X

რონდელის ბლოგი

ყირგიზეთი პოლიტიკურ მორევში: როცა ორი რევოლუცია არ არის „საკმარისი“

2020 / 10 / 30

ოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი

თერ გლურჯიძე, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ესტონეთის დიპლომატიის სკოლის სტუდენტი და ჩრდილოეთი ჩინეთის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

 

ყირგიზეთის ოქტომბრის არჩევნებში 16-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა. ყირგიზეთის საკანონმდებლო ორგანო – ჯოღორქუ ქენეში – არის ერთპალატიანი, 120-მანდატიანი პარლამენტი.  მაშინ, როდესაც პარტიების უმრავლესობა პრეზიდენტისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი, 4-დან 3 პარტია, რომელმაც გადალახა 7%-იანი ბარიერი, მთავრობის მომხრე იყო. მაგალითად, „ბირიმდიკს“ (ერთიანობა) და „მექენიმ ყირგიზეთს“ (მშობლიური ყირგიზეთი) მხარს უჭერდნენ პრეზიდენტი ჯეენბეკოვის მომხრეები, კრიმინალური ჯგუფები და ბიზნესმენები, რომლებიც სარგებლობდნენ დიდძალი არაფორმალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენით. არჩევნების შედეგებით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ ათასობით მოქალაქეს უბიძგა საპროტესტო გამოსვლისაკენ, იმ მოთხოვნით, რომ გაუქმებულიყო შედეგები და დანიშნულიყო ახალი კენჭისყრა. მიუხედავად პოლიციის ძალისხმევისა, დაეშალა დემონსტრანტები, მოქალაქეებმა შტურმი მიიტანეს პრეზიდენტისა და პარლამენტის შენობებზე და ციხიდან გაათავისუფლეს ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბექ ათამამაიევი სხვა პოლიტიკურ პირებთან ერთად.  


ბრძოლა დემოკრატიისთვის თუ ძალაუფლებისათვის

ყირგიზეთს აქვს რთული და ფრაგმენტული სოციალურ-პოლიტიკური გარემო, რასაც გრძელვადიანი დემოკრატიული პერსპექტივისთვის არასტაბილური ხასიათი აქვს. ყირგიზეთის პოლიტიკური გარემოს მერყეობა, ნახევრად დემოკრატიული რეჟიმიდან ნახევრად ავტორიტარულ მმართველობამდე, ყოველთვის დამოკიდებული იყო ქვეყნის ელიტებსა და მცირე გავლენიან ჯგუფებს შორის გავლენის თანაბრად გადანაწილებაზე. როდესაც ძალაუფლება ექცეოდა ამ ჯგუფების ხელში, ქვეყნის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. 

29-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში ყირგიზეთმა გამოავლინა საკმაოდ მეამბოხე ხასიათი. ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, რომ არადემოკრატიული რეჟიმების „ზღვაში“ მდებარეობს,  მოახერხა ავტორიტარული მმართველების ჩამოგდება 2005 და 2010 წლებში. მიუხედავად ამისა, რევოლუციების შემდეგ მმართველი ელიტა ყოველთვის ცდილობდა უფრო მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება ჩაეგდო ხელში. ამ პრობლემას სათავე დაედო ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ასკარ აკაიევის 15-წლიანი მმართველობის პერიოდში. 2005 წლის „ტიტების რევოლუცია“ მოჰყვა საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც წარმატებას მხოლოდ მთავრობის მომხრე პარტიებმა მიაღწიეს. პრეზიდენტის მცდელობები, რომ დაეშოშმინებინა დემონსტრანტები, წარუმატებლად დასრულდა და აკაიევი იძულებული გახდა გაქცეულიყო ჯერ მეზობელ ყაზახეთში, შემდეგ – რუსეთში და ოფიციალურადაც გადამდგარიყო პოსტიდან. ახალ არჩევნებში გაიმარჯვა აკაიევის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლების ლიდერმა კურმანბეკ ბაკიევმა. მიუხედავად ამისა, ბაკიევის მთავრობა, რომელმაც მიზნად დაისახა ცვლილებები, მალევე იქცა კორუფციასთან დაკავშირებული ისეთივე ბრალდებების ობიექტად, განსაკუთრებით, 2009-2010 წლების ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. კრიტიკა გადაიზარდა პროტესტში და ბაკიევმაც მიაშურა ჯერ ყაზახეთს და შემდგომ – ბელარუსს.

