაროს ევროკავშირის სამოქალაქო მისიას აზერბაიჯანის საზღვართან,  აზერბაიჯანული მხარე კი, თავის მხრივ, დათანხმდა ამ მისიასთან ითანამშრომლოს ამ ფარგლებში, რამდენადაც ეს აზერბაიჯანს ეხება. მისიის მანდატი მაქსიმუმ ორთვიანი იქნება. სამოქალაქო მისია საქმიანობას მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე განახორციელებს.

საერთაშორისო მისიის მოთხოვნა

საერთაშორისო მისიის განთავსება სომხეთმა ორი კვირით ადრე ოფიციალურად მოითხოვა. 22 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის  სასაზღვრო რაიონში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განთავსება რეგიონული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა. საერთაშორისო მისიის განთავსების საკითხზე ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე 29 სექტემბერსაც ისაუბრა. მისი აზრით, საერთაშორისო მისია შეიძლება განახორციელოს გაეროს უშიშროების საბჭომ, ეუთომ ან სხვა ნებისმიერმა საერთაშორისო ორგანიზაციამ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: აზერბაიჯანული და სომხური მხარეების მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ისტორიაში პირველად მოხდა და თან – რუსეთის მონაწილეობის გარეშე, დასავლეთის ჩართულობის შედეგად. რეგიონში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის გაგზავნა კი იმის ნიშანია, რომ სომხეთი რუსეთს აღარ ენდობა და უსაფრთხოების გარანტიების მიღებას დასავლეთისგან ცდილობს, რომელსაც ერევნის შეფასებით, აზერბაიჯანის შეკავების შესაძლებლობა აქვს.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს გავრცელებული კადრების შინაარსის გამოძიებისკენ მოუწოდებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „Россия сегодня“-ს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ქსელში გავრცელებული კადრების შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილით დასჯა.

მოვლენა დეტალურად: ზახაროვას თქმით, „გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ხვრეტენ სამხედრო მოსამსახურეებს. ვიდეომასალები სავსეა უკიდურესი სისასტიკის კადრებით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის ყველა შემთხვევა დეტალურად უნდა გამოიძიონ. მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს, დაუყოვნებლივ გააკეთონ ამ ვიდეოების მრავალმხრივ ჩაღრმავებული ანალიზი, განსაკუთრებით, სამხედრო დანაშაულის ნიშნებს მიაქციონ ყურადღება. ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ“.

ევროკავშირის რეაგირება

3 ოქტომბერს ვიდეოებში ნაჩვენები შინაარსის გამოძიებისკენ მხარეებს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ტოივო კლაარმაც მოუწოდა. მისი ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში კი დამნაშავეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.

ვიდეოების შესახებ

2 ოქტომბერს სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, თუ როგორ ესვრიან აზერბაიჯანელი სამხედროები ახლო მანძილიდან, დამიზნებით, რამდენიმე სომეხ სამხედრო ტყვეს. ამავე დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ჯგუფი შეურაცხყოფას აყენებს სამხედრო და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ მიცვალებულებს. ვიდეოს მიხედვით, მიცვალებულები აზერბაიჯანელები არიან, ხოლო ვინც შეურაცხყოფას აყენებს - სომეხი სამხედროები. ვიდეოების ნამდვილობა ამ ეტაპისთვის არ არის დადასტურებული.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის საგარეო უწყება ნეიტრალური შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს და თავს იკავებს მისი სტრატეგიული მოკავშირის – სომხეთის ღია მხარდაჭერისგან.

 

რუსეთმა უკრაინის რეგიონების ანექსიის ფორმალური პროცედურა დაასრულა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 3 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო დუმის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და რუსეთის შემადგენლობაში ახალი სუბიექტების შექმნის საკითხზე რუსეთის ფედერაციასა და დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს შორის გაფორმებული შეთანხმებების რატიფიკაციის თხოვნით მიმართა. ლავროვმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის რეგიონების ანექსია რუსული მიწების შემოერთების ლოგიკურ გაგრძელებად შეაფასა, რომელიც 2014 წელს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიით დაიწყო. ლავროვის მიმართვა ფორმალური პროცედურით გათვალისწინებული ერთ-ერთი ნაბიჯია.

