X

რონდელის ბლოგი

გვემუქრება თუ არა ახლო მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება

2018 / 02 / 09

ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

 
 

ევროკავშირის მესამე ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების მექანიზმთან დაკავშირებულმა პირველმა ანგარიშმა, რომელიც  ევროკომისიამ 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გამოაქვეყნა, ჩვენს საზოგადოებაში  ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან ევროსტატის მიერ დადგენილი მონაცემებით, უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდგომ გაიზარდა საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად დარჩენილთა და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.  ადრე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების მონაცემებით ასევე აღინიშნებოდა, რომ 2017 წლის მარტ-ნოემბერში ევროკავშირში გასული დაახლოებით 180 ათასი მოქალაქიდან ქვეყანაში არ დაბრუნდა 10 ათასი, რაც შეადგენდა  6.1%-ს. ამ მოქალაქეებმა, შესაბამისად, დაარღვიეს შენგენის სივრცეში სამთვიანი ყოფნის უფლება, რითაც შესაძლოა შეარყიეს ამ რეჟიმის გრძელვადიანი შეუფერხებელი არსებობის გარანტია.

მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის უფლების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი ცალმხრივად, საკუთარი შიდა პროცედურებით იღებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმება ორივე მხარეს ავალდებულებს, რომ გაამარტივოს მოქალაქეთა გადაადგილება ერთი მხარის ტერიტორიიდან მეორე მხარის ტერიტორიაზე. შეთანხმებაში წერია: „მხარეები გააგრძელებენ მცდელობას, გაზარდონ მოქალაქეთა მობილურობა და გადადგამენ ეტაპობრივ ნაბიჯებს ერთობლივი მიზნის, კერძოდ, შესაბამის ეტაპზე უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართულებით...“  ეს დებულება იძლევა გარანტიას, რომ თუ საქართველო უპირობოდ დაიცავს „ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ მოთხოვნებს და გააგრძელებს რეფორმებს მასში მოცემული ყველა მიმართულებით, მომავალში შესაძლებელი უნდა იყოს შენგენის ზონაში ჩვენი მოქალაქეების შესვლისთვის სავიზო მოთხოვნის სრულად გაუქმება. როგორც ცნობილია, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს ყოველ ექვს თვეში შენგენის ზონაში უვიზოდ მხოლოდ სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ.

ასოცირების შესახებ შეთანხმების ეს სულისკვეთება პრაქტიკულად იმის გარანტიას იძლევა, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო ევროკავშირმა შეგვიჩერა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის უფლება, ეს უფლება კვლავაც აღდგება, როგორც კი მისი შეჩერების გამომწვევი ფაქტორები აღმოიფხვრება. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის განვითარებას და მის „ეტაპობრივ“ გავრცელებას გრძელვადიან ვიზიტებზე, ამ კონტექსტში ასოცირების შეთანხმების დებულებას „რბილი“ ხასიათი აქვს - მასში არც კონკრეტული ვადებია მითითებული და არც სხვა დეტალები. ამიტომ მისი სრული რეალიზაცია და განვითარების ტემპი განისაზღვრება ჩვენსა და ევროკავშირს შორის საერთო დაახლოების დინამიკით, ევროკავშირის ინტერესითა და ჩვენი მხრიდან აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით. სავიზო რეჟიმის შეჩერება, თუ ასეთი რამ მოხდა, უარყოფითად იმოქმედებს ამ ჩამოთვლილი პირობებიდან ორზე, როგორც მინიმუმ. ამიტომ ასეთ შემთხვევაში დაზარალდება საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ევროკავშირში მოგზაურობა სურს, არამედ მთლიანად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარება, განსაკუთრებით კი, მოქალაქეთა გადაადგილების ლიბერალიზაციის პროცესის ტემპი.

ევროკავშირის მიერ 2017 წლის მარტში განახლებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სწრაფი გაუქმების მექანიზმი მონიტორინგს უწესებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს რეჟიმი სავიზო დიალოგის შედეგად მიიღეს, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატებსა და აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებს. დიალოგის ძირითადი დანიშნულება ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში რიგი რეფორმების დაჩქარება იყო. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რეფორმები, რომელთა ნუსხაც ე.წ. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იყო დადგენილი, არ გრძელდება და, დამატებით, მიგრაციული ტენდენციები ამ ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით უარესდება, შესაძლებელია აღნიშნული მექანიზმის ამოქმედება, რაც კონკრეტულ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის (დროებით) შეჩერებას ითვალისწინებს.

 

რა შემთხვევაში ხდება სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება ევროკავშირის მიერ?