2010 წლის რევოლუციის შემდეგ ახლად არჩეულმა მთავრობამ სცადა ძალაუფლების ხელში ჩაგდების ცდუნების გაკონტროლება. მან აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის შესასუსტებლად მიიღო ახალი კონსტიტუცია, რათა ყველა ძირითად პოლიტიკურ ფრაქციას პარლამენტში წარმომადგენლობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონოდა. პარლამენტის მთავარი მოვალეობა ისევ დარჩა ელიტებს შორის კორუფციული სარგებლის გადანაწილება და არსებული დავების მოგვარება. მიუხედავად ელიტებს შორის ძალთა გადანაწილების შენარჩუნების მცდელობებისა, ალმაზბეკ ათამბაიევმა მაინც მოახერხა გაეზარდა საკუთარი გავლენა. თუმცა მისი გეგმები ჩაიშალა და პრეზიდენტი საბოლოოდ პატიმრობაში აღმოჩნდა. 

ათამბაევის შემდეგ პრეზიდენტი ჯეენბეკოვი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ არ გაიმეორებდა წინა მთავრობის შეცდომებს. მუხედავად ამისა, ის მაინც ჩავარდა მსგავს სიტუაციაში. ბევრმა ამომრჩეველმა ეჭვი შეიტანა 2020 წლის არჩევნების შედეგებში, რადგან პოლიტიკურმა ძალაუფლებამ კვლავ გადაინაცვლა პრეზიდენტთან დაახლოებული ოჯახების ხელში. აქედან გამომდინარე, შიდაპოლიტიკური ძალთა ბალანსი კვლავ დაირღვა. 
 

ნდობის დაკარგვა - ძველი სახეები ისევ ჩნდებიან

ამჟამინდელი არასტაბილური სიტუაცია დიდწილად ჰგავს 2005 და 2010 წლების პროტესტებს. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ლიდერები, მრავალი დაპირების მიუხედავად, მაინც დაადგნენ წინა მთავრობების გზას. ამასთან, რევოლუციებს არ მოჰყვა მმართველობის გაუმჯობესება და ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება. გავლენიანი კრიმინალური და არაფორმალური ჯგუფები კვლავ განაგრძობენ ხმების მოსყიდვას. შესაბამისად, ცხადია, რომ ყირგიზეთში დემოკრატიულ „თამაშს“ ბოლო არ უჩანს.

წარსულთან დიდი მსგავსების მიუხედავად, ოქტომბრის პროტესტის მონაწილეებმა და აქტივისტებმა არ მოისურვეს პოლიტიკური ლიდერების გარშემო გაერთიანება, რადგან ხალხის მოლოდინი აღარ უკავშირდება პოლიტიკურ ფიგურებს. როგორც ჩანს, ყირგიზეთისათვის დამახასიათებელი ხანგრძლივი „პატრონყმული“ გარემო გზას უთმობს ახალ და დამოუკიდებელ ძალას, რომელსაც უძღვება საღად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოება. ისინი ახალი დასაწყისის, კორუმპირებული პოლიტიკოსებისა და მოხელეების ლუსტრაციის მიმართ დიდი იმედით არიან განწყობილი.  

მიუხედავად ამისა, 15 ოქტომბერს ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა სადირ ჟაფაროვმა, რომელსაც 2013 წელს 11.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, საჯარო მოხელის ოქროს საბადოსთან დაკავშირებული საპროტესტო მსვლელობიდან გატაცების ბრალდებით. ყოფილი დამნაშავის მოცემულ პოსტზე დანიშვნა მეტწილად შეიძლება უკავშირდებოდეს ისევ და ისევ არაფორმალურ გავლენიან ჯგუფებს. ამასთანავე, ჟაფაროვი 2005 წლიდან პარლამენტის წევრი იყო და ის მხარს უჭერდა ყოფილ პრეზიდენტ კურმანბეკ ბაკიევს, რომელიც 2010 წლის რევოლუციის შემდეგ ჩამოაგდეს. 

მიუხედავად  იმისა, რომ პოლიტიკოსების მიმართ ხალხის ნდობა აშკარად შეიცვალა, ძველი ელიტები ბრუნდებიან და ძალაუფლებაც ისევ მათ ხელში ექცევა. მაშინ, როდესაც ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოებას არ სურს მხარი დაუჭიროს რომელიმე პოლიტიკოსს, ის მაინც წარმოადგენს ძველი ელიტების ძალაუფლების მოხვეჭისთვის მნიშვნელოვან ბერკეტს. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთში დემოკრატიისთვის ბრძოლა პოლიტიკურ მორევშია მოქცეული. 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.