მოვლენა დეტალურად: უკრაინის რეგიონების ანექსიის ლეგიტიმაციისთვის 23-27 სექტემბერს დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში უკანონო რეფერენდუმები ჩატარდა. რუსეთის ცნობით, „რეფერენდუმის“ შედეგების მიხედვით, ადგილობრივების უმრავლესობამ მხარი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა. უკანონო „რეფერენდუმები“ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ნაწილში საომარ ვითარებაში და რუსეთის სამხედრო ყოფნის პირობებში ჩატარდა, შესაბამისად, მის ლეგიტიმურობას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. 

30 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უკრაინის ოკუპირებული რეგიონების შესვლის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. რუსეთის მხრიდან შეთანხმებებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. 2 ოქტომბერს ანექსიის გადაწყვეტილებაზე თანხმობა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომაც გასცა, კანონი უკრაინული ტერიტორიების ოკუპაციების შესახებ კი სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომაც მიიღეს. 3 ოქტომბერს პუტინმა შეთანხმებების რატიფიკაცია დაამტკიცა. ასევე პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიაზე და ახალი სუბიექტების დაფუძნებაზე. ამ კანონების საფუძველზე რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილება შევა და მას დაემატება ოთხი ახალი სუბიექტი. ამავე დროს პუტინმა ოკუპირებული რეგიონების „მეთაურების“ მოვალეობის შემსრულებლებად მოქმედი დე ფაქტო ხელმძღვანელები დანიშნა.

ახალი კანონების თანახმად, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები რუსეთის მოქალაქეებად აღიარებული არიან 30 სექტემბრიდან. 2026 წლის 1 იანვრამდე გარდამავალი პერიოდი იქნება. ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნები“ კი 2023 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.

უკრაინის რეაგირება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინის რეგიონების ანექსიით პუტინი ცდილობს დაიკავოს ის ტერიტორიები, რომლებსაც იგი ფიზიკურადაც კი ვერ აკონტროლებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი პუტინთან მოლაპარაკებებს აღარ გამართავენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში „რეფერენდუმების“ ჩატარება და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმალური პროცედურაა, რომელიც მოსკოვს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდა. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბოლო პერიოდში განცდილი წარუმატებლობით და საყოველთაო სამხედრო მობილიზაციის ლეგიტიმაციით შეიძლება აიხსნას.

 

ბელარუსი და რუსეთი შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 10 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში, სამხედროებსა და ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების რეგიონული ჯგუფი განთავსდება.

მოვლენა დეტალურად: ლუკაშენკოს თქმით, „თუ საფრთხის დონე ამჟამინდელ დონეს მიაღწევს, ჩვენ ვიწყებთ სამოკავშირეო სახელმწიფოს რეგიონული დაჯგუფების გააქტიურებას“. ლუკაშენკომ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმის მომზადებაშიც დაადანაშაულა. ამავე დროს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი არ ჩაებმება ომში უკრაინის წინააღმდეგ.

ამ განცხადების შემდეგ რუსი სამხედროების პირველი ეშელონები  ბელარუსში 15 ოქტომბერს გამოჩნდნენ.

ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში უშუალოდ ჩართული არ არის, მაგრამ 24 თებერვალს რუსეთი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ბელარუსის ტერიტორიიდანაც განხორციელდა. ლუკაშენკო ამდენი ხანია თავს არიდებს სამხედრო მოქმედებებში ჩართვას. იგი ცდილობს მხოლოდ პრორუსული რიტორიკით შემოიფარგლოს და რუსეთს საშუალებას აძლევს ბელარუსის ტერიტორია სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის ლიდერი თავს არიდებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წარუმატებლობის ფონზე გაიზრდება ზეწოლა ბელარუსზე, რაც მას გარკვეული ფორმით სამხედრო მოქმედებებში ჩართვისკენ უბიძგებს.

 

გაერომ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსია დაგმო

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 12 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის „უკანონო ანექსიის მცდელობა“ და მოუწოდა ქვეყნებს არ აღიარონ მოსკოვის გადაწყვეტილება.

მოვლენა დეტალურად: გენერალური ასამბლეის 193 წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 143-მა ქვეყანამ. რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთის გარდა ხმა მისცეს სირიამ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ და ბელარუსმა. 35 ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, კენჭისყრას არ ესწრებოდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არც ამჯერად მიუღიათ. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს, გაეროს რეზოლუციას, რომელიც უკანონოდ აცხადებდა ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებას, მხოლოდ 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

სხვა რეზოლუციები

28 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე მიიღო რეზოლუცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მსგავსი შედეგი გამოვლინდა 24 მარტს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც უკრაინის საკითხზე რიგით მეორე რეზოლუცია მიიღეს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140 ქვეყანამ (მათ შორის - საქართველომ, მოლდოვამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა), წინააღმდეგი იყო 5 (მათ შორის - ბელარუსი და რუსეთი). 38 წევრი არ ესწრებოდა სხდომას. ცენტრალური აზიის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: გაეროს მიერ რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღება საერთაშორისო არენაზე მოსკოვის მორიგი მარცხია, რომელიც ასევე მიანიშნებს, რომ რუსეთის მხარდაჭერისგან თავს იკავებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირეებად მიჩნეული სახელმწიფოებიც.