2017 წლის მარტში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმში შეტანილი შესწორებებით  შეჩერების შესახებ პროცედურების დაწყება შესაძლებელი გახდა ევროკომისიის მოთხოვნის საფუძველზე (არა მარტო წევრი ქვეყნის) და მისი ამოქმედების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე დაკონკრეტდა პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნა:

  • არალეგალური მიგრაციის - იმ პირთა რაოდენობის, რომლებსაც უარი ეთქვათ შენგენის არეალის ქვეყანაში შესვლაზე ან რომლებიც დარჩნენ იქ რეჟიმით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ -  მნიშვნელოვანი ზრდა (50%-ით);
  • თავშესაფრის მაძიებელ პირთა რაოდენობის მნიშვნელოვანი (50%-ით) ზრდა. იმ პირობებში, როდესაც განაცხადის დაკმაყოფილების წილი დაბალია (3-4%);
  • რეადმისიის საკითხებში ქვეყნის მხრიდან თანამშრომლობის შესუსტება;
  • თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი ადგება პარტნიორი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან კრიმინალური მოქმედების გახშირების გამო;
  • ევროკომისიას ასევე აქვს უფლება მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ასრულებენ ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ მოთხოვნებსა და დაპირებებს.

აღსანიშნავია, რომ ზემომოყვანილი მოთხოვნები ინდიკატიური ხასიათისაა და ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, მოცემული საფრთხეების გათვლისწინებით, შესაძლოა უკანონო მიგრაციის ზრდის უფრო ნაკლები (ვიდრე 50-ია) მაჩვენებლის შემხვევაშიც კი იქნეს შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული. იგივე ეხება მესამე ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების დაკმაყოფილების პროცენტს. ეს განმარტება მოცემულია ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს 2017 წლის 17 თებერვლის ერთობლივ განცხადებაში. 

     

უვიზო მიმოსვლის გაუქმების მექანიზმი ვრცელდება იმ 60 ქვეყანაზე, ვისთანაც ევროკავშირს ასეთი რეჟიმი აქვს. მისი ამოქმედება ძირითადად ხდება ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის განაცხადის საფუძველზე. ევროკომისია განიხილავს შესულ მოთხოვნას და არსებული რეალური ინფორმაციის გაანალიზების შედეგად შესაძლოა მოსთხოვოს წევრ სახელმწიფოს პარტნიორ ქვეყანასთან სიტუაციის „მშვიდობიანად“ მოგვარება, თუ, მისი აზრით, ეს შესაძლებელია. შემდეგ ეტაპზე, თუ სიტუაცია არ მოგვარდა, ევროკომისია შეიმუშავებს გადაწყვეტილების პროექტს, რომლის განხილვასაც ევროკავშირის საბჭო იწყებს კენჭისყრის შედეგად მოპოვებული ხმათა უმრავლესობის საფუძველზე. ამ მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში საბჭომ კვალიფიცირებული უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს/უარყოს გადაწყვეტილების პროექტი. თუ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, უვიზო მიმოსვლა ქვეყანას  9 თვით შეუჩერდება. ამ პერიოდის განმავლობაში კი ევროკომისია და წვერი ქვეყნები გააგრძელებენ ქვეყანასთან კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს უვიზო მიმოსვლის აღდგენის პირობებთან დაკავშირებით.  თუ გასული ცხრა თვის თავზე შესაბამის პირობებს ქვეყანა არ დააკმაყოფილებს, ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილების „გადავადების“ შესახებ დადგენილებას. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საბოლოოდ მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ევროკომისია მიიჩნევს (და წევრი ქვეყნები ამას დაადასტურებენ), რომ მისი გაუქმების მიზეზები აღმოფხვრილია.    

რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა შეფასებას აძლევს საქართველოს ევროკომისიის ანგარიში  და რამდენად რეალურია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება ახლო მომავალში? 

ევროსტატის მონაცემებით 2017 წლის პირველ ნახევარში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მონიტორინგთან დაკავშირებულ მონაცემებში საქართველოში არ შეიმჩნევა რაიმე სახის მნიშვნელოვანი გაუარესება.  ქვევით, ცხრილში მოყვანილია იმ ძირითადი მაჩვენებლების ტენდენციები, რომლებიც მოქმედებენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.  

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო ძირითადად ასრულებს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და აგრძელებს რეფორმებს მიგრაციის და საზღვრის დაცვის ინტეგრირებული მართვის, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. საქართველოს ბევრი მიმართულებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ალბანეთს ან მოლდოვას, რომელთა შესახებაც ასევე აღნიშნულია ანგარიშში.

