რონდელის ბლოგი
საქართველო-ევროკავშირის სექტორული დიალოგი უმაღლეს დონეზე
ავტორი: კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი
21 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა უმაღლეს დონეზე საქართველო-ევროკავშირის სექტორული დიალოგის პირველი შეხვედრა. რას გულისხმობდა და რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა? ბრიუსელში გამგზავრების წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგს უწოდა „უპრეცედენტო თავისი შინაარსით“ და აღნიშნა, რომ ევროკავშირს ამგვარი ფორმატი აღმოსავლეთ პარტნიორობის არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს.
რას წარმოადგენს უმაღლეს დონეზე სექტორული დიალოგის ფორმატი?
ევროკავშირთან თანამშრომლობის ეს ფორმატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოს აქვს და გულისხმობს ევროკომისიის წევრებთან (პრეზიდენტთან და კომისრებთან) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების (პრემიერი და დარგობრივი მინისტრები) დიალოგს ცალკეულ სექტორებში თანამშრომლობის საკითხებზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-5, მე-6 და მე-7 კარები სწორედ ამ საკითხებს (22 სექტორში თანამშრომლობას) მოიცავს. გარდა ამისა, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (ასოცირების შეთანხმების მე-4 კარი) მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ყველა ეს თემა ევროკომისიის, როგორც ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტის, ან ექსკლუზიური, ან ზიარი კომპეტენციის საგანია, ამიტომ ევროკომისიას შეუძლია მესამე ქვეყანასთან ამ თემებზე დიალოგის პირდაპირ გამართვა (ევროკავშირის საბჭოსა და წევრი ქვეყნების გარეშე). ევროკომისიასთან უმაღლეს დონეზე დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის უფრო გაღრმავებისა და უკეთ მუშაობისთვის.
აქვს თუ არა ამ ფორმატს რაიმე ანალოგი სხვა ქვეყნებთან მიმართებით? თავად ფორმატი არ არის ახალი და ევროკავშირი მას ათამდე ქვეყანასთან იყენებს, ძირითადად მათთან, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ვინც მისი მსხვილი ეკონომიკური პარტნიორია. ასეთი ქვეყნების რიგს განეკუთვნება ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, იაპონია, თურქეთი და სხვა. მართალია, ზოგიერთთან დიალოგი უფრო ფართო (სამიტის) სახითაა წარმოდგენილი (ინდოეთი, ბრაზილია), სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები და მინისტრებიც იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ჩინეთთან ევროკავშირს (სამიტებისგან განცალკევებით) საქართველოსთან არსებულის მსგავსი ფორმატი აქვს. ასეთ ფორმატში მხარეები აანალიზებენ ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, თევზჭერის, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შედეგებს. მხარეები ათანხმებენ განხილულ სექტორებში თანამშრომლობის უფრო გაღრმავების სამუშაო გეგმებს, აძლევენ დავალებებს დაქვემდებარებულ უწყებებს და უწევენ მონიტორინგს მიღწეულ პროგრესს.
ვინ და ვინ შეხვდა ბრიუსელში და რა საკითხები განიხილეს?
საქართველოს დელეგაციას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, შვიდი დარგობრივი მინისტრი და დაახლოებით ამდენივე მინისტრის მოადგილე ესწრებოდა. ევროკომისიის მხარეს კი 11 ევროკომისარი და თავად ევროკომისიის პრეზიდენტი წარმოადგენდნენ. განსახილველი თემები დაიყო სამ კლასტერად:
- ეკონომიკა
- განათლება და კულტურა
- იუსტიცია, თავისუფლება და უსაფრთხოება
უფრო კონკრეტულად კი, შეხვედრამ მოიცვა ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, რეგიონული განვითარება, განათლება და კულტურა. განხილვის საგანი იყო თანამშრომლობა ევროკავშირის ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ევროჯასტი და ევროპოლი, საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოში, უვიზო მიმოსვლა, ტექნიკური დახმარება და სხვა.
რა შედეგი და გაგრძელება ექნება ამ დიალოგს? დიალოგის შედეგად მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები კონკრეტულ სექტორებში მუშა ჯგუფების ჩამოყალიბების შესახებ, რომლებიც მიღებული შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს. ამ გეგმების შეთანხმების შემდეგ შესაბამის უწყებებს დაევალებათ საკითხების დამუშავება და საჭირო ქმედებების განხორციელება.
საქართველოსა და ევროკავშირს შეთანხმებული აქვთ ასოცირების დღის წესრიგი - საშუალოვადიანი პროგრამული დოკუმენტი. საკითხავია, ხომ არ მოხდება ამ დოკუმენტის საკითხებისა თუ ასოცირების ქვეკომიტეტებში გამართული დიალოგის დუბლირება ახალ სამუშაო ჯგუფებში? ამ კითხვაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენტური პირები აცხადებენ, რომ უმაღლესი დონის დიალოგის მიზანია არსებული ფორმატების „კომპლემენტირება“, ანუ მათში თავისუფალი ადგილების შევსება და არავითარ შემთხვევაში - მათი დუბლირება. დიალოგის ფორმატი მხოლოდ გააძლიერებს ჩამოთვლილი მიმართულებებით თანამშრომლობას, ხოლო გადაწყვეტილებების ხორცშესხმისათვის შესაძლოა გამოდგეს ყველა სახის, მათ შორის, უკვე არსებული ფორმატები, რითაც ბიუროკრატიული აპარატის ზრდის საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.
თანამშრომლობის რა ფორმატები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის?
საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით უკვე შემოღებულია დიალოგის მრავალი ფორმატი, მათ შორის, ასოცირების ინსტიტუტების სახელით ცნობილი ორმხრივი ფორმატები - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი, ქვეკომიტეტები (ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული საკითხების, გეოგრაფიული დასახელებების, სამართლიანობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების და ა.შ.). ამ ერთობლივი ინსტიტუტების მიზნები და ფუნქციონირების წესები გაწერილია შეთანხმების მე-8 კარში (უფრო დაწვრილებით კი, მხარეების მიერ მიღებულ განაწესებში). მათი ძირითადი მიზანია ორივე ხელმომწერი მხარის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი და მისი დებულებების შემდგომი განვითარება, თუ ასეთ საჭიროებას დაინახავენ. უკვე 11 წელია მოქმედებს ადამიანის უფლებების სფეროში დიალოგი, რომელსაც, როგორც წესი, საქართველოდან მინისტრის მოადგილე უძღვება, ევროკომისიის მხრიდან კი - საგარეო ქმედების სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2012 წლიდან მოქმედებს სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის ფორმატი, რომელშიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა დონის სახელმწიფო მოხელეები მონაწილეობდნენ. საქართველომ ამ ფორმატის გამოყენებით მიიღო უვიზო მიმოსვლის უფლება ევროკავშირთან (2017), მაგრამ აღნიშნული ფორმატი ამით არ ამოწურულა და კვლავ განაგრძობს იმ პირობების შესრულების მონიტორინგს, რომელიც ევროკავშირში ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. 2017 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაფუძნდა სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის თანამშრომლობის დიალოგი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება (საქართველოს მხრიდან) საგარეო საქმეთა მინისტრის/მოადგილის და საგარეო ქმედების სამსახურის (ევროკავშირის მხრიდან) ხელმძღვანელობის დონეზე. საქართველოს მაღალი რანგის პირები ასევე პერიოდულად ატარებენ შეხვედრებს ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფებთან.
რა ფორმატები აქვთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებს?
საკმარისია განვიხილოთ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევები, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ სამ ქვეყანას (სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს) არ შეიძლება ჰქონდეს არც ასოცირების ინსტიტუტები და არც პოლიტიკური დიალოგის ასეთი მრავალფეროვანი მაღალი დონის ფორმატები. თუმცა, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით ამ ქვეყნებთან (და სომხეთთან დადებული ახალი „ფართო“ შეთანხმებით) მოქმედებს ე.წ. თანამშრომლობის ინსტიტუტები, პოლიტიკური დიალოგისა და სექტორული თანამშრომლობის საკითხების განსახილველად. უკრაინის ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატები საკმაოდ ნაირსახოვანია. რა თქმა უნდა, მათ, საქართველოს მსგავსად, აქვთ ასოცირების ინსტიტუტები. მათი სავიზო დიალოგის ფორმატი გულისხმობს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ყოველწლიურ შეხვედრას (რომლის ვალდებულებაც ჩვენ არ გვაქვს), ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივ შეხვედრას წელიწადში ორჯერ. უკრაინის მთავრობას ევროკავშირთან წელიწადში ორჯერ აქვს შეხვედრა პოლიტიკური დირექტორების დონეზე; ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის სამუშაო ჯგუფთან (COEST), ევროკავშირის საბჭოს ეუთოსა და ევროსაბჭოს სამუშაო ჯგუფთან, ევროკავშირის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კომიტეტთან (PSC) (კვარტალში ერთხელ), განიარაღებისა და იარაღის კონტროლის ჯგუფთან, ასევე ჩვეულებრივი შეიარაღების საკითხების სამუშაო ჯგუფთან (COARM) - წელიწადში ორჯერ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის საბჭოსთან ჩვენზე უფრო ფართო არეალს მოიცავს და მათთან შეხვედრების პერიოდულობაც მეტად ხშირია. რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, უკრაინა ამ მიმართულებით დიალოგს ძირითადად ასოცირების ქვეკომიტეტების ფარგლებში მართავს. თუმცა ასოცირების შეთანხმებით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის დაფუძნებულია უკრაინა-ევროკავშირის სამიტები, რომლებიც წელიწადში ერთხელ ტარდება. ასეთი სამიტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის არ ტარდება. სამიტების დროს ასევე ეთმობა ადგილი სექტორული თანამშრომლობის საკითხების უმაღლეს დონეზე განხილვას.
მოლდოვას პრაქტიკულად ყველა ის ფორმატი ჰქონდა, რაც ევროკავშირთან საქართველოს აქვს, გარდა უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული დიალოგისა. ეს დანაკლისი, შესაძლოა კომპენსირდებოდეს იმით, რომ მოლდოვა მონაწილეობს საბაჟოსა და საზღვრის დაცვის საკითხებში სამმხრივ კონსულტაციებში უკრაინასა და ევროკავშირთან. თუმცა უმაღლეს დონეზე სექტორული დიალოგის შემოღების შემდგომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობა გაუჩნდა.
რატომ საქართველოსთან?
ალბათ, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რატომ დააწესა ევროკავშირმა თანამშრომლობის ასეთი ფორმატი საქართველოსთან, როცა სექტორული თანამშრომლობის დიალოგის შესაძლებლობები ასოცირების ინსტიტუტების ფორმატშიც არსებობს. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ისაა, რომ ასოცირების ინსტიტუტების ფარგლებში არ ხდება მთლიანად ევროკომისიასთან შეხვედრა და სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები ძირითადად გენერალური დირექტორების დონეზეა წარმოდგენილი. ასოცირების საბჭოს შეხვედრებზე დიდი დრო მიაქვს ასევე პოლიტიკური დიალოგის საკითხებს (ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება) და ნაკლები დრო რჩება სექტორების მიმართულებით უფრო ინტენსიური განხილვებისთვის. გარდა ამისა, საქართველო, რომელსაც არ აქვს სამიტების ინსტიტუციური ჩარჩო ევროკავშირთან, უკრაინასთან შედარებით ნაკლებად პრივილიგირებულად გამოიყურებოდა მაშინ, როდესაც ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის მიმართ უკრაინაზე დიდი ამბიცია ჰქონდა. ასევე მეტად ფასდება საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ საკითხებშიც, რასაც მეტ ყურადღებას უთმობენ უკრაინასთან გამართული სამიტები. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ქვეყანას ესაჭიროება მეტი ყურადღება სწორედ დარგების განსავითარებლად, რომ უფრო მეტად მოხდეს ფუნქციური და სექტორული ინტეგრირება ევროკავშირის სხვადასხვა პოლიტიკაში. ამ ფორმატის შექმნის მიზეზი სწორედ ეს ორი ფაქტორია - საქართველოს წინსვლის უფრო მეტად დაფასება და სექტორული ინტეგრაციის უფრო მეტად ხელშეწყობა.
თემატური პოსტები
- ცირკულარული შრომითი მიგრაციის ახალი შესაძლებლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს პერსპექტივა
- ევროკავშირის რბილი ძალა და სომხეთის (რ)ევოლუცია
- რა გავლენას იქონიებს სოლსბერი ბრექსიტის მოლაპარაკებებზე
- გვემუქრება თუ არა ახლო მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება
- საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის შემდგომი ევოლუციის კონტექსტში