 

ყაზახეთმა რუსეთს უკრაინის ელჩის გაძევებაზე უარი უთხრა

მთავარი მოვლენა: ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა ყაზახეთიდან უკრაინის ელჩის გაძევების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

მოვლენა დეტალურად: 2022 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყაზახეთს უკრაინის ელჩის, პეტრო ვრუბლევსკის, როგორც „ოდიოზური ნაციონალისტის“, გაძევება მოსთხოვა. ზახაროვას განცხადებით, ვრუბლევსკიმ 21 აგვისტოს „რაც შეიძლება მეტი რუსის მკვლელობისკენ“ მოუწოდა. ელჩმა 8 სექტემბერს ყაზახეთი დატოვა, თუმცა მოგვიანებით დაბრუნდა და გააგრძელა საქმიანობა, რის გამოც 4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ყაზახეთის ელჩი დაიბარა, რომელსაც განუცხადეს, რომ „ამგვარი სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“.

თავის მხრივ, 5 ოქტომბერს ზახაროვას ტონი დაუწუნა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა – აიბეკ სმადიაროვმა. მისი განცხადებით, ყაზახეთსა და უკრაინას ვითარება სრულად ესმით და დიპლომატის მიერ ყაზახეთის დატოვების გადაწყვეტილებას მხოლოდ კიევი მიიღებს. არსებული შეთანხმებით, ვრუბლევსკი ყაზახეთს მას შემდეგ დატოვებს, როდესაც მას ახალი ელჩი ჩაანაცვლებს.

ვრუბლევსკიმ აგვისტოში ყაზახი ბლოგერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „რაც უფრო მეტი რუსი მოკვდება ახლა, უფრო ნაკლები ჩვენი ბავშვი მოკვდება მომავალში“.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, ყაზახეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები, ყოველთვის არ „იმსახურებს“ რუსეთის მოწონებას, რომელსაც ყაზახეთისგან სრული მხარდაჭერის მოლოდინი აქვს. რუსულ-ყაზახური უთანხმოებები მიუთითებს, რომ ყაზახეთი არ აპირებს რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერას და უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში მოსკოვისგან დისტანცირებას დემონსტრაციულად ცდილობს.

 

ყირგიზეთმა კუხოს დაგეგმილი წვრთნები გააუქმა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 9 ოქტომბერს ყირგიზეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები გააუქმა, რომელიც 10-14 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. ყირგიზეთის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

მოვლენა დეტალურად: სამხედრო წვრთნებში - „ურყევი ძმობა - 2022“ მონაწილეობას კუხოს წევრების გარდა სერბეთის, უზბეკეთისა და სირიის წარმომადგენლებიც გეგმავდნენ. კუხოს წვრთნები 8 ოქტომბერს ყაზახეთში დასრულდა, საიდანაც სამხედროებს წვრთნები ყირგიზეთში უნდა გაეგრძელებინათ.

გასულ თვეში კუხოს ორ წევრს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, შორის მწვავე სამხედრო დაპირისპირება მოხდა. ცენტრალური აზიის ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის სასაზღვრო კონფლიქტი 16 სექტემბერს განახლდა. ბოლო წლებში გახშირდა ორ ქვეყანას შორის საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირება, რასაც ხშირად მშვიდობიანი მოქალაქეებიც ეწირებიან. ყირგიზულმა მხარემ კუხოს დახმარებისკენ მოუწოდა, თუმცა – უშედეგოდ. რუსეთის პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა, რომ არ დაეშვათ შემდგომი ესკალაცია და ვითარების დარეგულირებისთვის მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებები გამოეყენებინათ.