მაჩვენებელი

შეფასება

უარი ქვეყანაში შესვლაზე

ამ მაჩვენებლის გაუარესება არ შეიმჩნევოდა ზოგადად 2017  წლის პირველ ნახევარში. თუმცა აპრილ-მაისში ტენდენცია იყო მკვეთრად ზრდადი. ყველაზე მეტი უარი მოქალაქეებს ეთქვათ საბერძნეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის საზღვრების გადაკვეთაზე  

არალეგალურად მყოფი მიგრანტების რაოდენობა

2015 და 2016 წლებში ეს რაოდენობა შესაბამისად 5400-5200 იყო. 2017 წლის პირველ ნახევარში ეს რაოდენობა საგრძნობლად არ გაზრდილა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა გერმანიაში.  

განაცხადები თავშესაფრის მოთხოვნაზე

2016-ში ეს მაჩვენებელი (8700) წინა წელთან შედარებით 8-9%-ით გაიზარდა. 2017  წლის პირველ ნახევარში კი ზრდის ტენდენცია 2016 წლის მეორე ნახევართან მიმართებაში აღარ შეინიშნებოდა. თუმცა 2017 წლის მაის-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან ზრდა 20%-ს შეადგენდა.    

თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების მაჩვენებელი

აღიარების მაჩვენებელი (recognition rate) 2016 წელს მცირედ გაიზარდა და 6.48% მიაღწია.  2017 წლის პირველ ნახევარში იგივე მაჩვენებელი თითქმის არ შემცირებულა (დაახლოებით 6.1%).

დაბრუნების გადაწყვეტილებების აღსრულება (return rate)

2016 წელს ეს მაჩვენებელი 55.9% იყო. 2017 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა.   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობა უკანონო მიგრანტების რეადმისიის საქმეში  დახასიათებულია, როგორც სამაგალითო. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანონო მიგრაციის მაჩვენებლებით თავად საქართველო ბევრად აღემატება უკრაინას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობას.  პრაქტიკულად, ალბანეთის გარდა,  დასავლეთ ბალკანეთის ყველა სახელმწიფოს ბევრად უკეთესი დინამიკა აქვს, ვიდრე საქართველოს - მცირდება მათგან ევროკავშირში გასულ უკანონო მიგრანტთა რიცხვი, მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ასევე  აღსანიშნავია, რომ, გარდა მოლდოვისა (48%), ყველა დანარჩენ შეფასებულ ქვეყანას (დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის რვა სახელმწიფოს)  უკეთესი მაჩვენებლები აქვს მიგრანტების დაბრუნებასთან დაკავშირებით. 

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოდან წარმოშობილი კრიმინალი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მზარდია ევროპაში და საფრთხეს უქმნის წევრი ქვეყნების მოქალაქეების სიმშვიდეს. ასევე მნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სხვადასხვა სახის დანაშაულის ტრანზიტისთვის, როგორიცაა ფულის გათეთრება, ფსიქოტროპული საშუალებების ტრანზიტი თუ არაკანონიერი მიგრაცია.        

 

დასკვნის მაგივრად

ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, არ ჩამოყალიბებულა პირობები, რომელთა გამოც ევროკომისიამ ან რომელიმე წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა მოითხოვოს ჩვენ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. თუმცა აუცილებელია მხედველობაში ვიქონიოთ ის რისკები, რომლებიც შესაძლოა გაიზარდოს, თუკი ქვეყანაში სტაბილურად არ გაუმჯობესდება ეკონომიკური და სოციალური ფონი.  შესაძლოა ახლო მომავალში მკვეთრად გაიზარდოს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ამ მაჩვენებლით ანგარიშში მოყვანილ ქვეყნებს შორის უკვე ერთ-ერთი პირველები ვართ. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა მოყვანილი პარამეტრის ტენდენციებს არა მარტო ევროკავშირის მასშტაბით, არამედ ცალკეულ წევრ ქვეყნებთან მიმართებით, რადგან ნებისმიერ ცალკე აღებულ ქვეყანასთან მაჩვენებლების მკვეთრი გაუარესება, შესაძლოა, ამ სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მოთხოვნის საფუძველი გახდეს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით უარყოფითი ტენდენციები იკვეთება გერმანიასთან, საფრანგეთსა და საბერძნეთთან, ნაწილობრივ იტალიასთან და პოლონეთთან მიმართებით, რაც გამოიხატება ქვეყანაში შეშვებაზე უარში, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხოვნობის ზრდაში და სხვა.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ევროკავშირის ქვეყნებში ჩვენი მოქალაქეების კანონდარღვევათა და კრიმინალურ საქმიანობათა სტატისტიკას. ამ თვალსაზრისით გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი განსაკუთრებით ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას. თუ სათანადო ზომები არ გატარდება, მომავალში ეს საკითხები შესაძლოა ასევე გახდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი.        

 

თემატური პოსტები

© 2024 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.