რონდელის ბლოგი
აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება
ავტორი: მამუკა კომახია, ანალიტიკოსი
2017 წლის 11 ოქტომბერს აფხაზეთში სეპარატისტული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების დაარსების 25 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო განწყობების მიუხედავად, აფხაზური საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიიჩნევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთში უსაფრთხოების სფეროში აფხაზების გავლენის ხარისხი იკლებს, რუსეთის კონტროლი კი ყოველწლიურად იზრდება. რუსეთის მზარდი აქტიურობა რამდენიმე მიმართულებით შეიმჩნევა, განსაკუთრებით – თავდაცვის, საპოლიციო და დე ფაქტო საზღვარზე კონტროლის უზრუნველყოფის სფეროში.
რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და რუსი გენერლები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აფხაზეთში თავდაცვის სფეროში რუსეთის ინტერესების დაცვას და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის უსაფრთხოებას რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა უზრუნველყოფს, რომელსაც 2017 წლიდან იგორ ეგოროვი მეთაურობს. მე-7 სამხედრო ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია, რომელსაც 2016 წლიდან ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობს. დანიშვნამდე დვორნიკოვი სირიაში რუსეთის შეიარაღებული დაჯგუფების მეთაური იყო. სამხრეთის სამხედრო ოლქი 2010 წლიდან არსებობს და რუსეთის სამხრეთი საზღვრის დაცვის ფუნქცია აკისრია. სამხედრო ოლქის შეიარაღებული ძალები აფხაზეთის გარდა განთავსებულია ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზეც. სამხედრო ოლქის ოპერატიულ დაქვემდებარებაშია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამმართველოც, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში 2009 წლიდან საქმიანობს.
დვორნიკოვი უშუალოდ კურირებს აფხაზეთში თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და პროექტებს, რომელთა ინსპექტირებაც მისი უშუალო მოვალეობაა. იგი ხშირად სტუმრობს აფხაზეთს. მაგ., 2017 წლის მაისში დვორნიკოვმა აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სამხედრო ტექნიკის მდგომარეობა შეამოწმა.
რუსი სამხედროების გავლენის ხარისხი მაღალია უშუალოდ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებზეც. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში მაღალი თანამდებობები უკავიათ. ამ მხრივ უნდა გამოვარჩიოთ ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 2015 წლის 18 მაისიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსია. იგი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური იყო. 2008 წლის 9 აგვისტოს ქართული მხრიდან საარტილერიო სროლების შედეგად ხრულიოვი მძიმედ დაიჭრა.
საპოლიციო სფეროს კონტროლი
ადგილობრივი საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების ერთი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, აფხაზეთის სამართალდამცავ სფეროში რუსეთის როლი სულ უფრო იზრდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბება, რომლის შესახებ შეთანხმებასაც 2017 წლის 18 მაისს ქ. სოჭში რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა ასლან კობახიამ მოაწერეს ხელი. ცენტრის მიზანია რუსი და აფხაზი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საშიში ტიპის დანაშაულთან ბრძოლაში. დასახული მიზნის მისაღწევად ცენტრმა დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და გაცვლა უნდა უზრუნველყოს.
ცენტრის დაფუძნების შეთანხმების რატიფიკაცია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2017 წლის 26 ივლისს მოახდინა. გადაწყვეტილებას 34 დეპუტატიდან მხოლოდ 23-მა დაუჭირა მხარი, 9 წინააღმდეგი იყო, ორი კი სხდომას არ ესწრებოდა. ცენტრის დაფუძნების საკითხმა აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცენტრის დაფუძნების მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ „ერთობლივი ცენტრის დაფუძნებით ხელისუფლებამ უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე“. მომხრეების შეფასებით კი, ცენტრის საქმიანობა, რომელსაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის“ ჩატარების უფლება არ ექნება, საქმიანობა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებს. ცენტრის შექმნის მომხრეებს არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინება მოუწიათ, რის შედეგადაც ცენტრის თანამშრომლების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. ორივე მხარეს 10-10 თანამშრომელი ეყოლება.
2017 წლის 9 სექტემბერს ცენტრის დირექტორად ბესლან ფარულუა დაინიშნა, რომელიც მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე იყო. შეთანხმების მიხედვით, ცენტრის დირექტორის მოადგილე რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელი იქნება. არსებული ინფორმაციით, სამი წლის შემდეგ ცენტრის დირექტორი რუსეთის წარმომადგენელი გახდება, მოადგილე კი აფხაზეთის მხრიდან დაინიშნება. ფარულუას კანდიდატურა 2017 წლის აგვისტოში აფხაზეთში რუსეთის შს მინისტრის მოადგილის იგორ ზუბოვის ვიზიტის დროს შეათანხმეს. ზუბოვი რუსეთის მხრიდან აფხაზეთში საპოლიციო სფეროს კურირებს. იგი ხშირად ხვდება აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებს, მათ შორის – ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს.