გასულ თვეში სომხეთმაც უარი თქვა ყაზახეთში გამართულ ორკვირიან კუხოს სწავლებებში მონაწილეობაზე მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ცალკეული წევრები, აზერბაიჯანთან სასაზღვრო დაპირისპირების დროს ბაქოს ღია მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

კუხო სამხედრო ალიანსია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მოკავშირე ქვეყნებს აერთიანებს, კერძოდ, ბელარუსს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე ყირგიზეთის უარი შეიძლება მიუთითებდეს, რომ ყირგიზეთი ტაჯიკეთთან დაპირისპირების დროს კუხოს ქმედებით უკმაყოფილოა და ბიშკეკში ორგანიზაციისგან მეტი მოლოდინი ჰქონდათ. ყირგიზეთ-ტაჯიკეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირებებში კუხოს პასიური როლი იმის მანიშნებელია, რომ კუხო ვერ ახერხებს ორგანიზაციის წევრების ინტერესების დაცვას.

 

ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს ახალი მილსადენით მიიღებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 1 ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი გაიხსნა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებს და გაზრდის აზერბაიჯანული გაზის ექსპორტს ევროპის მიმართულებით.

მილსადენის გახსნის ცერემონია. წყარო: sea-news.az

მოვლენა დეტალურად: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. ბულგარეთიც რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული და მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ გაზის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდაზე უარი უთხრა, რუსეთმა აპრილში მას გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

ახალი 182 კილომეტრი სიგრძის მილსადენის საზეიმო გახსნას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო, ასევე ბულგარეთის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერები. 240 მლნ ევროს ღირებულების მილსადენის მფლობელი ბულგარული, ბერძნული და იტალიური სახელმწიფო და კერძო კომპანიების გაერთიანებაა.

„საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი“ ბულგარეთს 1 მლრდ კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზით მოამარაგებს. მილსადენის გამტარუნარიანობა ამ ეტაპზე, წლიურად, 3 მლრდ კუბური მეტრია, რომელიც მოგვიანებით შეიძლება 5 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. პერსპექტივაში მილსადენს შეუძლია არარუსული გაზით მოამარაგოს სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, რუმინეთი და ასევე მოლდოვა და უკრაინა.

მილსადენი უკავშირდება ტრანსადრიატიკის მილსადენს, რომელიც სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილია და საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს წლებში ეტაპობრივად რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას გეგმავენ. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ალტერნატიული წყაროების მოძიება და განვითარება. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიაში აზერბაიჯანულ გაზს საკვანძო ადგილი უკავია, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც აზერბაიჯანისა და ევროპის დამაკავშირებელი გაზსადენი უკვე მოქმედებს და ამარაგებს ევროპულ ქვეყნებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის: აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ალტერნატიული მილსადენის მარშრუტით ტრანსპორტირება ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით არის შესაძლებელი. დასავლეთში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნის გაზრდა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვისაც, რომლის სატრანზიტო ქვეყნის როლი კიდევ უფრო გაძლიერდება და მას  დამატებით ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მისცემს.

 

მოლდოვა გერმანიისგან სამხედრო დახმარებას მიიღებს

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 1 ოქტომბერს გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინ ლამბრეხტი მოლდოვას ესტუმრა და თავის კოლეგას, ანატოლი ნოსატის შეხვდა. ამავე დღეს ლამბრეხტი მოულოდნელად უკრაინულ ქ. ოდესასაც ეწვია.

მოვლენა დეტალურად: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე შეხვედრის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული უსაფრთხოების გამოწვევების განხილვა იყო.

გერმანიის მთავრობა მოლდოვის შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის უკვე ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს და დრონებისა და სხვა ტექნიკის მიყიდვასაც გეგმავს.

მოლდოვამ, რომელსაც უკრაინასთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ომის დაწყების შემდეგ ასიათასობით უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეერთებია, თუმცა ევროკავშირის ქვეყნებისგან, მათ შორის გერმანიისგან, სხვადასხვა სახის დახმარებას იღებს.

მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში 1500-მდე რუსი სამხედროა განთავსებული და უკრაინაში სამხედრო აგრესიის დასაწყისში იყო საფრთხე, რომ კონფლიქტის ესკალაცია მოლდოვაშიც მომხდარიყო.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე მოლდოვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. დასავლეთი პოზიტიურად აფასებს მოლდოვის პროდასავლური მთავრობის ნაბიჯებს, რომლებიც კრიზისის პერიოდში გადაიდგა. კიშინიოვისთვის მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტები და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის მხრიდან დახმარება იმის გარანტიაა, რომ ქვეყანა რუსული საფრთხის წინაშე მარტო არ აღმოჩნდება.

 

სანქტ-პეტერბურგსა და ასტანაში დსთ-ის წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალური და ოფიციალური სამიტები ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 7 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერები არაფორმალურ სამიტზე შეიკრიბნენ, 14 ოქტომბერს კი ასტანაში ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

დსთ-ის სამიტი. წყარო: kremlin.ru

მოვლენა დეტალურად: არაფორმალური შეხვედრა დსთ-ის დაარსებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა და სტუმრებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა. პუტინი შეხვედრაზე უკრაინის თემასაც შეეხო და იქ მიმდინარე მოვლენებს „ტრაგიკული მოვლენები“ უწოდა. მან ასევე ისაუბრა ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის წარმოქმნილ კონფლიქტზეც.

საინტერესოა, რომ სამიტს არ ესწრებოდა ყირგიზეთის პრეზიდენტი, რაც ტაჯიკეთ-ყირგიზეთის ბოლოდროინდელ სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთის პასიური როლით გამოწვეული უკმაყოფილებით იყოს განპირობებული.

დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი

14 ოქტომბერს ასტანაში, ყაზახეთში, დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი ჩატარდა. სამიტის ფარგლებში პუტინმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, მათ შორის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ხოლო ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის ლიდერებთან სამმხრივ ფორმატში გამართა შეხვედრა. ამავე დღეს პუტინმა მონაწილეობა მიიღო „რუსეთი - ცენტრალური აზიის“ სამიტში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ასტანაში მიმდინარე შეხვედრების მთავარი თემა არ ყოფილა უკრაინა. მონაწილე ქვეყნების ლიდერები ძირითადად საკუთარი პრობლემების მოგვარებას ცდილობდნენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებასა და სანქცირებულ მდგომარეობაშია, ამგვარი სამიტები პოსტსაბჭოთა სივრცეში ურთიერთობების გაღრმავებისა და პოზიციების გამყარების მცდელობაა.

 

ჟენევის საერთაშორისო  მოლაპარაკებების 56-ე რაუნდი ჩატარდა

მთავარი მოვლენა: 2022 წლის 5 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩატარდა.

მოვლენა დეტალურად: შეხვედრა 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად ჩატარდა. მოლაპარაკებების 56-ე რაუნდის ჩატარებას ხელი შეუშალა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ.

საქართველოს შეფასება

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებების ფარგლებში ძირითადი აქცენტი გაკეთდა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, რომლებიც შეეხება  რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების სრულად შესრულების აუცილებლობას. საქართველოს დელეგაციამ ასევე აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.

რუსეთის შეფასება

რუსული მხარის შეფასებით, დისკუსიის ზოგიერთი მონაწილის (იგულისხმება დასავლეთი) ქმედებები დესტრუქციულია, რომლის ანტირუსული ხასიათის გამო ჟენევის ფორმატის მუშაობა ცხრა თვით „გაიყინა“. რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა, რომ არ წყდება მცდელობები ჟენევის დისკუსიები სხვა რეგიონებში მიმდინარე პროცესების და საერთო გეოპოლიტიკური ვითარების მძევლად აქციონ. რუსეთმა ორგანიზატორებს მოუწოდა თავიდან აირიდონ მოლაპარაკების პროცესის პოლიტიზაცია. რუსეთის შეფასებით, არარეგიონული მონაწილეების მცდელობების მიუხედავად, რეგიონში ვითარების დაძაბვის პროვოცირება მოახდინონ, კონფლიქტის ზონაში ვითარება შედარებით მშვიდია.

აფხაზური და ოსური მხარეების შეფასებები

აფხაზურმა მხარემ ტრადიციულად მოითხოვა, რომ ქართულმა მხარემ  ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს. ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა ოსურ მხარესაც. ორივე მხარემ ასევე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის გაზრდის პროცესის გამო, რომელიც აშშ-ისა და ნატოს ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო რუსეთს საერთაშორისო ფორმატის დისკუსიებში, სადაც დასავლეთის ქვეყნები და ორგანიზაციები არიან ჩართული, მონაწილეობა შეეზღუდა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რუსეთისთვის მცირე შესაძლებლობაა არსებული იზოლაცია გაარღვიოს და რეგიონული პრობლემების გადაწყვეტაში საკუთარი როლის პოზიტიურად წარმოჩენას შეუწყოს ხელი.

დაბრუნება სრულ სიაზე
© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.