რუსეთი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში საკადრო პოლიტიკის საპოლიციო მიმართულებით განხორციელებაზეც. მაგ., რუსეთის მხრიდან აფხაზეთში არსებული კრიმინოგენური ვითარების კრიტიკას დე ფაქტო რესპუბლიკის ახალი შს მინისტრის დანიშვნა მოჰყვა. 2017 წლის ზაფხულში აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობის ერთი ფაქტი და თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ საკითხზე აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო ელჩმა სემიონ გრეგორიევმა კრიტიკული შენიშვნებიც გამოთქვა, კერძოდ, მან განაცხადა, რომ აფხაზური ხელისუფლებისათვის პრიორიტეტეული ამოცანა უნდა ყოფილიყო რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გრეგორიევის განცხადებამ აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია და მას შიდა საქმეებში ჩარევაშიც დასდეს ბრალი. რუსული მხარის უკმაყოფილებას საბოლოო ჯამში 2017 წლის 12 ოქტომბერს შს ახალი მინისტრის – გარი არშბას დანიშვნა მოჰყვა. არშბა წლების განმავლობაში რუსეთის შს სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს, 2013 წლიდან დე ფაქტო მინისტრად დანიშვნამდე, რუსეთის შს სამინისტროს მთავარ სამმართველოში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
დე ფაქტო საზღვრის კონტროლი
2009 წლის 30 აპრილს რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ერთობლივი ღონისძიებების შესახებ“. ეს დღე აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს დაფუძნების დღედ ითვლება (ამ დღეს დაიწყო საქმიანობა აფხაზეთში რუსეთის დე ფაქტო საელჩომაც). სამმართველოს მოვალეობაა ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საზღვაო და სახმელეთო საზღვრის დაცვა.
2009 წლიდან მოყოლებული სამმართველომ ათასობით საქართველოს მოქალაქე დააკავა ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისათვის. სამმართველო უშუალოდ მონაწილეობს საოკუპაციო ხაზზე არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვაში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ფიზიკური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. საზღვრის დემარკაციაში, რაც ნეგატიურად ყველაზე მეტად გალის ქართული მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფაზე მოქმედებს.
სამმართველოს უფროსი 2015 წლის 24 მარტიდან გენერალ-მაიორი დიმიტრი იუდინია, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში გამართული ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიების აქტიური მონაწილეა. მას ახლო სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან. იგი პერიოდულად ხვდება ხაჯიმბას და ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას განიხილავს. მაგ., 2016 წლის აპრილში იუდინმა ხაჯიმბას ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „თაგილონის“ დახურვასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასა და ჩასატარებელ სამუშაოზე მოახსენა. სასაზღვრო სამსახურის უფროსები უშუალოდ არიან ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებთან ერთად საოკუპაციო ხაზის პერიოდულ ინსპექტირებასაც ეწევიან. ბოლო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც დე ფაქტო საზღვრის გამაგრებას, ისე რუსი მესაზღვრეებისა და მათი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
აფხაზეთში მოქმედი რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიდან განსაკუთრებით დაფასებულები არიან მესაზღვრეები. 2010 წლის 30 აპრილს სოხუმში „გმირი მესაზღვრეების“ ქუჩაც კი გაიხსნა. სათანადოდ დაფასდა დაღუპული რუსი მესაზღვრეების საქმეც. მაგ., 2016 წლის 12 იანვარს სოხუმში მემორიალური დაფა გაუხსნეს სასაზღვრო სამმართველოს კინოლოგიური ჯგუფის უფროსს ანდრეი უდალცოვს, რომელიც 2015 წლის 12 იანვარს სამართლადამცავი ორგანოების ერთობლივი ოპერაციის დროს სოფ. რეფო-ეწერში, გალის რაიონში, ერთ-ერთ რუსულ სასაზღვრო პოსტზე დაიღუპა. სოხუმში გახსნილია რუსი მესაზღვრის, ვიცე-პოლკოვნიკ ვასილი კვიტკოს მემორიალიც. კვიტკო 2011 წლის 8 აპრილს მესაზღვრეთა რაზმთან ერთად ადგილის საინჟინრო დაზვერვას ახორციელებდა, როდესაც გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯში მიტოვებული სახლების დათვალიერებისას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაიღუპა.
ძირითადი დასკვნები
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, კრემლის პოლიტიკის მიზანია აფხაზეთში მიმდინარე შიდა პროცესებზე, მათ შორის თავდაცვის, საპოლიციო და დე ფაქტო საზღვრის დაცვის სფეროზე სრული კონტროლის დამყარება.
- აფხაზეთში სამხედრო, საპოლიციო და დე ფაქტო საზღვრის დაცვის მიმართულებას რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები კურირებენ, რომელთა გავლენითაც ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება.
- უსაფრთხოების სფეროში რუსეთის სულ უფრო მზარდი გავლენა აფხაზური საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მათ ხელთ არსებული კრემლის პოლიტიკის საწინააღმდეგო ბერკეტები სუსტია და ნაკლებად ეფექტური.
- აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს საქმიანობა, რომელიც მასშტაბურ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ყოველდღე უქმნის საფრთხეს საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით გალის რაიონში მცხოვრებ ქართულენოვან მოსახლეობას.
თემატური პოსტები
- გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია – პირველი სტრატეგიული ნაბიჯები
- კვიპროსის არჩევნების შედეგების გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე
- რუსეთის ტესტი თუ ბულინგი?
- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების რისკი სომხეთში მომხდარი ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ
- რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ რომელ რიცხვში დაიწყო 2008 წლის ომი
- ბენ ჰოჯესის მოდელი - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების რეალური გზა
- ამერიკის სტრატეგია და საქართველო
- ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების სფეროზე რუსეთის გავლენა იზრდება: მხარდაჭერა სრული ინტეგრაციის სანაცვლოდ
- რა ელით გალელებს?
- სამხედრო ხარჯების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობა: აზერბაიჯანი სომხეთზე უპირატესობის მოპოვებას ცდილობს
- პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში: იყო კი ჩვენი რეაქცია საკმარისი?
- მისაღებია თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება
- როგორ შევაჩეროთ „მცოცავი ოკუპაცია“
- კრემლის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახალ ეტაპზე გადადის
- სირიის სამოქალაქო ომი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში
- რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლის მეორე რაუნდი, რომლის მოგება შესაძლებელია
- სამხედრო სიძლიერე - ის რაც სჭირდება ნატო-ს პარტნიორებისგან
- რამდენიმე მოსაზრება „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების თაობაზე
- ახალი რუსული შეიარაღება კავკასიაში და მისი გავლენა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე